როდის ვინახულო ექიმი | მკურნალი.გე
  1. როდის ვინახულო ექიმი
  2. მაქსიმალური სარგებლობის მიღება სამედიცინო მომსახურებისას(საფუძვლები)
  3. საფუძვლები
როდის ვინახულო ექიმი

გეგმური ვიზიტები: ყველა ადამიანი ხვდება თავის ექიმს, დანტისტს, ოფთალმოლოგს რიგითი, გეგმური ვიზიტის დროს პრევენციული ღონისძიებებისთვის. ქალები რუტინულად უნდა ხვდებოდნენ პირველადი ჯანდაცვის ექიმს ან გინეკოლოგს გინეკოლოგიური გამოკვლევისთვის. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნუსხა – რა სახის მეთვალყურეობა არის საჭირო, აგრეთვე, განრიგი – რა სიხშირით არის საჭირო ვიზიტები პირველადი ჯანდაცვის ექიმთან. ჩვეულებრივ, ბავშვები და მოხუცები უფრო ხშირად საჭიროებენ პრევენციული ხასიათის ვიზიტებს. სიხშირე, აგრეთვე, დამოკიდებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგალითად, დიაბეტით ან გულის დაავადებით შეპყრობილ, ან მათი განვითარების რისკის ფაქტორების მქონე პირების შემოწმება შედარებით ხშირად არის საჭირო.

პრობლემასთან დაკავშირებული ვიზიტები: როდესაც პრევენციულ ვიზიტებს შორის პერიოდში პაციენტს გამოაჩნდება რაიმე სიმპტომი ან სამედიცინო პრობლემა, ის ყოველთვის არ არის დარწმუნებული, სჭირდება თუ არა ექიმთან ვიზიტი. ბევრი სიმპტომი და პრობლემა შეიძლება მოგვარდეს სახლის პირობებშიც. მაგალითად, უბრალო გაციება ხშირად არ მოითხოვს ექიმის ყურადღებას. პატარა ჭრილობის ან ნაფხაჭნის მოვლა შეიძლება გაწმენდით, შემდეგ კი ანტიბიოტიკის შემცველი მალამოს და დამცავი საფენის გამოყენებით.

ზოგიერთი დაავადების მქონე პირებმა ექიმი უნდა მოინახულონ მაშინვე, როგორც კი ახალი სიმპტომი გამოაჩნდებათ. მაგალითად, ფილტვების ქრონიკული დაავადებისას (როგორიცაა ბრონქული ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), თუ პაციენტს დაეწყო სუნთქვის გაძნელება, ან იმუნური სისტემის სისუსტისას – ცხელება, გადაუდებლად არის საჭირო ექიმის მონახულება. იმუნური სისტემის სისუსტე შეიძლება აღინიშნოს დიაბეტის დროს, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაინფიცირებისას, ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას, აგრეთვე, სხვა გარემოებებისას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ექიმთან ვიზიტის აუცილებლობაში, მან რჩევისთვის უნდა მიმართოს პირველადი ჯანდაცვის ექიმს. ზოგჯერ ექიმთან დაკავშირება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით, თუ მდგომარეობა გადაუდებელ დახმარებას არ მოითხოვს. სხვები ტელეფონით კონტაქტს არჩევენ. ექიმს ყოველთვის არ შეუძლია ზუსტად განუსაზღვროს პაციენტს, როდის არის საჭირო ვიზიტი და როდის არა, ვინაიდან სიმპტომები ზოგჯერ უაღრესად ცვალებადია; ამასთან, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულმა სიმპტომებმა შეიძლება ერთმანეთი გადაფაროს. ამავე დროს, ზოგიერთი სიმპტომის აღმოცენება აცილებლად მოითხოვს ექიმთან დარეკვას.

ვიზიტები გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში: საერთოდ, გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას უნდა მივმართოთ 911-ს ან ადგილობრივ სასწრაფო დახმარების სამსახურს ამბულატორიული დახმარების აღმოსაჩენად უახლოეს საავადმყოფოში. ამავე დროს, იმისი გადაწყვეტა, მოითხოვს თუ არა სიტუაცია გადაუდებელ დახმარებას, ზოგჯერ საკმაოდ რთულია, ვინაიდან სიმპტომები იცვლება. ამიტომაც, შეძლებისდაგვარად, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობებისთვის (მაგალითად, ინფარქტი, ინსულტი) დამახასიათებელი სიმპტომების წინასწარ დასწავლა სასარგებლოა, ვინაიდან სწორი გადაწყვეტილების მიღება ხშირად სასწრაფოდ არის საჭირო. თუ სავარაუდოა, რომ სახეზეა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, პაციენტმა უნდა მიმართოს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებას. ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს ვიზიტს გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში:

  • გულის ინფარქტის ნიშნები;

  • ინსულტის ნიშნები;

  • სუნთქვის გაძნელება;

  • მძიმე სისხლდენა;

  • დამწვრობა ღია ზედაპირით ან ბუშტუკები კანის დიდ არეზე, ან დაზიანებული ზედა კიდურები, სახე, ქვედა კიდურები, შორისის არე;

  • მძიმე ტრავმა (როგორიცა საავტომობილო კატასტროფა);

  • მოწამვლა, რომელიც განაპირობებს სიმპტომებს (თუ სიმპტომები მცირედ არის გამოხატული ან სულაც არ აღინიშნება, მიმართეთ რჩევისთვის მოწამვლების ცენტრს);

  • მძიმე ალერგიული რეაქციები;

  • შოკი;

  • უეცრად აღმოცენებული ძლიერი ტკივილი სხეულის რომელიმე არეში;

  • ღებინება სისხლით ან ამოხველება სისხლის შედარებით დიდი რაოდენობით (რამდენიმე ზოლი ნახველში);

  • სერიოზული ქრონიკული დაავადების (ასთმა ან დიაბეტი) უეცარი მკვეთრი გაუარესება.

  • გადაუდებელი თერაპიის განყოფილებისთვის მიმართვა შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი პრობლემის არსებობისას მიზანშეწონილია, თუ პირველადი ჯანდაცვის ექიმი არ არის ხელმისაწვდომი, მაგალითად კვირის ბოლოს ან ღამით. ზოგჯერ, იმისათვის, რომ ანაზღაურდეს ვიზიტი გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში, ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის ექიმთან ტელეფონით დაკავშირების აუცილებლობა, თუნდაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა აღინიშნებოდეს. პაციენტმა უნდა იცოდეს მისი სადაზღვევო პაკეტის მოთხოვნები იმ შემთხვევებისთვის, როცა სახეზეა გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა.