1. ინფექციური ენდოკარდიტი
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ინფექციური ენდოკარდიტი

ინფექციური ენდოკარდიტი წარმოადგენს გულის ამომფენი შრის (ენდოკარდიუმის) და გულის სარქვლების ინფექციურ დაავადებას.

  • ინფექციურ ენდოკარდიტს იწვევს ბაქტერია, რომელიც ხვდება სისხლში და მიიტანება უკვე დაზიანებულ გულის სარქველთან.

  • მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი იწყება უეცრად, მაღალი ცხელებით, გულისცემის გახშირებით; ახასიათებს სისუსტე, გულის სარქვლების/სარქვლის სწრაფი და მძიმე დაზიანება.

  • ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტისთვის დამახასიათებელია სისუსტე, ზომიერი ცხელება, გულისცემის აჩქარება, წონაში კლება, ოფლიანობა და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის კლება.

  • გულის სარქვლების დაზიანების შესაფასებლად გამოიყენება ექოკარდიოგრაფიული კვლევა.

  • პირებისთვის, ვისაც აქვთ გულის სარქვლების პრობლემა, ან ხელოვნური სარქველი, რეკომენდებულია პროფილაქტიკური ანტიბაქტერიული თერაპია ქირურგიული, სტომატოლოგიური ან სხვა სამედიცინო პროცედურების წინ. აღნიშნული ჩარევით მცირდება სარქვლების ბაქტერიული ინფექციის (ინფექციური ენდოკარდიტის) რისკი.

  • ბაქტერიული ენდოკარდიტის მკურნალობისას პაციენტებს ანტიბიოტიკები ენიშნებათ ინტრავენურად დიდი დოზებით; თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა დაზიანებული სარქვლების აღსადგენად.

ყველა ასაკობრივ ჯგუფში ინფექციური ენდოკარდიტი ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში, ვიდრე ქალებში, მაგრამ ასაკოვან მამაკაცებში ენდოკარდიტით ავადობის მაჩვენებელი 8-ჯერ აღემატება ასაკოვანი ქალების მონაცემებს. შემთხვევათა ერთ მეოთხედში ენდოკარდიტი ვითარდება 60 წელზე მეტი ასაკის პირებში.

ინფექციური ენდოკარდიტი ეკუთვნის გულის ამომფენი შრის ინფექციურ დაავადებას. თუმცა, ინფექცია ასევე ხშირად აზიანებს გულის სარქვლებს, გულის კუნთს და გულის პარკუჭებს ან სისხლძარღვებს შორის არსებულ თანდაყოლილ ანომალიურ კავშირებს (ხვრელებს). განასხვავებენ ორი ფორმის ინფექციურ ენდოკარდიტს. მწვავე ინფექციური ენდოკარდიტი ვითარდება უეცრად, ხასიათდება სწრაფი მიმდინარეობით და შესაძლოა, პაციენტს რამდენიმე დღეში სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა განუვითარდეს. მეორე ფორმაა ქვემწვავე ინფექციური ენდოკარდიტი ან ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, რომელიც ვითარდება თანდათან, კვირებისა და თვეების განმავლობაში.

ბაქტერია (ან უფრო იშვიათად, სოკო) შეიძლება სისხლში აღმოჩნდეს, შემდეგ სისხლის მომოქცევის გზით მოხვდეს გულის სარქველზე, აქვე "დაბინავდეს" და გამოიწვიოს ენდოკარდიუმის დაზიანება – ენდოკარდიტი. პათოლოგიური, დაზიანებული ან ხელოვნური სარქვლები უფრო ადვილად ზიანდება ნორმალურ სარქვლებთან შედარებით. ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის გამომწვევი ბაქტერიები თითქმის ყოველთვის აინფიცირებენ პათოლოგიურ, დაზიანებულ ან ხელოვნურ სარქვლებს. თუმცა, ზოგიერთი აგრესიული ბაქტერიით დაინფიცირებისას, შეიძლება ნორმალური სარქველიც დაზიანდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა ბაქტერიების რაოდენობა დიდია.

ახალგაზრდა ასაკის პირებისა და ბავშვებისთვის რისკფაქტორს წარმოადგენს თანდაყოლილი გულის მანკები, განსაკუთრებით, ისეთი დეფექტი, რომელიც სისხლს გულის ერთი საკნიდან მეორეში გაჟონვის საშუალებას აძლევს. ხანდაზმული პაციენტებისათვის რისკს წარმოადგენს სარქვლების დეგენერაციული ცვლილება ან კალციუმის ჩანართების გაჩენა მიტრალურ სარქველზე (რომელიც იხსნება მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭისაკენ) ან აორტის სარქველში (რომელიც იხსნება მარცხენა პარკუჭიდან აორტისაკენ). ასევე მნიშვნელოვანია ბავშვობის ასაკში გადატანილი რევმატული ცხელება (რევმატიზმი), რომელსაც გულის დაზიანება მოჰყვა (გულის რევმატული დაავადება). რევმატული ცხელება აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან საშიშროებას იმ ქვეყნებში, სადაც ანტიბიოტიკები ფართოდ არის ხელმისაწვდომი. საშიშროება რჩება იმ შემთხვევაში, თუ ბავშვობაში ჩატარებულმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შედეგი ვერ გამოღო (მაგ. ემიგრანტებში).

ენდოკარდიტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებს, რადგან დაბინძურებული ნემსის, შპრიცის ან წამლის გამოყენებისას ბაქტერია შეიძლება პირდაპირ სისხლის ნაკადში მოხვდეს. მომატებული რისკი აქვთ ხელოვნური (პროთეზული) სარქვლების მქონე პირებსაც. მათთვის ბაქტერიული ენდოკარდიტის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი ოპერაციის შემდგომ პირველ წელს აღინიშნება, შემდგომში რისკი თანდათან მცირდება, თუმცა, ჯანმრთელ პირებთან შედარებით მცირედ მომატებული რჩება. გაურკვეველი მიზეზების გამო ენდოკარდიტის განვითარების რისკი ყოველთვის უფრო მაღალია ხელოვნური აორტული სარქვლის არსებობისას, ვიდრე ხელოვნური მიტრალური სარქვლის შემთხვევაში; რისკი ასევე უფრო მაღალია ხელოვნური მექანიკური სარქვლის არსებობისას, ვიდრე ბიოლოგიური (ცხოველური) წარმოშობის სარქვლის იმპლანტის დროს.

გამომწვევი მიზეზები

ნორმალურ პირობებში სისხლში ბაქტერიები არ უნდა არსებობდეს. თუმცა, კანის, პირის ღრუს ამომფენი გარსის ან ღრძილების დაზიანებამ (რომელიც ზოგჯერ ღეჭვის ან კბილების გახეხვის დროსაც კი ვითარდება) შეიძლება ბაქტერიების სისხლში მოხვედრა გამოიწვიოს. ბაქტერიების სისხლში შეღწევა მოსალოდნელია ინფექციური გინგივიტის (ღრძილების ანთება), მცირე ზომის კანის ინფექციის ან სხეულის რომელიმე ნაწილის ინფექციის დროს.

ბაქტერიის სისხლში გადასვლა შესაძლებელია გარკვეულმა ქირურგიულმა, სტომატოლოგიურმა და სამედიცინო პროცედურებმაც გამოიწვიოს. იშვიათად, გულზე ღია ოპერაციის ან გულის სარქვლების შეცვლის დროს, ბაქტერია შეიძლება პირდაპირ გულში მოხვდეს. დაუზიანებელი გულის სარქვლების მქონე ჯანმრთელ პირებში სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) და იმუნური სისტემა ებრძვის და ანადგურებს ბაქტერიებს. პათოლოგიური სარქვლების შემთხვევაში, ბაქტერია შეიძლება დაზიანებული სარქვლის ზედაპირზე გაიჭედოს, შემდეგ ენდოკარდიუმზე "დასახლდეს" და გამრავლება დაიწყოს. სეფსისის დროს, რომელიც სისხლის მძიმე ინფექციას წარმოადგენს, სისხლის ნაკადში დიდი რაოდენობით ბაქტერიები ხვდება. როდესაც სისხლში ბაქტერიების რაოდენობა გარკვეულ დონემდე იზრდება, შეიძლება ენდოკარდიტი განვითარდეს, მათ შორის ნორმალური სარქვლების მქონე პირებში.

თუ ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერებების ვენაში ინექცია ან ვენის კათეტერის ხანგრძლივი გამოყენებაა, უმეტესად სამკარიანი სარქველი ზიანდება (რომელიც იხსნება მარჯვენა წინაგულიდან მარჯვენა პარკუჭში). ენდოკარდიტის სხვა შემთხვევებში, როგორც წესი, მიტრალური სარქველი, ან აორტული სარქველი ინფიცირდება.

სიმპტომები

მწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, ჩვეულებრივ, უეცრად, მაღალი ცხელებით (38.9ºC-დან 40ºC-მდე), გულისცემის გახშირებით, დაღლილობით და სარქვლების სწრაფი და მძიმე დაზიანებით იწყება.

ქვემწვავე ბაქტერიულ ენდოკარდიტს შეიძლება თან ახლდეს დაღლილობა, ზომიერი ცხელება (37.2ºC-დან 38.3ºC-მდე), გულისცემის ზომიერი აჩქარება, წონაში კლება, ოფლიანობა, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობრივი კლება (ანემია). აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს და დიაგნოზი მხოლოდ მაშინ დაისვას, როდესაც ენდოკარდიტი რომელიმე არტერიის დახშობას ან გულის სარქვლის დაზიანებას გამოიწვევს.

სარქველზე არსებული ბაქტერიებისა და სისხლის კოლტების შერეული მასა (ე.წ. ვეგეტაციები) შეიძლება მოწყდეს, სისხლის ნაკადთან ერთად სხეულის სხვადასხვა ნაწილებისკენ გავრცელდეს, გაიჭედოს რომელიმე არტერიის სანათურში და მისი დახშობა (ემბოლია) გამოიწვიოს. სისხლძარღვის დახშობას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს. თავის ტვინში არტერიის დახშობა ინსულტის განვითარებას იწვევს, გულის მკვებავი (გვირგვინოვანი) არტერიების დაზიანებას კი ინფარქტის განვითარება მოჰყვება. ემბოლიამ შეიძლება იმ უბნის ინფიცირებაც გამოიწვიოს, სადაც დაფიქსირდება. ინფიცირებული სარქვლის ფუძესთან ან ემბოლიის ადგილზე მოსალოდნელია ჩირქოვანი მასის დაგროვება (აბსცესის განვითარება).

სულ რამდენიმე დღის განმავლობაში სარქვლები შეიძლება გაიხვრიტოს, რის შედეგადაც, სარქვლების დახურვის მიუხედავად, დარჩენილი ხვრელიდან სისხლი უკუმიმართულებით დაიწყებს დინებას (ვითარდება რეგურგიტაცია). არის შემთხვევები, როცა ბაქტერიული ენდოკარდიტი რთულდება შოკით და თირკმელები და სხვა ორგანოები წყვეტს ფუნქციონირებას (ასეთ მდგომარეობას სეპტიკურ შოკს უწოდებენ). არტერიებში მიმდინარე ინფექციურმა პროცესმა შეიძლება დაასუსტოს არტერიის კედელი და გამოიწვიოს მისი გამოდრეკა ან გაგლეჯა (რუპტურა). რუპტურა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის თავის ტვინში, ან გულთან ახლოს მდებარე სისხლძარღვში ვითარდება.

მწვავე და ქვემწვავე ბაქტერიულ ენდოკარდიტს შეიძლება თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, როგორიცაა შემცივნება, სახსრების ტკივილი, სიფერმკრთალე, მკვრივი კანქვეშა კვანძები და გაბრუება. კანსა და თვალის თეთრ გარსზე (სკლერაზე) შესაძლოა მცირე ზომის წერტილოვანი მოწითალო ლაქები გაჩნდეს, ხოლო ხელის თითების ფრჩხილების ქვეშ წითელი ზოლები განვითარდეს (ე.წ. ხიწვის შერჭობის მსგავსი სისხლჩაქცევა ფრჩხილის ქვეშ). ასეთი წერტილოვანი ლაქები და ზოლების გაჩენა გამოწვეულია ძალიან მცირე ზომის ემბოლებით, რომელიც გულის სარქვლებიდან მოწყდება. უფრო დიდი ზომის ემბოლებმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, სისხლიანი შარდი, კიდურების ტკივილი ან დაბუჟება, აგრეთვე გულის შეტევა ან ინსულტი. გულზე შესაძლოა შუილი განვითარდეს, ან უკვე არსებულმა შუილმა ჟღერადობა შეიცვალოს. მოსალოდნელია ელენთის გადიდებაც.

ხელოვნური მექანიკური სარქვლის არსებობისას განვითარებული ენდოკარდიტი შეიძლება მწვავე ან ქვემწვავე ინფექციის სახით მიმდინარეობდეს. განსხვავებით ბუნებრივი სარქვლისაგან, იგი უფრო მეტად ხასიათდება ინფექციის გავრცელებით სარქვლის ფუძესთან არსებულ კუნთოვან ქსოვილზე და შესაძლოა, სარქვლის მორყევა გამოიწვიოს. ინფექციურ ენდოკარდიტს ზოგჯერ თან ახლავს გულის ელექტრული გამტარი სისტემის დაზიანება, რასაც მოჰყვება გულისცემის შენელება და შეიძლება გართულდეს გონების უეცარი დაკარგვით და სიკვდილითაც კი.

დიაგნოზი

იქიდან გამომდინარე, რომ სიმპტომების უმრავლესობა არასპეციფიკური და ზოგადია, ექიმებს უჭირთ დიაგნოზის დადგენა. პაციენტები, რომელთაც შესაძლოა მწვავე ან ქვემწვავე ინფექციური ენდოკარდიტი ჰქონდეთ, უნდა მოთავსდნენ კლინიკაში შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებისა და მკურნალობისათვის.

ექიმმა შეიძლება ენდოკარდიტის არსებობაზე ეჭვი მიიტანოს ცხელების მქონე პირებში, რომელთაც ინფექციის კერა ვერ დაუდგინდათ. თუ აღნიშნულს თან ახლავს ენდოკარდიტისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნებიც, როგორიცაა გულის სარქვლოვანი პათოლოგია, ხელოვნური სარქვლის არსებობა, ახალგადატანილი ოპერაცია, სტომატოლოგიური ან სხვა სამედიცინო პროცედურა, ინტრავენური ნარკოდამოკიდებულება, ახალაღმოცენებული გულის შუილი ან უკვე არსებულის ცვლილება, იზრდება ინფექციური ენდოკარდიტის არსებობის ალბათობა.

დიაგნოზის დასასმელად ძირითადად ტარდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა და სისხლის ანალიზი ბაქტერიის არსებობაზე. სისხლს გამოსაკვლევად იღებენ დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ვენიდან სამჯერ ან მეტჯერ. სისხლის ანალიზით (სისხლის კულტურა) შეიძლება დაავადების გამომწვევი ბაქტერიის გამოვლენა და შესაბამისი ანტიბიოტიკის შერჩევა. ადამიანებს, რომელთაც დადასტურებული აქვთ გულის სხვადასხვა პათოლოგია, ექიმი აუცილებლად უტარებს გამოკვლევას სისხლში ბაქტერიების არსებობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნიშნავს ანტიბიოტიკს.

ექოკარდიოგრაფია, რომელიც ულტრაბგერით ტალღებს იყენებს, გულის დაზიანების სახისა და სარქველზე არსებული ვეგეტაციების დადგენის საშუალებას იძლევა. ძირითადად ტარდება ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია (პროცედურა, რომლის დროსაც ულტრაბგერითი გადამცემი მოთავსებულია მკერდზე). თუ ამ კვლევით სრული ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა, მაშინ ტარდება ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია (პროცედურა, რომლის დროსაც ულტრაბგერითი გადამცემი ხახის გავლით თავსდება საყლაპავში, გულის უკან). ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია უფრო დეტალურ სურათს იძლევა და მისი დახმარებით მცირე ზომის ბაქტერიული გროვის აღმოჩენაც შეიძლება, მაგრამ ეს კვლევა უფრო ინვაზიური და ძვირად ღირებულია.

ზოგჯერ სისხლიდან ბაქტერიული კულტურის მიღება ვერ ხერხდება. მიზეზი შესაძლოა იყოს გარკვეული ბაქტერიების გასაზრდელად სპეციფიკური მეთოდებისა და აღჭურვილობის არქონა ან პაციენტის მიერ მანამდე ჩატარებული არაეფექტური ანტიბაქტერიული მკურნალობა, რომელმაც ვერ შეძლო ბაქტერიების სრული მოსპობა, თუმცა შეამცირა ბაქტერიების რაოდენობა ისე, რომ მათი აღმოჩენა ვერ მოხერხდა. ბაქტერიული კულტურის ვერმიღება შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ პაციენტს არ აქვს ენდოკარდიტი და სიმპტომები გამოწვეულია სხვა დაავადებით, მაგალითად, სიმსივნით.

პროგნოზი

მკურნალობის გარეშე ინფექციური ენდოკარდიტი სრულდება ფატალურად (სიკვდილით). ჩატარებული მკურნალობის ფონზე სიკვდილიანობის რისკი დამოკიდებულია ფაქტორებზე, როგორიცაა ასაკი, ინფექციის ხანგრძლივობა, ხელოვნური სარქვლის არსებობა, ინფექციის გამომწვევი ორგანიზმის ტიპი. თუმცა, აგრესიული ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში, პაციენტების უმრავლესობა გადარჩება.

პრევენცია

ინფექციური ენდოკარდიტის პრევენცია მოწოდებულია პირებში, რომელთაც დადასტურებული აქვთ გულის სარქვლოვანი პათოლოგია, ხელოვნური სარქველი, თანდაყოლილი გულის მანკი. პრევენცია გულისხმობს გარკვეული ქირურგიული, სტომატოლოგიური თუ სამედიცინო პროცედურების წინ ანტიბიოტიკების მიღებას. შესაბამისად ქირურგებმა, სტომატოლოგებმა და ჯანდაცვის სხვა მუშაკებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, აქვს თუ არა პაციენტს გულის სარქვლის პათოლოგია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექციური ენდოკარდიტის განვითარების რისკი აღნიშნული პროცედურების დროს დაბალია და პრევენციულად ანტიბიოტიკების მიცემა ყოველთვის ეფექტური არ არის, ექიმები, ითვალისწინებენ რა ენდოკარდიტის მძიმე შედეგებს, მაინც გონივრულად მიიჩნევენ ჩარევის წინ ანტიბიოტიკების გამოყენებას.

მკურნალობა

ინფექციური ენდოკარდიტის მკურნალობის ხანგრძლივობა მოიცავს სულ მცირე, 2-კვირიან და ხშირად 8-კვირიან კურსს, რომელიც ანტიბიოტიკების მაღალი დოზების ინტრავენურ შეყვანას საჭიროებს. ანტიბიოტიკოთერაპია თითქმის ყოველთვის საავადმყოფოში იწყება, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს ბინაზე, ექთნის დახმარებით.

მხოლოდ ანტიბიოტიკები ყოველთვის არ არის საკმარისი ინფექციის სამკურნალოდ, განსაკუთრებით, თუ პაციენტს მექანიკური სარქველი აქვს. ასეთ პირებში ბაქტერიები, რომლებიც ენდოკარდიტს იწვევენ, ხშირად ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულები არიან. საქმე ის არის, რომ სარქვლის ჩანაცვლებითი ოპერაციის წინ პაციენტებს ინფექციის საპროფილაქტიკოდ ანტიბიოტიკები ეძლევათ და თუ ამ დროს რომელიმე ბაქტერია გადარჩა და შემდეგ ენდოკარდიტი გამოიწვია, ის, სავარაუდოდ, რეზისტენტული იქნება ანტიბიოტიკების მიმართ. რეზისტენტობის მეორე მიზეზად სახელდება ხელოვნურ, იმპლანტირებულ მასალაზე არსებული ბაქტერიის მკურნალობის სირთულე ბუნებრივ სარქველთან შედარებით.

თუ ანტიბიოტიკოთერაპია უეფექტოა, ან სარქვლიდან უკუმიმართულებით ბევრი სისხლი იჟონება, ან როცა თანდაყოლილი დეფექტის გამო გულის საკნები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევაც. ოპერაციული მკურნალობა მოიცავს დაზიანებული სარქვლის აღდგენას ან გამოცვლას, ვეგეტაციების მოცილებას, აბსცესის დრენირებას მისი არსებობის შემთხვევაში. გასათვალისწინებელია, რომ დაზიანებული სარქვლით გამოწვეული გულის უკმარისობა შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.