ლიმფოგრანულომა ვენერიუმი (Lymphogranuloma venereum) არის სექსუალურად გადამდები დაავადება, რომელსაც იწვევს Chlamydia trachmatis და რომლის დროს აღინიშნება ლიმფური ჯირკვლების მტკივნეული შეშუპება შორისში და ზოგჯერ სწორი ნაწლავის ინფექცია ვითარდება.
დაავადებას იწვევს Chlamydia trachmatis-ის გარკვეული ტიპი, განსხვავებით სხვა შტამებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ, იწვევს ინფექციას შარდსადენსა და საშვილოსნოს ყელში (ჩერვიციტის). ინფექცია უფრო ხშირადაა გავრცელებული ტროპიკულ და სუბტროპიკულ მიდამოებში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში იშვიათია. დასავლეთ ევროპაში ეს ინფექცია ჰომოსექსუალების სწორი ნაწლავის დაავადების (როცტიტის)ხშირი მიზეზია.
სიმპტომები იწყება ინფიცირებიდან 3 ან მეტ დღეში. ამ დროს ვითარდება პატარა, ნაკლებმტკივნეული სითხით სავსე ბუშტუკები პენისზე და საშოში. ტიპურ შემთხვევებში ბუშტუკი გადაიქცევა წყლულად, რომელიც სწრაფად ხორცდება და შეუმჩნეველი ხდება. შემდეგ, შორისში არსებული ლიმფური ჯირკვლები, ერთ ან ორივე მხარეს, შეიძლება შეშუპდეს და მგრძნობიარე გახდეს. გადიდებული, მგრძნობიარე ლიმფური ჯირკვლები (სახელწოდებით, ბუბონები) აღწევენ ღრმა ქსოვილებსა და მათ დამფარავ კანში, რის შედეგადაც ანთებითი პროცესი ვითარდება. თუ ინფექცია დიდხანს გაგრძელდა და მისი განმეორებითი რეციდივები მოხდა, შეიძლება დაიხშოს ლიმფური ძარღვები (რომლებსაც ქსოვილებიდან სითხე გამოაქვთ), რაც გენიტალიების ქსოვილის შეშუპებას იწვევს. სწორი ნაწლავის ინფექციის შედეგად შეიძლება განვითარდეს ქსოვილის დანაწიბურება, რომელიც სწორი ნაწლავის სანათურს ავიწროებს.
დაავადებაზე ეჭვი დამახასიათებელ სიმპტომებს ეფუძნება. დიაგნოზი შეიძლება დადასტურდეს სისხლის ანალიზით, რომლის საშუალებით Chlamydia trachmatis-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების იდენტიფიცირება შეიძლება.
ინფექციის საწყის სტადიაზე, სამი კვირის განმავლობაში დოქსიციკლინის, ერითრომიცინის ან ტეტრაციკლინის ორალურად მიღება ხდება. დაავადებას კურნავს, მაგრამ შეშუპება პერსისტირებს, თუ ლიმფური ძარღვები შეუქცევადად დაზიანებულია.