ოპიოიდები | მკურნალი.გე
  1. ოპიოიდები
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
ოპიოიდები

  • ოპიოიდები ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება, მაგრამ ასევე იწვევენ სასიამოვნო შეგრძნებების გაძლიერებას და, თუ მათ დიდი რაოდენობით გამოიყენებენ, შეიძლება მათზე დამოკიდებულება განვითარდეს და ეს მავნე ჩვევად იქცეს;

  • ოპიოიდების დიდი რაოდენობით მიღება შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, უმეტესად, სუნთქვის გაჩერების გამო;

  • შარდის ტესტირება შეიძლება გაკეთდეს ოპიოიდების არსებობის გასაკონტროლებლად;

  • მკურნალობა მოიცავს ოპიოიდების სასწრაფოდ, სხვა მედიკამენტით ჩანაცვლებას დოზის თანდათანობით შემცირების გზით და შემდგომ სხვა მედიკამენტით მკურნალობის გაგრძელებას;

  • ოპიოიდების დოზის დამატების გაკონტროლების მიზნით, საჭიროა მუდმივი კონსულტაცია და მხარდაჭერა.

ოპიოიდები ლეგიტიმურად გამოიყენება მედიცინაში, როგორც ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. ოპიოიდებს მიეკუთვნება შემდეგი მედიკამენტები: კოდეინი (რომელსაც დაბალი პოტენციალი გააჩნია მასზე დამოკიდებულების განვითარების თვალსაზრისით), ოქსიკოდონი (დამოუკიდებლად ან სხვადასხვა კომბინაციაში, მაგალითად, ოქსიკოდონი პლუს აცეტამინოფენი), მეპერიდინი, მორფი, პენტაზოცინი და ჰიდრომორფინი. მეტადონი ორალურად და ფენტალინი კანზე აპლიკაციის სახით გამოიყენება ქრონიკული და ძლიერი ტკივილების შემთხვევებში. ჰეროინი, რომელიც კანონით აკრძალულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ გამოიყენება, როგორც შეზღუდული სამკურნალო აპლიკაცია სხვა ქვეყნებში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპიოიდია.

ოპიოიდები ყველაზე გავრცელებული მედიკამენტებია მისი არაადეკვატური გამოყენებისა და ნარკომანიის განვითარების თვალსაზრისით. იგი ფართოდ ხელმისაწვდომია და იწვევს უდიდესი სიამოვნების განცდას. ადამიანები შეიძლება დამოკიდებულები გახდნენ ნებისმიერ ოპიოიდზე.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე დღე ოპიოიდებს იყენებენ ტკივილების შესამსუბუქებლად, მათი მოხსნის დროს შეიძლება განუვითარდეთ გარკვეული სიმპტომები, მაგრამ მედიკამენტზე სერიოზული დამოკიდებულება ან ნარკომანია იშვიათობაა, თუ ოპიოიდების გამოყენება სამედიცინო მეთვალყურეობით ხდება.

ტოლერანტულობა შეიძლება განვითარდეს ოპიოიდების მიღების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში. ამ დროს ადამიანებს ესაჭიროებათ მედიკამენტის უფრო მეტი და მეტი რაოდენობა, რათა იგრძნონ ის ეფექტი, რომელიც დასაწყისში ოპიოიდის მცირე რაოდენობის მიღებისას განიცადეს. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ტოლერანტულობა, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ აქტივობებში ნორმალურად გრძნობენ თავს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება.

სიმპტომები

სწრაფი ეფექტები: ოპიოიდები არის ძლიერი, სედატიური მედიკამენტები, რომლებიც ადამიანში იწვევს ძილიანობას და დამშვიდებას. ოპიოიდებმა შეიძლება ეიფორია გამოიწვიოს. ისინი აყუჩებს ტკივილს და აძლიერებს სექსუალურ სიამოვნებას. არასასიამოვნო ეფექტებიდან აღსანიშნავია შეკრულობა, გულძმარვა, ღებინება და ქავილი. ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების შეცვლა, განსაკუთრებით, მოზრდილ ადამიანებში. დიდი რაოდენობით გამოყენებისას ისინი იწვევენ ლეთარგიას ან ძილიანობას და შეიძლება შეანელონ გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე.

სხვა მედიკამენტებთან მიღების შემთხვევებში, ზოგიერთ ოპიოიდს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დარღვევები, რომლებიც ცნობილია სეროტონინის სინდრომის სახელწოდებით. სინდრომი ხასიათდება ცნობიერების შეცვლით, ტრემორით, კუნთების უნებლიე სპაზმით ან კანკალით, აღგზნებადობით, ჭარბი ოფლიანობითა და მაღალი ტემპერატურით.

ოპიოიდის ერთჯერადად დიდი რაოდენობის მიღება (ჰიპერდოზირება) სიცოცხლისათვის საშიშია. ამ დროს სუნთქვა სახიფათოდ შენელებული და ზერელეა და შეიძლება ფილტვები სითხით გადაივსოს, სისხლის წნევა, გულისცემის სიხშირე და სხეულის ტემპერატურა დაქვეითდეს და გუგები შევიწროვდეს. ადამიანები გონებას კარგავენ ან კვდებიან სუნთქვის გაჩერების გამო.

მოგვიანებითი ეფექტები: ოპიოიდები თავისთავად არ იწვევს მოგვიანებით გართულებებს, გარდა ოპიოიდებზე დამოკიდებულებისა. თუმცა, ბევრი გართულება შეიძლება განვითარდეს სხვა პიროვნების მიერ მოხმარებული ნემსის გამოყენების შედეგად და, აგრეთვე, ოპიოიდებთან ერთად სხვა, უცნობი ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრისას.

მოხსნის სიმპტომები: მოხსნის სიმპტომები არასასიამოვნოა, მაგრამ არა სიცოცხლისათვის საშიში. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს ოპიოიდების შეყვანის შეჩერებიდან 4 საათის შემდეგ ან 48-დან 72 საათის შუალედში. სიმპტომები, ჩვეულებრივ, ქრება დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, თუმცა, დროის მონაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავებულია და დამოკიდებულია გამოყენებული ოპიოიდის სახეობაზე. ცალკეული ოპიოიდის ელიმინაცია სხეულიდან სხვადასხვა სისწრაფით ხდება, იცვლება იმის მიხედვით, თუ მოხსნის სიმპტომები რამდენად სწრაფად პროგრესირებს ან, პირიქით, ქრება. მოხსნის სიმპტომები უფრო მძიმეა იმ ადამიანებში, რომლებიც იყენებენ მედიკამენტების დიდ დოზებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

პირველ რიგში, ადამიანები ამ დროს გრძნობენ აღგზნებას და მედიკამენტის მიღების ძლიერ სურვილს. სუნთქვა გახშირებული ხდება, ჩვეულებრივ, ამას თან ახლავს მთქნარება, ოფლიანობა, ცრემლდენა, ცხვირიდან გამონადენი, გუგების გაფართოება და კუჭის სპაზმები. მოგვიანებით, ადამიანები შეიძლება ჰიპერაქტიურები და აღგზნებულები გახდნენ, გულისცემა გაუხშირდეთ. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ბატის კანის ტრემორი, კუნთების კანკალი, ცხელება და შემცივნება, კუნთების ტკივილი, მადის დაკარგვა და დიარეა.

ორსულობის პერიოდში ოპიოიდების გამოყენება განსაკუთრებით სერიოზული პრობლემაა, ვინაიდან ოპიოიდები და მეტადონი ადვილად გადიან პლაცენტაში და ხვდებიან ნაყოფში. ახალშობილებს უვითარდებათ მოხსნის სინდრომი, რომელიც მოიცავს ტრემორს, ძლიერ ტირილს, კანკალს, კრუნჩხვებს და გახშირებულ სუნთქვას. თუ დედები იღებენ ოპიოიდებს უშუალოდ მშობიარობის წინ, ბავშვს შეიძლება სუნთქვის პრობლემები გამოუვლინდეს.

დიაგნოზი

ექიმები სადიაგნოსტიკოდ, ჩვეულებრივ, ეკითხებიან არსებულ სიმპტომებს და, მედიკამენტის არსებობის კონტროლის მიზნით, აკეთებენ შარდის ანალიზს. სხვა ტესტები შეიძლება გაკეთდეს გართულებების გამოვლენის მიზნით.

მკურნალობა

ოპიოიდების ჰიპერდოზირების შემთხვევებში საჭიროა სასწრაფო, გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება. მკურნალობის ყველაზე რთულად მისაღწევი ბოლო მიზანია ისეთი დახმარების გაწევა, რომ ადამიანმა მომავალში შეძლოს ამ მავნე ჩვევის გაკონტროლება. დეტოქსიკაციის ჩატარების მიზნით ადამიანს ეხმარებიან, რომ მან ადვილად გაიაროს მოხსნის სინდრომის საწყისი პერიოდი. მომდევნო ქმედებები მოიცავს პრევენციულ ღონისძიებებს, რომ პიროვნება არ დაუბრუნდეს ოპიოიდების მოხმარებას. იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად უბრუნდებიან ოპიოიდების გამოყენებას, ესაჭიროებათ შემანარჩუნებელი მკურნალობის გაგრძელება.

გადაუდებელი მკურნალობა: ოპიოიდების ჰიპერდოზირება არის გადაუდებელი სამედიცინო პრობლემა, რომლის მკურნალობა სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. თუ ჰიპერდოზირების შედეგად სუნთქვის დათრგუნვა აღინიშნება, საჭიროა სუნთქვის კორექციაში დახმარება ისეთი საშუალებით, როგორიცაა ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ინტრავენურად კეთდება ოპიოიდის ანტიდოტი – ნალოქსონი, რომელიც სწრაფად ახდენს გვერდითი მოვლენების უკუგანვითარებას. ვინაიდან ზოგიერთი ადამიანი ამ დროს ძლიერ აღგზნებული და მშფოთვარეა, შეიძლება საჭირო იყოს მცირე ხნით მათი ფიზიკურად შეკავება, სანამ ნორმალური ცნობიერება დაუბრუნდებათ.

ოპიოიდის ჰიპერდოზირებით განვითარებული მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ საჭიროა მეთვალყურეობა რამდენიმე საათის განმავლობაში, სანამ არ გაივლის ნალოქსინის ზემოქმედება და არ დადგინდება, რომ ოპიოიდებზე გვერდითი მოვლენების უკუგანვითარება მოხდა. როდესაც ადამიანებს მიღებული აქვთ გახანგრძლივებული მოქმედების ოპიოიდი (როგორიცაა მეტადონი ან სხვა მსგავსი ოპიოიდი, რომელიც ნელა გამოდის ორგანიზმიდან), მათზე მეთვალყურეობა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს უნდა გაგრძელდეს.

თუ სიმპტომები თავიდან განვითარდება, შეიძლება ნალოქსინი განმეორებით იქნეს შეყვანილი. უმჯობესია, ეს მოხდეს სტაციონარის პირობებში.

დეტოქსიკაცია: არსებობს ორი ბაზისური მიდგომა:

  • შეჩერდეს ოპიოიდის მიცემა და დაელოდონ, სანამ მოხსნის სიმპტომები თავისთავად არ ალაგდება;

  • ოპიოიდის მსგავსი, მაგრამ ნაკლები პოტენციის მქონე, მედიკამენტით ჩანაცვლება მისი დოზის თანდათანობით შემცირებით და ბოლოს შეჩერებით.

დეტოქსიკაციასთან ერთად, ჩვეულებრივ, საჭიროა მკურნალობა მოხსნის სინდრომის შესაჩერებლად. კლონიდინი გარკვეულ ეფექტს იძლევა, თუმცა, მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის წნევის დაქვეითება და ძილიანობა. კლონიდინის მოხსნამ შეიძლება, აგრეთვე, გამოიწვიოს მოუსვენრობა, უძილობა, გაღიზიანება, გულისცემის გახშირება და თავის ტკივილი. ზოგჯერ ისეთი მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ბლოკავენ ოპიოიდის ზემოქმედებას, როგორიცაა ნალტრექსონი, შესაძლოა საჭირო აღმოჩნდეს იმისათვის, რომ სრული დეტოქსიკაციის შემდეგ ადამიანები ოპიოიდებისგან განთავისუფლებულნი დარჩნენ.

მედიკამენტებს, რომლებითაც ხდება ჩანაცვლება, მათი შემდგომი მოხსნით, ეკუთვნის მეტადონი და ბუპრენორფინი. მეტადონი არის ორალურად მისაღები ოპიოიდი. იგი ბლოკავს მოხსნის სიმპტომებს და ოპიოიდებზე გამძაფრებული მოთხოვნილების სურვილს, განსაკუთრებით, ჰეროინზე. ვინაიდან მეტადონის ეფექტები უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე სხვა ოპიოიდების, მისი მიღება შედარებით ნაკლები სიხშირით შეიძლება, ჩვეულებრივ, ერთხელ დღეში. შემდეგ მისი დოზა თანდათანობით შეიძლება შემცირდეს. ექიმებმა შეიძლება დაწერონ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია, მაგრამ ის უნდა გაგრძელდეს მეთვალყურეობის ქვეშ მეტადონით მკურნალობით ლიცენზირებული პროგრამის ფარგლებში. ეს, ჩვეულებრივ, კეთდება კლინიკის პირობებში.

ბუპრენორფინი ნაწილობრივ ოპიოიდის აგონისტია. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს ოპიოიდის მსგავსი ზოგიერთი თვისება, მაგრამ იგი, ამავე დროს, ბლოკავს ოპიოიდის ზემოქმედებას. მისი გამოყენება არ მოითხოვს მეთვალყურეობას სპეციალური პროგრამით და ამიტომ ამ სფეროში ტრენირებულ ექიმებს შეუძლიათ მისი დანიშვნა და გამოყენება თავიანთ ოფისებში. ზოგიერთ ქვეყანაში დეტოქსიკაციის პროგრამაში მეტადონი ბუპრენორფინმა ჩაანაცვლა.

ჩანაცვლებითი თერაპია: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად უბრუნდებიან ოპიოიდების მიღებას (ქრონიკული, მორეციდივე ოპიოიდური ნარკომანია), უპირატესობა ენიჭება სხვა მიდგომას – ე.წ. ჩანაცვლებით თერაპიას, რომელიც გულისხმობს რეცეპტით ხელმისაწვდომ, ჩანაცვლებითი თერაპიისათვის გამოსაყენებელ მედიკამენტებს, რომლებსაც მომხმარებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იღებს. ამ მიზნით შეიძლება გამოყენებული იყოს მეტადონი, ბუპრენორფინი ან ნალტრექსონი.

ნარკომანებისთვის ამ სამი მედიკამენტიდან ერთ-ერთის რეგულარულად დანიშვნა საშუალებას აძლევთ მათ, სოციალურად პროდუქტიულები იყვნენ გამომდინარე იქიდან, რომ არ სჭირდებათ დროის დახარჯვა ოპიოიდების მოპოვებაში და იმიტომაც, რომ ლეგალური მედიკამენტების გამოყენებით მათ არ სჭირდებათ ეძებონ კანონით აკრძალული მედიკამენტები. ზოგიერთ ნარკომანზე ჩატარებული მკურნალობა შეიძლება ეფექტიანი იყოს, თუმცა, ზოგიერთს მთელი ცხოვრების განმავლობაში ესაჭიროება ჩანაცვლებითი თერაპია.

მეტადონი თრგუნავს მოხსნის სიმპტომებს და ოპიოიდის მიღების გაძლიერებულ სურვილს ყოველგვარი ძილიანობისა და აღგზნების გარეშე, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ნარკომანი რეგულარულად, ყოველდღე უნდა გამოცხადდეს კლინიკაში, სადაც ხდება მედიკამენტის იმ რაოდენობის დარიგება, რომელიც საჭიროა მოხსნის მძიმე სინდრომების განვითარების, პრევენციისა და ოპიოიდის მიღების ძლიერი სურვილის დასათრგუნად, რაც საშუალებას მისცემს ნარკომანებს, იცხოვრონ ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრებით.

ბუპრენორფინი უფრო მეტი რაოდენობით ექიმის მიერ ოფისში გამოწერილი რეცეპტით მიიღება, ამიტომ ნარკომანებს არ სჭირდებათ სპეციალიზებულ კლინიკებში სიარული.

ნალტრექსონი არის მედიკამენტი, რომელიც ბლოკავს ოპიოიდების ეფექტს (ოპიოიდების ანტაგონისტი). ნალტრექსონის მიღების დაწყებამდე, ადამიანებს უნდა ჩაუტარდეთ სრული დეტოქსიკაცია ოპიოიდებისგან გასათავისუფლებლად ან ოპიოიდების შეწყვეტის შედეგად განვითარებული მძიმე სიმპტომების მოსახსნელად. დოზის შესაბამისად, ნალტრექსონის ეფექტი გრძელდება 24-დან 72 საათამდე. მედიკამენტი მიიღება დღეში ერთხელ ან კვირაში სამჯერ. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მედიკამენტს არ ახასიათებს ოპიოიდების ეფექტი, ზოგიერთ ნარკომანს არ სურს მისი გამოყენება. მედიკამენტის გამოყენება უფრო სასარგებლოა იმ ნარკომანებისთვის, რომლებსაც ძლიერ სურთ ოპიოიდებისგან განთავისუფლება და რომლებსაც არ აღენიშნებათ ოპიოიდებზე მძიმე დამოკიდებულება.

რეაბილიტაცია: მიუხედავად იმისა, თუ რომელი მიდგომა გამოიყენება, მიმდინარე კონსულტაციების არსებობა და მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. მხარდაჭერას ახორციელებენ სპეციალურად ტრენირებული ექიმები, ექთნები, კონსულტანტები, ოპიოიდების ჩანაცვლების პროგრამები, ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვა ადამიანები იმავე პრობლემებით (მხარდამჭერი ჯგუფები).

თემის დონეზე თერაპიის კონცეფცია 25 წლის წინ შეიქმნა, ჰეროინზე დამოკიდებული ნარკომანიის არსებობის საპასუხოდ. სოფელი დეიტოპი და ფოენიქსის სახლი პიონერები იყვნენ ამ არამედიკამენტური მიდგომის საკითხში. ნარკომანები ცხოვრობდნენ კომუნალურ, საცხოვრებელ ცენტრებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს პროგრამები ეხმარებოდა ნარკომანებს ახალი ცხოვრების დაწყებაში. ტრენინგების ჩატარებით, განათლებითა და ცხოვრების წესის შეცვლის გზით, ეს პროგრამები ბევრ ადამიანს დაეხმარა, მაგრამ ისინი ასევე საკმაოდ ხშირად ტოვებდნენ ასეთ ცენტრებს. კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად იმუშავა ამ პროგრამებმა და რამდენად ფართო კონტინგენტი მოიცვა, უპასუხოდ რჩება. ვინაიდან ეს პროგრამები დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, უფინანსობის გამო ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო მათი გამოყენება.