გამოკვლევები დაავადების სკრინინგის, დიაგნოსტიკის, კლასიფიცირების, სიმძიმის ან სტადიის განსაზღვრის, მიმდინარეობის, განსაკუთრებით კი მკურნალობის ეფექტიანობის შეფასების მიზნით ტარდება.
სკრინინგული გამოკვლევები: სკრინინგული კვლევები გამოიყენება დაავადების ადრეულ სტადიაზე, უსიმპტომო პერიოდში აღმოჩენის მიზნით. მაგალითად, ექიმების უმრავლესობის რეკომენდაციით, 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებმა, მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, მამოგრაფია ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთონ, მაშინაც კი, თუ კვანძები არ აღენიშნებათ. სკრინინგი ეფუძნება იმ პრინციპს, რომ რაც უფრო ადრე დადგინდება დაავადება და დაიწყება მკურნალობა, მით უკეთესია შედეგიც. ეს აზრი ლოგიკურია, მაგრამ ყოველთვის სწორი არ არის. ზოგი დაავადების, მაგალითად, საკვერცხის ან სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში, როგორც ჩანს, არ აქვს მნიშვნელობა, სკრინინგით დადგინდება იგი თუ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, საბოლოო გამოსავალი მაინც მსგავსია.
სკრინინგული კვლევების კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ მათი შედეგები უფრო ზუსტი მეთოდებით საჭიროებს დადასტურებას. მაგალითად, პათოლოგიური მამოგრამის შემთხვევაში ქალს ბიოფსია უნდა გაუკეთდეს. ასეთი კვლევები კი ინვაზიური, არაკომფორტული და ზოგჯერ მცირედ სახიფათოც კია. მაგალითად, ფილტვის ბიოფსიამ შეიძლება მისი კოლაფსი, ანუ ჩაფუშვა, გამოიწვიოს. სკრინინგული კვლევების შედეგები ზოგჯერ ნორმიდან გადახრილია ჯანმრთელ ადამიანებშიც (ეს ხდება, რადგან 100%-ით ზუსტი კვლევა არ არსებობს). შესაბამისად, მათაც უწევთ არასაჭირო და პოტენციურად მავნე გამოკვლევების ჩატარება.
კლინიკური კვლევები აუცილებელია, რათა დადგინდეს, რომელი სკრინინგული გამოკვლევაა სანდო და ვინ უნდა ჩაიტაროს იგი. ზემოთ აღწერილი პრობლემების მიუხედავად, ნათელია, რომ ზოგი დაავადების, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით შესაძლებელია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. გამოსადეგი სკრინინგული გამოკვლევა უნდა იყოს ზუსტი, შედარებით იაფი, უსაფრთხო, დისკომფორტს მცირედ ან საერთოდ არ იწვევდეს და დაავადების გამოსავალს აუმჯობესებდეს.
დიაგნოსტიკური, კლასიფიკაციური და მონიტორინგის კვლევები: დიაგნოსტიკური კვლევები მაშინ ინიშნება, თუ ექიმს ეჭვი გაუჩნდა რაიმე დაავადებაზე. ეს კვლევები გამორიცხავს ან ადასტურებს პათოლოგიას. მაგალითად, თუ ექიმი ეჭვობს, რომ პაციენტს გულის მძიმე დაავადება აქვს, მან შესაძლოა გულის კათეტერიზაცია დანიშნოს. ეს კვლევა დიაგნოსტიკისთვის კარგია, მაგრამ სკრინინგისთვის – არა, რადგან საკმაოდ ძვირია, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე გვერდითი მოვლენები და, თანაც, არაკომფორტულია პაციენტისთვის. თუმცაღა, ეს უარყოფითი მხარეები გადაიწონება, როცა საჭიროება მოითხოვს, დადასტურდეს ან გამოირიცხოს გულის დაავადება.
ზოგი კვლევა გამოიყენება უკვე დადგენილი დაავადების კლასიფიცირებისთვის ან მისი სიმძიმის დასადგენად. მათი შედეგების მიხედვით უფრო სპეციფიკური და ეფექტიანი მკურნალობა ინიშნება. მაგალითად, მკერდის კიბოს დიაგნოზის დადასტურების შემდეგ ტარდება სხვა კვლევებიც, რათა დადგინდეს, გავრცელებულია თუ არა უკვე სიმსივნე და – სად.
გამოკვლევები კეთდება დაავადების მიმდინარეობაზე დასაკვირვებლად და ხშირად – მკურნალობის ეფექტიანობის შესაფასებლად. მაგალითად, იმ ადამიანებს, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს იღებენ ჰიპოთირეოიდიზმის სამკურნალოდ, პერიოდულად სისხლის ანალიზები უკეთდებათ, რათა დადგინდეს, საკმარისია თუ არა დოზა. ასეთი გამოკვლევების სიხშირე პაციენტის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.
გამოკვლევის ჩატარება და შედეგების ინტერპრეტაცია:გამოკვლევის, განსაკუთრებით კი დიაგნოსტიკურის, დანიშვნამდე ექიმები მიახლოებით ვარაუდობენ, რა არის ამ დაავადების არსებობის ალბათობა ამ კონკრეტულ პაციენტში (გამოკვლევამდელი ალბათობა). ამისთვის გასათვალისწინებელია:
ამ ინფორმაციის მეშვეობით, ექიმი საუკეთესო გამოკვლევას აარჩევს დაავადების სკრინინგის ან დადასტურებისთვის.
ეს სპეციალისტი იმისთვისაც უნდა იყოს მზად, რომ გაშიფროს გამოკვლევის შედეგები. სამწუხაროდ, კვლევები იდეალური არ არის. ზოგჯერ დაავადებული ადამიანების შედეგები ნორმაშია, რასაც ცრუ-უარყოფითი პასუხი ეწოდება. ზოგჯერ კი ჯანმრთელი ადამიანების შედეგებში ნორმიდან გადახრა ფიქსირდება, რასაც ცრუ-დადებითი პასუხი ჰქვია. შესაბამისად, რაიმე გამოკვლევის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია მისი მგრძნობელობა (უნარი, გამოავლინოს დაავადებული ადამიანი) და სპეციფიკურობა (უნარი, გამოავლინოს ჯანმრთელი პირები). ექიმები მათემატიკურად შეაჯამებენ დაავადების გამოკვლევისწინა ალბათობას კვლევის სპეციფიკურობისა და მგრძნობელობის მაჩვენებლებთან, რათა უფრო ზუსტად განსაზღვრონ ე.წ. კვლევის შემდგომი ალბათობა.
გამოკვლევის კიდევ ერთი მახასიათებელია სანდოობა. მაღალი სანდოობის კვლევის ხელმეორედ ჩატარების შემდეგ შედეგები იგივე იქნება, თუ დაავადება უფრო არ დამძიმდა ან შემსუბუქდა. ნაკლებად სანდო კვლევის შედეგები კი შეიძლება უმიზეზოდ შეიცვალოს.
რაიმე ტესტის დანიშვნამდე ექიმები აწონ-დაწონიან მის მიერ გამოწვეულ პოტენციურ ზიანსა და მიღებული ინფორმაციის სარგებლიანობას. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად გამოსადეგია შედეგები. თუ ისინი მკურნალობის გეგმას არ ცვლის, შესაძლოა კვლევის ჩატარება არც იყოს საჭირო. მაგალითად, თუკი გამოკვლევა იმისთვის ინიშნება, რომ მკურნალობის საუკეთესო მეთოდი შეირჩეს, პაციენტმა კი უკვე უარი თქვა ყველანაირ მკურნალობაზე, კვლევის ჩატარება აუცილებელი აღარ არის.