ფილტვების აბსცესი | მკურნალი.გე
  1. ფილტვების აბსცესი
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ფილტვების აბსცესი

ფილტვების აბსცესი ეს არის ჩირქით ამოვსებული ღრუ ფილტვის ქსოვილში, რომელიც გარშემორტყმულია ანთებითი ქსოვილით და გამოწვეულია ინფექციით.

  • ფილტვების აბსცესი, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიით, რომელიც ნორმაში ცხოვრობს პირის ღრუში და ფილტვებში ჩასუნთქვის გზით ხვდება;

  • სიმპტომები მოიცავს: საერთო სისუსტეს, უმადობას, ოფლიანობას, ცხელებას, ხველას ნახველის გამოყოფით;

  • დიაგნოზი ეფუძნება გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას;

  • პაციენტებს ესაჭიროებათ ანტიბიოტიკების მიღება რამდენიმე კვირის განმავლობაში, სანამ აბსცესი არ გაიწოვება.

მიზეზები

ფილტვების აბსცესი, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიით, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობს პირის ღრუში ან ხახაში და ინჰალაციის გზით ხვდება ფილტვებში, სადაც იწვევს ინფექციურ პროცესს. ხშირად ღრძილების დაავადებებია (პერიოდონტური) ბაქტერიების წყარო, რომელიც იწვევს ფილტვების აბსცესს. ორგანიზმს აქვს თავდაცვის მრავალი მექანიზმი, მათ შორის ხველა, რათა მოახდინოს ბაქტერიის ფილტვებში მოხვედრის პრევენცია. ინფექცია ვითარდება პირველადად, როდესაც ადამიანი უგონოდაა ან აქვს ძილიანობა სედაციის, ანესთეზიის, ალკოჰოლის ან აკრძალული ნივთიერების გამოყენების შედეგად ან აღენიშნება ნერვული სისტემის დაავადებები. ადამიანებში, რომელთა იმუნური სისტემის ფუნქცია დაქვეითებულია, ფილტვების აბსცესი შესაძლოა გამოწვეული იყოს ისეთი ორგანიზმებით, რომლებიც არ ცოცხლობენ პირის ღრუსა და ხახაში, როგორიცაა სოკო და Mycobacterium tuberculosis (ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია). ფილტვის აბსცესის სხვა გამომწვევია Staphylococcus aureus ისევე, როგორც მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი, რომელიც იწვევს სერიოზულ ინფექციებს. ეს ძირითადად ხდება მანამდე ჯანმრთელ ახალგაზრდებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით გრიპის დროს.

ჰაერგამტარი გზების დახშობა ასევე იწვევს აბსცესის განვითარებას. ბრონქების განშტოებების დაბლოკვა სიმსივნით ან უცხო სხეულით იწვევს აბსცესის განვითარებას სიმსივნის მიერ დახშობილ ზონაში სეკრეტის (ლორწოს) დაგროვების გამო. ზოგჯერ ბაქტერია მრავლდება ამ სეკრეტში. ობსტრუქცია (დახშობა) ხელს უშლის ბაქტერიით დაბინძურებული სეკრეტის ამოხველებას ჰაერგამტარი გზებიდან.

უფრო იშვიათად აბსცესი ყალიბდება მაშინ, როცა ორგანიზმის სხვა ინფიცირებული არიდან ბაქტერიები ან დაინფიცირებული სისხლის კოლტი სისხლის მეშვეობით მიიტანება ფილტვში (სეპტიკური პულმონური ემბოლია).

როგორც წესი, ასპირაციის ან ჰაერგამტარი გზების ობსტრუქციის შედეგად ადამიანებს უვითარდებათ ფილტვის ერთი აბსცესი. თუ მრავალი აბსცესი განვითარდა, ისინი მაინც ერთ ფილტვში მდებარეობს. ხოლო თუ აბსცესის განვითარების მიზეზი სისხლით მიტანილი ინფექციაა, შეიძლება ჩამოყალიბდეს მრავალი გაფანტული აბსცესი ორივე ფილტვში. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ნარკომანებში, რომლებიც იყენებენ დაბინძურებულ შპრიცებს და არასტერილურ მეთოდებს.

საბოლოოდ, აბსცესთა უმრავლესობა სკდება და იხსნება ჰაერგამტარ გზებში, შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახველი. გამსკდარი აბსცესი ტოვებს ღრუს ფილტვში, რომელიც ივსება სითხითა და ჰაერით. ღრუ შესაძლოა გახდეს ფილტვის უმოქმედო ზონა ან საჭირო გახდეს მისი ქირურგიული მოცილება. ზოგჯერ აბსცესი სკდება ფილტვსა და გულმკერდის კედელს შორის არსებულ სივრცეში (პლევრა), ავსებს მას ჩირქით და ყალიბდება ემპიემა. ძალიან იშვიათად, თუ აბსცესი დააზიანებს სისხლძარღვს, იწყება მასიური სისხლდენა.

სიმპტომები

სიმპტომები ხშირად ნელა ვლინდება. თუმცა აბსცესის გამომწვევი მიზეზის გათვალისწინებით შესაძლოა სწრაფადაც გამოვლინდეს. ადრეული ნიშნები ჰგავს პნევმონიის სიმპტომებს: საერთო სისუსტე, უმადობა, ოფლიანობა, ცხელება, ხველა ნახველით. ნახველი შესაძლოა იყოს მყრალი სუნით (ვინაიდან პირის ღრუსა და ხახაში არსებულ ბაქტერიებს ახასიათებთ ცუდი სუნის წარმოქმნა) ან სისხლის მინარევით. ავადმყოფებს ასევე შეიძლება აღენიშნებოდეთ სუნთქვის დროს გულმკერდში ტკივილი, განსაკუთრებით, თუკი ფილტვების გარეთა და გულმკერდის შიგნითა გარსებს შორის ანთებაა (პლევრიტი).

მრავალ ადამიანს აქვს ეს სიმპტომები კვირებისა და თვეების განმავლობაში, სანამ მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. პაციენტებს აქვთ ქრონიკული აბსცესები და სხვა სიმპტომებთან ერთად ვითარდება წონის კარგვა, დღისით ტემპერატურის მატება და ღამით ოფლიანობა. თუ ფილტვების აბსცესი გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით ან მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით, მას შესაძლოა ჰქონდეს ფატალური დასასრული რამდენიმე დღეში, ზოგჯერ საათშიც კი.

დიაგნოზი

გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით თითქმის ყოველთვის ვლინდება ფილტვების აბსცესი. თუმცა აბსცესის რენტგენოლგიური სურათი ზოგჯერ ჰგავს სხვა მდგომარეობებისთვის დამახასიათებელ სურათს, როგორიცაა სიმსივნე, სარკოიდოზი ან ვეგენერის გრანულომატოზი. ზოგჯერ ფილტების აბსცესი მხოლოდ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემდეგ ჩანს. ნახველის ბაქტერიოლოგიური კვლევა საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ აბსცესის გამომწვევი მიკროორგანიზმი, მაგრამ, როგორც წესი, ეს მეთოდი არ არის ეფექტური და მისი ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის, ტუბერკულოზის და სოკოვანი ინფექციების დიაგნოსტირებისათვის.

მკურნალობა

მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკებს. თავდაპირველად ანტიბიოტიკები კეთდება ინტრავენურად და მოგვიანებით პაციენტი გადადის პერორალურ ფორმაზე მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ტემპერატურის დაწევის შემდეგ. ანტიბიოტიკოთერაპია გრძელდება სიმპტომების მოხსნამდე და რენტგენოლოგიურად აბსცესის გაქრობამდე. ასეთი გაუმჯობესება დგება რამდენიმე კვირის ან თვის მანძილზე ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ.

ბრონქოსკოპია მაშინ ტარდება, როდესაც აბსცესის ჩამოყალიბება, სავარაუდოდ, დაკავშირებულია სიმსივნურ პროცესთან ან უცხო სხეულებთან, რომლებიც ჰაერგამტარი გზების დახშობას იწვევენ. იშვიათად საჭირო ხდება ფილტვის აბსცესის დრენირება გულმკერდის კედელში სპეციალური მილის გატარებითა და აბსცესში მოთავსებით ან – ფილტვის ქსოვილის ამოკვეთა ქირურგიული ჩარევით. ზოგჯერ კი ფილტვის მთელი წილის ან მთლიანი ფილტვის მოცილება ხდება საჭირო ოპერაციის გზით.

პაციენტთა უმრავლესობა იკურნება. მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია, როდესაც ადამიანი დაუძლურებულია ან აქვს იმუნური სისტემის დაქვეითება, ფილტვის კიბო ან მრავალი, დიდი ზომის აბსცესი.