1. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
  2. ინფექციები
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ვენერიული) წარმოადგენს ინფექციებს, რომლებიც ტიპურად, მაგრამ არა ექსკლუზიურად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სექსუალური კონტაქტის გზით.

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს ბაქტერიებით, ვირუსებით ან პროტოზოათი;

  • ზოგიერთი ინფექცია შეიძლება კოცნით ან სხეულის ახლო კონტაქტით გავრცელდეს;

  • ზოგიერთი ინფექცია შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, რასაც ზოგჯერ შესაძლოა სერიოზული შედეგი მოჰყვეს;

  • კონდომის გამოყენებით შეიძლება ინფექციის პრევენცია.

სექსუალური ურთიერთობა უზრუნველყოფს ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის ადვილად გავრცელების შესაძლებლობას, ვინაიდან ამ ურთიერთობების დროს ადგილი აქვს ახლო კონტაქტს და გენიტალიების ან ორგანიზმის სხვა ნაწილებიდან სითხეების გამოსვლას. სექსუალური ურთიერთობების გზით გავრცელებული დაავადებები (სგდ) შედარებით ხშირია. მაგალითად, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გონორეის 360000 და ქლამიდიის მილიონზე მეტი შემთხვევა აღინიშნა, არადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველ წელს შეიძლება ამ დაავადებების უფრო მეტი შემთხვევა იყოს აღწერილი.

მიზეზები

ბევრი ინფექციური ორგანიზმი, დაწყებული პატარა ვირუსებით, ბაქტერიებითა და დამთავრებული ვიზუალურად შესამჩნევი მკბენარებით, შეიძლება გავრცელდეს სექსუალური კონტაქტის გზით. ზოგიერთი ტიპის ჰეპატიტი და სალმონელათი გამოწვეული ინფექცია (რომელიც იწვევს დიარეას) შეიძლება გავრცელდეს სექსუალური აქტივობის დროს, მაგრამ ისინი უფრო ხშირად სხვა გზით ვრცელდება, ამიტომ ისინი არ განიხილება, როგორც ტიპური სგდ.

გავრცელება: მიუხედავად იმისა, რომ სგდ პიროვნებას ჩვეულებრივ, ინფიცირებულ პარტნიორთან ვაგინალური, ორალური ან ანალური სექსის დროს გადაეცემა, ინფექციის გასავრცელებლად გენიტალიური პენეტრაცია არ არის აუცილებელი. ზოგიერთი სგდ შეიძლება სხვა გზებითაც გავრცელდეს, როგორიცაა:

  • კოცნით ან სხეულთან ახლო კონტაქტით – შეიძლება გავრცელდეს ბოქვენის მკბენარით გამოწვეული ინფექცია – სკაბიესი და კონტაგიოზური მოლუსკი;

  • დედიდან ბავშვზე გადაცემა დაბადებამდე ან დაბადების პროცესში ვრცელდება – სიფილისი, ჰერპესული ან ფლამიდიური ინფექცია, გონორეა, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) და ადამიანის პაპილოვირუსული (აპვ) ინფექცია;

  • აივ ინფექცია ძუძუთი კვებით გადაეცემა;

  • აივ ინფექცია დაინფიცირებული სამედიცინო ინსტრუმენტებით გადაეცემა.

სიმპტომები

სიმპტომები მრავალფეროვანია. პირველადი სიმპტომები ჩნდება იმ მიდამოებში, სადაც მიკროორგანიზმი სხეულში აღწევს. მაგალითად, იარები შეიძლება გაჩნდეს გენიტალიებსა და პირის ღრუში. შეიძლება გამონადენი იყოს პენისიდან და საშოდან და შარდვის პროცესი მტკივნეული გახდეს.

გართულებები: როდესაც სგდ არ არის დიაგნოსტირებული და იგი არასათანადოდ ნამკურნალებია, ზოგიერთი მიკროორგანიზმი შეიძლება სისხლის ნაკადით გავრცელდეს და დააინფიციროს შინაგანი ორგანოები, რაც სერიოზულ და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემებს იწვევს. ასეთი პრობლემებია: სიფილისით გამოწვეული გულისა და ტვინის დაზიანება, აივ-ით გამოწვეული შიდსი და აპვ-თი გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბო.

ზოგიერთი მიკროორგანიზმი, რომელიც საშოში შედის, ადის საშოს ზევით, საშვილოსნოს ყელთან (საშვილოსნოს ქვედა ნაწილი), შედის საშვილოსნოში და აღწევს ფალოპის მილებსა და ზოგჯერ საკვერცხეებსაც. საშვილოსნოსა და ფალოპის მილების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა ან საშვილოსნოს გარე ორსულობა (ectopic). ინფექცია შეიძლება გავრცელდეს მემბრანებზე, რომლებიც მუცლის ღრუს ამოფენენ (პერიტონეუმი) და პერიტონიტს იწვევენ. ეს ინფექციები განიხილება, როგორც მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები.

მამაკაცებში მიკროორგანიზმები შედის პენისის გავლით, აინფიცირებს მილს, რომელსაც შარდის ბუშტიდან შარდი პენისის გზით გამოაქვს (urethra). შარდსადენის ქრონიკული ინფექციის გართულებები მოიცავს შემდეგს:

  • ჩუჩის შეჭმუხნა, რის გამოც იგი ვერ გადაიწევა პენისის თავიდან;

  • შარდსადენის შევიწროება, რის გამოც შარდის დინება იბლოკება;

  • ვითარდება ფისტულა (ფისტულა) შარდსადენსა და პენისის კანს შორის.

  • მამაკაცების შემთხვევაში მიკროოგანიზმები ზოგჯერ ვრცელდება შარდსადენის ზევით, მილის გავლით, რომელსაც სათესლე ჯირკვლებიდან (ეაკულაციური მილი და სპერმის გამომტარი მილი) სპერმა გამოაქვს და აინფიცირებს ეპიდიდიმისს (სპირალისებური მილი ცალკეული სათესლე ჯირკვლების ზემოთ).
  • ორივე სქესის წარმომადგენლებში ზოგიერთი სგდ გენიტალიური ქსოვილების პერსისტირებულ შეშუპებას ან სწორი ნაწლავის ინფექციას იწვევს.

დიაგნოზი

ექიმები სგდ-ის დიაგნოზის დასმის დროს არსებულ სიმპტომებს ეყრდნობიან. იმისათვის, რომ ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმების იდენტიფიცირება მოახდინონ, ექიმებმა შეიძლება აიღონ სისხლის, შარდისა და გამონადენის ნიმუშები საშოდან ან პენისიდან და გამოიკვლიონ. ნიმუშები შესაძლოა დასათესად ლაბორატორიაში გაიგზავნოს. ზოგჯერ საჭიროა გენერიკური ტესტირების ჩატარება მიკროორგანიზმებისთვის დამახასიათებელი გენეტიკური მასალის იდენტიფიცირების მიზნით. სხვა ტესტების ჩატარების აუცილებლობა დამოკიდებულია სგდ-ის სიმპტომების თავისებურებებზე.

პრევენცია

სგდ-ის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებია:

  • კონდომის რეგულარული და სწორი გამოყენება;

  • საფრთხის მქონე სექსპარტნიორებთან სექსუალური ურთიერთობისგან თავის შეკავება. დაუშვებელია სექსპარტნიორების ხშირი ცვლა ან სექსუალური ურთიერთობების დამყარება სხვა სექსპარტნიორის მქონე პირთან ან მეძავებთან;

  • ჩუჩის მოცილება (რამაც შეიძლება შეამციროს აივ-ის გავრცელება ქალიდან მამაკაცზე);

  • სგდ-ის სწრაფი დიაგნოსტირება და მკურნალობა (სხვა ადამიანებზე ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით);

  • სექსუალური გზით ინფიცირებული ადამიანების გამოვლენა უნდა მოხდეს მათი კონსულტაციით და ჩაუტარდეთ მკურნალობა.

ხელმისაწვდომი ვაქცინები არის აპვ ინფექციისა და A და B ჰეპატიტის ვაქცინები.

მკურნალობა

სგდ-ის მედიკამენტებით მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში ეფექტურია, თუმცა, ზოგიერთი ბაქტერიისა და ვირუსის შტამები, როგორიცაა აივ, ზოგიერთი მედიკამენტის მიმართ რეზისტენტულები არიან, რაც მკურნალობის პროცესს ართულებს. ახალი მედიკამენტების შექმნისა და ბევრი ადამიანის მკურნალობის შედეგად სავარაუდოა, რომ მედიკამენტების მიმართ ორგანიზმის რეზისტენტობა მოიმატებს.

ადამიანებმა, რომლებიც ბაქტერიული სგდ-ის გამო მკურნალობენ, ინფექციის ელიმინაციამდე თავი უნდა შეიკავონ სექსუალური ურთიერთობისგან. ეს ეხება როგორც პირადად მათ, ასევე მათ პარტნიორებსაც. გარდა ამისა, სექსპარტნიორებმა ერთდროულად უნდა იმკურნალონ.

ვირუსული სგდ, განსაკუთრებით ჰერპესი, B და C ჰეპატიტები და აივ ინფექციები, ჩვეულებრივ, უჯრედში მთელი ცხოვრების განმავლობაში პერსისტირებენ. ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებით შეიძლება დაავადების გაკონტროლება, თუმცა, ჯერ კიდევ შეუძლებელია მისი სრული განკურნება, გარდა C ჰეპატიტისა, რომლის განკურნება შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობით.