პრობლემები მოგზაურობისას | მკურნალი.გე
  1. პრობლემები მოგზაურობისას
  2. მოგზაურობა და ჯანმრთელობა
  3. საგანგებო საკითხები
პრობლემები მოგზაურობისას

მოგზაურობისას ზოგი მდგომარეობა ჯანმრთელ ადამიანებშიც ხშირია.

მოძრაობის დაავადება

მოძრაობის დაავადება მაშინ ვითარდება, როცა ადამიანი თვითმფრინავით, გემით, მატარებლით, ავტობუსით ან მანქანით მგზავრობს და ტვინში სხეულის მოძრაობის შესახებ ურთიერთსაპირისპირო სიგნალები მიდის. ამას ხშირად იწვევს ტურბულენტობა და ვიბრაცია, აუარესებს სითბო, შფოთვა, შიმშილი ან ზედმეტი საკვების მიღება. ძირითადი სიმპტომებია: უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა და თავბრუხვევა (ვერტიგო).

მოძრაობის დაავადების გამოვლინებების შემსუბუქება შემდეგნაირად შეიძლება:

  • საკვების, სასმლისა და ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვა (მგზავრობისას და შემდეგ);

  • მზერის დაფიქსირება ჰორიზონტზე მდებარე უძრავ საგანზე;

  • დაწოლა და თვალების დახუჭვა;

  • იმ სავარძელზე დაჯდომა, სადაც მოძრაობა ყველაზე ნაკლებად იგრძნობა (მაგ. თვითმფრინავის ცენტრში, ფრთასთან ახლოს);

  • თავის შეკავება კითხვისგან;

  • ღია ფანჯარასთან ან კონდიციონერთან ახლოს ჯდომა, თუ შესაძლებელია.

ზოგი ადამიანი თავს უკეთესად გრძნობს გემის ცენტრში, წყლის დონესთან ახლოს მდებარე კაბინაში. ხშირად შედეგიანია სკოპოლამინის დასაკრავი ფირფიტა (რაც რეცეპტით გაიცემა), რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული ანტიჰისტამინური საშუალებები, განსაკუთრებით კი მგზავრობამდე მიღებისას. თუმცაღა, ეს წამლები ხშირად გაბრუებას, თავბრუხვევას, პირის სიმშრალეს იწვევენ და მოხუცებულებში ასევე შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების აბნევა, წაქცევა და სხვა გვერდითი მოვლენები.

თრომბები

თრომბები შეიძლება თვითმფრინავით, მატარებლით, ავტობუსით ან მანქანით მგზავრობისას დიდხანს ჯდომის გამო წარმოიქმნას. ეს გართულება (ღრმა ვენების თრომბოზი) უფრო ხშირია იმ ადამიანებში, ვინც:

  • უფროსი ასაკისაა;

  • ჭარბი წონისაა;

  • მწეველია;

  • ვარიკოზული ვენები აწუხებს;

  • ესტროგენს იღებს;

  • ორსულადაა;

  • ბოლო პერიოდში ოპერაცია გადაიტანა;

  • წარსულში ჰქონდა თრომბოზი;

  • ბოლო პერიოდში უმოძრაოდ, ფიზიკური დატვირთვის გარეშე იყო.

ქვედა კიდურის ან მენჯის ვენებში წარმოქმნილი თრომბები ზოგჯერ ადგილს სწყდება და ფილტვებში ხვდება (ამას ფილტვის ემბოლია ეწოდება). ზოგჯერ ფეხში არსებული თრომბი სიმპტომებს არ იწვევს, ზოგჯერ კი ვლინდება სპაზმი (ე.წ. "გაკვანძვა"), შესივება და წვივების, ტერფების ფერის შეცვლა. ფილტვის ემბოლია ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ქვედა კიდურის ვენაში არსებული თრომბი. ამ დროს ჯერ ცუდად ყოფნის შეგრძნება ჩნდება უეცრად, რასაც შემდეგ ქოშინი, გულმკერდში ტკივილი და გონების კარგვა მოჰყვება. ზოგჯერ ეს პათოლოგია ადამიანის სიკვდილს იწვევს.

თრომბოზის რისკის შემცირება შეიძლება პოზის ხშირად ცვლილებით, ჯდომისას ფეხების ხშირად გასწორებითა და გამოძრავებით, საკმარისი რაოდენობით სითხეების მიღებით, ყოველ 1-2 საათში ერთხელ ადგომით, გავლა-გამოვლითა და გაჭიმვით. ფეხის ფეხზე ხანგრძლივად გადადება ამცირებს სისხლის მიმოქცევას ქვედა კიდურებში, ამიტომ ამას უნდა მოვერიდოთ. რისკს, ასევე, აქვეითებს ალკოჰოლისა და კოფეინის მიღებისგან თავის შეკავება, ელასტიკური წინდების ტარება.

ყურებისა და წიაღების დაგუბება

ყურებისა და წიაღების დაგუბება ატმოსფერული წნევის (კაბინის წნევის) ცვლილების ბრალია თვითმფრინავით მგზავრობისას. ნორმაში თვითმფრინავის მიერ სიმაღლის აღებისას კაბინაში წნევა ეცემა, რაც წიაღებსა და შუა ყურში არსებული ჰაერის გაფართოებას იწვევს. ეს ვლინდება ყურების დაგუბებით, ტკაცუნით ან ორივეთი, წიაღებში მსუბუქი ზეწოლის ან დისკომფორტის შეგრძნებასთან ერთად. თვითმფრინავის დაშვებისას კი კაბინაში წნევა იზრდება და იგივე სიმპტომები ვითარდება. ეს შეგრძნებები, როგორც წესი, ქრება წიაღებისა და ყურის წნევის კაბინის წნევასთან გათანაბრებასთან ერთად. წნევის ცვლილებისას ტკივილს იწვევს კბილების უმკურნალებელი ან ახლახან ნამკურნალები პრობლემებიც.

წნევის გათანაბრებისთვის კარგია ხშირი ყლაპვა (ცხვირზე მოჭერილი ხელით) ან დამთქნარება აფრენისას და დაფრენისას. ზოგ ადამიანს მაგარი კანფეტის ჩაწუწვნაც შველის დაშვებისას. ეს ხერხები, როგორც წესი, საკმარისია ყურებისა და წიაღების მსუბუქი დისკომფორტის მოსახსნელად. თუმცაღა, ალერგიის, წიაღების დაავადებებისა და გაციების დროს, ყურებისა და წიაღების ცხვირთან დამაკავშირებელი გასავლების ანთება ვითარდება და ზოგჯერ ისინი ლორწოთიც იხშობა. ეს ხელს უშლის წნევის გათანაბრებას შიგნით და გარეთ. ამ პრობლემების მქონე ადამიანებს საკმაოდ ძლიერი დისკომფორტი შეიძლება გაუჩნდეთ. ზოგჯერ ეფექტიანია ფრენამდე ცხვირში გამხსნელი საშუალებების გამოყენება ან დახურული პირითა და ცხვირზე მოჭერილი ხელით მაგრად ჩაბერვა წნევების გასათანაბრებლად.

წნევათა შორის სხვაობა ბავშვებში უფრო ხშირად იწვევს ტკივილს. აფრენისას და დაშვებისას უმჯობესია, თუ მათ საღეჭ რეზინს, მაგარ საწუწნ კანფეტს ან რამე სითხეს მისცემენ, რათა ხშირად ყლაპონ. ჩვილების შემთხვევაში ამ დროს შეიძლება ძუძუთი ან ბოთლით კვება. შესაძლოა, მატყუარა საწოვარაც იყოს შედეგიანი.

ძილის დარღვევა

თვითმფრინავით მგზავრობის შემდეგ ძილის დარღვევა (jet lag) ხშირია სამზე მეტი სასაათო სარტყლის ერთბაშად გადაკვეთისას. ეს არ ხდება გემით, მატარებლით ან მანქანით მოგზაურობისას, რადგან ამ დროს ახალი სასაათო სარტყლის შესაგუებლად ადამიანს საკმარისი დრო აქვს. ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი ჩასვლისას დაღლილობაა. ასევე ვლინდება გაღიზიანებულობა, უძილობა (ინსომნია), თავის ტკივილი, კონცენტრაციის გაძნელება. ამ ყველაფრის მაქსიმალურად შემსუბუქება შეიძლება გაღვიძებისა და დაძინების დროების შეცვლით გამგზავრებამდე 1-2 დღით ადრე, ისე, რომ ისინი დანიშნულების ადგილისას ემთხვეოდეს. ფრენისას საჭიროა საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება და თავის შეკავება მოწევის, კოფეინის და დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებისგან. სინათლეზე ყოფნის პერიოდის გაკონტროლებაც ეხმარება მოგზაურებს ახალ სასაათო სარტყელთან შეგუებაში.

მოგზაურობა დასავლეთის მიმართულებით: დასავლეთით მდებარე სასაათო სარტყლებში გადასვლისას ადამიანები უფრო ადრე იღვიძებენ და, ადგილობრივ დროსთან შედარებით, უფრო ადრე ეძინებათ. მაგალითად, თუ ვინმე, ჩვეულებრივ, 7 საათზე იღვიძებს და ღამის 11 საათზე იძინებს, სამი სასაათო სარტყლით დასავლეთისკენ გადანაცვლებისას, მას დილის 4 საათზე გაეღვიძება ადგილობრივი დროით და საღამოს 8 საათისთვის უკვე ძილი მოერევა. შესაგუებლად, მოგზაური უნდა ეცადოს, ნაშუადღევს, კაშკაშა მზის სინათლეზე იყოს ადგილზე და როგორმე არ დაიძინოს შესაბამის დრომდე.

მოგზაურობა აღმოსავლეთისკენ: აღმოსავლეთის სასაათო სარტყელში გადასულ ადამიანებს ადგილობრივი დროით უფრო გვიან ეღვიძებათ და გვიან ეძინებათ. მაგალითად, თუ ვინმე, ჩვეულებრივ, 7 საათზე იღვიძებს და ღამის 11-ზე იძინებს, სამი სასაათო სარტყლით აღმოსავლეთისკენ გადანაცვლებისას, მას დილას 10-ზე გაეღვიძება და შუაღამის 2 საათამდე არ დაეძინება. შესაგუებლად, კარგია კაშკაშა მზის სინათლეზე ყოფნა დილით ადრე. ისინი, ვისაც ღამით ჰქონდა ფრენა, უნდა ეცადონ, ფიზიკურად აქტიურად იყვნენ საღამომდე და არ წაუძინონ.

აღმოსავლეთით მდებარე სასაათო სარტყელში გადასულ ადამიანებს საჭირო დროს ჩაძინებაში ხანმოკლე მოქმედების სედაციური საშუალებები შეიძლება დაეხმაროს. მაგრამ მათ გვერდითი მოვლენებიც აქვთ, როგორიცაა მოთენთილობა დღისით, ამნეზია და ღამით უძილობა. ხანგრძლივი მოქმედების სედაციური საშუალებები, მაგალითად, დიაზეპამი, ცნობიერების აბნევასა და წაქცევას იწვევს ზოგჯერ მოხუცებულებში, ამიტომ მათი მიღება არ შეიძლება.

ძილ-ღვიძილის ციკლს ჰორმონი მელატონინი არეგულირებს. ზოგი ექიმის აზრით, კარგია აღმოსავლეთით მოგზაურობისას მელატონინის შემცველების გამოყენება, რათა ორგანიზმის შინაგანი საათი შესაბამის დროზე გადაეწყოს. ზოგი მოგზაური ადასტურებს მის შედეგიანობას, მაგრამ ამ საშუალების ეფექტიანობა და უსაფრთხოება ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არ არის.

გაუწყლოვნება

ფრენისას ხშირია გაუწყლოება, რადგან თვითმფრინავებში ტენიანობა დაბალია. ეს უფრო მეტად მოქმედებს მოხუცებულებსა და ზოგი პათოლოგიის მქონე ადამიანებზე, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულებსა და მათზე, ვინც იღებს შარდმდენებს – შარდით წყლისა და ნატრიუმის გამოყოფის გამაძლიერებელ საშუალებას. ძირითადი სიმპტომი თავბრუხვევა, მოთენთილობა, ცნობიერების აბნევა და ზოგჯერ გონების დაკარგვაა. გაუწყლოვნების თავიდან აცილება შეიძლება დიდი რაოდენობით სითხის მიღებით, კოფეინისა და ალკოჰოლის შეზღუდვით. კანის სიმშრალეს დამატენიანებლებით შველიან.

ინფექციის გავრცელება

თვითმფრინავებსა და კრუიზის გემებზე ინფექციის გავრცელება ხშირად მედიის ყურადღების საგანი ხდება, მაგრამ ეს შედარებით იშვიათი პრობლემაა. ყველაზე საშიში ამ მხრივ გრიპი, ვირუსული დიარეა და ბაქტერიული მენინგიტია. გრიპის რისკის მაქსიმალურად შემცირება შეიძლება უახლესი ვაქცინით აცრით. დიარეის საშიშროებას ხელების ხშირად დაბანა ამცირებს. ბაქტერიული მენინგიტის თავიდან ასაცილებლად რაიმე საიმედო საშუალება არ არსებობს. ზოგ გემზე ანტიბიოტიკებითაც უზრუნველყოფენ მგზავრებს, რომლებსაც ამ ინფექციების მქონე ადამიანებთან ჰქონდათ ახლო კონტაქტი.

მსუბუქი ტრავმები

მოგზაურობისას მსუბუქი ტრავმები ხშირია. მხრის დაშავების ძირითადი მიზეზი მძიმე ბარგის აწევაა, რასაც ადამიანები მიუჩვეველნი არიან. სერიოზული ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს სავარძლების ზედა სათავსოებიდან ბარგის გადმოვარდნამ. გემით მგზავრობისას უმჯობესია, თუ ადამიანს სველ ზედაპირებზე კარგი მოჭიდების მქონე ფეხსაცმელი ეცმევა, დაეყრდნობა მოაჯირებს, გემის კიბეებზე მოძრაობისას მზის სათვალეს მოიხსნის და, ზოგადად, ყურადღებით იქნება უცხო გარემოში. ღამით დაცემის თავიდან ასაცილებლად ფანრის გამოყენება შეიძლება.

შფოთვა

მოგზაურობისას შფოთვა მრავალი ადამიანის პრობლემაა. ხშირია ფრენის, დახურული სივრცის შიში, ნერვიულობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო გაუარესდება თვითმფრინავით მგზავრობისას. ეს უძილობას იწვევს და სასაათო სარტყლის შეცვლით გამოწვეულ დისკომფორტს უფრო აძლიერებს. ზოგჯერ შფოთვის დროს ვლინდება გახშირებული სუნთქვა და სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა ტკივილი გულმკერდში, სუნთქვის გაძნელება, კუნთების სპაზმები და დაბუჟება ხელებში, მტევნებში და პირის გარშემო. გამოცდილი მოგზაურის ან მომვლელის თანხლება ამცირებს შფოთვას. ასევე შედეგიანი შეიძლება იყოს კოგნიტური თერაპია, დესენსიტიზაციის პროგრამები ან ჰიპნოზი, ისევე, როგორც მედიკამენტები – სედაციური ან შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები, მაგალითად,ზოლპიდემი ან ალპრაზოლამი.