ექიმების უმრავლესობა გადაწყვეტილების მიღებისას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ეყრდნობა, იმას, რაც სწავლის პერიოდში, კოლეგებისგან და მსგავსი სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანების მკურნალობისას უსწავლიათ. ისინი ასევე ეცნობიან სამედიცინო წიგნებსა და გამოცემებს, აზრს ეკითხებიან კოლეგებს და მოიძიებენ ინფორმაციას სანდო სამედიცინო ვებსაიტებზე ინტერნეტში, რათა მეტი იცოდნენ რომელიმე დაავადების შესახებ და სამედიცინო კვლევებით აღმოჩენილი სიახლეებიც შეიტყონ. ისინი ეცნობიან რეკომენდაციებს, ანუ გაიდლაინებს, რომლებსაც ექსპერტების ჯგუფები ქმნიან.
ადამიანები ექიმებს მიმართავენ, თუ ჯანმრთელობაზე ინფორმაცია სჭირდებათ. მაგრამ ბევრია ისეთიც, ვინც ბეჭდური სახით ან ინტერნეტში არსებულ მუდმივად მზარდ მასალასაც ეცნობა.
კვლევები: ახალი კვლევების შედეგების გამოქვეყნებისას, ექიმები განიხილავენ მათ და განსაზღვრავენ, როგორ შეიძლება ამ სიახლის გამოყენება პრაქტიკაში. სხვადასხვა სახის კვლევა სხვადასხვანაირ ინფორმაციას აწვდის მათ:
კვლევის ყველაზე სანდო და ზუსტ მეთოდად კლინიკური კვლევა მიიჩნევა. კონტროლირებად კვლევაში მონაწილე ადამიანებს შემთხვევითად, ორ ან მეტ ჯგუფად ყოფენ. პირველ ჯგუფს რაიმე მკურნალობა ან გამოკვლევა უტარდება, სხვებს კი (ე.წ. საკონტროლო ჯგუფები) – სხვა მკურნალობა, კვლევა ან საერთოდ არაფერი. შემთხვევითი განაწილება იმისთვისაა საჭირო, რომ ეს ჯგუფები მაქსიმალურად ერთმანეთის მსგავსი იყოს. ამ შემთხვევაში მეტად სავარაუდოა, რომ შედეგებში სხვაობის მიზეზი ახალი მკურნალობა თუ გამოკვლევა იქნება და არა ჯგუფებს შორის არსებული და გაუთვალისწინებელი განსხვავება.
ზოგჯერ კვლევები იმისთვის ტარდება, რომ შედარდეს დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სხვადასხვა მიდგომის საფასური. მათ ხარჯეფექტიანობის, ანუ ხარჯსარგებლიანობის, კვლევები ეწოდება. მათი მეშვეობით ექიმებს საშუალება ეძლევათ, სამედიცინო გადაწყვეტილებას საზოგადოების თვალთახედვით შეხედონ, მაგრამ ეს ინფორმაცია შედარებით ნაკლებად გამოსადეგია რომელიმე კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისას.
განსხვავებული ორგანიზებისა და მიმდინარეობის გამო, ერთსა და იმავე საკითხზე ჩატარებულ კვლევებსაც კი შეიძლება საპირისპირო შედეგები ჰქონდეს. ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ხერხია ამ თემაზე ყველა კვლევის ყველა შედეგის შეგროვება, შემდგომ კი მათი დიდი სიზუსტით, ყურადღებით შედარება და შეფასება. ამას სისტემური ანალიზი ეწოდება. კიდევ ერთი მეთოდია მეტა-ანალიზი. იგი მრავალი კვლევის შედეგების მათემატიკურად გაერთიანებას გულისხმობს.