მეცნიერული მედიცინა (მეცნიერული მედიცინა და კლინიკური კვლევები) | მკურნალი.გე
  1. მეცნიერული მედიცინა (მეცნიერული მედიცინა და კლინიკური კვლევები)
  2. მეცნიერული მედიცინა და კლინიკური კვლევები
  3. საგანგებო საკითხები
მეცნიერული მედიცინა (მეცნიერული მედიცინა და კლინიკური კვლევები)

ათასობით წელია, რაც ექიმები ადამიანებს მკურნალობენ. ამის ამსახველი ყველაზე ძველი წერილობითი წყარო ეგვიპტეშია აღმოჩენილი და 3500-ზე მეტი წლისაა. მკურნალები და შამანები ალბათ მანამდეც ეხმარებოდნენ დაშავებულებსა და ავადმყოფებს სამკურნალო ბალახებითა თუ სხვა საშუალებებით. მათგან ზოგიერთი ეფექტური იყო, მაგალითად, მარტივი მოტეხილობისა და მსუბუქი ტრავმების მკურნალობის მეთოდები. თუმცაღა, ბოლო დრომდე მრავალი სამკურნალო ჩარევა უშედეგო იყო და ზოგი მათგანი – მავნეც კი. ორასი წლის წინ ბევრი დაავადების მკურნალობის მეთოდი მოიცავდა ვენის გაჭრას ერთი პინტი (0,473 ლ) ან მეტი სისხლის გამოსაშვებად და პაციენტისთვის სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერების მიცემას ღებინების ან დიარეის გამოსაწვევად. ეს ყველაფერი კი საშიში იყო ავადმყოფი ან დაშავებული ადამიანისთვის. ას წელზე ცოტა მეტი ხნის წინ გამოსულ მერკის სახელმძღვანელოში ზოგ მართლა გამოსადეგ წამალთან, მაგალითად, ასპირინთან და დიგიტალისთან ერთად, მოხსენიებული იყო კოკაინი, როგორც ალკოჰოლიზმის სამკურნალო ნივთიერება, დარიშხანი და თამბაქოს კვამლი – როგორც ასთმის სამკურნალო საშუალებები, გოგირდმჟავას ცხვირში შესასხურებელი სპრეი კი – როგორც გაცივების საწინააღმდეგო წამალი. იმდროინდელ ექიმებს ეგონათ, რომ ამით ადამიანებს ეხმარებოდნენ. რა თქმა უნდა, არ იქნება სწორი, მათ წარსულში ისეთივე ცოდნა მოვთხოვოთ, როგორიც ჩვენ გვაქვს ახლა, მაგრამ საერთოდ როგორ მოუვიდათ აზრად ექიმებს, რომ ასთმის მქონე ადამიანს თამბაქოს კვამლი რამეს არგებდა?

უშედეგო (და ზოგჯერ მავნე) მკურნალობის დანიშვნასა და პაციენტების ამაზე დათანხმებას მრავალი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის, ძირითადად ის, რომ სხვა გამოსავალი არ იყო. ორივე, ექიმებიც და ავადმყოფებიც, ხშირად არჩევენ, სულ არაფრის ნაცვლად, რამე მაინც მოიმოქმედონ. ადამიანებს ერთგვარ შვებას ანიჭებს საკუთარ პრობლემებზე პასუხისმგებლობის ავტორიტეტულ ფიგურაზე გადაბარება და ექიმებიც ხშირად უპასუხებენ პაციენტებს მხარდაჭერითა და გამხნევებით, რაც მათ ასე სჭირდებათ. თუმცაღა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექიმებმა მაშინ უბრალოდ არ იცოდნენ, მკურნალობის რა მეთოდები იყო ეფექტიანი.

მიზეზი და შედეგი: თუ ერთი მოვლენა ზუსტად მეორის შემდეგ ვითარდება, ადამიანებს ჩვეულებრივ მიაჩნიათ, რომ პირველი მეორის მიზეზი იყო. მაგალითად, თუ ვიღაცამ კედელზე რაიმე უცნობ ღილაკს დააჭირა თითი და გვერდზე ლიფტის კარი გაიღო, იგი ჩათვლის, რომ ეს ღილაკი ლიფტის გამოსაძახებლადაა. მოვლენების ასე დაკავშირება ადამიანის ინტელექტის ძირითადი ნაწილია და დიდწილად სწორედ მისი მეშვეობით შევიცნობთ ჩვენს გარემომცველ სამყაროს. თუმცაღა, ხშირად ადამიანები ისეთ კავშირებსაც "ხედავენ", რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ამის გამოა, რომ ზოგ სპორტსმენს აქვს "იღბლიანი წინდები", ისინი, რომლებიც რაიმე მნიშვნელოვანი თამაშის მოგებისას ეცვა და მას შემდეგ მაინცდამაინც იმათ იცვამს ხოლმე, ან მოსწავლეს აუცილებლად თავისი "იღბლიანი" კალმით სურს გამოცდის დაწერა. ასეთი აზროვნებაა იმის მიზეზიც, თუ რატომ ითვლებოდა ზოგი უეფექტო მკურნალობა სასარგებლოდ. მაგალითად, თუ ადამიანს სიცხე მას შემდეგ დაუწევდა, რაც ექიმი ვენიდან სისხლს გამოუშვებდა ან შამანი რომელიმე შელოცვას წარმოთქვამდა, მიაჩნდათ, რომ სწორედ ეს ქმედებები იყო ტემპერატურის შემცირების მიზეზი. ავადმყოფისთვის, რომელსაც შვება სწყუროდა, გამოკეთება უკვე საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, მედიცინის განვითარების ადრეულ პერიოდში ამგვარად, ერთი შეხედვით დადგენილი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები იშვიათად იყო სწორი, მაგრამ ეს მაინც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მკურნალობის არაეფექტური მეთოდები საუკუნეების განმავლობაში გამოეყენებინათ. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

ადამიანები თავისითაც გამოჯანმრთელდებიან. "ავადმყოფი" უსულო საგნებისგან (მაგ., გატეხილი ნაჯახის ან გახეული პერანგისგან) განსხვავებით, რომელთა დაზიანებაც თავისით არ გამოსწორდება, თუ ვინმემ არ შეაკეთა ისინი, ავადმყოფი ადამიანები ხშირად თავისითაც (ან საექიმო დახმარების შედეგად) გამოჯანმრთელდებიან ხოლმე, თუ ორგანიზმი თავად განიკურნა ან დაავადებამ გაიარა. გაციება ერთ კვირაში გაივლის, შაკიკი, როგორც წესი, 1-2 დღე გრძელდება, საკვებით მოწამვლის სიმპტომები კი შესაძლოა, 12 საათის შემდეგ გაქრეს. ბევრი ადამიანი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების, მაგალითად, გულის შეტევის ან ფილტვების ანთების შემდეგაც კი გამოჯანმრთელდება მკურნალობის გარეშე. ქრონიკული დაავადებების (როგორიცაა ასთმა, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია) სიმპტომები დროდადრო ვლინდება. შესაბამისად, მკურნალობის მრავალი მეთოდი შეიძლება გვეგონოს შედეგიანი, თუ დავიცდით. ასევე, ნებისმიერი სახის მკურნალობა, რომელიც თვითნებურ გამოჯანმრთელებამდე ცოტა ხნით ადრე ინიშნება, შეიძლება ძალიან ეფექტიანი გამოჩნდეს.

მიზეზი შესაძლოა პლაცებოს ეფექტი იყოს. მკურნალობის შედეგიანობის რწმენა ზოგჯერ საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა თავი უკეთ იგრძნოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადებას, მაგალითად, დიაბეტს ან მოტეხილ ძვალს ვერ განკურნავს, ისინი, ვისაც სჯერა, რომ სწორი, ეფექტიანი მეთოდებით მკურნალობენ, ხშირად უკეთესად გრძნობენ თავს. ამ დროს შესაძლოა, შემსუბუქდეს ტკივილი, გულისრევა, სისუსტე და ბევრი სხვა სიმპტომი. ასეთი ეფექტი მაშინაც ვლინდება, თუ წამალში რაიმე აქტიური მოქმედი ნივთიერება არ შედის. შესაბამისად, შეუძლებელია მას რაიმე დადებითი ეფექტი ჰქონდეს, მაგალითად, აბ გლუკოზას (ანუ პლაცებოს). ამ დროს ადამიანის რწმენა მოქმედებს. თავდაჯერებულმა ექიმმა უშედეგო (ან მავნე) მკურნალობაც რომ გამოუწეროს პაციენტს, რომელიც ენდობა მას და იმედიანადაა განწყობილი, ხშირად მდგომარეობა მაინც მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ამას პლაცებოს ეფექტი ეწოდება. ამ დროს ადამიანი მართლა გრძნობს უკეთესობას (და ეს არ ეჩვენება) ისეთი მკურნალობის შედეგად, რომელსაც დაავადებაზე რეალურად რაიმე ეფექტი არ ჰქონია.

ზოგი ფიქრობს, რომ მთავარია, მკურნალობამ ავადმყოფს თავი უკეთ აგრძნობინოს და არ აქვს მნიშვნელობა, ის მართლა მოქმედებს თუ არა დაავადებაზე. ეს მოსაზრება შესაძლოა სწორიც იყოს, თუკი სიმპტომია პრობლემა, მაგალითად, ისეთი მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც ყოველთვის თავისით გაივლის, თუნდაც ყოველდღიური ტკივილი ან გაციება. ამ შემთხვევაში ექიმები მკურნალობას ზოგჯერ პლაცებოს ეფექტის მიღწევის მიზნით ნიშნავენ. თუმცაღა, თუ რაიმე სახიფათო ან პოტენციურად საშიში დაავადება აქვს ადამიანს ან თავად სამკურნალო საშუალებას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მნიშვნელოვანია, რომ ექიმმა ნამდვილად ეფექტიანი მკურნალობა დანიშნოს.

როგორ ცდილობენ ექიმები, დაადგინონ მკურნალობის ეფექტიანობა

დიდი ხნის წინ ზოგი ექიმი მიხვდა, რომ ადამიანები თავისითაც გამოჯანმრთელდებიან. ისინი შეეცადნენ, შეედარებინათ, როგორი იყო შედეგი მკურნალობის შემთხვევაში და მის გარეშე ერთი და იმავე დაავადების მქონე სხვადასხვა პაციენტში. თუმცაღა, მე-19 საუკუნის შუა წლებამდე ამის შედარება ძალიან ძნელი იყო. მაშინ დაავადებებზე იმდენად ცოტა რამ იცოდნენ, რომ იმის დადგენაც კი უჭირდათ, ორ ადამიანს ერთი და იგივე პათოლოგია ჰქონდა თუ არა. ხშირად რომელიმე ტერმინით ექიმები სრულიად განსხვავებულ დაავადებებს მოიხსენიებდნენ. ასე მაგალითად, მე-18 და მე-19 საუკუნეებში ფეხების შეშუპების დროს ყველა ადამიანს "წყალმანკის" დიაგნოზს უსვამდნენ. დღეს კი უკვე ვიცით, რომ ეს შეიძლება გამოიწვიოს გულის, თირკმლის უკმარისობამ, ღვიძლის მძიმე დაავადებამ – ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულმა პათოლოგიებმა, რომელთაც სხვადასხვა მკურნალობა ესაჭიროებათ. ამის მსგავსად, ბევრ პაციენტს, ვისაც ცხელება და ღებინება ჰქონდა, ნაღვლოვანი ცხელების დიაგნოზს უსვამდნენ. დღეს ვიცით, რომ ამ სიმპტომებს მრავალი დაავადება იწვევს, მაგალითად, მუცლის ტიფი, მალარია, ჰეპატიტი. მკურნალობის შეფასება მხოლოდ მაშინ შეძლეს ექიმებმა, როცა ზუსტი, მეცნიერული საფუძვლის მქონე დიაგნოზების დასმა დამკვიდრდა, ანუ დაახლოებით 100 წლის წინ.

"ვაშლების შედარება ვაშლებთან": დაავადებების დიაგნოზის დარწმუნებით დადგენის შემდეგაც კი ექიმებს მოუწიათ, მოეფიქრებინათ მკურნალობის შეფასების საუკეთესო გზა. ისინი მიხვდნენ, რომ ამისთვის ერთ ავადმყოფზე დაკვირვება საკმარისი არ იქნებოდა. ერთი ადამიანის გამოჯანმრთელება (ან მდგომარეობის გაუარესება) შეიძლება შემთხვევითობა იყოს. ამავე დროს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კარგი შედეგის მიღება პაციენტთა ჯგუფში უბრალოდ დამთხვევის ბრალი იქნება. რაც უფრო დიდია ეს ჯგუფი, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ მკურნალობის ეფექტი სარწმუნოა. შესაბამისად, ექიმები, როგორც წესი, პაციენტთა ორი ჯგუფის შედეგებს ერთმანეთს ადარებენ. აქედან ერთ ჯგუფს საკვლევი მეთოდით მკურნალობენ (ექსპერიმენტული ჯგუფი), მეორეს კი – ძველი საშუალებით ან საერთოდ არაფრით (საკონტროლო ჯგუფი). იმ კვლევებს, რომლებშიც საკონტროლო ჯგუფიც მონაწილეობს, კონტროლირებადი კვლევები ეწოდება.

თავდაპირველად, რომელიმე დაავადების მქონე ყველა პაციენტს ექიმები ახალი მეთოდით მკურნალობდნენ და მიღებულ შედეგებს ადარებდნენ წარსულში (იმავე ან სხვა ექიმების მიერ) ნამკურნალები ადამიანებისას. მაგალითად, თუ საბოლოოდ აღმოჩნდებოდა, რომ მათი პაციენტების 80% გადარჩა მალარიის ახალი წამლით მკურნალობისას, წარსულში, ძველი საშუალების გამოყენებისას კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 70%-ს აღწევდა, ექიმები დაასკვნიდნენ, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი უფრო ეფექტიანი იყო. კვლევებს, რომლებიც დღევანდელი კვლევების შედეგებს წარსულისას ადარებს, რეტროსპექტული, ანუ ისტორიული ეწოდება.

რეტროსპექტული კვლევების პრობლემა ისაა, რომ დღევანდელ კვლევაში მონაწილე ადამიანების სამკურნალოდ მედიცინის სხვა მიღწევებიც გამოიყენება, ისინი, რომლებიც წინა კვლევის შემდეგ განვითარდა. არასწორი იქნება, თუ 2006 წელსა და 1986 წელს ნამკურნალები პაციენტების შედეგებს ერთმანეთთან შევადარებთ. მათი გაუმჯობესების მიზეზი შეიძლება ამ პერიოდში დანერგილი სხვა სამედიცინო მიღწევები იყოს და არა თავად მკურნალობის ახალი მეთოდი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ექიმები ცდილობენ, ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფები ერთდროულად შეიქმნას. ასეთ კვლევებს პროსპექტული ეწოდება.

თუმცაღა, სამედიცინო კვლევების, მათ შორის, ისტორიულის ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ ადამიანთა ორი მსგავსი ჯგუფი უნდა შეედაროს ერთმანეთს. ზემოთ მოყვანილი შემთხვევის მაგალითზე, თუკი ახალი მეთოდით ძირითადად ახალგაზრდა, მალარიის მსუბუქი ფორმის მქონე პაციენტებს უმკურნალებდნენ (ექსპერიმენტული ჯგუფი), წარსულში ნამკურნალები (საკონტროლო ჯგუფის) პაციენტები კი ხანშიშესულნი იყვნენ და დაავადებაც მძიმედ მიმდინარეობდა, უკეთესი შედეგების მიღების მიზეზი შეიძლება, უბრალოდ, პაციენტების ახალგაზრდა ასაკი და ჯანსაღი ორგანიზმი ყოფილიყო. შესაბამისად, შესაძლოა ასე ჩატარებული კვლევით შეცდომით დაგვედგინა, რომ მკურნალობის ახალი მეთოდი უფრო ეფექტიანია. ჯგუფების შედგენისას, ასაკისა და დაავადების სიმძიმის გარდა, გასათვალისწინებელია მრავალი სხვა ფაქტორი, მაგალითად:

  • კვლევაში მონაწილე ადამიანების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა (ქრონიკული დაავადებების, მაგ., შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტების შედეგები უფრო ცუდია ხოლმე, ვიდრე შედარებით ჯანმრთელი მონაწილეების);

  • მკურნალი ექიმი და საავადმყოფო (ზოგი ექიმი უფრო გამოცდილია, ხოლო ზოგ საავადმყოფოს უკეთესი სამედიცინო აღჭურვილობა აქვს);

  • კვლევაში მონაწილე მამაკაცებისა და ქალების პროცენტული რაოდენობა (მკურნალობის ეფექტი შეიძლება სხვადასხვა იყოს სქესის მიხედვით);

  • მონაწილეების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი (მათი შედეგები, ვისაც მეტი საშუალება და მხარდაჭერა აქვს მკურნალობის პროცესში, უკეთესია ხოლმე).

ექიმებს მრავალი სხვადასხვა მეთოდი აქვთ ნაცადი მაქსიმალურად მსგავსი საკვლევი ჯგუფების შესადგენად. ლოგიკურია, რომ უკეთესი იქნება, თუ ექსპერიმენტული და საკონტროლო ჯგუფებისთვის მსგავსი თავისებურებების მქონე მონაწილეები სპეციალურად შეირჩევა. მაგალითად, თუ კვლევა მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) ახალ წამალზე ტარდება, ექსპერიმენტულ ჯგუფში კი ერთ-ერთი ადამიანი 42 წლისაა და შაქრიანი დიაბეტი აქვს, ექიმები ეცდებიან, საკონტროლო ჯგუფშიც ჩასვან ამავე ასაკის, დიაბეტიანი, ჰიპერტენზიის მქონე პაციენტი. ამას შემთხვევა-კონტროლის კვლევები ეწოდება. თუმცაღა, ადამიანები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მათ შორის ისეთი თავისებურებებითაც კი, რომელსაც ექიმი ვერც გაითვალისწინებს, რომ შესაბამისი წყვილების ასე განზრახ ზუსტად შერჩევა თითქმის შეუძლებელია.

ალბათ გასაკვირია, მაგრამ საუკეთესო გზა ორი მსგავსი საკვლევი ჯგუფის შესაქმნელად ისაა, რომ სულაც არაფერი მოიმოქმედო ამისთვის. ალბათობის კანონების წყალობით ექიმებს შეუძლიათ შემთხვევითად, ანუ რანდომულად (როგორც წესი, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით), გადაანაწილონ პაციენტები ორ ჯგუფში. თუ კვლევას საკმაოდ ბევრი მონაწილე ჰყავს, შემთხვევითი გადანაწილების შედეგად ერთმანეთის მსგავსი ჯგუფები მიიღება. ასე ჩატარებულ კვლევებს რანდომიზებული ეწოდება. პროსპექტული, რანდომიზებული კვლევები ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ახალი გამოკვლევის ან წამლის ეფექტიანობა ორ მსგავს ჯგუფში შედარდეს.

სხვა ფაქტორების გამორიცხვა: ორი შესაბამისი ჯგუფის შედგენის შემდეგ ექიმებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კვლევის მიმდინარეობისას მათ შორის ერთადერთი განსხვავება თავად მკურნალობის მეთოდი იყოს. ეს აუცილებელია, რათა მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ კვლევის დასრულების შემდეგ მიღებულ შედეგებში განსხვავების ერთადერთი მიზეზი მკურნალობაა და არა რაიმე სხვა ფაქტორი, მაგალითად, სამედიცინო დახმარების ხარისხი ან სიხშირე.

მნიშვნელოვანია პლაცებოს ეფექტის გათვალისწინებაც. ის მონაწილეები, რომლებმაც იციან, რომ მათ ნამდვილი, ახალი წამლით მკურნალობენ და არა პლაცებოთი ან ძველი, სავარაუდოდ, ნაკლებად ეფექტიანი საშუალებით, მოელიან, რომ უკეთ გახდებიან. ზოგი ადამიანი კი შესაძლოა, გვერდითი მოვლენების განვითარებას მოელოდეს ახალი, ექსპერიმენტული წამლისგან. ორივე შემთხვევაში პაციენტების მხრიდან ასეთი მოლოდინი ცვლის, ამძაფრებს მკურნალობის ეფექტს – წარმოაჩენს მას ან უფრო შედეგიანად, ვიდრე სინამდვილეშია, ან უფრო ძლიერი გვერდითი მოვლენების მქონედ.

პლაცებოს ეფექტის გამო შეცდომების თავიდან ასაცილებლად კვლევაში მონაწილე ადამიანებმა არ უნდა იცოდნენ, ახალ წამალს იღებენ თუ არა. ამას "ბრმა" კვლევა ეწოდება და გულისხმობს საკონტროლო ჯგუფის პაციენტებისთვის გარეგნულად ზუსტად ახალი მედიკამენტისნაირი პლაცებოს – ანუ სამედიცინო ეფექტის არმქონე საშუალების – მიცემას. თუმცაღა, თუ დაავადების სამკურნალო ეფექტიანი წამალი უკვე არსებობს, საკონტროლო ჯგუფის წევრებისთვის პლაცებოს დანიშვნა არაეთიკურია. ამ შემთხვევაში მათ უკვე ნაცნობი მედიკამენტით მკურნალობენ. მაგრამ იმის მიუხედავად, პლაცებო გამოიყენება თუ ძველი წამალი, იგი გარეგნულად ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ახალი, საკვლევი მედიკამენტი და მათ შორის განსხვავება მხოლოდ აქტიური ნივთიერება უნდა იყოს. ეს აუცილებელია, რათა მონაწილეებმა ვერ გაიგონ, ახალ მედიკამენტს იღებენ თუ არა. თუ ექსპერიმენტული ჯგუფი წითელ, მწარე სითხეს სვამს, საკონტროლო ჯგუფის წამალიც წითელი და მწარე სითხე უნდა იყოს. თუ ექსპერიმენტული ჯგუფის მედიკამენტი გამჭვირვალე ხსნარია და ინექციით შეიყვანება, საკონტროლო ჯგუფის წევრებსაც ასეთნაირად უნდა მიეცეთ ასეთივე წამალი.

ექიმმა ან ექთანმა შეიძლება შემთხვევით გააგებინოს მონაწილეს, რომელ მედიკამენტს იღებს იგი. ასე რომ, უმჯობესია, თუ კვლევაში ჩართულ სამედიცინო პერსონალსაც არ ექნება ეს ინფორმაცია. ამას უკვე ორმაგად ბრმა კვლევა ეწოდება. მის ჩასატარებლად, როგორც წესი, საჭიროა კიდევ ერთი, დამოუკიდებელი პირი, მაგალითად, ფარმაცევტი, რომელიც ორ, გარეგნულად ზუსტად ერთნაირ წამალს მოამზადებს და თითოეულს რიცხვების სპეციალურ კომბინაციას, კოდს მიანიჭებს. კოდი მხოლოდ კვლევის დასრულების შემდეგ იხსნება.

ორმაგად ბრმა კვლევის ჩატარების კიდევ ერთი მიზეზია პლაცებოს ეფექტი, რომელიც სამედიცინო პერსონალზეც კი მოქმედებს. თუკი იციან, რომ პაციენტი ახალ წამალს იღებს, ექიმებმა შესაძლოა გაუცნობიერებლად ჩათვალონ, რომ მისი მდგომარეობა უფრო გაუმჯობესდა, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებისა, მაშინაც კი, თუ სინამდვილეში ორივე ჯგუფის შედეგები ზუსტად ერთნაირია. თუმცაღა, ყველა სამედიცინო კვლევა ორმაგად ბრმა არ არის. ასე მაგალითად, ქირურგებმა, რომლებიც ორი სხვადასხვა მეთოდის ეფექტიანობას იკვლევენ, რა თქმა უნდა, იციან, რა ოპერაციას ატარებენ (თუმცაღა ეს ინფორმაცია არ აქვთ პაციენტებს). ამ შემთხვევაში, მეცნიერები უზრუნველყოფენ, რომ მკურნალობის შედეგის შემფასებელმა ექიმებმა არ იცოდნენ, რა გაუკეთდა პაციენტს და, შესაბამისად, არ მოხდეს მათი მხრიდან გაუცნობიერებლად მიკერძოება.

კლინიკური კვლევის დიზაინის შერჩევა: ყველაზე სანდო კლინიკური კვლევები არის პროსპექტული, რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებადი და ორმაგად ბრმა. ასეთი დიზაინი საშუალებას იძლევა, ყველაზე ზუსტად შეფასდეს მკურნალობის ეფექტიანობა. თუმცაღა ზოგჯერ ეს შეუძლებელია. მაგალითად, ძალიან იშვიათი დაავადებების შემთხვევაში ძნელია იმდენი მონაწილის შეგროვება, რომ რანდომიზებული კვლევა გამოვიდეს. ამ დროს ხშირად რეტროსპექტული, შემთხვევა-კონტროლის კვლევები ტარდება.