კანი შედგება სამი შრისაგან. ესენია: ეპიდერმისი, დერმა და ცხიმოვანი ქსოვილის შრე (ასევე უწოდებენ კანქვეშა შრეს). თითოეული მათგანი ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას.
ეპიდერმისი: არის კანის შედარებით თხელი, მყარი გარეთა შრე. მისი უჯრედების უმეტესობას კერატინოციტები წარმოადგენენ, რომლებიც ეპიდერმისის ღრმა ფენიდან – ბაზალური მემბრანიდან ვითარდებიან. ახალი კერატინოციტები ნელა მიგრირებენ კანის ზედაპირის მიმართულებით. მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ზედაპირულ შრეს, თანდათან იწყებენ რღვევას და მათი ჩანაცვლება ახალი უჯრედებით ხდება.
ეპიდერმისის ყველაზე ზედაპირული ნაწილი ცნობილია რქოვანა შრის სახელით. იგი შედარებით წყალგაუმტარია და მთლიანობის შემთხვევაში ხელს უშლის ბაქტერიების, ვირუსებისა და სხვა უცხო ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრას. ეპიდერმისი (კანის დანარჩენ შრეებთან ერთად), ასევე, იცავს შინაგან ორგანოებს, ნერვებს, სისხლძარღვებს ტრავმული დაზიანებისგან. სხეულის გარკვეულ ადგილებში, რომლებიც მოითხოვენ მეტ დაცვას (როგორიც არის ხელისა და ფეხისგულები), ეპიდერმისის გარე კერატინის ფენა გაცილებით სქელია.
ეპიდერმისის ბაზალურ შრეში მიმოფანტულია უჯრედები, რომელთაც მელანოციტები ეწოდება. მელანოციტები გამოიმუშავებენ მელანინს, კანის ფერის განმსაზღვრელ პიგმენტს. გარდა ამისა, მელანინი ორგანიზმს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. ულტრაიისფერი სხივების გავლენით კი, შესაძლოა, დაზიანდეს უჯრედის დნმ, რის შედეგადაც მრავალი საზიანო დარღვევა ვითარდება, მათ შორის – კანის კიბო.
ეპიდერმისი ლანგერჰანსის უჯრედებსაც შეიცავს. აღნიშნული უჯრედები კანის იმუნური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და მონაწილეობენ როგორც უცხო აგენტებისგან ორგანიზმის დაცვაში, ასევე კანის ალერგიული რეაქციების განვითარებაში.
დერმა: დერმა, კანის შემდეგი შრე, წარმოდგენილია ფიბროზული და ელასტიკური ქსოვილით (უპირატესად – კოლაგენი, ელასტინი, ფიბრინი), რაც მის მოქნილობასა და ელასტიკურობას უზრუნველყოფს. დერმა შეიცავს ნერვულ დაბოლოებებს, საოფლე და ცხიმის ჯირკვლებს, თმის ფოლიკულებს, სისხლძარღვებს.
ნერვული დაბოლოებები აღიქვამენ ტკივილს, შეხებას, ზეწოლასა და ტემპერატურას. კანის ზოგიერთ უბანზე მათი რაოდენობა შედარებით მეტია. მაგ: ხელისა და ფეხის თითები შეიცავს მრავალ ნერვს და უკიდურესად მგრძნობიარეა შეხების მიმართ.
მაღალი ტემპერატურისა და სტრესის საპასუხოდ საოფლე ჯირკვლებიდან ოფლის გამოყოფა ხდება. ოფლი შეიცავს წყალს, მარილსა და სხვადასხვა ქიმიკატს. მისი აორთქლება კანიდან უზრუნველყოფს ორგანიზმის გაგრილებას. იღლიასა და საზარდულში მოთავსებული სპეციალური საოფლე ჯირკვლები (აპოკრინული საოფლე ჯირკვლები) გამოიმუშავებენ სქელ, ზეთოვან ოფლს და კანზე არსებული ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად სხეულის დამახასიათებელი სუნი ყალიბდება.
ცხიმის ჯირკვლებიდან ცხიმი თმის ფოლიკულში გამოიყოფა. იგი უზრუნველყოფს კანის დატენიანებასა და სირბილეს, აქვს ასევე ბარიერული ფუნქცია.
თმის ფოლიკულებიდან ვითარდება სხვადასხვა ტიპის თმა სხეულის თითქმის მთელ ზედაპირზე. თმა არა მარტო განსაზღვრავს პიროვნების გარეგნულ იერსახეს, არამედ აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია, მათ შორის: მონაწილეობს თერმორეგულაციაში, იცავს კანს დაზიანებისგან. ფოლიკულების ნაწილი შეიცავს ასევე ღეროვან უჯრედებს და დაზიანების შემთხვევაში ეპიდერმისის აღდგენას უზრუნველყოფს.
დერმაში მოთავსებული სისხლძარღვები კანს საკვებით ამარაგებს და არეგულირებს სხეულის ტემპერატურას. სიცხის დროს ხდება მათი გაფართოება (დილატაცია), კანის ზედაპირთან იზრდება ცირკულაციაში მონაწილე სისხლის რაოდენობა და ხდება სითბოს გაცემა. სიცივის დროს კი პირიქით, სისხლძარღვები ვიწროვდება (კონსტრიქცია) და სითბოს რეტენცია ხდება.
სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ნერვული დაბოლოებების, საოფლე და ცხიმის ჯირკვლების, თმის ფოლიკულებისა და სისხლძარღვების რაოდენობა განსხვავებულია. მაგ: თავზე მრავალი თმის ფოლიკულაა, ფეხისგულებზე კი – არც ერთი.
ცხიმოვანი შრე: დერმის ქვემოთ მდებარეობს ცხიმოვანი შრე, იგი იცავს სხეულს გადახურების ან გადაციებისგან, წარმოადგენს ენერგიის წყაროს. შედგება ფიბროზული ქსოვილით გაერთიანებული ცოცხალი უჯრედების – ცხიმის უჯრედებისგან. ცხიმოვანი შრის სისქე ადამიანებში განსხვავებულია და მერყეობს ინჩის ნაწილიდან (მაგ: ქუთუთო) რამდენიმე ინჩამდე (მაგ: მუცელი, დუნდულო).