ფენციკლიდინი | მკურნალი.გე
  1. ფენციკლიდინი
  2. მედიკამენტების გამოყენება და მათი არაადეკვატური მოხმარება
  3. საგანგებო საკითხები
ფენციკლიდინი

ფენციკლიდინი (PCP ან ანგელოზის მტვერი) ყველაზე ხშირად მოსაწევად გამოიყენება მას შემდეგ, რაც მას მოაყრიან მცენარეულ მასალაზე, როგორიცაა ოხრახუში, პიტნის ფოთლები, თამბაქო ან მარიხუანა. იშვიათად, მას იყენებენ ორალურად ან ინექციის გზით.

სიმპტომები

PCP აქვეითებს ტვინის ფუნქციონირებას და მომხმარებლები ხშირად დაბნეულები და ორიენტაციადაკარგულნი არიან მედიკამენტის მიღებიდან მოკლე პერიოდში. მათ შეიძლება ვერ აღიქვან, სად არიან, ვინ არიან, რა დროა ან რა დღეა. ისინი ტრანსში ვარდებიან, თითქოს ჰიპნოზის ქვეშ იმყოფებიან. PCP-ის მომხმარებლები შეიძლება აგრესიულები გახდნენ, რადგან მათ ტკივილის შეგრძნება დაკარგული აქვთ, და შეიძლება ჩხუბი გააგრძელონ მაშინაც კი, როდესაც მძიმე დარტყმებს აყენებენ. იმატებს სალივაცია, ოფლიანობა, სისხლის წნევა და გულძმარვა, ხშირია კუნთების ტრემორი (კანკალი).

მაღალმა დოზებმა (ჰიპერდოზირება) შეიძლება გამოიწვიოს ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, სიცოცხლისათვის საშიშ ზღვრამდე ტემპერატურის მომატება (ჰიპერთერმია), კომა და შესაძლოა, სიკვდილიც. PCP-ს ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება დააზიანოს ტვინი, თირკმლები და კუნთები.

მკურნალობა

როდესაც PCP-ის მომხმარებლები აღგზნებულები ხდებიან (უმეტესად, როდესაც მიჰყავთ სამკურნალოდ), მათ ათავსებენ წყნარ ოთახში, რელაქსაციისთვის. ხორციელდება გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის მუდმივი მონიტორინგი. დამაწყნარებელი საუბრით მათი დახმარება ვერ ხერხდება. ფაქტობრივად, ისინი შეიძლება უფრო აღეგზნონ. თუ მშვიდი გარემოცვა მათ ვერ დააწყნარებს, ექიმმა შეიძლება მისცეს მათ სედატიური საშუალება, როგორიცაა ლორაზეპამი.