სამედიცინო ჩარევამდე ექიმებმა მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, პოტენციური ზიანი და სარგებელიც უნდა აწონ-დაწონონ.
სარგებელი: ზოგჯერ მკურნალობის სარგებელი გამოიხატება სიმპტომების შემსუბუქებაში, მაგალითად, ტკივილის შემცირებაში. ეს ასევე შეიძლება იყოს ფუნქციონირების გაუმჯობესება, თუნდაც სიარულის უნარის დაბრუნება პაციენტისთვის. ზოგჯერ სარგებელში განკურნებაც კი იგულისხმება. ხანდახან მკურნალობის სარგებელი ისაა, რომ მცირდება მომავალში არასასურველი მოვლენების, თუნდაც გართულებების რისკი.
ასე მაგალითად, ექიმი შესაძლოა ფიქრობდეს რომელიმე წამლის დანიშვნას ინსულტის რისკის შესამცირებლად. ის განიხილავს 2000 მონაწილეზე ჩატარებული კლინიკური კვლევის შედეგებს. ვთქვათ, კვლევა აჩვენებს, რომ 1000 ადამიანიდან 20-ს ინსულტი წამლის მიღების შემთხვევაში მაინც განუვითარდა. ასევე, კვლევის მიხედვით, იმ 1000 მოხალისიდან, ვინც ამ მედიკამენტს არ იღებდა (ვისაც პლაცებოთი მკურნალობდნენ), ინსულტი 40-ს დაემართა. სხვანაირად რომ ვთქვათ, კვლევის შედეგების მიხედვით, ეს წამალი ინსულტის რისკს ორჯერ ამცირებს, რადგან 20 40-ზე ორჯერ ნაკლებია (შეფარდებითი რისკის 50%-იანი შემცირება). თუმცაღა, კიდევ უფრო სხვანაირად თუ ვიტყვით, ამ მედიკამენტის მიღებამ 1000-დან მხოლოდ 20 ადამიანს არგო (აბსოლუტური რისკი 2%-ით შემცირდა). ინსულტის რისკის ორჯერ დაქვეითება ბევრად უფრო შთამბეჭდავად ჟღერს, ვიდრე 2%-ით დაკლება.
რისკი: რისკი იმის ალბათობაა, რომ მკურნალობის შედეგად ადამიანს ზიანი მიადგება. ამაზე საუბრისას აუცილებელია აბსოლუტური და შეფარდებითი რისკების შედარება. ზემოთ მოყვანილ მაგალითზე დავუშვათ, რომ წამალმა ინსულტის შემდეგ ძლიერი სისხლდენა ადამიანთა 3%-ში გამოიწვია. ერთი შეხედვით, 3% დიდი რიცხვი არ არის, თუმცა ეს ნიშნავს, რომ ყოველი 1000 მონაწილიდან, ვინც ამ მედიკამენტს იღებდა, 30-ს ძლიერი სისხლდენა განუვითარდა.
პაციენტებმა და ექიმებმა ძალიან ყურადღებით და ფრთხილად უნდა აარჩიონ, რომელი სტატისტიკური მონაცემი გაითვალისწინონ გადაწყვეტილების მიღებისას. რა თქმა უნდა, ფრაზები "50%-იანი გაუმჯობესება" და "მძიმე გართულების 3%-იანი რისკი" მედიკამენტს საკმაოდ სასურველად წარმოაჩენს. თუმცა ეს ციფრები ნიშნავს, რომ ამ მკურნალობამ 20 ადამიანს არგო და 30-ს ავნო. ეს უკვე ისე მიმზიდველად აღარ ჟღერს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია პოტენციური საფრთხის შედარება დაავადების სიმძიმესთან. მაგალითად, თუ მოსალოდნელია მძიმე ინსულტი, რომლის შემდეგაც ადამიანს აღარ შეეძლება ლაპარაკი ან თავის მოვლა, მედიკამენტით გამოწვეულ სისხლდენას კი სისხლის გადასხმაც შველის, ოპერაცია არ სჭირდება და სასიკვდილო არ არის, პაციენტი შესაძლოა დათანხმდეს სისხლდენის მომატებულ რისკს, რათა შეამციროს ინსულტის უფრო დაბალი, მაგრამ საკმაოდ სერიოზული საშიშროება.
კვლევებით მიღებული სარგებლისა და გამოწვეული რისკის მხოლოდ საშუალო მაჩვენებლები დგინდება. მაგრამ ამ შუალედური რიცხვებით ექიმი ზუსტად ვერ განსაზღვრავს, როგორ იმოქმედებს მკურნალობა კონკრეტულ ადამიანზე. სწორედ ამის გამო მკვლევრები ცდილობენ, განსაზღვრონ პაციენტების ის თავისებურებები (მაგ., ასაკი, სხვა დაავადებები, სისხლის ანალიზის შედეგები), რომლის მიხედვითაც ექიმს შეეძლება, უფრო ზუსტად ივარაუდოს, ვის არგებს მკურნალობა და ვის ავნებს.