კეტამინი არის მედიკამენტი, რომელიც საანესთეზიოდ გამოიყენება. ადამიანები, რომლებიც მას არაკანონიერად მოიხმარენ, იღებენ მას ფხვნილის ცხვირში შესუნთქვის გზით, ინტრავენურად შეყვანით, კუნთებში ინექციით ან კანქვეშ შეყვანის გზით.
კეტამინი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, იწვევს თავბრუხვევასა და ეიფორიას, რასაც ზოგჯერ მოჰყვება აღგზნების შეტევები. დიდი დოზების მიღებისას (ჰიპერდოზირება), მომხმარებელი საკუთარ სხეულს, გარემოსა და დროს გაუკუღმართებულად აღიქვამს. ისინი თავს გრძნობენ გარიყულად ან თითქოს არც არსებობენ რეალურად (დეპერსონალიზაცია), სრულიად მოწყვეტილნი არიან რეალობას (დისოციაცია).
მაღალი დოზების გამოყენებისას ვითარდება ჰალუცინაციები, პარანოიდული ილუზიები და გარიყულობის შეგრძნება. ადამიანები შეიძლება აგრესიულები გახდნენ. მათ შეიძლება დაკარგონ კოორდინაციის უნარი და განუვითარდეთ კუნთების კრუნჩხვითი კანკალი.
ზედმეტად მაღალმა დოზამ შესაძლოა, გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში, ძალიან მაღალი ტემპერატურა (ჰიპერთერმია), გულისცემის გახშირება, არტერიული წნევის ძლიერი მომატება, კრუნჩხვები და კომა. კეტამინმა, ასევე, შეიძლება დააზიანოს მეხსიერება რამდენიმე საათით.
არც ერთი ტესტი არ ადგენს სწრაფად კეტამინის არსებობას ორგანიზმში.
ჩვეულებრივ, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე, უსაფრთხო გარემოში ყოფნა ადამიანებს ეხმარება გამოჯანმრთელებაში. ბენზოდიაზეპინი (სედატიური საშუალება) შეიძლება გამოყენებულ იქნეს კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ. კეტამინის ეფექტი, ჩვეულებრივ, მცირდება 30 წუთის შემდეგ.