ლიმფური სისტემის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ლიმფური სისტემის დაავადებები
  2. გულისა და სისხლძარღვების დაავადებები
ლიმფური სისტემის დაავადებები

ვენური სისტემის მსგავსად, ლიმფურ სისტემას მთელ სხეულში გადააქვს სითხე. ლიმფური სისტემა შედგება თხელკედლიანი ლიმფური ძარღვებისგან, ლიმფური კვანძებისა და ორი შემგროვებელი სადინრისგან. ლიმფური ძარღვები განლაგებულია მთელ სხეულში, უფრო განიერია, ვიდრე კაპილარები და უმრავლესობა უფრო მცირე ზომისა, ვიდრე ყველაზე პატარა ვენები. ლიმფური ძარღვების უმრავლესობას, ვენების მსგავსად, სარქვლები აქვს, რომელთა საშუალებით ხდება ლიმფის (შეუძლია შენადედის წარმოქმნა) გადაადგილება ერთი მიმართულებით (გულისკენ). ლიმფური ძარღვები მთელ სხეულში ახდენენ კაპილარებიდან ქსოვილებში დიფუზიით გადასული სითხის დრენირებას. სითხე შეიცავს ცილას, მინერალებს, საკვებ ნივთიერებებს და ქსოვილების მკვებავ სხვა ნივთიერებებს. სითხის უმეტესობა რეაბსორბირდება კაპილარების მიერ. დანარჩენი სითხე კი (ლიმფა) უჯრედების გარშემო არსებული სივრცეებიდან ლიმფურ ძარღვებში გადადის, იქიდან კი ვენებში. გარდა ამისა, ლიმფური ძარღვები ქსოვილოვანი სითხიდან აგროვებს და გადააადგილებს დაზიანებულ უჯრედებს, სიმსივნურ უჯრედებს და უცხო ნაწილაკებს (როგორიცაა ბაქტერია, ვირუსი).

მთელი ლიმფა გაივლის სტრატეგიულ ადგილებში მდებარე ლიმფურ კვანძებს, რომლებიც ლიმფიდან დაზიანებულ უჯრედებს, სიმსივნურ უჯრედებს და უცხო ნაწილაკებს ფილტრავს. ლიმფური კვანძი წარმოქმნის განსაკუთრებულ სისხლის უჯრედებს, რომლებიც შთანთქავს ან ანადგურებს დაზიანებულ და სიმსივნურ უჯრედებს, ინფექციურ მიკრორგანიზმებს, უცხო ნაწილაკებს. ამრიგად, ლიმფური სისტემის მნიშვნელოვანი ფუნქციაა ორგანიზმში დაზიანებული უჯრედების უვნებელყოფა, ინფექციისა და სიმსივნის გავრცელების შეფერხება.

ლიმფური ძარღვები ჩაიწრიტება შემგროვებელ სადინარებში, რომლებიც იხსნება ლავიწის ქვეშ მდებარე ორ ლავიწქვეშა ვენაში. ეს ვენები ერთდება და წარმოქმნის დიდი ზომის ვენას – ზემო ღრუვენას, რომელსაც სისხლი სხეულის ზედა ნაწილიდან მიაქვს გულში.

ლიმფური სისტემა შეიძლება ვერ ფუნქციონირებდეს ადეკვატურად, თუ სხეულში სითხის ჭარბი რაოდენობაა დაგროვებული ან ლიმფური ძარღვები, ან კვანძებია დაზიანებული, ან ამოღებული ოპერაციული ჩარევის დროს, ან დახშულია სიმსივნის ზეწოლის გამო, ან ანთებითი პროცესის დროს.