1. პნევმონია (ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები)
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
პნევმონია (ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები)

პნევმონია ფილტვების ჰაერის შემცველი მცირე ზომის ბუშტუკების (ალვეოლების) და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილის ანთებაა.

  • პნევმონია სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია მთელ მსოფლიოში;

  • ხშირად პნევმონია არის საბოლოო დაავადება იმ ადამიანებში, რომელთაც აქვთ სხვა, მძიმე, ქრონიკული დაავადებები;

  • პნევმონიის ზოგიერთი ტიპი შესაძლოა ავირიდოთ თავიდან იმუნიზაციის საშუალებით.

  • აშშ-ში, ყოველწლიურად 2-3 მილიონ ადამიანს უვითარდება პნევმონია და მათგან 45000 კვდება. მსოფლიო მასშტაბით პნევმონია მეექვსე ადგილზეა სიკვდილიანობის მიხედვით და ჰოსპიტალში შეძენილი ყველაზე ხშირი, ფატალური ინფექციაა. განვითარებად ქვეყნებში პნევმონია სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია ან მეორეა, ძლიერი დიარეის შედეგად განვითარებული დეჰიდრატაციის შემდეგ.
  • გარემო, სადაც განვითარდა პნევმონია, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მახასიათებელია, რომლის ცოდნაც მნიშვნელოვანია ექიმისთვის. პნევმონია შეიძლება განვითარდეს იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობს ადამიანი (საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია), სტაციონარში (ჰოსპიტალური პნევმონია) ან სხვა დახურული ტიპის დაწესებულებაში, როგორიცაა მაგალითად მოვლის ტიპის დაწესებულებები. გარემო ხშირად გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ სავარაუდოდ რა ტიპის ინფექციური აგენტია პნევმონიის გამომწვევი. მაგალითად საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია უფრო ხშირად გამოწვეულია Streptococcus pneumonia-ს მიერ. ჰოსპიტალური პნევმონია, სავარაუდოა, გამოწვეული იყოს Staphylococcus aureus და გრამუარყოფითი ბაქტერიებით, როგორიცაა Klebsiella pneumniae ან Pseudomonas aeruginosa. პნევმონიის მიმდინარეობა (სიმძიმე) დამოკიდებულია გამომწვევ აგენტზე და შესაბამისად განსხვავდება მკურნალობაც (მაგ.: ჩატარდება მკურნალობა პერორალურად ტაბლეტებით სახლში თუ ინტრავენური მკურნალობა გახდება საჭირო ჰოსპიტალში).
  • სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებელია – ჯანმრთელ პირს განუვითარდა პნევმონია თუ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონეს. განსაზღვრული მედიკამენტები (როგორიცაა ორალური ან ინტრავენური სტეროიდები) აუარესებენ იმუნურ სისტემას, ისევე როგორც ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა შიდსი ან სიმსივნური პათოლოგიები. ზოგჯერ იმუნური სისტემა სუსტდება მძიმე დაავადებების მწვავე ან ქრონიკული მიმდინარეობისას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. ადამიანი, რომელსაც აქვს სუსტი იმუნური სისტემა, ადვილად ავადდება პნევმონიით, მათ შორის – იშვიათი ორგანიზმებით გამოწვეული პნევმონიით. ასეთ ადამიანებში მკურნალობაზე ორგანიზმის პასუხი არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც კარგი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.
  • მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობენ პმევმონიის განვითარებას, არის ალკოჰოლიზმი, თამბაქოს მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ახალშობილობის პერიოდი და ხანდაზმული ასაკი, საშუალოზე მაღალ რისკს მიეკუთვნება.

მიზეზები

პნევმონია არ არის ერთი ცალკე დაავადება, ის გამოწვეულია სხვადასხვა მიკროორგანიზმით – ბაქტერიით, ვირუსით, სოკოთი ან პარაზიტით. როგორც წესი, პნევმონია იწყება ფილტვებში მიკროორგანიზმების ჰაერწვეთოვანი გზით მოხვედრის შემდეგ. თუმცა ზოგჯერ ინფექცია ფილტვებში ხვდება სისხლის მიმოქცევის გზით ან პირდაპირ, ახლოს მდებარე ინფექციური კერიდან. პნევმონია შესაძლოა განვითარდეს ოპერაციული ჩარევის შემდეგ, განსაკუთრებით მუცლის ღრუს ოპერაციის შემდგომ, ტრავმის შედეგად, განსაკუთრებით გულმკერდის ტრავმისას, ვინაიდან ამ დროს სუნთქვა ზედაპირულია, ხველის უნარი დაქვეითებულია და გროვდება ლორწო. რაღა თქმა უნდა, რისკის ქვეშ არიან მწოლიარე პაციენტები, პარალიზებულები, ცნობიერების გარეშე მყოფები, ვინაიდან მათში დაქვეითებულია ხველის რეფლექსი და სუნთქვა შესაძლოა იყოს ზედაპირული. ზოგჯერ პნევმონია ვითარდება პირის ღრუდან სასუნთქ გზებში მცირე ზომის ნარჩენების გადასვლის გამო – ასპირაციული პნევმონია; ანდა რაიმე მიზეზით ჰაერგამტარი გზების დახშობისას (მაგ.: ფილტვებში ბრონქიოლის დახშობა სიმსივნის გამო) ადგილი აქვს ობსტრუქციის (დახშობის) შემდგომ ზონაში ბაქტერიების დაგროვებას – ამას ობსტრუქციული პნევმონია ეწოდება.

სიმპტომები

პნევმონიის დამახასითებელი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ხველა ნახველის წარმოქმნით. სხვა სიმპტომებია: ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, შემცივნება, სუნთქვის უკმარისობა. ეს სიმპტომები შეიძლება ცვალებადობდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად მძიმედ მიმდინარეობს დაავადება და რომელია გამომწვევი აგენტი.

სიმპტომები განსაკუთრებით ცვალებადობს მცირე ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში. შესაძლოა, არ იყოს გამოხატული ცხელება. ზოგჯერ არ აღინიშნება ტკივილი გულმკერდის არეში ან პაციენტებს არ შეუძლიათ მისი გადმოცემა. ზოგჯერ ერთადერთი სიმპტომია სუნთქვის გახშირება ან საკვებზე უარის თქმა. ხანდაზმულებს შესაძლოა უეცრად განუვითარდეთ ცნობიერების დაბინდვა.

გართულებები: მძიმე მიმდინარეობის პნევმონიის დროს ჟანგბადის მოხვედრა სისხლის ნაკადში გაძნელებულია, შედეგად პაციენტებს აღენიშნებათ ჰაერის უკმარისობა. ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება იყოს.

ზოგიერთი მიმდინარეობის პნევმონიის დროს ვითარდება ფილტვების აბსცესი ან ჩირქი გროვდება ფილტვის გარშემო თავისუფლად, რასაც ეწოდება ემპიემა.

დიაგნოზი

ექიმი ან ექთანი პნევმონიაზე ეჭვის დროს ახდენს გულმკერდის აუსკულტაციას (მოსმენას) ფონენდოსკოპით. პნევმონიის დროს წარმოიქმნება განსხვავებული, დამახასიათებელი ხმიანობა. ეს პათოლოგიური ხმიანობა ვითარდება ჰაერგამტარი გზების შევიწროების ან ფილტვის ქსოვილის გამკვრივების გამო, რაც ნორმაში ჰაერით სავსე ფილტვის წილების ანთებითი უჯრედებით და სითხით ამოვსების შედეგია. უმრავლეს შემთხვევებში პნევმონიის დიაგნოზი დასტურდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით.

პაციენტებში, რომელთაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალიზაცია მძიმე მდგომარეობის გამო, ხშირად ექიმები ატარებენ ნახველის, სისხლის და შარდის ნიმუშის ბაქტერიოლოგიურ (კულტუროლოგიურ) კვლევას პნევმონიის გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიკაციის მიზნით. ნახველის ნიმუშის ასაღებად ხშირად გამოიყენება ინჰალაცია, რომლის დროსაც პაციენტს ეწყება ძლიერი ხველა (ნახველის გამოყოფა) ან თავსდება ბრონქოსკოპი ჰაერგამტარ გზებში. ძლიერი ხველით გამოწვეული და განსაკუთრებით კი ბრონქოსკოპით მიღებული ნახველის ნიმუში ნაკლებად შეიცავს ნერწყვს და მეტია მასში პნევმონიის გამომწვევი ორგანიზმის იდენტიფიცირების შანსი, ვიდრე ჩვეულებრივი ხველით ამოღებული ნახველის შემთხვევაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომწვევი მიკროორგანიზმის დადგენა მძიმე პაციენტებში, მათში, ვისთანაც იმუნური სისტემა არ არის ნორმალური ან მკურნალობაზე არ აქვთ შესაბამისი შედეგი. თუმცაღა, მიუხედავად ამ კვლევებისა, პნევმონიით დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობაში საბოლოოდ ვერ ხერხდება გამომწვევის ზუსტი დადგენა.

პრევენცია

პნევმონიის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაა. ვაქცინები ნაწილობრივ იცავენ ადამიანს პნევმოკოკური პნევმონიის (Streptococcus pneumonia-ს მიერ გამოწვეული) განვითარებისაგან და თითქმის 100%-ით – Haemophilus influenza ბაქტერიით გამოწვეული პნევმონიის განვითარებისაგან. ვაქცინის მიერ გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონიის პრევენცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ვაქცინაში გამოყენებული შტამები მიმდინარე წელს გაჩენილ ეპიდემიურ შტამს. ვაქცინაციის შედეგები ძალიან კარგი იყო 9 სეზონზე ბოლო 10 წლის განმავლობაში. ვაქცინაცია ასევე იცავს ჩუტყვავილათი გამოწვეული პნევმონიისგან.

ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები და სეკრეტისგან გასასუფთავებელი მკურნალობა თავიდან გვარიდებს პნევმონიის განვითარებას მაღალი რისკის მქონე ადამიანებში – გულმკერდისა და მუცლის ღრუზე ჩატარებული ოპერაციების შემდგომ პერიოდში და დაუძლურებულებში.

მკურნალობა

პნევმონიით დაავადებულ პაციენტებს ესაჭიროებათ სეკრეტისგან განთავისუფლება და ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები. იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჰაერის უკმარისობა ან ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი სისხლში, ეძლევათ დამატებით ჟანგბადი. მიუხედავად იმისა, რომ მოსვენება არის მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რეკომენდებულია ხშირი მოძრაობა და წამოჯდომა.

როგორც წესი, ანტიბიოტიკოთერაპია იწყება ბაქტერიულ პნევმონიაზე ეჭვის გაჩენისთანავე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამომწვევი ორგანიზმი იდენტიფიცირებული. ანტიბიოტიკების დაუყოვნებელი გამოყენება ამცირებს პნევმონიის მიმდინარეობის სიმძიმეს და მოსალოდნელ გართულებებს, რომელთა ნაწილსაც შეუძლია სიკვდილის გამოწვევა.

ანტიბიოტიკის შერჩევისას ექიმები ითვალისწინებენ სავარაუდო გამომწვევ მიკროორგანიზმს. შესაძლებელია მოგვიანებით სხვა ანტიბიოტიკის დამატება გამომწვევის იდენტიფიცირებისა და მასზე მოქმედი ანტიბიოტიკის გამოვლენის შემდეგ. ხშირად, როდესაც პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე და შეუძლიათ მიიღონ ორალური ანტიბიოტიკები, მკურნალობა ტარდება ბინაზე. ხანდაზმულებში, მცირეწლოვან ბავშვებში, სუნთქვის უკმარისობის მქონეებში, ძლიერ დაუძლურებულებში და გულისა და ფილტვების დაავადებების მქონეებში, საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია და ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპია. მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ხდება ორალურ ანტიბიოტიკებზე გადასვლა. ასეთ პაციენტებს შესაძლოა დამატებით დასჭირდეთ ჟანგბადის მიწოდება, ინტრავენურად სითხეების გადასხმა, ხოლო ძლიერი დაუძლურების შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენებაც.

ვირუსული პნევმონიების შემთხვევაში ანტიბიოტიკების გამოყენება არაეფექტურია. თუმცაღა, ანტიბიოტიკები ეძლევა პაციენტს ვირუსული პნევმონიისას, თუ სავარაუდოა, რომ მას მოჰყვება ბაქტერიული ინფექციები, როგორც ეს ხდება რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის შემთხვევაში მცირეწლოვნებში, აგრეთვე ზოგჯერ გრიპის ვირუსის დროს, იმ ადამიანებში, რომელთაც ადვილად ემართებათ პნევმონია.