ნიკოტინი | მკურნალი.გე
  1. ნიკოტინი
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
ნიკოტინი

  • ნიკოტინის გამოყენების შეწყვეტის დროს ადამიანები გაღიზიანებულები, აღგზნებულები და აღელვებულები არიან;

  • მოწევა სხეულის ყველა ორგანოს აზიანებს;

  • კონსულტაცია, ქცევითი მოდიფიკაცია, ნიკოტინის სხვა პროდუქტებით შეცვლა ეხმარება ადამიანებს განთავისუფლდნენ ამ ჩვევისგან.

ნიკოტინი თამბაქოს ძირითადი სუბსტანციაა (რომელიც არსებობს სიგარეტებში, სიგარებში, მოსაწევ ჩიბუხებსა და საღეჭ თამბაქოში), რომელზეც დამოკიდებული ხდებიან მისი მომხმარებლები. იგი, აგრეთვე, აქტიური ინგრედიენტია ზოგიერთი იმ სამკურნალო პროდუქტისა, რომლებსაც იყენებენ ადამიანების დასახმარებლად მოწევის შეწყვეტის მიზნით.

ნიკოტინი, ძირითადად, ზემოქმედებს თამბაქოს მოწევის დროს, თუმცა, ბავშვებმა იგი შეიძლება გამოიყენონ საჭმელად (ჩვეულებრივი სიგარეტები ან მათი ნარჩენები საფერფლიდან ან საღეჭი ნიკოტინის სახით). ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 45 მილიონი მოზარდი ეწევა და მოწევა სიკვდილის ძირითადი მიზეზია. ამჟამად არსებული მწეველების ნახევარს ნაადრევი სიკვდილი ან მოწევით გამოწვეული სხვა დარღვევების განვითარების რისკი ემუქრება. მოწევა სასიკვდილოა, რადგან მწეველები მოწევის დროს შეისუნთქავენ სხვა სუბსტანციასაც, მათ შორის ისეთს, რომელმაც შეიძლება კიბოს განვითარება გამოიწვიოს.

მწეველების დაახლოებით 70% აცნობიერებს, რომ მათ აქვთ სურვილი, შეწყვიტონ თამბაქოს მოწევა, მაგრამ ვერ აკეთებენ ამას. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც შეწყვიტეს თამბაქოს მოწევა, 90%-მა ეს საკუთარი სურვილით გააკეთა, მაგრამ ყოველ მოცემულ წელს მწეველთა მხოლოდ 3-4%-მდე აღწევს წარმატებას თამბაქოს მოწევის შეწყვეტის თვალსაზრისით.

სიმპტომები

სწრაფი ეფექტები: თამბაქოს მოწევით მიღებული ნიკოტინის გავლენა ორგანიზმზე ნაკლებად თვალსაჩინოა. ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იგრძნოს სისხლის მოწოლა. თამბაქოს ფოთლების დიდი რაოდენობის ხელში დაჭერისას შეიძლება მოხდეს თამბაქოს კანიდან შეწოვა და განვითარდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ოფლიანობა და საერთო სისუსტე. ამ მდგომარეობას უწოდებენ თამბაქოს მწვავე დაავადებას. ბავშვებში, რომლებიც თამბაქოს პროდუქტებს ჭამენ, შეიძლება განვითარდეს მსგავსი სიმპტომები აღგზნებადობისა და აზროვნების თანდათანობით დაქვეითებით, ზოგჯერ ერთი ღერი სიგარეტის მიღებითაც კი. თუმცა, ბავშვებში სერიოზული ან ფატალური ტოქსიკური ეფექტი იშვიათია, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვებს აღენიშნებათ ხოლმე ღებინება, რის შედეგადაც კუჭი თამბაქოსგან თავისუფლდება.

მოგვიანებითი ეფექტები:გამომდინარე იქიდან, რომ მოწევის დროს ბევრი დამაზიანებელი სუბსტანცია შეისუნთქება, მოწევას შეიძლება მოჰყვეს ბევრი სერიოზული თანამდევი შედეგი. იგი, ფაქტობრივად, ორგანიზმის ყველა ორგანოს აზიანებს. მოწევის შედეგად მატულობს ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორებიცაა კორონარული არტერიების დაავადება, ფილტვის კიბო, ფილტვების ქრონიკული დაავადებები, ინსულტი, აგრეთვე, სხვადასხვა ორგანოს კიბო (როგორიცაა შარდის ბუშტი, საყლაპავი, თირკმლები, ხორხი და კუჭი) და პნევმონია. ორსულობის პერიოდში მოწევამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა დღენაკლულობა, დაბადებისას მცირე წონა და ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი.

მოხსნის სიმპტომები: ნიკოტინის მოხსნის დროს შეიძლება განვითარდეს ბევრი არასასიამოვნო სიმპტომი, როგორიცაა ნიკოტინის მიღების ძლიერი სურვილი, აღგზნება, გაღიზიანება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, თავის ტკივილი, ძილიანობა, ტრემორი, დეპრესია და კუჭის მხრივ პრობლემები. ბევრი ადამიანი ამ დროს წონაში იმატებს. მოხსნის სინდრომი ყველაზე რთული და პრობლემურია ნიკოტინზე დამოკიდებული ადამიანისთვის.

მკურნალობა

გადაუდებელი მკურნალობის საჭიროება იშვიათია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბავშვები ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს საჭმელად მოიხმარენ. ექიმები ამ დროს, ჩვეულებრივ, მათ დასალევად აძლევენ აქტივირებულ ნახშირს, რომელიც იწოვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დარჩენილ ნიკოტინს. ზოგჯერ იყენებენ ისეთ მედიკამენტს, როგორიცაა დიაზეპამი.

მოწევის შეწყვეტა: საკითხები, რომლებიც თამბაქოს მოწევას ეხება, მოწევისთვის თავის დანებების პრობლემასაც მოიცავს. თამბაქოს მომხმარებელთა უმრავლესობამ, რომლებმაც თავი დაანებეს თამბაქოს მოწევას, ეს გააკეთეს ჯანმრთელობის ან ეკონომიკური მიზეზებისა და მათი მნიშვნელობის გათვალისწინებით. ადამიანებს, რომლებსაც სურთ მოწევისთვის თავის დანებება, შეუძლიათ დახმარების მიღება ჯანდაცვის მუშაკებისგან, რომელთაც აქვთ გამოცდილება ამ სფეროში და შეუძლიათ მისცენ მათ შესაბამისი რჩევა, დაეხმარონ და ასწავლონ ის მეთოდები, რომელთა გამოყენებით შეიძლება ქცევების მოდიფიცირება. დახმარების სხვა წყაროს წარმოადგენს ინტერნეტი და ის პაკეტები, რომლებიც ჩადებულია ნიკოტინის შემცვლელ პროდუქტებში.

მოწევის სწრაფად შეწყვეტა, ზოგადად, უმჯობესია, ვიდრე მოწევისთვის თანდათან თავის დანებება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი თარიღი შეირჩევა მოწევის შესაწყვეტად. ეს შეიძლება შემთხვევით შეირჩეს ან გარკვეულ მოვლენას მიესადაგოს (მაგალითად, დღესასწაული, იუბილე ან სხვ.) და, რა თქმა უნდა, იგი არ უნდა დაემთხვეს სანერვიულო დღეს (მაგალითად, გადასახადების ბოლო თარიღს).

ქცევების მოდიფიკაცია ეხმარება ადამიანებს, შეცვალონ ის ჩვევები, რომლებიც გაახსენებენ მოწევას. ესენი შეიძლება იყოს: ყავაზე შესვენება, ლანჩი, სექსუალური აქტივობა, მოწყენილობა, გზებზე გადაადგილების პრობლემები და სხვადასხვა გამაღიზიანებელი მოვლენა. ადამიანებს, რომლებსაც შეცნობილი აქვთ ეს მაპროვიცირებული ფაქტორები, შეუძლიათ მათი მოდიფიკაციები (მაგალითად, ყავაზე შესვენების ნაცვლად, წავიდეს სასეირნოდ ან, მოწევის მაგიერ, მიმართოს სხვა ორალურ აქტივობებს, როგორიცაა საწუწნი კანფეტები ან კბილების გასაწმენდი ჩხირის ან საღეჭი რეზინის დაღეჭვა).

ნიკოტინის შემცვლელების მოსაწევად გამოყენება შეიძლება დაეხმაროს ადამიანს თამბაქოს მოწევის შეწყვეტაში. ბევრი ასეთი ნიკოტინის შემცვლელი პროდუქტია ხელმისაწვდომი რეცეპტით თუ ურეცეპტოდ, მაგალითად, ნიკოტინის საღეჭი რეზინი, ნიკოტინის შემცველი დასაკრავები კანზე, ნიკოტინის ნაზალური აეროზოლი და ნიკოტინის ინჰალატორი.

საღეჭი რეზინისა და აეროზოლის ერთდროულად გამოყენება უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალ-ცალკე. აღნიშნული პროდუქტების გამოყენებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი:

  • ადამიანებმა, რომლებსაც ყბის პრობლემები აქვთ, არ უნდა გამოიყენონ საღეჭი რეზინი;

  • ვისაც კანის მაღალი მგრძნობელობა აღენიშნებათ, არ უნდა გამოიყენონ ნიკოტინის შემცველი სააპლიკაციო საშუალებები;

  • ეს პროდუქტები დამაზიანებელ გავლენას ახდენენ ორსულებზე, მეძუძურ დედებსა და მოზარდებზე;

  • ადამიანები, რომლებსაც უახლოეს წარსულში გულის შეტევები ჰქონდათ, უნდა გაესაუბრონ ექიმს, სანამ ზემოთ ხსენებულ პროდუქტებს გამოიყენებენ.

ბუპროპიონი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნიკოტინის შემცვლელ პროდუქტებთან ერთად. მათი ერთად გამოყენების შემთხვევაში ეფექტი ბევრად წარმატებულია, ვიდრე ცალ-ცალკე გამოყენებისას. ორივე მედიკამენტის ერთად გამოყენების შედეგი უკეთესია, როდესაც ეს კეთდება ქცევის მოდიფიცირების პრობლემის ფარგლებში.

ახალი მედიკამენტი – ვარენიკლინი ამცირებს ნიკოტინისადმი ძლიერ მოთხოვნილებას და მოხსნის შედეგად გამოწვეულ სიმპტომებს და ეხმარება ზოგიერთ ადამიანს, შეწყვიტოს თამბაქოს მოხმარება. ნიკოტინის შემცვლელი პროდუქტებისა და ვარენიკლინის ერთდროულად გამიყენება რეკომენდებული არ არის.

როდესაც დეპრესიაში მყოფი ადამიანები თამბაქოს მოწევის შეწყვეტას ცდილობენ, მათ უნდა მიიღონ შესაბამისი კონსულტაცია. ბიოპროპინი წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, ამიტომ მისი გამოყენება დეპრესიის ან დეპრესიის რისკის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. ნორტრიპტილინი, ასევე, შეიძლება იყოს მის მსგავსად გამოყენებული.

ნიკოტინი აქვეითებს მადას და მცირედ აძლიერებს კალორიების წვის პროცესს. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც წყვეტენ თამბაქოს მოწევას, ხშირად იმატებენ წონაში, რაც განსაკუთრებული ჩივილის საგანია ახალგაზრდა ქალებში. ვარჯიშები ხელს უწყობს წონის მატების პრევენციას და, ამავე დროს, აქვეითებს ნიკოტინისადმი ძლიერ მოთხოვნილებას.

ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ეხმარება მწეველებს. ამერიკის ზოგიერთ შტატში მწეველებისთვის მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც დამატებითი მხარდაჭერებით უზრუნველყოფს ადამიანებს, რომ მათ შეწყვიტონ თამბაქოს მოხმარება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 20 მილიონი ადამიანი ცდილობს თამბაქოს მოწევისათვის თავის დანებებას. მათ შორის 90%-ზე მეტი რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეების შემდეგ ისევ თავიდან იწყებს მოწევას. კონსულტაციები და შესაბამისი მედიკამენტების მიღება აძლიერებს წარმატების შანსს. ადამიანების დაახლოებით 20-30%-მა, რომლებმაც ამგვარი დახმარება მიიღეს, წარმატებით დაანებეს თავი თამბაქოს მოწევას. რაც უფრო ხშირად და სერიოზულად შეეცდებიან ადამიანები შეწყვიტონ თამბაქოს მოწევა, საბოლოო ჯამში, ისინი მიაღწევენ წარმატებას. ბევრ ადამიანს რამდენჯერმე ჰქონია ჩავარდნა თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მცდელობებში, სანამ წარმატებას მიაღწევდა.