მაღალი არტერიული წნევა (გულისა და სისხლძარღვების დაავადებები) | მკურნალი.გე
  1. მაღალი არტერიული წნევა (გულისა და სისხლძარღვების დაავადებები)
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
მაღალი არტერიული წნევა (გულისა და სისხლძარღვების დაავადებები)

მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია) გულისხმობს არტერიებში სისხლის წნევის მომატებას.

  • არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზის ამოცნობა ხშირად არ ხერხდება; ზოგჯერ ის თირკმლების დაავადების ან ჰორმონული დარღვევების შედეგია;

  • ჰიპერტენზიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსუქნე, ფიზიკური ადინამია, თამბაქოს მოხმარება, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ან მარილიანი საკვების მიღება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს ამ დაავადების მიმართ;

  • ხშირ შემთხვევაში არტერიული წნევის მომატება ასიმპტომურია;

  • არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი ექიმს გამოაქვს არტერიული წნევის ორჯერ ან მეტჯერ სხვადასხვა დღეს გაზომვის შემდეგ;

  • პაციენტისთვის რეკომენდებულია წონის დაკლება, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, მარილისა და ცხიმების შეზღუდვა კვების რაციონში;

  • ინიშნება ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები.

ბევრი ადამიანისთვის ტერმინი "ჰიპერტენზია" გულისხმობს დაძაბვას, ნერვიულობას ან სტრესს. მედიცინაში ჰიპერტენზია ნიშნავს მაღალ არტერიულ წნევას, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა. ჰიპერტენზია მრავალი წლის განმავლობაში, მანამ, სანამ სასიცოცხლო ორგანოები არ დაზიანდება, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ მას "ჩუმ მკვლელს" უწოდებენ. არაკონტროლირებადი ჰიპერტენზიის დროს მაღალია ინსულტის, ანევრიზმის, გულის უკმარისობის, ინფარქტის და თირკმლების დაზიანების ალბათობა.

65 მილიონზე მეტ ამერიკელს აქვს ჰიპერტენზია. ის შავკანიანებს შორის ზრდასრული პოპულაციის 32%-ში აღინიშნება, თეთრკანიანებს შორის – 23%-ში და მექსიკელ ამერიკელებს შორის – 23%-ში. არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულთა რიცხვი უფრო მაღალია ჩინელი ან იაპონელი წინაპრების შთამომავლებს შორის. შავკანიანებში ჰიპერტენზიით გამოწვეული გართულებების რისკი უფრო მაღალია. მომატებული არტერიული წნევა აღენიშნება 75 წელზე მეტი ასაკის ქალების 3/4-ს და მამაკაცების 2/3-ს; 20-დან 74 წლამდე პოპულაციის – 1/4-ს. ნორმალური არტერიული წნევის მქონე პირებში 55 წლის ასაკში ჰიპერტენზიის განვითარების რისკი 90%-ის ტოლია. არტერიული ჰიპერტენზია ჭარბი წონის მქონე პირებს შორის 2-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ნორმალური წონის მქონე პოპულაციაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების მხოლოდ 70%-ს აქვს დადგენილი დიაგნოზი, მხოლოდ მათი 84% იტარებს სათანადო მკურნალობას. ამ უკანასკნელთა შორის მხოლოდ 58%-ში ხერხდება წნევის მაჩვენებლების კონტროლირება.

არტერიული წნევის გაზომვისას ფასდება 2 მაჩვენებელი. მაღალი რიცხვი შეესაბამება არტერიებში შექნილი წნევის უმაღლეს სიდიდეს, რომელიც განპირობებულია გულის შეკუმშვით (სისტოლის დროს). არტერიული წნევის დაბალი მაჩვენებელი არტერიებში წნევის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რომელიც ფიქსირდება გულის მოდუნებისას (დიასტოლის დროს) მომდევნო შეკუმშვამდე. შესაბამისად, არტერიული წნევა გამოიხატება სისტოლური და დიასტოლური წნევის მაჩვენებლებით, მაგალითად, 120/80 (მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტისა – მმ ვწყ. სვ.).

არტერიული წნევის მომატებად ითვლება სისტოლური წნევის მაჩვენებელი მოსვენებულ მდგომარეობაში 140 მმ ვწყ. სვ. და მეტი ან დიასტოლური წნევის მაჩვენებელი მოსვენებულ მდგომარეობაში 90 მმ ვწყ. სვ. ან მეტი, ან ორივე მოხსენიებულის ერთდროულად მომატება. რაც უფრო მაღალია არტერიული წნევა, მით მაღალია გართულებების ალბათობა, მაშინაც კი, როცა წნევის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ამიტომაც ზემოთ მითითებული საზღვრები მეტ-ნაკლებად პირობითია. ჰიპერტენზიის მქონე ახალგაზრდებს უხშირესად სისტოლური და დიასტოლური წნევა ერთდროულად აქვთ მომატებული. ხანდაზმულებისთვის უფრო მეტად სისტოლური წნევის იზოლირებული მომატებაა (140 მმ ვწყ. სვ. ან მეტი) დამახასიათებელი დიასტოლური წნევის ნორმალური (90 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები) ან დაბალი მაჩვენებლის ფონზე. ზემოაღნიშნული იზოლირებულ სისტოლურ ჰიპერტენზიად მოიხსენიება.

პირობითად, არტერიული ჰიპერტენზიის დროს სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობის ორი ვარიანტი განიხილება – გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა და გადაუდებელი დახმარების უკიდურესი აუცილებლობა. პირველის დროს არტერიული წნევის მაჩვენებლები აღემატება 180/100 მმ ვწყ. სვ., მაგრამ რომელიმე ორგანოს დაზიანების ნიშნები არც პაციენტისთვის და არც ექიმისთვის თვალსაჩინო არ არის და არც სიმპტომები აღინიშნება. მეორე ვარიანტის დროს სისტოლური წნევის მაჩვენებელი აღემატება 180 მმ ვწყ. სვ., დიასტოლური წნევისა – 120 მმ ვწყ. სვ., გამოხატულია ერთი ან მეტი სასიცოცხლო ორგანოს დაზიანების ნიშნები, ხშირად თანხლებულია მრავალი სხვა სიმპტომით. მეორე ვარიანტის ერთ-ერთი სახეა ავთვისებიანი ჰიპერტენზია. ის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე 200 ადამიანიდან ერთს აღენიშნება, რამდენჯერმე უფრო ხშირია შავკანიანებში, თეთრკანიანებთან შედარებით, მამაკაცებში – ქალებთან შედარებით და მოსახლეობის დაბალ სოციალურ ფენაში მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებთან შედარებით. ავთვისებიანი ჰიპერტენზია უპირატესწილად თვალებს აზიანებს, ზოგ შემთხვევაში – თირკმლებს, მკურნალობის გარეშე ფატალური გამოსავალი მოსალოდნელია 3-დან 6 თვემდე ვადაში.

არტერიული წნევის რეგულირების მექანიზმები

ადამიანის სხეულში არტერიული წნევის რეგულირების რამდენიმე მექანიზმი მოქმედებს. ესენია: გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობა, არტერიების სანათურის დიამეტრი, მოცირკულირე სისხლის მოცულობა. საჭიროებისამებრ, არტერიული წნევის მოსამატებლად გულს შეუძლია გადატუმბოს სისხლის უფრო დიდი მოცულობა უფრო ძლიერი ან უფრო ხშირი შეკუმშვებით. წვრილ არტერიებს (არტერიოლებს) აქვს შევიწროების (კონსტრიქციის) უნარი. არტერიოლების შევიწროებისას შემცირებული დიამეტრის სანათურში სისხლის უცვლელი მოცულობა მიედინება, რაც არტერიული წნევის მატებას განაპირობებს. ვენებსაც აქვს შევიწროების უნარი, შევიწროების შემთხვევაში მცირდება ვენური ტევადობა, რის შედეგადაც არტერიებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა იზრდება და, შესაბამისად, იზრდება არტერიული წნევაც. მოცირკულირე სისხლის მოცულობაზე სითხის დამატება აგრეთვე განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას. საპირისპიროდ, გულის ნაკლებად ძლიერი ან იშვიათი შეკუმშვები, არტერიოლებისა და ვენების გაფართოება (დილატაცია) არტერიული წნევის დაქვეითებას იწვევს.

ზემოხსენებულ მექანიზმებს არეგულირებს ავტონომიური ნერვული სისტემის სიმპათიკური ნაწილი (ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც მართავს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, არ ექვემდებარება ცნობიერების კონტროლს) და თირკმლები. სტრესზე საპასუხო რეაქცის დროს არტერიული წნევის დროებით მომატებას სიმპათიკური ნერვული სისტემა რამდენიმე გზით უზრუნველყოფს, სახელდობრ: თირკმელზედა ჯირკვლების სტიმულაციის შედეგად გამოიყოფა ჰორმონები ეპინეფრინი (ანდრენალინი) და ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი), რომლებიც იწვევს გულის შეკუმშვის გაძლიერებას და გახშირებას, უმეტესი არტერიოლების შეკუმშვას და ზოგიერთის გაფართოებას სხეულის იმ ნაწილებში სადაც სისხლის გაძლიერებული მიწოდება არის საჭირო (მაგალითად, ჩონჩხის კუნთები); ასტიმულირებს თირკმლების მიერ მარილის (ნატრიუმის) და წყლის გამოყოფის შემცირებას, რის გამოც იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა. ორგანიზმი აკონტროლებს მარილების უჯრედშიგა და უჯრედგარე სივრცეში გადაადგილებას, რითიც ხელს უშლის მარილების ჭარბად დაგროვებას უჯრედში. მარილების სიჭარბე უჯრედის შიგნით განაპირობებს ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას სიმპათიკური ნერვული სისტემის სტიმულაციის მიმართ.

თირკმლები პირდაპირ რეაგირებენ არტერიული წნევის ცვლილებაზე. წნევის მომატებისას, თირკმლებიდან წყლისა და მარილის გაძლიერებული ექსკრეციის შესაბამისად, მოცირკულირე სისხლის მოცულობა მცირდება და არტერიული წნევა ნორმალიზდება. ამის საწინააღმდეგოდ, არტერიული წნევის დაქვეითებისას, თირკმლების მიერ მარილის და წყლის ექსკრეცია მცირდება, მოცირკულირე სისხლის მოცულობა იზრდება, რის გამოც, არტერიული წნევა იმატებს. თირკმლებს შეუძლია არტერიული წნევის გაზრდა ფერმენტ რენინის ექსკრეციის გზით, რომელიც განაპირობებს ჰორმონ ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ეს უკანასკნელი იწვევს არტერიული წნევის მომატებას არტერიოლების კონსტრიქციის გზით, აგრეთვე, ასტიმულირებს ორი ჰორმონის – ალდოსტერონისა და ანტიდიურეზული ჰორმონის (ვაზოპრესინის), ექსკრეციას. თავის მხრივ, ეს ჰორმონები ასტიმულირებენ თირკმლების მიერ მარილისა და წყლის შეკავებას. ჩვეულებრივ, თირკმელები გამოიმუშავებენ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს თირკმლის არტერიოლების დილატაციას, რაც აბალანსებს სისხლძარღვების შემავიწროებელი ჰორმონების ეფექტს.

ამა თუ იმ გარე ფაქტორის გავლენით (მაგალითად, მომატებული ფიზიკური აქტივობა ან ძლიერ ემოციები) არტერიული წნევის მომატებისას ორგანიზმში ირთვება საპასუხო დაცვითი მექანიზმები, რომლებიც განაპირობებს არტერიული წნევის ნორმალიზებას. მაგალითად გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობის გაზრდისას, რაც არტერიული წნევის მომატებას იწვევს, სისხლძარღვების დილატაცია ხდება, თირკმლების მიერ მარილის და წყლის ექსკრეცია იზრდება, რაც არტერიული წნევის შემცირებას განაპირობებს.

მიზეზები

პირველადი ჰიპერტენზია: უცნობი მიზეზით არტერიული წნევის მომატებას პირველად ჰიპერტენზიას უწოდებენ (წარსულში ესენციური ჰიპერტენზია ეწოდებოდა). არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული ადამიანების 85-95%-ს პირველადი ჰიპერტენზია აქვს. არტერიულ წნევას ზრდის გულსა და სისხლძარღვებში მიმდინარე ცვლილებების ერთობლიობა. მაგალითად, ერთ წუთში გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობა (წუთმოცულობა) შეიძლება გაიზარდოს, იმავდროულად, სისხლძარღვების კონსტრუქციის გამო, მოიმატოს სისხლის ნაკადისადმი რეზისტენტობამაც, შესაძლოა სისხლის მოცულობის გაზრდაც. ამგვარი ცვლილებების მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის. სავარაუდოდ, მოხსენიებული თანდაყოლილი პათოლოგიის შედეგია, რომელიც გავლენას ახდენს არტერიული წნევის რეგულაციაში მონაწილე არტერიოლების შევიწროებაზე. სხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს უჯრედის შიგნით დიდი რაოდენობით მარილების დაგროვება და არტერიების გამაფართოებელი ნივთიერებების ნაკლები რაოდენობით წარმოქმნა.

მეორეული ჰიპერტენზია: არტერიულ ჰიპერტენზიას, რომლის მიზეზი ცნობილია, მეორეული ჰიპერტენზია ეწოდება. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მოსახლეობის მხოლოდ 5-15%-ს აქვს მეორეული ჰიპერტენზია. უხშირესად ის თირკმლების დაავადებით არის გამოწვეული. თირკმლები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის კონტროლში, ამიტომაც მათი დაზიანება წნევის მომატების ხშირი მიზეზია. მაგალითად, თირკმლების ანთებამ ან სხვა რომელიმე დაავადებამ შეიძლება გააუარესოს თირკმლების მიერ მარილების და წყლის ექსკრეციის უნარი, რის შედეგადაც იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა და არტერიული წნევა. თირკმლის არტერიის სტენოზი (ერთ-ერთი თირკმლის მომმარაგებელი არტერიის შევიწროება) აგრეთვე იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ზემოხსენებული დაავადება ვითარდება ათეროსკლეროზის, ტრავმის ან სხვა პათოლოგიების გამო.

იშვიათ შემთხვევებში მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონული დისბალანსი ან ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად ჩასახვის საწინააღმდეგო დასალევი აბების (ორალური კონტრაცეპტივები) გამოყენება. არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი ჰორმონული დარღვევებია კუშინგის სინდრომი (პათოლოგია, რომლისთვისაც კორტიზოლის სიჭარბეა დამახასიათებელი), ჰიპერთიროიდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია), ჰიპერალდოსტერონიზმი (ალდოსტერონის ჭარბი პროდუქცია ერთ-ერთ თირკმელზედა ჯირკვალში ლოკალიზებული სიმსივნის დროს), იშვიათად – ფეოქრომოციტომა (თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე, რომელიც ეპინეფრინს და ნორეპინეფრინს გამოიმუშავებს). მკვეთრმა ჰიპერთიროიდიზმმა შეიძლება სისტოლური ჰიპერტენზია გამოიწვიოს.

არტერიოსკლეროზი აფერხებს ორგანიზმში არტერიული წნევის კონტროლს, ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის რისკს. არტერიოსკლეროზის დროს არტერიების კედლები მყიფე ხდება, რის გამოც სისხლძარღვი, საჭიროების შემთხვევაში, ვერ ფართოვდება.

დამამძიმებელი გარემოებები: სიმსუქნე, ფიზიკური უმოძრაობა, სტრესი, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, კვების რაციონში დიდი რაოდენობით მარილის შემცველობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს თამაშობს არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებაში იმ პირებში, რომელთაც ამ დაავადების განვითარების წინასწარგანწყობა აქვთ. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დროებითი მომატება, ის უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს სტრესის გამომწვევი ფაქტორის მოხსნის შემდეგ. ამის მაგალითია ე.წ. თეთრი ხალათის ჰიპერტენზია, რომლის დროსაც ადამიანებს, რომელთაც სახლის პირობებში ნორმალური არტერიული წნევა აქვთ, ექიმთან ვიზიტის დროს, ამ უკანასკნელით შეპირობებული სტრესის გამო, მაღალი არტერიული წნევა აღენიშნებათ. სავარაუდოა, რომ მგრძნობიარე პირებში წნევის ასეთმა ხანმოკლე მომატებამ, გარკვეული ზიანი მიაყენოს ორგანიზმს, რის შედეგადაც წნევის მომატება მუდმივი გახდება.

სიმპტომები

ჰიპერტენზია უმეტესწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თავის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა, თავბრუხვევა, სახის სიწითლე, დაღლილობა ხშირად მიიჩნევა არტერიული ჰიპერტენზიის დამახასიათებელ სიმპტომებად, თუმცაღა იგივე სიმპტომები იმავე სიხშირით აქვთ ნორმალური არტერიული წნევის მქონე ადამიანებს.

არანამკურნალებმა მკვეთრმა ან ხანგრძლივად არსებულმა არტერიულმა ჰიპერტენზიამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, თვალების, გულისა და თირკმლების დაზიანების სიმპტომები, სახელდობრ, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, ღებინება, ჰაერის უკმარისობა, მოუსვენრობა. ავთვისებიანი ჰიპერტენზიის დროს მკვეთრად მომატებული წნევა იწვევს ბადურაში (სინათლისადმი მგრძნობიარე მემბრანა თვალის უკანა ნაწილის შიგნითა ზედაპირზე) სისხლჩაქცევას, მის შეშუპებას და, შესაბამისად, მხედველობის დაბინდვას. იშვიათად ძალიან მაღალმა არტერიულმა წნევამ ტვინის შეშუპება შეიძლება გამოიწვიოს გულისრევით, ღებინებით, პროგრესირებადი თავის ტკივილით, ძილიანობით, ცნობიერების დაბინდვით, კრუნჩხვებით, ზოგჯერ კომაც შეიძლება განვითარდეს. ამ მდგომარეობას ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია ეწოდება. ავთვისებიანი ჰიპერტენზიის და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის მკურნალობა, გადაუდებელი დახმარება უკიდურესად აუცილებელია.

ფეოქრომოციტომით გამოწვეული არტერიული ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელია ძლიერი თავის ტკივილი, აგზნება, გულის ფრიალის შეგრძნება, არითმია, მომეტებული ოფლიანობა, კანკალი და სიფერმკრთალე. ეს სიმპტომები ჰორმონების – ეპინეფრინის და ნორეპინეფრინის – მაღალი დონით არის გამოწვეული. ისინი ფეოქრომოციტომის დროს ჭარბი რაოდენობით სეკრეტირდება.

გართულებები: ხანგრძლივმა ჰიპერტენზიამ შესაძლოა დააზიანოს გული და სისხლძარღვები.

როდესაც წნევა 140/90 მმ ვწყ. სვ.-ზე მაღალია, გულის ზომა იზრდება, მისი კედლები სქელდება, რადგან გულს სისხლის გადასატუმბად უფრო ძლიერად უწევს შეკუმშვა. გასქელებული კედლები მყიფეა, რის შედეგადაც გულის ღრუები სათანადოდ ვერ დუნდება და მათი სისხლით ავსება გაძნელებულია. ეს ცვლილებები განაპირობებს გულის პრე- და პოსტდატვირთვის გაზრდას, რის გამოც არითმია და გულის უკმარისობა ვითარდება.

მაღალი არტერიული წნევა სისხლძარღვების კედლების გასქელებას და მათი სანათურის შევიწროებას (ათეროსკლეროზი) იწვევს, რის გამოც იზრდება ინსულტის, გულის ინფარქტის და თირკმლების უკმარისობის განვითარების ალბათობა.

დიაგნოზი

არტერიული წნევა უნდა გაიზომოს ხუთწუთიანი მოსვენებული მდგომარეობის შემდეგ, მჯდომარე ან მწოლიარე პოზიციაში, ამის შემდეგ ფეხზე წამოდგომიდან რამდენიმე წუთში, განსაკუთრებით, თუ პაციენტი მოხუცებულია ან დიაბეტით არის ავად. თუ წნევა მეტია, ვიდრე 140/90 მმ ვწყ. სვ., ეს ჰიპერტენზიის დამადასტურებელია, მაგრამ ერთი გაზომვა არ არის საკმარისი დიაგნოზისთვის. იმავე ვიზიტის დროს წნევა კიდევ რამდენჯერმე უნდა გაიზომოს, ამასთან, მონაცემები შეიძლება განსხვავებული იქნეს. ამის შემდეგ მომდევნო მინიმუმ ორი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ კვლავ არის საჭირო გაზომვა იმაში საბოლოოდ დასარწმუნებლად, რომ პაციენტს ჰიპერტენზია აქვს.

თუ დასკვნის გაკეთება მაინც გართულდა, საჭიროა წნევის მაჩვენებლების 24-საათიანი მონიტორირება. ეს შესაძლებელია პორტატული, ბატარეით აღჭურვილი მოწყობილობით, რომელიც ბარძაყზეა დამაგრებული. ის დაკავშირებულია წნევის გამზომ მანჟეტთან, რომელიც პაციენტს მხარზე აქვს შემოხვეული. მონიტორი განმეორებით, ხშირად იწერს წნევის მაჩვენებლებს დღისა და ღამის, 24 ან 48 საათის განმავლობაში. მონიტორირების შედეგები შესაძლებელს ხდის დადგენას, აქვს თუ არა პაციენტს ჰიპერტენზია და რამდენად მძიმეა ის.

ზოგჯერ, განსაკუთრებით ხანდაზმულებში, წნევის მაღალი მაჩვენებლები შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს რეალურ სიტუაციას. ეს ფენომენი ცნობილია ფსევდოჰიპერტენზიის სახელწოდებით. მისი მიზეზია ზედა კიდურის არტერიების სიმყიფე, რის გამოც წნევის გამზომი მანჟეტით ვერ ხერხდება არტერიის სრული დახშობა და სისხლის წნევის გაზომვა შეუძლებელია.

ჰიპერტენზიის დიაგნოზის დადგენის შემდეგ ფასდება მისი ზეგავლენა სისხლძარღვებზე, გულზე, ტვინზე, თვალებზე, თირკმლებზე. გარდა ამისა, ექიმი ცდილობს, განსაზღვროს არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი. იმ გამოკვლევების რაოდენობა და ტიპი, რომლებიც ზემოხსენებული მიზნით უნდა იქნეს გამოყენებული, სხვადასხვა პაციენტისთვის განსხვავებულია. ზოგადად, მაღალი წნევის მქონე ყველა პაციენტის გამოსაკვლევად გამოიყენება სამედიცინო ისტორია, ფიზიკური გასინჯვა, ელექტროკარდიოგრაფია, სისხლის (ჰემატოკრიტის დონე, ნატრიუმისა და კალიუმის შემცველობა, თირკმლების ფუნქციური სინჯები) და შარდის ანალიზები.

ფიზიკური გამოკვლევა მოიცავს თირკმლების საპროექციო არეების პალპაციას მათი მგრძნობელობის გამოსავლენად, სტეთოსკოპით მოსმენას მუცლის წინა ზედაპირზე თირკმლის არტერიის სტენოზისთვის დამახასიათებელი შუილის დასაფიქსირებლად (ეს აკუსტიკური ფენომენი შევიწროებულ არტერიაში სისხლის დინებამ შეიძლება განაპირობოს).

ორივე თვალის ბადურას ამოწმებენ ოფთალმოსკოპით. ბადურის დათვალიერება არტერიოლების მდგომარეობის შეფასების ერთადერთი საშუალებაა. ცვლილებები ბადურის სისხლძარღვებში შეესაბამება სხეულის სხვა ნაწილების არტერიოლებსა და სისხლძარღვებში, მაგალითად, თირკმლების სისხლძარღვებში, არსებულ ცვლილებებს. ბადურის დაზიანების (რეტინოპათიის) ხარისხით შეიძლება განისაზღვროს არტერიული ჰიპერტენზიის სიმძიმე.

გულში აღმოცენებული ხმიანობების მოსასმენად სტეთოსკოპი გამოიყენება. პათოლოგიური ხმიანობა, რომელიც მეოთხე ტონის სახელწოდებით არის ცნობილი, არტერიული ჰიპერტენზიით გულის დაზიანების ადრეული ნიშანია. ამ ხმიანობის აღმოცენების მიზეზი ის არის, რომ მარცხენა წინაგული ნორმაზე უფრო ძლიერად უნდა შეიკუმშოს საიმისოდ, რომ სისხლით გაავსოს ზომაში მომატებული, მყიფე კედლების მქონე მარცხენა პარკუჭი, რომელიც სისხლს გადადენის მთელ სხეულში, ფილტვების გარდა. ელექტროკარდიოგრაფია, ჩვეულებრივ, ტარდება გულში ცვლილებების აღმოსაჩენად, განსაკუთრებით გულის კედლის გასქელების (ჰიპერტროფია) და გულის ზომების მომატების დასადგენად, თუ ამ უკანასკნელზე ეჭვია მიტანილი.

თირკმლების მდგომარეობა შარდისა და სისხლის ანალიზებით ფასდება. შარდში ცვლილებები თირკმლების დაზიანების ადრეული ნიშანია, მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედებისა და ალბუმინის (ცილა, რომელიც სხვა ცილებზე მეტი რაოდენობით არის სისხლში) არსებობა შარდში. თირკმლების დაზიანებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები (ძილიანობა, მადის დაქვეითება, აპათია) მანამ არ ვითარდება, სანამ თირკმლების ფუნქცია 70-80%-ით არ დაქვეითდება.

ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზის დიაგნოზი: რაც უფრო მაღალია წნევა და რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო მრავალმხრივი გამოკვლევებია საჭირო, თუმცაღა მიზეზის იდენტიფიცირების სიხშირე 10%-ზე ნაკლებია. მრავალმხრივ გამოკვლევებში იგულისხმება რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია, თირკმლების რადიონუკლიდური სკანირება, თირკმლების სისხლით მომარაგების შესწავლა. სისხლისა და შარდის ნიმუშებში იზომება ზოგიერთი ჰორმონის, სახელდობრ, ეპინეფრინის, ალდოსტრონის და კორტიზოლის შემცველობა.

ჰიპერტენზიის მიზეზის შესახებ ვარაუდის საფუძველი შეიძლება გახდეს ფიზიკური გამოკვლევის შედეგები ან რომელიმე სიმპტომი. მაგალითად, თირკმლის არტერიის საპროექციო არეზე შუილის მოსმენა სავარაუდოს ხდის თირკმლის არტერიის სტენოზს (თირკმლის სისხლით მომმარაგებელი არტერიის შევიწროება). სხვა სიმპტომები სისხლში ჰორმონების – ეპინეფრინის და ნორეპინეფრინის – შემცველობის მაღალ დონეზე მიუთითებს. მოხსენიებულ ჰორმონებს ფეოქრომოციტომა გამოიმუშავებს. ამ უკანასკნელის არსებობა დასტურდება შარდში ზემოთ მითითებული ჰორმონების დაშლის პროდუქტების აღმოჩენით. წნევის მომატების ზოგიერთი სხვა იშვიათი მიზეზის დადგენა რუტინული გამოკვლევებითაც შეიძლება. მაგალითად, სისხლში კალიუმის შემცველობის შესწავლამ შესაძლოა ჰიპერალდოსტერონიზმი გამოავლინოს.

მკურნალობა

პირველადი ჰიპერტენზია არ იკურნება, მაგრამ მისი კონტროლი, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, შესაძლებელია. არტერიულ ჰიპერტენზიას სიმპტომები არ ახასიათებს, ამიტომ ექიმები ერიდებიან მკურნალობის იმ მეთოდების გამოყენებას, რომლებსაც გვერდითი ეფექტები ახლავს თან ან არ ესადაგება პაციენტის ცხოვრების წესს. წამლის დანიშვნამდე ალტერნატიული (არამედიკამენტური) მკურნალობაა მიზანშეწონილი, თუმცა იმ შემთხვევებში, როცა წნევის მაჩვენებელი არის 160/110 მმ ვწყ. სვ. ან მეტი, წამლის გამოყენება და ალტერნატიული მკურნალობა ერთდროულად იწყება, ისევე როგორც იმ შემთხვევებში, როცა წნევა არის 120/80 მმ ვწყ. სვ. ან მეტი და პაციენტს აქვს დიაბეტი ან თირკმლების დაავადება, სასიცოცხლო ორგანოების დაზიანების ნიშნები ან კორონარული არტერიების დაავადების სხვა რისკფაქტორები.

ჭარბი წონის მქონე პირებმა, რომელთაც მაღალი წნევა აქვთ, წონაში უნდა დაიკლონ. წონის თუნდაც მხოლოდ 4,5კგ-ით შემცირება წნევას აქვეითებს. ჭარბი წონის, დიაბეტის, სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის არსებობისას აუცილებელია სათანადო კვების რაციონი, სახელდობრ ხილი, ბოსტნეული, ცხიმის მცირე რაოდენობის შემცველი რძის პროდუქტები. დიეტური ღონისძიებები მნიშვნელოვანია გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკის შესამცირებლად. მწეველებმა თამბაქოს მოხმარებაზე უარი უნდა თქვან.

ალკოჰოლისა და მარილის მიღების შემცირებამ (კალციუმის, მაგნიუმის და კალიუმის ადეკვატური რაოდენობით მიღების ფონზე) შეიძლება არც კი გახადოს წამლების მიღება აუცილებელი. ალკოჰოლის ყოველდღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს დაახლოებით 1 ლიტრ ლუდს, ან 240 მილილიტრ ღვინოს, ან დაახლოებით 60 მილილიტრ სუფთა ვისკის ან სხვა მსგავს სასმელს მამაკაცებისთვის და ზემოთ ჩამოთვლილის ნახევარს ქალებისთვის. ნატრიუმის ყოველდღიური რაოდენობა 2,5 გრამზე ნაკლები უნდა იყოს, ანუ მიღებული სუფრის მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6 გრამს.

სასარგებლოა ზომიერი აერობული დატვირთვა. პირველადი ჰიპერტენზიის მქონე პირებმა არ უნდა შეზღუდონ ფიზიკური დატვირთვის დონე მანამ, სანამ წნევის კონტროლირება შესაძლებელია. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ამცირებს წნევის მაჩვენებლებს, წონას, აუმჯობესებს გულის მუშაობას და ზოგადად ჯანმრთელობას. ექიმები ხშირად ურჩევენ მაღალწნევიან პაციენტებს, თავად გაიზომონ წნევა შინ. თვითკონტროლი უფრო მოტივირებულს ხდის ადამიანს, გულდასმით შეასრულოს ექიმის რჩევები მკურნალობის თაობაზე.

მედიკამენტური თერაპია: მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოყენებულ წამლებს ანტიჰიპერტენზიული ეწოდება. სადღეისოდ ხმარებული, ხელმისაწვდომი პრეპარატების მეშვეობით ჰიპერტენზიის მკურნალობა ყველა შემთხვევაში შესაძლებელია, მაგრამ წამლები მისადაგებული უნდა იქნეს პაციენტის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი წინა პირობაა პაციენტსა და ექიმს შორის მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

მკურნალობის მიზანია წნევის დაქვეითება 140/90 მმ ვწყ. სვ. უფრო ნაკლებ მაჩვენებლამდე. დიაბეტის ან თირკმლების დაავადების დროს სამიზნე უნდა იყოს 130/80 მმ ვწყ. სვ. ნაკლები მაჩვენებლები. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით იგივე სამიზნე მაჩვენებლები უნდა იყოს კორონარული არტერიების დაავადების, სტენოკარდიის დროს. ექიმები ერიდებიან დიასტოლური წნევის დაქვეითებას 65-ზე დაბლა, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის და კორონარული არტერიების დაავადების ან სტენოკარდიის მქონე პირებისთვის.

სხვადასხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებს განსხვავებული მოქმედების მექანიზმი აქვთ, რაც მკურნალობის განსხვავებული ვარიანტების შესაძლებლობას იძლევა. ზოგ შემთხვევაში საფეხურებრივი მიდგომა გამოიყენება, სახელდობრ, მკურნალობა იწყება ერთი რომელიმე ანტიჰიპერტენზიული პრეპარატით და შემდეგ, საჭიროებისამებრ, ემატება სხვა პრეპარატები. სხვა შემთხვევაში ექიმები თანამიმდევრულ მეთოდს აძლევენ უპირატესობას, სახელდობრ: მკურნალობა იწყება ერთი პრეპარატით, უეფექტობის შემთხვევაში, მას სხვა პრეპარატით ცვლიან. თუ წნევა უფრო მაღალია, ვიდრე 160/100 მმ ვწყ. სვ., ჩვეულებრივ მკურნალობას იწყებენ 2 ერთდროულად 2 ანტიჰიპერტენზიული საშუალების მიცემით. წამლის შერჩევისას გასათვალისწინებელია ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები:

  • პაციენტის ასაკი, სქესი, რასობრივი წარმომავლობა;

  • არტერიული ჰიპერტენზიის სიმძიმე;

  • სხვა დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე;

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები, რაც განსხვავებული აქვს სხვადასხვა მედიკამენტს;

  • წამლის ფასი და ტესტები, რომელთა ჩატარებაა საჭირო შესაძლო გვერდითი ეფექტების პროგნოზირებისთვის.

  • სისხლის წნევის მაჩვენებლების სასურველი დონის მისაღწევად პაციენტების უმრავლესობისთვის (74%-ზე მეტი) ორი ან მეტი მედიკამენტის მიღებაა საჭირო. პაციენტები უმეტესწილად კარგად იტანენ მკურნალობას, თუმცა გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობა გამორიცხული არასოდეს არის. ამ უკანასკნელთა შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, წამლის დოზის შეცვლაა საჭირო, თუ მისი სხვა მედიკამენტით ჩანაცვლება. ჩვეულებრივ, ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მიღება მუდმივად არის საჭირო.

თიაზიდური შარდმდენით არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა ხშირად იწყება. ამ ჯგუფის წამლები სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, აძლიერებს თირკმლების მიერ მარილისა და წყლის გამოდევნას, რაც სხეულში სითხის მოცულობას ამცირებს და არტერიულ წნევას აქვეითებს. თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას შარდთან ერთად კალიუმიც დიდი რაოდენობით გამოიყოფა. სისხლში მისი დონის შესანარჩუნებლად ან, საჭიროებისას, მოსამატებლად ზემოხსენებული ჯგუფის პრეპარატებთან ერთად პაციენტს ენიშნება ან კალიუმის შემცველი, ან ე.წ. კალიუმის შემნახველი პრეპარატები. ეს უკანასკნელები, მაგალითად სპირონოლაქტონი, სისხლის წნევის მაჩვენებლების მოსაწესრიგებლად იზოლირებულად, სხვა პრეპარატთან კომბინაციის გარეშე, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ გამოიყენება, ვინაიდან მათი ჰიპოტენზიური ეფექტი უფრო სუსტია, ვიდრე თიაზიდებისა. შარდმდენი საშუალებები განსაკუთრებით ეფექტურია შავკანიანებისთვის, მოხუცებისთვის, ჭარბი წონის მქონეთათვის, გულის ან თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს.

ადრენობლოკერების ჯგუფის წარმომადგენლებია ალფა-ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები, ალფა-ბეტა-ბლოკერები და პერიფერიული მოქმედების ადრენობლოკერები. მედიკამენტების ეს ჯგუფი გამოიყენება სიმპათიკური ნერვული სისტემის ზემოქმედების ბლოკირებისთვის. მათგან ყველაზე ხშირად ბეტა-ბლოკერები იხმარება. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია თეთრკანიანებისთვის, ახალგაზრდებისა და იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მიოკარდიუმის ინფარქტი აქვთ გადატანილი, კარგ შედეგს იძლევა გულისცემის აჩქარებისას, გულმკერდის არეში ტკივილის დროს, რომელიც გამოწვეულია გულის სისხლით მომარაგების უკმარისობით, შაკიკის დროს. ამ ჯგუფის მედიკამენტების გვერდითი ეფექტები ხშირია ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შორის. ალფა-ბლოკერები ძირითად სამკურნალო საშუალებად არ ითვლება, ვინაიდან მათი გამოყენებისას არ მცირდება სიკვდილიანობის სიხშირე. პერიფერიული მოქმედების ადრენობლოკერები არტერიული წნევის კონტროლისათვის მხოლოდ მესამე ან მეოთხე რიგის პრეპარატებად მიიჩნევა.

ცენტრალური მოქმედების ალფა-აგონისტების მოქმედების მექანიზმი ადრენობლოკერების მოქმედების მექანიზმის მსგავსია. თავის ტვინში გარკვეული რეცეპტორების სტიმულირებით ეს მედიკამენტები აფერხებს სიმპათიკური ნერვული სისტემის გავლენას. ამჟამად იშვიათად გამოიყენება.

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჰიპოტენზიური ეფექტი არტერიოლების გაფართოებით არის შეპირობებული. აგფ ინჰიბიტორები აინჰიბირებენ ანგიოტენზინ I-ის გარდაქმნას ანგიოტენზინ II-დ, რომელიც არტერიოლების შევიწროებას იწვევს. განსაკუთრებით ეფექტურია კორონარული არტერიების დაავადების და გულის უკმარისობის დროს, თეთრკანიანებში, ახალგაზრდებში, თირკმლების დაავადების ან დიაბეტური თირკმლის დროს, აგრეთვე სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციისას მამაკაცებში.

ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკერების (არბ) მოქმედების მექანიზმი აგფ ინჰიბიტორების მოქმედების მექანიზმის მსგავსია. ამ ჯგუფის მედიკამენტების გამოყენებისას იბლოკება ანგიოტენზინ II-ის მოქმედება, რომელიც არტერიოლების შევიწროებას იწვევს. მათ ნაკლებად ახასიათებს გვერდითი ეფექტები.

კალციუმის არხების ბლოკერები არტერიოლების დილატაციას უწყობენ ხელს. ეფექტურია შავკანიანებში, მოხუცებულებში, ტაქიკარდიის, სტენოკარდიისა და შაკიკის დროს. არსებობს ხანმოკლე და ხანგრძლივი მოქმედების კალციუმის არხების ბლოკერები. ხანმოკლე მოქმედების პრეპარატები არტერიული წნევის დასაქვეითებლად არ იხმარება, რადგან მათი გამოყენების ფონზე მატულობს სიკვდილის რისკი ინფარქტის დროს.

პირდაპირი ვაზოდილატატორები აფართოებს სისხლძარღვებს. ამ ჯგუფის მედიკამენტები არასოდეს გამოიყენება მონოთერაპიის სახით.

ასპირინი არ არის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მქონე მედიკამენტი. ზოგიერთი ექიმის რეკომენდაციით ინიშნება მცირე დოზებით მაღალი არტერიული წნევის დროს.

მეორეული ჰიპერტენზიის მკურნალობა

მეორეული ჰიპერტენზიის გამომწვევი დაავადება შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს ნამკურნალები. თირკმლების დაავადების მკურნალობის შედეგად ზოგჯერ შესაძლებელი ხდება არტერიული წნევის ნორმალიზება ან, თუ ნორმალიზება არა – შემცირება. უკანასკნელი უფრო ეფექტურს ხდის ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას. შევიწროებული თირკმლის არტერიის გაფართოებისთვის გამოიყენება ბუნიკიანი კათეტერი, რომლის თირკმლის არტერიაში შეყვანა არტერიის გაფართოების საშუალებას იძლევა (ბალონური ანგიოპლასტიკა). თირკმლის მკვებავი არტერიის მონაკვეთის შევიწროებისას დგამენ შუნტს, რომელიც შემოვლითი გზაა სისხლის ნაკადის შეუფერხებელი დინებისთვის შევიწროებული მონაკვეთის გვერდის ავლით. ხშირად ასეთი ქირურგიული ჩარევის შედეგად წნევა ნორმალიზდება. თუ ჰიპერტენზია სიმსივნით, სახელდობრ, ფეოქრომოციტომით არის გამოწვეული, შესაძლებელია, სიმსივნის ქირურგიული ჩარევით მოშორება.

ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა

ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისას პაციენტს ეძლევა კლონიდინი – დასალევი ადრენობლოკერი; კალციუმის არხების ბლოკერი ნიფიდიპინი გამოიყენება ენის ქვეშ (სუბლინგვურად) ჩასადებად, თუმცა ნაკლებად უსაფრთხოა. ავთვისებიანი ჰიპერტენზიის ან ჰიპერტენზიული ენცეფალოპათიის დროს სისხლის წნევა სწრაფად უნდა დაიწიოს. სამკურნალო ღონისძიებები ტარდება საავადმყოფოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში. უმრავლესობა იმ მედიკამენტებისა, რომლებიც სწრაფად აქვეითებს წნევას, ინტრავენურად შეჰყავთ.

პროგნოზი

არანამკურნალები არტერიული ჰიპერტენზია ზრდის გულის დაავადების (გულის უკმარისობა, ინფარქტი ან უეცარი გულისმიერი სიკვდილი), თირკმლების უკმარისობის ან ადრეულ ასაკში ინსულტის განვითარების რისკს. არტერიული ჰიპერტენზია ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორია. ის, აგრეთვე, ერთ-ერთია იმ სამ რისკფაქტორს შორის, რომლების მოდიფიცირებაც შესაძლებელია (დანარჩენი ორია თამბაქოს მოხმარება და სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე).

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულტის და გულის უკმარისობის, აგრეთვე გულის ინფარქტის განვითარების რისკს, თუმცაღა ჩამოთვლილთაგან უკანასკნელს იმდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მკურნალობის გარეშე ავთვისებიანი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების მხოლოდ 5%-ის სიცოცხლის ხანგრძლივობაა 1 წელი.