კოკაინის ზემოქმედება ამფეტამინების მოქმედების მსგავსია. გამოიყენება ფხვნილის სახით ცხვირში შესასუნთქად, ვენაში ინექციით ან გაცხელების შედეგად მიღებული ორთქლის ინჰალაციის გზით. როდესაც კოკაინი იხარშება ნატრიუმის ბიკარბონატებთან ერთად, იგი გადაიქცევა მის საბაზისო ფორმად, რომელსაც რაფინირებულ, კრისტალიზებულ კოკაინს უწოდებენ. გაცხელების დროს რაფინირებული კოკაინი გამოყოფს ორთქლს, რომლითაც კეთდება ინჰალაცია. რაფინირებული კოკაინის ინჰალაციას, ჩვეულებრივ, მოწევას უწოდებენ, თუმცა, ფაქტობრივად, ის არ იწვის. რაფინირებული კოკაინის ეფექტი თითქმის ისეთივე სწრაფია, როგორიც ინტრავენურად შეყვანილი კოკაინის.
კოკაინის ინტენსიურად რეგულარული მომხმარებლები, რომლებიც კოკაინს ინტრავენურად ან მოწევის გზით იყენებენ, სავარაუდოდ, მათზე დამოკიდებულნი ხდებიან. კოკაინის შემთხვევითი და მსუბუქად მომხმარებლები და ის ადამიანები, რომლებიც მას ფხვნილის სახით ნაზალურად იყენებენ, ნაკლებსავარაუდოა, რომ კოკაინზე დამოკიდებულნი გახდნენ. კოკაინი შეიძლება შეიცავდეს ფილერებს, მინარევებსა და დაინფიცირებულ ნივთიერებებს, რომლებმაც, მათი ინექციის გზით შეყვანის შედეგად, შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, როგორიცაა ინფექციები.
სწრაფი ეფექტები: კოკაინი იწვევს ცნობიერების მკვეთრად შეცვლას, ეიფორიას. იგი განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს, როდესაც ინტრავენურად ან ინჰალაციის გზით შეიყვანება. ეს მოვლენები ნაკლები ინტენსივობითაა გამოხატული, როდესაც კოკაინს ნაზალურად, ფხვნილის სახით გამოიყენებენ. ვინაიდან კოკაინის ეფექტი მოკლე დროით გრძელდება, მომხმარებლებმა შეიძლება იგი ინექციის, მოწევის ან შესუთქვის გზით ყოველ 15-30 წუთში გამოიყენონ. მომხმარებლებში, რომლებიც ხშირად მხოლოდ რამდენიმე დღე ან მეტი ხნის განმავლობაში იყენებენ კოკაინს, შეიძლება გამოიწვიოს გადაღლა, გამოფიტვის შეგრძნება და დაძინების სურვილი.
გართულებები: კოკაინით გამოწვეული მწვავე ტოქსიკური რეაქცია შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. კოკაინი იწვევს სისხლის წნევის მომატებას, გულისცემის გახშირებას და სისხლძარღვების შევიწროებას. შესაძლოა დაირღვეს გულის რიტმიც (არითმია). კოკაინის გულზე ზემოქმედების შედეგად, შეიძლება გამოვლინდეს ტკივილი გულმკერდის არეში, გულის შეტევა (ჯანმრთელ, ახალგაზრდა ათლეტებშიც კი) ან მოხდეს უეცარი სიკვდილი. კოკაინი, ასევე, იწვევს თირკმლების უკმარისობას, ინსულტსა და ფილტვების პრობლემებს.
მაღალმა დოზებმა (ჰიპერდოზირება) შეიძლება დააქვეითოს აზროვნების უნარი, გამოიწვიოს ტრემორი, ძლიერი ნერვიულობა, კრუნჩხვები, ჰალუცინაციები, უძილობა, პარანოია, შფოთვა და ძალადობრივი ქცევები. ადამიანებს აღენიშნებათ პროფუზული ოფლიანობა და თვალის გუგების გაფართოება. ზედმეტმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის ძლიერი მომატება (ჰიპერთერმია) სიცოცხლისათვის საშიშ ზღვრამდე.
მოგვიანებითი ეფექტები: ხანგრძლივი დროის განმავლობაში კოკაინის მომხმარებლებს შეიძლება განუვითარდეთ ტოლერანტობა მის მიმართ, რის გამოც მათ უფრო და უფრო მეტი რაოდენობის მიღება სჭირდებათ, რომ მიიღონ საწყისი ეფექტი. ხანგრძლივად მოხმარებამ შეიძლება დააზიანოს ცხვირის ძგიდის ქსოვილი წყლულების განვითარებით, რაც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. ძლიერ მომხმარებლებს შეიძლება დაუქვეითდეთ მენტალური ფუნქცია, ყურადღების უნარისა და მეხსიერების ჩათვლით.
თუ ქალი ორსულობის პერიოდში იყენებს კოკაინს, ნაყოფს, სავარაუდოდ, გაუჩნდება პრობლემები. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ორსულ ქალებში სხვა ბევრი რისკფაქტორიც არსებობს, როგორიცაა თამბაქოს მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება, კვების დეფიციტი და პრენატალური მოვლის პრობლემები. ექიმები ფიქრობენ, რომ ეს რისკფაქტორები ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია პრობლემების განვითარებაში, ვიდრე კოკაინი.
მოხსნის სინდრომი: კოკაინის მიღების შეწყვეტის შედეგად განვითარებული რეაქციები (მოხსნის სიმპტომები) მოიცავს ძლიერ სისუსტეს და დეპრესიას – საწინააღმდეგოდ მედიკამენტის მიღების მომენტში რეაქციებისგან.იზრდება მადა, ადამიანებს უჩნდებათ კონცენტრაციის უნარის პრობლემები. ნარკოტიკის შეწყვეტისას იზრდება თვითმკვლელობის მოთხოვნილება. რამდენიმე დღის შემდეგაც კი, როცა მენტალური და ფიზიკური მდგომარეობა უბრუნდება საწყის დონეს, ნარკომანები შეიძლება შეეცადონ თვითმკვლელობას.
ექიმები, ჩვეულებრივ, დიაგნოზის დასმის დროს ეყრდნობიან სიპტომებს, რომლებიც ვლინდება მედიკამენტის მომხმარებელ ადამიანებში. შარდის ტესტირებით მედიკამენტის აღმოჩენა შესაძლებელია მისი მიღებიდან 2-3 დღის განმავლობაში.
გადაუდებელი მკურნალობა: გამომდინარე იქიდან,რომ კოკაინის მოქმედების ეფექტი ხანმოკლეა, არსებული არასასიამოვნო სიმპტომების მკურნალობა, ჩვეულებრივ, არ არის აუცილებელი. იმ ადამიანებს, რომლებსაც აღენიშნებათ აღგზნებადობა, შფოთვა, უვითარდებათ კრუნჩხვები ან აქვთ მაღალი წნევა, ინტრავენურად უკეთებენ ბენზოდიაზეპინებს (სედატიური საშუალებები), როგორიცაა ლორაზეპამი. ნიტრატები და სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები შეიძლება გაკეთდეს ინტრავენურად სისხლის წნევის დასაქვეითებლად და გულისცემის სიხშირის შესამცირებლად. შესაძლოა, ასევე საჭირო იყოს ჰიპერთერმიის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება.
დეტოქსიკაცია და რეაბილიტაცია: კოკაინის ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევებში შეიძლება, საჭირო იყოს მუდმივი მეთვალყურეობა, ვინაიდან ადამიანები ამ დროს დეპრესიულები და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილნი არიან. შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მათი სამედიცინო დაწესებულებებში ან მედიკამენტებით მკურნალობის ცენტრებში მოთავსება. კოკაინზე დამოკიდებული ნარკომანების მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი მეთოდია ფსიქოთერაპია. ხელმისაწვდომია ბევრი დამხმარე ჯგუფი და სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელთა საშუალებით შეიძლება, ადამიანები გათავისუფლდნენ კოკაინის მოხმარებისგან.
ზოგჯერ კოკაინზე დამოკიდებულ ნარკომანებს, რომელთაც ხშირად აღენიშნებათ მენტალობის დარღვევები, როგორიცაა დეპრესია, შეიძლება ჩაუტარდეთ შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა.