მეჭეჭები გენიტალიებზე (condylomta acuminata) ახალი წარმონაქმნებია საშოს, პენისის ან სწორი ნაწლავის ირგვლივ და შიგნით, რომლებსაც სექსუალური გზით გადამდები ადამიანის პაპილომავირუსი იწვევს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1,4 მილიონ ადამიანს აღენიშნება გენიტალიებზე პაპილომავირუსით (აპვ) გამოწვეული მეჭეჭები. 24 მილიონ ადამიანს გამოვლენილი აქვს აპვ ინფექცია, ხოლო 5,5 მილიონი ადამიანი ყოველ წელს ინფიცირდება. ქალების 50% ერთხელ მაინც იყო ინფიცირებული 50 წლის ასაკამდე. ინფექციების უმრავლესობა 1-2 წელიწადში მთავრდება, მაგრამ ზოგიერთი პერსისტირებას აგრძელებს. პერსისტირებული ინფექციების არსებობა ზრდის კიბოს გარკვეული სახეობების განვითარების რისკს.
აპვ-ის 70-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. ზოგიერთი სახეობა ხშირად კანზე მეჭეჭებს იწვევს. სხვა სახეობები სხვადასხვა გენიტალიურ ინფექციებს იწვევენ:
აპვ შეიძლება აგრეთვე ორალური ურთიერთობის დროს გაგრძელდეს. ამ დროს ვითარდება პირის ღრუს ინფექცია და პირის ღრუს კიბოს განვითარების რისკი მატულობს.
მამაკაცებს მეჭეჭები, ჩვეულებრივ, უვითარდებათ პენისზე, განსაკუთრებით – ჩუჩის ქვეშ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ჩუჩის მოცილების ოპერაცია არ გაუკეთებიათ და ასევე – შარდსადენში. ქალებს გენიტალიური მეჭეჭები უვითარდებათ ვულვაზე, საშოს კედელზე, საშვილოსნოს ყელსა და საშოს მიდამოში. გენიტალიური მეჭეჭები შეიძლება განუვითარდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ანალური სექსით არიან დაკავებულნი. უმეტესად მეჭეჭები არ იწვევს სიმპტომებს, თუმცა, ზოგიერთებს შეიძლება წვისა და ტკივილის შეგრძნება აღენიშნოს.
მეჭეჭები, ჩვეულებრივ, ვითარდება აპვ-ის დაინფიცირებიდან 1-დან 6 თვეში და იწყება პატარა, რბილი, სველი, ვარდისფერი ან ნაცრისფერი წარმონაქმნების გაჩენით. ეს წარმონაქმნები სწრაფად იზრდება და უხეშდება. ზოგჯერ ისინი კანიდან ღეროების სახით ამოიზრდებიან და შესაძლოა, ხშირად ჯგუფებად გაიზარდონ.
ორსულობის ან დაქვეითებული იმუნიტეტის (როგორიცაა აივ-ით ინფიცირებულები) შემთხვევაში მეჭეჭები შეიძლება უფრო სწრაფად გაიზარდოს და გავრცელდეს.
გენიტალიური მეჭეჭების დიაგნოზი შეიძლება მეჭეჭების ვიზუალურად შემჩნევით დადგინდეს. იმ შემთხვევაში, თუ მეჭეჭები არაბუნებრივად გამოიყურება, იარების გახსნისას (ulcerate) სისხლმდენია ან, მიუხედავად მკურნალობისა, მაინც პერსისტირებენ, ისინი მოსაცილებელია ქირურგიული მეთოდით და კიბოს შესაძლო არსებობის გასაკონტროლებლად მიკროსკოპული გამოკვლევა უნდა ჩატარდეს.
როდესაც ქალებს მეჭეჭები საშვილოსნოს ყელზე აღენიშნებათ, უნდა ჩატარდეს პაპანიკოლაუს (Pap) ტესტი, რომ სხვა პათოლოგიები (როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო) გამოირიცხოს. თუ გენიტალიური მეჭეჭების დიაგნოზი დაისმება, ქალებმა პერიოდულად უნდა ჩაიტარონ პაპ-ტესტი და წელიწადში ორჯერ – საშოსა და საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპია (გამადიდებელი ინსტრუმენტის გამოყენებით), შესაძლო გართულებების აღმოსაჩენად და მკურნალობის სწრაფად დასაწყებად.
კოლპოსკოპია კეთდება საშვილოსნოს ყელზე ან ანუსზე ნაკლებად შესამჩნევი მეჭეჭების აღმოსაჩენად. საღებავს წაუსვამენ შესაბამის მიდამოებში, რათა მეჭეჭები უფრო ადვილად შესამჩნევი გახდეს. მეჭეჭებიდან აღებული ნიმუშის გამოკვლევა შეიძლება ისეთი ტესტით, როგორიცაა პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია (პჯრ). ამ ტესტით შესაძლებელია გენის მრავალი ასლის გაკეთება, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, აპვ-სთვის დამახასიათებელი გენეტიკური მასალის (დნმ) იდენტიფიცირება მოახდინონ. აღნიშნული ტესტები მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ექიმებს დიაგნოსტირებაში, ამასთან, აძლევს მათ შესაძლებლობას, აპვ-ის სახეობა დაადგინონ.
აპვ-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომია და იგი ადამიანს აპვ-ის ორი სახეობისგან (სახეობები 6 და 8) იცავს, რომლებიც გენიტალიური მეჭეჭების 80%-ს იწვევს. ვაქცინა ასევე იცავს სხვა ორი სახეობის აპვ-სგან (სახეობები 16 და 18), რომლებიც საშვილოსნოს ყელის კიბოს უხშირეს გამომწვევ მიზეზებად (70%) მიიჩნევა. ინფექციის დასაცავად აპვ ვაქცინა რეკომენდებულია გოგონებისა და ქალებისთვის 9-დან 26 წლამდე ასაკში. ვაქცინის 3 დოზა უნდა გაკეთდეს უპირატესად 11-დან 12 წლის ასაკში. ვაქცინის შეყვანა უნდა მოხდეს მანამ, სანამ სექსუალური აქტივობა დაიწყება, თუმცა, სექსუალურად აქტიური ქალები და გოგონები მაინც უნდა იყვნენ ვაქცინირებულნი. ვაქცინის როლი აპვ-ის პრევენციაში ვაჟებსა და მამაკაცებში ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
დამოუკიდებლად მეჭეჭების ადგილმდებარეობისა, კონდომების გამოყენებით ინფექციის სრული დაცვა არ ხდება.
თუ ადამიანს ჯანსაღი იმუნური სისტემა აქვს, იგი ხშირად აკონტროლებს აპვ-ს და მკურნალობის გარეშეც ახდენს მეჭეჭებისა და ვირუსების ელიმინაციას. ადამიანების ნახევარი აპვ ინფექციისგან იკურნება 8 თვის შემდეგ, ხოლო დაახლოებით 10%-ს 2 წელზე მეტხანს უგრძელდება. გენიტალიური მეჭეჭების მქონე ადამიანებს, რომლებსაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ, ესაჭიროებათ მკურნალობა, თუმცა მეჭეჭების განმეორებით გაჩენა შესაძლებელია.
გარე გენიტალიური მეჭეჭების დროს მკურნალობა არ მოითხოვება. ზოგიერთი სამკურნალო მეთოდი არაკომფორტულია და ნაწიბურებს ტოვებს. გარე გენიტალიური მეჭეჭების ამოღება შეიძლება ლაზერით, გაყინვით (კრიოთერაპია) ან ქირურგიული მეთოდით ლოკალური ანესთეზიის გამოყენებით.
ალტერნატიულ მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს პოდოფილინ ტოქსინის, უმიქუიმოდის ან ტრიქლოაცეტის მჟავას აპლიკაციები უშუალოდ მეჭეჭებზე. თუმცა, ასეთი მიდგომა ბევრ აპლიკაციას მოითხოვს და რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. ამ დროს შესაძლოა მოხდეს მეჭეჭების ირგვლივ ჯანსაღი კანის დამწვრობა და ეს მეთოდი ხშირად უეფექტოა. იმიქუიმოდის მალამო ნაკლებად წვავს კანს, მაგრამ იგი ნაკლებეფექტიანია, რადგან მეჭეჭები შეიძლება თავიდან განვითარდეს თითქოსდა ეფექტური მკურნალობის შემდეგ.
შარდსადენის მეჭეჭების დროს მათი ამოღება შეიძლება ვიდეოთვალის (ენდოსკოპია) გამოყენებით, რომელსაც ქირურგიული ხელსაწყო აქვს მიმაგრებული. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტიანია. ეს პროცედურა კეთდება ზოგადი ანესთეზიით ან ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა თიოტება, რომელიც შეჰყავთ ურეთრაში ან ქიმიოთერაპიული მედიკამენტით, როგორიცაა 5-ფლუორაცილი, რომელიც მეჭეჭში შეჰყავთ. ხშირად ეს მეთოდიც წარმატებულია. ინტერფერონ-ალფას შეყვანა მეჭეჭში ან კუნთებში მეტ-ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ იგი განმეორებით რამდენჯერმე უნდა გაკეთდეს ერთიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამავე დროს, ეს პროცედურა ძვირია.
მეჭეჭებისა და სხვა სექსუალურად გადამდები დაავადების საეჭვო არსებობაზე ყველა სექსპარტნიორი უნდა შემოწმდეს და, საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა მათაც ჩაუტარდეთ. სექსპარტნიორები უნდა გაკონტროლდნენ ასევე აპვ ინფექციის გამორიცხვის მიზნით.