რეაბილიტაცია ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებათა დროს | მკურნალი.გე
  1. რეაბილიტაცია ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებათა დროს
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
რეაბილიტაცია ფილტვისა და სასუნთქი გზების დაავადებათა დროს

ფილტვების (პულმონური) რეაბილიტაციის პროგრამა სჭირდებათ სასუნთქი სისტემის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულ ადამიანებს. პროგრამის მთავარი მიზანია, პაციენტებს საშუალება მისცეს, მიაღწიონ და შეინარჩუნონ დამოუკიდებლობისა და ფუნქციონირების მაღალი დონე. მიუხედავად იმისა, რომ რეაბილიტაციის პროგრამების ძირითადი ნაწილი ფოკუსირებულია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით დაავადებულ ადამიანებზე, სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებებით შეპყრობილ პირებსაც შეუძლიათ ამ პროგრამით სარგებლობა. ასაკი არ არის შეზღუდული, პროგრამა მრავალ ქვეყანაში მოქმედებს 70 წელს ზემოთ პირებისათვისაც.

პულმონური რეაბილიტაციის პროგრამებს შეუძლიათ პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება ქოშინის შემცირების, ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის გაზრდის, კარგად ყოფნის შეგრძნების ხელშეწყობის, და აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალიზაციის სიხშირის შემცირების საშუალებით. თუმცა, ამ პროგრამებს არ შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტების სიცოცხლისუნარიანობა.

სარეაბილიტაციო პროგრამა ხორციელდება ამბულატორიულად ან პაციენტის ბინაზე. ამბულატორიული მომსახურება, როგორც წესი, ხდება სპეციალურ სარეაბილიტაციო ცენტრებში. ამბულატორიულ პროგრამაში ძირითადად ჩართული არიან ის პაციენტები, რომელთაც სასუნთქი სისტემის გართულებული დაავადების გამო ახალი ჩატარებული აქვთ სტაციონარული მკურნალობა. ხშირად ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის იმ დონემდე სტაბილური, რომ გაეწერონ ბინაზე და ამასთანავე, არც ინტენსიური თერაპიული მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებენ. ყველაზე წარმატებულია ის სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელსაც ატარებს სარეაბილიტაციო გუნდი სუნთქვითი ვარჯიშის სპეციალისტის ან ფიზიოთერაპევტის, ექიმის, ექთანის, ფსიქოლოგის ან სოციალური მუშაკის, დიეტოლოგის მონაწილეობით, რომლებიც პაციენტს კოორდინირებულ კომპლექსურ სამედიცინო მომსახურებას უწევენ. უხშირესად პაციენტები პროგრამით სარგებლობენ 8-12 კვირის განმავლობაში. პროგრამის დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია პროგრამის განმავლობაში ნასწავლი პროცედურების კეთება ბინაზე გააგრძელოს, საწინააღმდეგო შემთხვევაში შესაძლოა მიღწეული შედეგი დაიკარგოს.

დამხმარე რესპირატორული მკურნალობის გამოყენება, რაც მოიცავს ოქსიგენოთერაპიას და გულმკერდის ფიზიოთერაპიას, შესაძლოა, სარეაბილიტაციო პროგრამასთან ერთად ჩატარდეს. ზემოთ აღნიშნული რესპირატორული მკურნალობა შეიძლება დაენიშნოთ იმ პაციენტებსაც, რომლებიც არ არიან ჩართული სარეაბილიტაციო პროგრამაში, მაგრამ აქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება (მაგალითად, კისტური ფიბროზი ან ბრონქოექტაზია) ან სასუნთქი სისტემის რაიმე მწვავე დაავადება (მაგალითად, პნევმონია).