გულის უკმარისობა | მკურნალი.გე
  1. გულის უკმარისობა
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
გულის უკმარისობა

გულის უკმარისობა არის დაავადება, რომლის დროსაც, კუმშვადობის დაქვეითების გამო, გული ვერ ახერხებს სისხლის ადეკვატური მოცულობის გადატუმბვას, მცირდება სისხლის დინება (ცირკულაცია), ვითარდება სისხლის შეგუბება ვენებსა და ფილტვებში, სხვა ცვლილებები, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ასუსტებს გულის მუშაობას.

  • გულის უკმარისობის მიზეზია გულის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები;

  • დასაწყისში უსიმპტომოდ მიმდინარეობს; სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ადვილად დაღლა თანდათან, კვირების ან თვეების განმავლობაში ვითარდება;

  • დიაგნოზი, ძირითადად, სიმპტომების შეფასებას ეფუძნება, თუმცა ექოკარდიოსკოპია წარმატებით გამოიყენება გულის ფუნქციის შესაფასებლად;

  • გულის უკმარისობის მკურნალობა გულისხმობს გამომწვევი მიზეზების აღკვეთას, ცხოვრების წესის შეცვლას, დაავადების სიმპტომების მედიკამენტურ, ქირურგიულ ან სხვა სახის მკურნალობას.

გულის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, ბავშვობაშიც კი (განსაკუთრებით, გულის თანდაყოლილი მანკების დროს). ის ხანდაზმული ასაკის პაციენტებს შორის უფრო ხშირია, ვინაიდან ამ ასაკში გულის კუნთისა და სარქვლების დაზიანებით მიმდინარე დაავადებები ჩვეულებრივი მოვლენაა. გულში განვითარებული ასაკობრივი ცვლილებებიც, თავის მხრივ, აქვეითებს მის კუმშვადობას. გულის უკმარისობა 100-დან 1 ადამიანს უვითარდება. დაავადების სიხშირე იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდის პარალელურად და, ზოგიერთ ქვეყანაში, რისკის ფაქტორების (თამბაქოს მოხმარება, არტერიული ჰიპერტენზია, ცხიმებით მდიდარი საკვები) ზეგავლენით.

გულის უკმარისობა არ ნიშნავს გულის გაჩერებას. ის გულისხმობს, რომ გული ვეღარ ტუმბავს სისხლის ადეკვატურ მოცულობას და, შესაბამისად, აღარ ხდება სხეულის ყველა ნაწილის სისხლით სრულყოფილად მომარაგება. ამავე დროს, ეს განმარტება სრულად ვერ ასახავს გულის უკმარისობის გამომწვევ მიზეზებს, ასპექტებს, ფორმებს და შედეგებს.

გულის ფუნქცია სისხლის გადატუმბვაა. ის უზრუნველყოფს სისხლის გადაადგილებას სხეულში. მაგალითად, გულის მარჯვენა ნაწილი სისხლს ვენებიდან ფილტვებისკენ გადატუმბავს, გულის მარცხენა ნაწილი კი – ფილტვებიდან არტერიებში და, შესაბამისად, მთელ სხეულში. გულის კუნთის შეკუმშვისას (რომელსაც სისტოლა ეწოდება) სისხლი გაედინება გულიდან, ხოლო კუნთის მოდუნებისას (დიასტოლა) გული სისხლით ივსება. გულის უკმარისობის დროს გულის შეკუმშვები, გულის კუნთის დაზიანებისა და დასუსტების გამო, არასრულფასოვანია. ამის გამო ის ვეღარ ტუმბავს სისხლს საკმარისი რაოდენობით, დარღვეულია სისხლის გულისკენ უკუდინებაც და ქსოვილებში შეგუბება ვითარდება. სწორედ ამიტომ ხშირად გამოიყენება ტერმინი გულის შეგუბებითი უკმარისობა.

გულის მარცხენა ნაწილისკენ მიმავალი სისხლის დინების შეფერხება იწვევს შეგუბებას ფილტვებში, რისი შედეგიც სუნთქვის გაძნელებაა. გულის მარჯვენა ნაწილისკენ მიმავალი სისხლის დინების შეფერხება იწვევს შეგუბებას სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში (მთელ სხეულში), მაგალითად, ქვედა კიდურებსა და ღვიძლში. გულის უკმარისობის დროს სხვადასხვა ხარისხით ზიანდება მისი როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ნაწილი. სწორედ ამიტომ განასხვავებენ გულის მარჯვენამხრივ და მარცხენამხრივ უკმარისობას.

გულის უკმარისობის დროს გული ვერ ახორციელებს სისხლის სრულფასოვან ცირკულაციას (გადატუმბვას) და, შესაბამისად, ორგანიზმის ჟანგბადით და საკვები ნივთიერებებით ადეკვატურ მომარაგებას. ამის შედეგად ზედა და ქვედა კიდურების კუნთები უფრო სწრაფად იღლება, ირღვევა თირკმლების ფუნქცია. ნორმაში თირკმლები შარდის სახით ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენ პროდუქტებს. გულის უკმარისობის დროს, თირკმლების ფუნქციის დაქვეითების გამო, ფერხდება ორგანიზმიდან სითხის გამოყოფა. შესაბამისად, იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა (ორგანიზმში დარჩენილი სითხის ხარჯზე), იზრდება უკვე დაზიანებული გულის დატვირთვა. იკვრება მანკიერი წრე და გულის უკმარისობა ღრმავდება.

გულის უკმარისობის ტიპები: არსებობს გულის უკმარისობის ორი ფორმა: სისტოლური დისფუნქცია და დიასტოლური დისფუნქცია. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ორივე ერთდროულად ჰქონდეს.

სისტოლური დისფუნქციის დროს გულის შეკუმშვის ძალა დაქვეითებულია, გულში დაბრუნებული სისხლი პარკუჭების მიერ სრულად ვერ გადაიტუმბება, როგორც ეს ნორმაში ხდება და სისხლის ნაწილი გულის ქვედა საკნებში (პარკუჭებში) რჩება. ამის შედეგად სისხლი ფილტვებში, ვენებში ან ორივეში გროვდება.

დიასტოლური დისფუნქციის დროს გულის კუნთი რიგიდულია და შეკუმშვის შემდეგ საკმარისად აღარ დუნდება, რის გამოც უარესდება მისი ავსება. გული ნორმალურად იკუმშება და აქვს პარკუჭებიდან სისხლის ნორმალური მოცულობის გადატუმბვის უნარი. ზოგჯერ ავსების დეფიციტის საკომპენსაციოდ გული პროცენტულად სისხლის უფრო მეტ ნაწილს გადატუმბავს, ვიდრე ეს ნორმაში ხდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისევე, როგორც სისტოლური დისფუნქციის დროს, გულისკენ მიმდინარე სისხლი ფილტვებში ან ვენებში გროვდება. ხშირია უკმარისობის ორივე ფორმის ერთდროულად აღმოცენება.

მიზეზები

გულის უკმარისობის მიზეზი შეიძლება გახდეს გულის დაზიანებით მიმდინარე ნებისმიერი დაავადება. ზოგი ავადმყოფობა გულს არაპირდაპირ აზიანებს. გულის უკმარისობა ზოგჯერ სწრაფად ვითარდება, ზოგჯერ კი მრავალი წლის განმავლობში. ზოგი დაავადება გულის სისტოლურ უკმარისობას იწვევს, ზოგი კი დიასტოლურს. არტერიული ჰიპერტენზია და გულის სარქვლოვანი დაზიანება ზემოხსენებულთაგან ორივე ტიპის დისფუნქციას ერთდროულად იწვევს.

სისტოლური დისფუნქცია:

სისტოლური დისფუნქციის გამომწვევმა დაავადებამ როგორც მთლიანად გული, ასევე მისი რომელიმე ნაწილი შეიძლება დააზიანოს, რის შედეგადაც გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია ქვეითდება. ძალიან ხშირად გულის უკმარისობას რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა იწვევს.

სისტოლური დისფუნქციის ხშირი მიზეზია გულის კორონარული არტერიების დაზიანება, რომლის დროსაც გულის კუნთის დიდი ნაწილის შეკუმშვისთვის აუცილებელი სისხლით მომარაგება შემცირებულია. კორონარული არტერიის დახშობა ინფარქტის მიზეზი ხდება, რაც გულის გარკვეულ ნაწილს უმოქმედოს ხდის – მას აღარ აქვს ნორმალური ძალით შეკუმშვის უნარი.

მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება) შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიულმა ან ვირუსულმა ინფექციამ. ამ დროს გულის კედლის ყველა შრე ზიანდება, შეკუმშვის უნარი ქვეითდება. ზოგიერთი მედიკამენტი და ტოქსიკური ნივთიერება (მაგალითად, ალკოჰოლი) ასევე აზიანებს გულის კუნთს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს; იზრდება გულის დატვირთვა და გულის უკმარისობა ვითარდება.

გულის სარქვლების დაავადებები – შევიწროება (სტენოზი), რომელიც აფერხებს სისხლის გულშიგა ცირკულაციას, ან სარქველში სისხლის უკუდინება (რეგურგიტაცია) აგრეთვე შეიძლება გახდეს გულის უკმარისობის მიზეზი. რეგურგიტაციაც და სტენოზიც გულს ტვირთავს, დროთა განმავლობაში გული დიდდება, შეკუმშვის ძალა ქვეითდება. გულის საკნებს შორის არსებული ძგიდეების დეფექტები, რაც გულში სისხლის რეცირკულაციას განაპირობებს, აგრეთვე ზრდის დატვირთვას და გულის უკმარისობის მიზეზი ხდება.

გულის უკმარისობას იწვევს დაავადებები, რომელთა დროსაც ზიანდება გულის გამტარი სისტემა და ხანგრძლივად ირღვევა გულისცემის რიტმი (ტაქიკარდია, არარეგულარული რიტმი). არითმია შეუძლებელს ხდის სისხლის სათანადო რაოდენობით გადატუმბვას.

ფილტვის ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა ფილტვისმიერი ჰიპერტენზია, აზიანებს ფილტვის სისხლძარღვებს (ფილტვის არტერიებს), რის გამოც იზრდება დატვირთვა გულის მარჯვენა ნაწილზე, ძნელდება სისხლის გადატუმბვა გულიდან ფილტვებში, ვითარდება „ფილტვისმიერი გული“. ამ უკანასკნელის დროს გაფართოებულია გულის მარჯვენა საკნები და ვითარდება გულის მარჯვენამხრივი უკმარისობა.

ფილტვის არტერიის სანათურის უეცარი, სრული დახშობა მცირე ზომის რამდენიმე ან ერთი დიდი ზომის თრომბით აგრეთვე აძნელებს ფილტვის არტერიაში სისხლის გადატუმბვას. ემბოლია, დიდი ზომის თრომბით, სიცოცხლისთვის სახიფათოა. ფილტვის არტერიების ბლოკირების გამო, გულის დატვირთვა მკვეთრად იზრდება, რამაც, შესაძლოა, გულის მარჯვენა ნაწილის გაფართოება და კედლის გასქელება გამოიწვიოს, რაც გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის მიზეზი ხდება.

დაავადებებს, რომლებიც არაპირდაპირი გზით აზიანებენ გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციას, მიეკუთვნება: სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (ანემია), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება (ჰიპერთიროიდიზმი), ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთიროიდიზმი) და თირკმლების უკმარისობა. სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) შეიცავენ ჰემოგლობინს, რომელსაც ფილტვებიდან ქსოვილებში გადააქვს ჟანგბადი. ანემია ამცირებს ქსოვილების ჟანგბადით მომარაგებას, რასაც გულის მუშაობის გაძლიერება მოჰყვება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგების ნორმული მაჩვენებლის შესანარჩუნებლად. ანემია სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის, კუჭის წყლულიდან ქრონიკული სისხლდენით. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება გულისცემის მკვეთრად აჩქარებას იწვევს, რის გამოც მცირდება გულის შეკუმშვების ეფექტურობა – პარკუჭები სათანადოდ არ იცლება ყოველი შეკუმშვის დროს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაცია მცირდება, რის გამოც კუნთები, მათ შორის გულის კუნთი, სუსტდება და გულის უკმარისობა ვითარდება. თირკმლების უკმარისობისას დარღვეულია ზედმეტი სითხის გამოდევნა ორგანიზმიდან, იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა და, შესაბამისად, გულის დატვირთვა, ვითარდება გულის უკმარისობა.

დიასტოლური დისფუნქცია: დიასტოლური დისფუნქციის ყველაზე ხშირი მიზეზია არაადეკვატურად ნამკურნალები არტერიული ჰიპერტენზია. ამ უკანასკნელის დროს გულის კუნთი ზიანდება, ვინაიდან გულს მომეტებული ძალით უხდება მუშაობა (წნევის გრადიენტის საწინააღმდეგოდ) სისხლის არტერიებში გადასატუმბავად. ამის შედეგად გულის კედლები სქელდება (ჰიპერტროფია) და კარგავს ელასტიკურობას, ფერხდება გულის საკნების სისხლით ავსება და, შესაბამისად, მცირდება ყოველი შეკუმშვისას გადატუმბული სისხლის მოცულობა. დიაბეტის დროს განვითარებული მეტაბოლური ცვლილებები ასევე იწვევს გულის კუნთის რიგიდობას (ელასტიკურობის შემცირებას). ეს უკანასკნელი დაბერებასაც ახლავს თან. მაღალი არტერიული წნევისა და შაქრიანი დიაბეტის კომბინაცია, რომელიც ძალიან ხშირია ხანდაზმულებს შორის, აგრეთვე, გულის კუნთში განვითარებული ასაკობრივი ცვლილებები, განაპირობებს გულის უკმარისობის სიხშირეს მოხუცებში.

გულის უკმარისობა, გულის კუნთის ინფილტრაციით ან ინფექციით შეპირობებული რიგიდობის გამო, სხვა დაავადებებმაც შეიძლება გამოიწვიოს. ასეთია, მაგალითად, ამილოიდოზი, რომლის დროს წარმოქმნილი სხეულისთვის უცხო ცილა – ამილოიდი ქსოვილებში, მათ შორის გულის კუნთში ლაგდება, რის გამოც გულის კედელი რიგიდული ხდება და გულის უკმარისობა ვითარდება. ტროპიკულ ქვეყნებში ზოგიერთი პარაზიტის გულის კუნთში ინფილტრაციამ ახალგაზრდებშიც კი შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს. გულის სარქვლების ზოგიერთი დაზიანების, მაგალითად, აორტის სარქვლის სტენოზის დროს, შეფერხებულია სისხლის ნაკადის გულიდან აორტაში გადადინების პროცესი, გულს გაძლიერებული მუშაობა უხდება დაბრკოლების დასაძლევად, მისი კედელი სქელდება და დიასტოლური დისფუნქცია ვითარდება, რასაც, საბოლოო ჯამში, სისტოლური დისფუნქციაც მოჰყვება. შეხორცებითი (კონსტრიქციული) პერიკარდიტის დროს გულის ირგვლივ მდებარე ღრუში (პერიკარდიუმის ღრუ) შეხორცებების განვითარების გამო გულის პერანგის ფურცლები რიგიდული ხდება და გულის ავსებას და დაცლას აბრკოლებს.

გულის უკმარისობა არ ნიშნავს გულის გაჩერებას. უკმარისობის დროს გული ვერ ახერხებს ფუნქციის სრულყოფილად შესრულებას. გულის უკმარისობა ქრონიკული დაავადებაა; ცხოვრების წესის შეცვლა შესაძლებელს ხდის, პაციენტმა თავი უკეთ იგრძნოს და უფრო აქტიურად იცხოვროს.

საკომპენსაციო მექანიზმები

სხეულში გულის უკმარისობის საკომპენსაციო რამდენიმე მექანიზმი არსებობს. ორგანიზმის პირველი პასუხი ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის გულის უკმარისობით, გამოწვეულ სტრესზე არის ჰორმონების ეპინეფრინის (ადრენალინის) და ნორეპინეფრინის (ნორადრენალინის) – "ბრძოლისა და გაქცევის ჰორმონების"– გამოთავისუფლება. მაგალითად, ეს ჰორმონები ძალიან სწრაფად გამოიყოფა გულის ინფარქტის დროს. მათი ზეგავლენით იზრდება და ძლიერდება გულის შეკუმშვების სიხშირე და ძალა, იზრდება გულის წუთმოცულობა (გულის მიერ გადატუმბული სისხლის მოცულობა წუთის განმავლობაში), ზოგჯერ ნორმალურ მაჩვენებლებამდეც კი, რაც საწყის ეტაპზე გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის დაქვეითების საკომპენსაციო მექანიზმია.

გულის დაავადების არარსებობის დროსაც კი ამ ჰორმონების გამოთავისუფლება სასარგებლოა, თუ გულის მუშაობის დროებით გაძლიერებაა საჭირო. ამავე დროს, გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში ზემოხსენებული დამატებით მოთხოვნებს უყენებს გულს და მისი ფუნქციის შედგომ დაქვეითებას იწვევს.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს გულის მუშაობის გაძლიერება უკვე დაზიანებული გულის გადატვირთვის და, შესაბამისად, გულის უკმარისობის პროგრესირების მიზეზი ხდება.

გულის უკმარისობის დროს სისხლის ნაკადის შემცირების კიდევ ერთი საკომპენსაციო მექანიზმია თირკმლების მიერ სხეულში მარილისა და სითხის შეკავება. მოხსენიებულთა შეკავება, შარდთან ერთად გამოყოფის ნაცვლად, მოცირკულირე სისხლის მოცულობას ზრდის და არტერიული წნევის სტაბილურობას უწყობს ხელს. გაზრდილი სისხლის მოცულობა აფართოებს გულის საკნებს, განსაკუთრებით პარკუჭებს, რაც მათი შეკუმშვის ძალას აძლიერებს და გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია უმჯობესდება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაზრდილი დატვირთვა ასუსტებს გულის კუმშვადობას (როგორც რეზინის ზედმეტად გაჭიმვა ამცირებს მის ელასტიკურობას), რის გამოც უკმარისობა უარესდება.

საკომპენსაციო მექანიზმებს მიეკუთვნება გულის პარკუჭების კედლის გასქელებაც (პარკუჭების ჰიპერტროფია). გულის გაძლიერებული მუშაობის ფონზე პარკუჭების კედლის კუნთოვანი შრე ისევე იმატებს ზომაში და სქელდება, როგორც მხრის ორთავა კუნთი დიდი ხნის განმავლობაში სიმძიმეებით ვარჯიშისას. საწყის ეტაპზე გასქელებული გულის კედელი უფრო ძლიერად იკუმშება, მაგრამ თანდათანობით კარგავს ელასტიკურობას, რიგიდული ხდება და ღრმავდება დიასტოლური დისფუნქცია.

სიმპტომები

გულის უკმარისობის სიმპტომები შეიძლება უეცრად გამოვლინდეს, განსაკუთრებით თუ ის მიოკარდიუმის ინფარქტითაა გამოწვეული. თუმცა ზოგჯერ, უმეტესწილად დაავადების საწყის სტადიაზე, სიმპტომები შეიძლება საერთოდ არ აღინიშნოს და თანდათან, თვეების და წლების განმავლობაში, დაავადების პროგრესირებასთან ერთად გამოვლინდეს. ყველაზე ხშირი სიმპტომებია ქოშინი და ადვილად დაღლა. ხანდაზმულებში გულის უკმარისობა ზოგჯერ გაურკვეველი სიმპტომებით ვლინდება, როგორიცაა ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია. გარკვეული დროის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დაავადება ნელა, ვერაგულად პროგრესირებს.

გულის მარჯვენამხრივ და მარცხენამხრივ უკმარისობას სხვადასხვა სიმპტომი აქვს. ორივე ტიპის თანაარსებობისას ხშირად ერთ-ერთის სიმპტომები უფრო გამოხატულია. გულის მარცხენამხრივი უკმარისობა, საბოლოოდ, მარჯვენამხრივ უკმარისობას იწვევს.

გულის მარჯვენამხრივი უკმარისობის ყველაზე ხშირი სიმპტომებია ტერფების, კოჭების, წვივების, ბარძაყების, მუცლის წინა კედლის შეშუპება, ღვიძლის გადიდება, რაც სითხის დაგროვებით არის შეპირობებული. სითხის დაგროვების ადგილს განსაზღვრავს მისი რაოდენობა და სიმძიმის ძალა. თუ პაციენტი წევს, სითხე წელის არეში, ხოლო მისი ზედმიწევნით დიდი რაოდენობის შეკავებისას მუცლის ღრუშიც გროვდება. სითხის დაგროვება ღვიძლში და კუჭის კედლებში იწვევს გულისრევას, მადის დაქვეითებას, საკვების მონელებისა და შეწოვის შეფერხებას. მცირდება კუნთების მასა, პაციენტი წონაში იკლებს. ამ მდგომარეობას კარდიული (გულისმიერი) კახექსია ეწოდება

გულის მარცხენამხრივი უკმარისობისას სითხე ფილტვებში გროვდება, რაც ქოშინს იწვევს. დასაწყისში ქოშინი მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის დროს აღინიშნება, გულის უკმარისობის პროგრესირების პარალელურად ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვის მიმართ თანდათან მცირდება და პაციენტს ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაშიც აწუხებს. მძიმედ გამოხატული გულის მარცხენამხრივი უკმარისობის დროს ქოშინი მწოლიარე მდგომარეობაშიც აღინიშნება (ამ მდგომარეობას ორთოპნოე ეწოდება), რისი მიზეზიც სიმძიმის ძალის გავლენით სითხის დიდი რაოდენობის ფილტვებში გადანაცვლებაა. პაციენტს ღამით ხშირად ეღვიძება სულის ხუთვის გამო, აქვს ქოშინი (ამ მდგომარეობას პაროქსიზმული ღამის დისპნეა ეწოდება). წამოჯდომა მდგომარეობას ამსუბუქებს, ვინაიდან ფილტვებში დაგროვებული სითხე ქვედა წილებში გადაინაცვლებს, რაც სუნთქვას აადვილებს. გულის მარცხენამხრივი უკმარისობის დროს პაციენტს აქვს დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე – არ შეუძლია ფიზიკური დატვირთვა, რისი მიზეზიც კუნთების სისხლით მომარაგების შემცირებაა.

უეცრად სითხის დიდი რაოდენობით დაგროვება ფილტვებში (ფილტვების მწვავე შეშუპება) სუნთქვის უაღრესად გაძნელებას, გახშირებას, კანის ლურჯად შეფერვას, მოუსვენრობას, მოხრჩობის შეგრძნებას იწვევს. ზოგჯერ სასუნთქი გზების სპაზმი (ბრონქოსპაზმი) აღინიშნება – ხრიალით სუნთქვა. ფილტების მწვავე შეშუპება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, გადაუდებლად მოითხოვს მკურნალობას.

მძიმე ფორმის გულის უკმარისობის დროს აღინიშნება ჩეინ-სტოქსის სუნთქვა (პერიოდული სუნთქვა). ამ დროს პაციენტი სუნთქავს ჯერ ხშირად და ღრმად, შემდეგ ნელა, რასაც თან მოსდევს რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვის შეწყვეტა. ჩეინ-სტოქსის სუნთქვა ვითარდება თავის ტვინის სისხლით მომარაგების შემცირების შედეგად – ტვინის ის უბანი, რომელიც სუნთქვას აკონტროლებს ვეღარ იღებს ჟანგბადის საჭირო რაოდენობას.

გარდა ამისა, გულის უკმარისობის ზემოთ მოხსენიებული ფორმის დროს იზრდება გულში თრომბების წარმოქმნის ალბათობა იმის გამო, რომ საკნებში სისხლი მდორედ მოძრაობს. თრომბი შეიძლება მოსცილდეს გულის საკნის კედელს, გაჰყვეს სისხლის დინებას (ემბოლად გადაიქცეს) და სხეულის ამა თუ იმ ნაწილში ნაწილობრივ ან სრულად დაახშოს რომელიმე სისხლძარღვი. თუ თრომბით თავის ტვინის სისხლის ძარღვი დაიხშო, ინსულტი ვითარდება.

მძიმე ფორმის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, აღენიშნებათ დეპრესია, მენტალური ფუნქციის დაქვეითება, რაც გულდასმით შეფასებას და მკურნალობას საჭიროებს.

დიაგნოზი

გულის უკმარისობის დიაგნოზი სიმპტომების შეფასებას ეფუძნება. დიაგნოზს ამყარებს ფიზიკური გასინჯვის შედეგები, მათ შორის სუსტი ავსების, ხშირი პულსი, დაქვეითებული სისხლის წნევა, გულის მოსმენისას – პათოლოგიური ხმიანობა, ფილტვებში – სითხის დაგროვების ნიშნები (გული და ფილტვები მოისმინება სტეთოსკოპით), გადიდებული გული, კისრის ვენების გაგანიერება, ღვიძლის გადიდება, ქვედა კიდურებისა და მუცლის შეშუპება. რენტგენოსკოპიით ვლინდება გულის გადიდება და ფილტვებში სითხის დაგროვება.

ჩვეულებრივ, ტარდება გამოკვლევები გულის ფუნქციის შესაფასებლად, სახელდობრ, თითქმის ყოველთვის, ელექტროკარდიოგრაფია გულისცემის რიტმის შესაფასებლად, პარკუჭების კედლის გასქელების დასადგენად, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის გამოსავლენად; ექოკარდიოგრაფია, რომელიც გულის გამოსახულების მისაღებად ულტრაბგერას იყენებს, გულის ფუნქციის შეფასების საუკეთესო მეთოდია. მისი საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქცია, სარქვლების მდგომარეობა. ექოკარდიოგრაფიით შესაძლებელია შეფასდეს:

  • არის თუ არა გასქელებული კედლები, როგორია მათი რელაქსაციის უნარი;

  • სარქვლები ნორმალურად ფუნქციონირებს თუ არა;

  • ნორმალურია თუ არა გულის შეკუმშვები;

  • არის თუ არა გულში უბანი, რომელიც სათანადოდ არ იკუმშება.

ექოკარდიოგრაფიის მეშვეობით გულის კედლის სისქის, რიგიდობის და განდევნის ფრაქციის შეფასების გზით შეიძლება განისაზღვროს, გულის უკმარისობა შეპირობებულია სისტოლური თუ დიასტოლური დისფუნქციით. განდევნის ფრაქცია გულის ფუნქციის შეფასების მნიშვნელოვანი პარამეტრია. იგი გამოითვლება, როგორც გულის თითოეული შეკუმშვის დროს გადატუმბული სისხლის რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი. მაგალითად, ნორმაში, მარცხენა პარკუჭი გადატუმბავს მასში არსებული სისხლის 60%-ს. განდევნის ფრაქციის მაჩვენებლის შემცირება ადასტურებს გულის სისტოლური უკმარისობის დიაგნოზს. თუ განდევნის ფრაქციის მაჩვენებელი ნორმულია ან მაღალი, ხოლო პაციენტს გულის უკმარისობის კლინიკური ნიშნები აქვს, ეს გულის დიასტოლური დისფუნქციის დამადასტურებელია. გარდა ამისა, გულის უკმარისობის მიზეზის ამოსაცნობად გამოიყენება კვლევის რადიონუკლიდური, მაგნიტურ-რეზონანსული, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული მეთოდები, გულის კათეტერიზაცია ანგიოგრაფიით. იშვიათად მიმართავენ გულის ბიოფსიას, უპირატესწილად იმ შემთხვევებში, როცა ეჭვია გულის ინფილტრაციაზე (ამილოიდოზის დროს), ბაქტერიული ან ვირუსული მიოკარდიტის არსებობაზე.

პრევენცია

გულის უკმარისობის პრევენცია გულისხმობს გამომწვევი დაავადებების დროულ მკურნალობას. ესენია: გულის სარქვლოვანი დაავადებები, გულის საკნებს შორის არსებული ანომალიური კავშირები, კორონარული არტერიების დახშობა, მაღალი არტერიული წნევა, ინფექციები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ანემია და ალკოჰოლიზმი.

მკურნალობა

გულის უკმარისობის მკურნალობა კომპლექსურია. გარდა ზოგადი ღონისძიებებისა, ის მოიცავს გამომწვევი დაავადების მკურნალობას, ცხოვრების წესის შეცვლას, თვით გულის უკმარისობის მედიკამენტურ მკურნალობას.

ზოგადი ღონისძიებები: უმრავლეს შემთხვევაში გულის უკმარისობა ქრონიკული დაავადებაა; მიუხედავად ამისა, ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ფიზიკური აქტივობა უფრო მეტად კომფორტული იქნეს პაციენტისთვის, გაუმჯობესდეს სიცოცხლის ხარისხი, გახანგრძლივდეს სიცოცხლე. პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა რაც შეიძლება მეტი უნდა იცოდნენ ამ დაავადების შესახებ, რადგან მკურნალობისა და მოვლის დიდი ნაწილი შინ ტარდება. მათ უნდა შეეძლოთ სიმპტომების ამოცნობა, რომლებიც წინ უძღვის დაავადების გამწვავებას, უნდა შეეძლოთ ასეთ შემთხვევებში სათანადო ზომების მიღება, მაგალითად, შარდმდენების დოზის გაზრდა, ექიმისთვის ინფორმაციის მიწოდება ცვლილებების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული კავშირი და ვიზიტები სამედიცინო პერსონალთან (ექიმი, მედდა), რადგან დაავადება შეიძლება უეცრად გამწვავდეს. მედდას შეუძლია ხშირად დარეკოს პაციენტთან და ჰკითხოს წონის და სხვა მაჩვენებლების ცვლილებების შესახებ, განსაზღვროს ექიმთან ვიზიტის საჭიროება.

პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ გულის უკმარისობის სპეციალიზებულ კლინიკებს, სადაც მუშაობენ ამ დაავადების კარგად მცოდნე ექიმები, სათანადოდ განსწავლული ექთანები და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალები, სახელდობრ, ფარმაცევტები, დიეტოლოგები, სოციალური მუშაკები. ასეთ კლინიკას შეუძლია უზრუნველყოს მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობა, შეამციროს სიმპტომები, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე, გაზარდოს სიცოცხლის ხანგრძლივობა. მოვლის ეს მეთოდები ავსებს, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმების საქმიანობას.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტები ახალი მედიკამენტის მიღების დაწყებამდე უნდა მოეთათბირონ პირად ექიმს. ზოგიერთი მედიკამენტი (მაგალითად, ართრიტის სამკურნალო პრეპარატები) ორგანიზმში მარილებისა და სითხის დაგროვებას იწვევს, რაც გულის ფუნქციაზე უარყოფითად მოქმედებს. პაციენტებს ხშირად ავიწყდებათ წამლის მიღება, რაც სიმპტომების გაუარესების მიზეზი ხდება. მოხსენიებულის თავიდან ასაცილებლად სპეციალური ზომების მიღებაა საჭირო.

გამომწვევი მიზეზის მკურნალობა: თუ გულის უკმარისობის მიზეზი სარქვლების შევიწროება ან უკმარისობა, ან გულის საკნებს შორის ანომალიური კავშირების არსებობაა, მკურნალობის ქირურგიული მეთოდების გამოყენება ხშირად შედეგიანია. კორონარული არტერიის დახშობისას ნაჩვენებია ან მედიკამენტური, ან ქირურგიული მკურნალობა, ან ანგიოპლასტიკა. წნევის დამწევი მედიკამენტებით შესაძლებელია სისხლის წნევის მაჩვენებლების შემცირება და კონტროლი. ანტიბიოტიკები ინფექციის ელიმინაციას უწყობს ხელს. კუჭის წყლულის მკურნალობა, რკინის პრეპარატების გამოყენება ანემიის გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა. მედიკამენტები ან ქირურგიული ჩარევა, ან სხივური თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატების დროს არის ნაჩვენები, ხოლო თიროიდული ჰორმონების გამოყენება – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას.

ცხოვრების წესის შეცვლა: გულის უკმარისობისას ცხოვრების წესის შეცვლამ შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები, გააუმჯობესოს თვითგრძნობა. პაციენტებმა უნდა შეარჩიონ მათთვის ასატანი ფიზიკური დატვირთვა, მოერიდონ მომეტებულ ფიზიკურ დატვირთვას. საშუალო სიმძიმის გულის უკმარისობის დროს ფიზიკური დატვირთვის პროგრამა ექიმმა უნდა შეიმუშაოს. მძიმედ გამოხატული უკმარისობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამის განყოფილებაში კარდიოვასკულური რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვა სათანადოდ განსწავლული დამხმარე პერსონალის მეთვალყურეობით.

სხეულის ჭარბი წონა ზედმეტად ტვირთავს გულს და ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სპეციალური დიეტა წონის დასაკლებად და მისი ოპტიმალური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად.

თამბაქოს მოხმარება აზიანებს სისხლძარღვებს. ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა ტოქსიკურად მოქმედებს გულზე. ორივე ამძიმებს გულის უკმარისობას და მათთვის თავის არიდება აუცილებელია.

საკვებში მარილის ჭარბად გამოყენება სხეულში სითხის შეკავებას იწვევს, რაც ამცირებს შარდმდენი საშუალებების ეფექტს, ხელს უწყობს სითხის დაგროვებას და აუარესებს სიმპტომებს. გულის უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა შეზღუდონ საკვებში სუფრის მარილის რაოდენობა, მარილიანი მზა პროდუქტების გამოყენება, გულდასმით გაეცნონ დაკონსერვებული საკვების შეფუთვაზე ასახულ ინფორმაციას მარილის შემცველობის შესახებ. მძიმე ავადმყოფებს დეტალურად უნდა განემარტოთ მარილის გამოყენების შეზღუდვის მნიშვნელობა. პაციენტები, რომლებიც ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციებს, ახერხებენ სითხის ნორმალური რაოდენობით მიღებას სხეულში მისი ჭარბად დაგროვების შემთხვევაში. დიდი რაოდენობით სითხის მიღება არ არის რეკომენდებული.

ორგანიზმში სითხის დაგროვების შეფასების მარტივი და საიმედო მეთოდია სხეულის წონის კონტროლი. ექიმები ხშირად სთხოვენ პაციენტებს ყოველდღიურად, გულდასმით აკონტროლონ წონა – დილით ადგომის და მოშარდვის შემდეგ, საუზმემდე. წონის მატების თუ დაკლების ტენდენცია მარტივად ფასდება, თუ პაციენტი იწონება ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე სასწორით, ერთნაირად ჩაცმული და გამუდმებით იწერს მონაცემებს. წონის ყოველდღე დაახლოებით ერთი კილოგრამით მატება სითხის დაგროვების ადრეული ნიშანია. თუ ეს უკანასკნელი მდგრადია, გულის უკმარისობის გაუარესებაა სავარაუდო. ზოგიერთ პაციენტს, მარილის მოხმარების შემცირების მიუხედავად, შეშუპება მაინც აღენიშნება. ქვედა კიდურების შეშუპებისას რეკომენდებულია ჯდომის დროს მათი სკამზე შემოწყობა. ეს პოზიცია ხელს უწყობს სხეულიდან სითხის გამოყოფას. ზოგჯერ საჭირო ხდება ფეხის სიგრძის სპეციალური მომჭერი წინდების გამოყენება, რაც ხელს უშლის სითხის დაგროვებას ქვედა კიდურებში. ფილტვებში სითხის დაგროვების შემთხვევაში პაციენტს, ძილის გასაადვილებლად, სასთუმალი უნდა აუმაღლდეს.

გულის უკმარისობის მედიკამენტური მკურნალობა: გულის უკმარისობის სამკურნალოდ სხვადასხვა ჯგუფის წამლები გამოიყენება, სახელდობრ: შარდმდენები, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები, ბეტა-ბლოკერები, დიგოქსინი და სხვა.

თუ მხოლოდ საკვებში მარილის შეზღუდვა არ ამცირებს სხეულში სითხის შეკავებას, შარდმდენი პრეპარატები გამოიყენება. ეს წამლები ხელს უწყობს შარდის რაოდენობის მატებას და, შესაბამისად, მარილისა და სითხის გამოყოფას. გულის უკმარისობის დროს ყველაზე ხშირად მარყუჟზე მოქმედი სადიურეზო საშუალებები ინიშნება დასალევად, მათი მიღება ხანგრძლივად შეიძლება. ამავე დროს, გადაუდებელი დახმარების აუცილებლობისას ამ პრეპარატების ინტრავენურად გამოყენებაც კარგ შედეგს იძლევა. მარყუჟზე მოქმედი სადიურეზო საშუალებები ნაჩვენებია გულის უკმარისობის საშუალო და მძიმე ფორმის დროს. თიაზიდური ჯგუფის შარდმდენები, რომლებსაც უფრო რბილი ეფექტი აქვს და სისხლის წნევას აქვეითებს, ნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც, გულის უკმარისობის გარდა, არტერიული ჰიპერტენზია აქვთ. მარყუჟზე მოქმედი და თიაზიდური ჯგუფის შარდმდენები ზრდიან კალიუმის გამოყოფას შარდთან ერთად, რის გამოც, ამ ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობისას, საჭიროა კალიუმის შემცველი პრეპარატების ან ისეთი შარდმდენი საშუალების დანიშვნა, რომელიც არ უწყობს ხელს სხეულიდან კალიუმის გამოყოფას, ან კალიუმის შემნახველი შარდმდენი საშუალების გამოყენება. სისტოლური დისფუნქციით შეპირობებული გულის უკმარისობის მძიმე ფორმის დროს კალიუმის შემნახველ პრეპარატებს შორის სპირონოლაქტონებია საუკეთესო, ზრდის პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას. შარდმდენების გამოყენებამ შეიძლება გააღრმავოს შარდის შეუკავებლობა, ამიტომ დიურეზული საშუალების მიღების დრო ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ მოშარდვის სურვილის აღმოცენებისას ტუალეტი მიღწევადი იყოს ან მოშარდვის აქტი არ იყოს უხერხულობის გამომწვევი.

გულის უკმარისობის მედიკამენტურ მკურნალობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგფ ინჰიბიტორები. ამ ჯგუფის მედიკამენტები არა მხოლოდ ამცირებს გულის უკმარისობის სიმპტომებსა და ჰოსპიტალიზაციის სიხშირეს, არამედ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. აგფ ინჰიბიტორები სისხლში აქვეითებს ჰორმონ ანგიოტენზინ II-ის და ალდოსტერონის (ეს ნივთიერებები ნორმაში ზრდის სისხლის წნევას) კონცენტრაციას, აფართოებს არტერიებსა და ვენებს, აძლიერებს თირკმლების მიერ ზედმეტი სითხის გამოყოფას. მოხსენიებულის შედეგად მცირდება გულის დატვირთვა. აგფ ინჰიბიტორები გულისა და სისხლძარღვების კედელზე პირდაპირ დადებით ეფექტს ახდენს.

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერების მოქმედების მექანიზმი ისეთივეა, როგორიც აგფ ინჰიბიტორებისა. ისინი გამოიყენება აგფ ინჰიბიტორებთან კომბინაციაში გულის უკმარისობის სიმპტომების ხანგრძლივად არსებობის შემთხვევაში და ცალკეც, აგფ ინჰიბიტორების აუტანლობის შემთხვევაში (ხველა ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტია).

მედიკამენტები, რომლებიც აფართოებს სისხლძარღვებს (ვაზოდილატატორები) არ გამოიყენება ისე ხშირად, როგორც აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკერები, ვინაიდან ეს უკანასკნელები უფრო ეფექტურია. ამავე დროს, თუ მათი გამოყენება უშედეგო აღმოჩნდა ან შეუძლებელი გახდა გვერდითი ეფექტების გამო, შესაძლოა მიზანშეწონილად ჩაითვალოს ვაზოდილატატორების მიღება, მაგალითად, ჰიდრალაზინის ან იზოსორბიდ დინიტრატის, ან პერკუტანეული (კანზე დასაწებებელი) ნიტროგლიცერინის, ან ნიტროგლიცერინის აეროზოლის გამოყენება.

ბეტა-ბლოკერები ხშირად იხმარება აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გულის უკმარისობის სამკურნალოდ. ბეტა-ბლოკერები, ნორეპინეფრინის (ჰორმონი, რომელიც ახშირებს და აძლიერებს გულის შეკუმშვებს) მოქმედების დათრგუნვის გზით, გულის ფუნქციას ხანგრძლივად აუმჯობესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. დასაწყისში ბეტა-ბლოკერებმა შეიძლება შეამციროს გულის შეკუმშვების ძალა, ამიტომაც მათი მკურნალობაში ჩართვა მხოლოდ სხვა მედიკამენტების გამოყენების მეშვეობით გულის უკმარისობის სტაბილიზაციის შემდეგ შეიძლება. დიასტოლური დისფუნქციით შეპირობებული გულის უკმარისობის დროს ბეტა-ბლოკერები გამოიყენება გულისცემის სიხშირის შესამცირებლად და გასქელებული და რიგიდული გულის კედლის მოსადუნებლად, რის შედეგად გულის სისხლით ავსება უმჯობესდება.

დიგოქსინი გულის უკმარისობის სამკურნალო ერთ-ერთი უძველესი საშუალებაა. იგი აძლიერებს გულის შეკუმშვების ძალას და ამცირებს შეკუმშვათა სიხშირეს. დიგოქსინი ამსუბუქებს სიმპტომებს გულის სისტოლური დისფუნქციის დროს, განსაკუთრებით წინაგულების ფიბრილაციის თანაარსებობის შემთხვევაში; არ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ვარფარინი, გულის საკნებში თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება. არითმიის შემთხვევაში რეკომენდებულია ანტიარითმიული მედიკამენტები ან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია. გულის უკმარისობის მძიმე ფორმის დროს, სრულფასოვანი მკურნალობის მიუხედავად, ექიმები კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას არჩევენ, რადგან ამ პაციენტებს შორის მაღალია უეცარი სიკვდილის რისკი. მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს რეკომენდებულია რიტმის წამყვანის გამოყენება, რომელიც ასტიმულირებს გულის შეკუმშვებს, აუმჯობესებს გულის ფუნქციას.

სხვა სამკურნალო ღონისძიებები: ფილტვების შეშუპების დროს სპეციალური ნიღბით ჟანგბადის მიწოდებაა საჭირო, ზოგჯერ – სასუნთქ გზებში მილის ჩადგმა და მექანიკური ვენტილაცია.

გულის ტრანსპლანტაცია ნაჩვენებია გულის უკმარისობის მძიმე, პროგრესირებადი ფორმის დროს, რომელიც არ ემორჩილება წამლებით მკურნალობას. ზოგიერთი სპეციალიზებული ცენტრი აღჭურვილია მექანიკური დამხმარე საშუალებებით, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის გადატუმბვას ძალიან მძიმედ მიმდინარე, მკურნალობის მიმართ რეზისტენტული გულის უკმარისობის დროს. შესწავლის პროცესშია მკურნალობის სხვა მეთოდებიც.

გულის მწვავე უკმარისობის მკურნალობა: გულის უკმარისობა, რომელიც სწრაფად ვითარდება და პროგრესირებს, გადაუდებლად საჭიროებს საავადმყოფოში მკურნალობას.

თუ ფილტვების მწვავე შეშუპება განვითარდა, პაციენტს ჟანგბადს აწოდებენ, ინტრავენურად შეჰყავთ შარდმდენი და სხვა მედიკამენტები, როგორიცაა ნიტროგლიცერინი (ვენაში ან ენის ქვეშ), რომლებიც სწრაფად და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას. მორფიუმი ამსუბუქებს შფოთვის გრძნობას, რომელიც ხშირად ახლავს თან ფილტვების მწვავე შეშუპებას. გარდა ამისა, ის ამცირებს სუნთქვის სიხშირეს, აიშვიათებს გულისცემას, აფართოებს სისხლძარღვებს და ამ გზით უადვილებს გულს მუშაობას. თუ აღწერილი ღონისძიებები სათანადოდ არ აუმჯობესებს სუნთქვას, გამოიყენება სპეციალური ნიღბები ჟანგბადის მისაწოდებლად გარკვეული წნევით ან სასუნთქ გზებში ჩადგმული მილი, რომელიც მექანიკური ვენტილატორის როლს ასრულებს.

კლინიკური სიმპტომების გამწვავების ან მედიკამენტური მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში, ხანმოკლე დროის განმავლობაში გამოიყენება ადრენალინისა და ნორადრენალინის მსგავსი ეფექტის მქონე წამლები (დოპამინი ან დობუტამინი). ისინი აძლიერებს გულის შეკუმშვას, მაგრამ მათი ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება.

სიცოცხლის დასასრულის პრობლემები: მიუხედავად იმისა, რომ გულის უკმარისობის მქონე პაციენტები მრავალ წელს ცოცხლობენ, მათგან 70% იღუპება დაავადების გამოვლენიდან 10 წლის განმავლობაში. სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, გამომწვევი მიზეზების მკურნალობის შესაძლებლობაზე, მკურნალობის მეთოდებზე. დაავადების მსუბუქად მიმდინარეობისას პაციენტების დაახლოებით ნახევრის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულ მცირე 10 წელია, მძიმედ მიმდინარეობისას კი – სულ მცირე 2 წელი. მკურნალობა ახანგრძლივებს სიცოცხლეს. დროთა განმავლობაში სიცოცხლის ხარისხი ქვეითდება და მკურნალობის შესაძლებლობებიც მცირდება; განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულ პაციენტებს, რომელთათვისაც გულის ტრანსპლანტაცია ნაკლებად შესაძლებელია. ადამიანისთვის კომფორტული პირობების შექმნა უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიდრე სიცოცხლის გახანგრძლივების მცდელობა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში უნდა მონაწილეობდნენ პაციენტი და მისი ოჯახის წევრები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მოვლა თანაგრძნობით იყოს გამსჭვალული, სიმპტომები შემსუბუქდეს და ადამიანის ღირსება დაცული იქნეს.

გულის უკმარისობა მოულოდნელად, მდგომარეობის გაუარესების გარეშე, შეიძლება უეცარი სიკვდილით დასრულდეს. ამიტომ, თუ შესაძლებელია, გულის უკმარისობის მქონე პაციენტმა წინასწარ უნდა გამოხატოს ნება მისთვის სასურველი მკურნალობის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მას გადაწყვეტილების მიღების უნარი აღარ ექნება. ასევე მნიშვნელოვანია ანდერძის შედგენა და, საჭიროებისამებრ, მისი განახლება.