დიაგნოსტიკის ან მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას ორი რამაა მნიშვნელოვანი: პირველი – ინფორმაციის ყველაზე შესაფერისი და სანდო წყაროდან მიღება, რათა საუკეთესო სამოქმედო გეგმა დაისახოს, და მეორე – მოპოვებული ინფორმაციის კონკრეტულ სიტუაციაზე მორგება.
ამას რამდენიმე სირთულე ახლავს თან. ერთ-ერთია დრო. ხშირად გადაწყვეტილების მიღება სწრაფადაა საჭირო. ექიმებსა და პაციენტებს არ აქვთ იმის დრო, რომ შეაგროვონ და შეაფასონ მთელი არსებული ინფორმაცია. მეორე პრობლემაა ინფორმაციის ხარისხი. ყველაფერი, რაც წიგნებში, ვებსაიტებსა და გამოქვეყნებულ სამეცნიერო კვლევებში წერია, სწორი არ არის. ხანდახან რაღაც ცნობები ზოგი ადამიანის შემთხვევაში მართალია, ზოგის კი – არა. ექიმები უნდა დაეხმარონ პაციენტებს ინფორმაციის ხარისხის შეფასებაში. მაგალითად, სპეციალისტმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ მისი პირადი გამოცდილება უფრო სანდოა, ვიდრე ინტერნეტში ამოკითხული ცნობები.
ექიმები აფასებენ დიაგნოსტიკური მეთოდების მოსალოდნელ ეფექტებსაც. ისინი უნდა დაეხმარონ ადამიანებს, გაიაზრონ, რა მოხდება, თუკი რაიმე მძიმე დაავადება აღმოუჩენელი დარჩება, თუნდაც ამისი ალბათობა მცირე იყოს.
მსგავსი მიდგომა გამოიყენება მკურნალობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. ექიმი, სავარაუდოდ, არ დანიშნავს მძიმე გვერდითი მოვლენების მქონე მკურნალობას მსუბუქი დაავადების შემთხვევაში. ამის საპირისპიროდ, თუ დაავადება სასიკვდილოა, მაგრამ განკურნება შესაძლებელია, მკურნალობა შეიძლება ღირდეს გვერდითი ეფექტების რისკად.
ექიმი და პაციენტი შესაძლოა ყოველთვის ერთნაირად არ აღიქვამდნენ მოსალოდნელ საფრთხეებს. ადამიანი, რომელმაც გაიგო წამლის მძიმე არასასურველი ეფექტების შესახებ, იმის მიუხედავად, თუ რამდენად ხშირად ვლინდება ეს ეფექტები, შესაძლოა ძალიან შეშფოთდეს. ექიმი კი შეიძლება დიდ საშიშროებას ვერ ხედავდეს, თუკი გვერდითი მოვლენის რისკი დაბალია. ანდა, ზოგჯერ ექიმს შესაძლოა არ ესმოდეს, რომ გვერდითი ეფექტი, რომელიც უმნიშვნელოდ ითვლება, ძალიან შემაწუხებელი და პრობლემატურია პაციენტისთვის. მაგალითად, ადამიანისთვის, რომლის შემოსავალიც მანქანის მართვაზეა დამოკიდებული, გაბრუება მსუბუქი კი არა, შემაშფოთებელი გვერდითი ეფექტია.
ხშირად არც ისე ადვილია, ერთი მხრივ, დაავადებისა და, მეორე მხრივ, მკურნალობის რისკების შეპირისპირება ერთმანეთთან. შეიძლება ექიმი ამ საკითხს სხვანაირად აღიქვამდეს, პაციენტი კი – სხვანაირად. აუცილებელია ამ თემის განხილვა სპეციალისტთან. მოსალოდნელი საფრთხეების კარგად გააზრება დაეხმარება ადამიანს, სწორად შეაფასოს ალტერნატივები.
შესაძლოა, ექიმმა რამდენიმე მიდგომა დასახოს და სთხოვოს პაციენტს, გადაწყვიტოს, რომელი ურჩევნია. სხვადასხვა მეთოდის შეფარდებითი და აბსოლუტური რისკების აწონ-დაწონით, შემდეგ კი პირადი ღირებულებების გათვალისწინებით ადამიანს შეუძლია, თავად გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი სამედიცინო საკითხებში.