1. დაბალი არტერიული წნევა
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
დაბალი არტერიული წნევა

დაბალი არტერიული წნევა, ანუ ჰიპოტენზია არისმდგომარეობა, რომლის დროსაც, წნევის დაქვეითების გამო, პაციენტს აქვს თავბრუხვევა და გულის წასვლის ეპიზოდები.

  • ზოგიერთმა მედიკამენტმა და დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის იმ სისტემის გაუმართაობა, რომელიც ნორმულ წნევას ინარჩუნებს;

  • თუ არტერიული წნევა ძალიან დაქვეითდა, თავის ტვინის ფუნქცია ირღვევა და ადამიანს გული მისდის.

ნორმაში სხეული არტერიებში სისხლის წნევას გარკვეულ ფარგლებში ინარჩუნებს. წნევის მომატება სისხლძარღვების დაზიანებას, ზოგჯერ მათ გასკდომას, სისხლდენას და სხვა გართულებებს იწვევს. წნევის მკვეთრად დაქვეითებისას სხეულის ნაწილები სისხლით არასრულფასოვნად მარაგდება, რის გამოც, უჯრედები ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს საკმარისი რაოდენობით ვეღარ იღებს, უჯრედებიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტების მოცილება შეფერხებულია. ძალიან დაბალი არტერიული წნევა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, ვინაიდან შეიძლება შოკი გამოიწვიოს. ჯანმრთელი ადამიანები, რომელთაც მოსვენებულ მდგომარეობაში წნევა დაბალი აქვთ, მაგრამ ნორმის ქვედა საზღვარზე ქვემოთ არ ჩამოდის (დაბალი ნორმა), უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ის პირები, რომელთაც წნევის მაჩვენებელი ნორმის მაღალი საზღვრის ფარგლებში აქვთ.

ადამიანის სხეულში სისხლის წნევის მაკონტროლებელი რამდენიმე საკომპენსაციო მექანიზმი მოქმედებს. ესენია: ვენებისა და წვრილი არტერიების (არტერიოლების) სანათურის დიამეტრის ცვლილება, გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობა, სისხლძარღვებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა. ჩამოთვლილი მექანიზმები შესაძლებელს ხდის ადამიანის ჩვეული აქტივობების დროს (ფიზიკური დატვირთვა, ძილი) მომატებული ან დაქვეითებული სისხლის წნევის ნორმალიზებას.

ვენები შეიძლება გაფართოვდეს (დილატაცია)ან შევიწროვდეს (კონსტრიქცია), მათში მოცირკულირე სისხლის მოცულობის ცვლილების შესაბამისად. ვენების შევიწროებისას მათი ტევადობა მცირდება. ამის გამო გულში ბრუნდება სისხლის მეტი რაოდენობა, რომელიც გულიდან არტერიებში გადაიტუმბება. მოხსენიებულის შედეგად სისხლის წნევა არტერიებში იმატებს. ვენების გაფართოებისას მათი ტევადობა იზრდება, გულში დაბრუნებული სისხლის მოცულობა მცირდება, შესაბამისად, მცირდება არტერიებში გადატუმბული სისხლის მოცულობა და არტერიული წნევა. არტერიოლებს აგრეთვე აქვს შევიწროებისა და გაფართოების უნარი. რაც უფრო მეტად ვიწროვდება არტერიოლები, მით მეტია რეზისტენტობა სისხლის ნაკადის მიმართ და სისხლის წნევა. მისი მომატების მიზეზი ის არის, რომ შევიწროებულ სანათურში სისხლის ნაკადის სამოძრაოდ უფრო მაღალი წნევაა საჭირო. არტერიოლების გაფართოება ამცირებს რეზისტენტობას სისხლის ნაკადის მიმართ, შესაბამისად, სისხლის წნევა მცირდება.

სისხლის რაც უფრო მეტ მოცულობას გადატუმბავს გული 1 წუთის განმავლობაში (გაზრდილი წუთმოცულობა), მით უფრო მაღალია არტერიული წნევა, რა თქმა უნდა, სისხლძარღვების რეზისტენტობის მუდმივობის პირობებში. ადამიანის სხეულს შეუძლია შეცვალოს გულის ერთი შეკუმშვისას გადატუმბული სისხლის მოცულობა – დარტყმითი მოცულობა, გულის შეკუმშვის (სისტოლის) შესუსტებით ან გაძლიერებით.

სისხლძარღვების რეზისტენტობის მუდმივობის პირობებში, რაც უფრო მეტია სისხლძარღვებში სისხლის მოცულობა, მით მეტია სისხლის არტერიული წნევა. სისხლის მოცულობის შემცირება თუ მომატება დამოკიდებულია თირკმლების ფუნქციონირებაზე – მათ მიერ შარდის სახით გამოყოფილი სითხის რაოდენობაზე.

საკომპენსაციო მექანიზმებს ააქტიურებს სპეციალური უჯრედები – ბარორეცეპტორები, რომლებიც გადამცემის როლს ასრულებს. ბარორეცეპტორები არტერიებშია მოთავსებული და სისხლის წნევას არეგულირებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბარორეცეპტორები, რომლებიც მდებარეობს კისრის და გულმკერდის დიდი ყალიბის არტერიებში. როდესაც აღნიშნული რეცეპტორები შეიგრძნობს წნევის ცვლილებას, ააქტიურებს ერთ-ერთს ზემოთ მოხსენიებული საკომპენსაციო მექანიზმებიდან და ამ გზით სისხლის წნევის მუდმივობას ინარჩუნებს. სიგნალები წნევის ცვლილების შესახებ გადამცემიდან ნერვების საშუალებით აღწევს თავის ტვინს, აქედან კი ორგანოებს, რომლებიც აკონტროლებს საკომპენსაციო მექანიზმებს, სახელდობრ:

  • გულს – იცვლება შეკუმშვათა სიხშირე და ძალა, შესაბამისად – გულის წუთმოცულობა. აღნიშნული მექანიზმი ერთ-ერთი პირველია დაბალი წნევის სწრაფი კორექციისთვის;

  • არტერიოლებს – ფართოვდება ან ვიწროვდება, შესაბამისად, იცვლება სისხლძარღვების რეზისტენტობა;

  • ვენებს – ფართოვდება ან ვიწროვდება, შესაბამისად, იცვლება მათი ტევადობა;

  • თირკმლებს – იცვლება სითხის გამოყოფის ინტენსივობა, შესაბამისად, იცვლება სისხლის მოცულობა სისხლძარღვებში. ეს უკანასკნელი სისხლის წნევის მარეგულირებელი მექანიზმებიდან ყველაზე ნელია.

მაგალითად, სისხლდენის დროს მცირდება სისხლის მოცულობა და წნევა. ამ უკანასკნელის მკვეთრი დაქვეითების თავიდან ასაცილებლად ბარორეცეპტორები ააქტიურებენ საკომპენსაციო მექანიზმებს, სახელდობრ: გულის შეკუმშვათა სიხშირე იზრდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობას; ვენები ვიწროვდება, შესაბამისად, მცირდება მათი ტევადობა; ვიწროვდება არტერიოლები, შესაბამისად, იზრდება მათი რეზისტენტობა სისხლის ნაკადის მიმართ. თუ სისხლდენა შეწყდა, სისხლი სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან სისხლძარღვებში გადადის, რათა აღდგეს სისხლის ნორმული მოცულობა და, შესაბამისად, წნევა. თირკმლები ამცირებს შარდის რაოდენობას და ამ გზით, შესაძლებლობის ფარგლებში, უნარჩუნებს ორგანიზმს სითხეს სისხლძარღვებში დასაბრუნებლად. ძვლის ტვინსა და ელენთაში აქტიურდება სისხლის უჯრედების წარმოქმნა და, საბოლოოდ, სისხლის მოცულობა სრულად აღდგება.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკომპენსაციო მექანიზმების შესაძლებლობები შეზღუდულია. მაგალითად, თუ ადამიანი სწრაფად კარგავს სისხლის დიდ რაოდენობას, ამ მექანიზმებს არ შესწევთ საკმარისად სწრაფი კომპენსაციის უნარი, რის გამოც სისხლის წნევა ეცემა, ორგანოების სისხლით მომარაგების დაქვეითების გამო მათი ფუნქცია ირღვევა (შოკი).

მიზეზები

სხვადასხვა დაავადებისა და მედიკამენტების ზემოქმედებით საკომპენსაციო მექანიზმების ფუნქცია შეიძლება დაირღვეს, რის შედეგადაც სისხლის არტერიული წნევა ქვეითდება. მაგალითად, გულის დაავადებების დროს, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, სარქვლების ნაკლოვანება, მკვეთრად მომატებული ან შემცირებული გულისცემის სიხშირე (ტაქიკარდია ან ბრადიკარდია), აგრეთვე, სხვა ტიპის რიტმის დარღვევებისას (არითმია) მცირდება გულის წუთმოცულობა, ანუ გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია ქვეითდება. ბაქტერიული ინფექციის დროს, ბაქტერიული ტოქსინის ზემოქმედებით არტერიოლები ფართოვდება და წნევა ქვეითდება. ჩამოთვლილის გარდა, სისხლის მოცულობა შეიძლება შემცირდეს გაუწყლოების, სისხლდენის და თირკმლების დაავადებების დროს. თირკმლების ზოგიერთი დაავადებისას დარღვეულია სითხის სისხლძარღვებში დაბრუნების პროცესი, რის გამოც შარდის სახით სითხის დიდი რაოდენობა გამოიყოფა. მოხსენიებულის საპირისპირო ხდება თირკმლების უკმარისობის დროს, სახელდობრ, თირკმელები ვერ გამოჰყოფს სითხის საკმარის რაოდენობას, ის სხეულში გროვდება, რაც წნევის მომატებას იწვევს. ნერვული დაავადებებისას დაქვეითებულია ნერვებში სიგნალის გატარების შესაძლებლობა გადამცემსა და იმ ორგანოებს შორის, რომლებიც აკონტროლებს საკომპენსაციო მექანიზმებს (ეს მდგომარეობა ავტონომიური ნერვული სისტემის უკმარისობად იწოდება). გარდა ამისა, დაბერებასთან ერთად, არტერიული წნევის ცვლილების საპასუხოდ, საკომპენსაციო მექანიზმების ჩართვის სისწრაფე ქვეითდება.

სიმპტომები

არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებისას ყველაზე ადრე თავის ტვინის ფუნქცია იცვლება. ამისი მიზეზი ის არის, რომ ტვინი ყველაზე მაღლა მდებარეობს სხეულში და სისხლი მისკენ მიზიდულობის ძალის საწინააღმდეგო მიმართულებით მიედინება. დაბალი წნევისთვის, განსაკუთრებით ფეხზე წამოდგომისას, თავბრუხვევაა დამახასიათებელი, რასაც ზოგჯერ გულის წასვლა შეიძლება მოჰყვეს. გულწასული ადამიანი იატაკზე (მიწაზე) ეცემა, თავის ტვინი და გული ერთსა და იმავე დონეზე აღმოჩნდება, სისხლის ნაკადს მიზიდულობის ძალის გადალახვა აღარ სჭირდება. ამის შედეგად სისხლის მიდენა თავის ტვინისკენ და მისი სისხლით მომარაგება უმჯობესდება, რაც მას დაზიანებისგან იცავს. თუ სისხლის წნევა მკვეთრად დაქვეითდა, თავის ტვინი ზიანდება.

არტერიული წნევის დაქვეითება შეიძლება ქოშინის ან გულმკერდის არეში ტკივილის მიზეზი გახდეს, რაც გულის კუნთის სისხლით არაადეკვატური მომარაგების (გულის ანგინა) შედეგია.

წნევის მკვეთრი და ხანგრძლივი დაქვეითების დროს ყველა ორგანოს სისხლით მომარაგება მცირდება, რის გამოც ქვეითდება მათი ფუნქცია. ამ მდგომარეობას შოკი ეწოდება.

დაბალი წნევით მიმდინარე დაავადებებისას პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სხვა სიმპტომებიც, რომლებიც არ არის წნევის დაქვეითებით გამოწვეული, მაგალითად, ცხელება ინფექციის დროს.

ზოგიერთი სიმპტომის მიზეზი შეიძლება იყოს წნევის მარეგულირებელი საკომპენსაციო მექანიზმების ამოქმედება. მაგალითად, დაბალი წნევის დროს, არტერიოლების შევიწროება კანის, ზედა და ქვედა კიდურების სისხლით მომარაგების დაქვეითებას იწვევს. მოხსენიებულის შედეგია ამ მიდამოების გაცივება, ლურჯად შეფერვა; გულისცემის აჩქარებისა და გულის შეკუმშვის ძალის გაძლიერებისას პაციენტს შეიძლება გულის ფრიალის შეგრძნება გაუჩნდეს.