1. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ჰაერგამტარი გზების მუდმივი, შეუქცევადი ობსტრუქციაა, რომელიც გვხვდება ემფიზემასთან, ქრონიკულ ბრონქიტთან ან ორივესთან ერთად.

  • თამბაქოს მოხმარება ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, რომელიც იწვევს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას;

  • ადამიანს ეწყება ხველა და საბოლოოდ ვითარდება სუნთქვის უკმარისობა;

  • დიაგნოზი ეფუძნება გულმკერდის რენტგენოგრაფიას და ფილტვების ფუნქციურ ტესტებს;

  • მნიშვნელოვანია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა და იმ მედიკამენტების მიღება, რომლებიც ხელს უწყობენ ჰაერგამტარი გზების შენარჩუნებას გახსნილ მდგომარეობაში;

  • პირებს, რომლებსაც აქვთ მძიმე დაავადება, შესაძლოა დასჭირდეთ სხვა მედიკამენტის მიღება, ჟანგადის მიწოდება ან პულმონური რეაბილიტაციის პროგრამა.

აშშ-ში დაახლოებით 12 მლნ ადამიანს აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ). ის გულის დაავადების შემდეგ მეორე დაავადებაა, რომელიც იწვევს შესაძლებლობების შეზღუდვას და დაავადებულები იძულებულები ხდებიან, თავი დაანებონ მუშაობას. იგი სიკვდილიანობის გამომწვევი დაავადებებიდან სიხშირით მეოთხეა და ამ დაავადებით გარდაცვალება აშშ-ში შეადგენს 120000 ადამიანს წელიწადში. ბოლო 20 წლის მანძილზე ფქოდ-ით გარდაცვალების შემთხვევა გაიზარდა 60%-ით, ხოლო გარდაცვლილთა 95%-ზე მეტი 55 წელზე მეტი ასაკის იყო. ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით მამაკაცები მეტად ავადდებიან, ვიდრე ქალები, მაგრამ ფქოდ გარდაცვალების სიხშირე ორივე სქესში თითქმის თანაბარია. ფქოდ თეთრკანიანებში უფრო ფატალურად მიმდინარეობს, ვიდრე არათეთრკანიანებში და საწარმოში მომუშავეებში მეტად, ვიდრე ოფისში მომუშავეებში.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება იწვევს ჰაერის ნაკადის ქრონიკულ ობსტრუქციას, რომელიც განისაზღვრება როგორც ფილტვებიდან ამოსუნთქული ჰაერის ნაკადის მუდმივი შემცირება. ჰაერის ნაკადის ეს ობსტრუქცია პაციენტთა უმრავლესობაში ნაწილობრივ შექცევადია – მკურნალობით ან თავისთავად – სპონტანურად. ფქოდ მოიცავს ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ემფიზემის დიაგნოზს. მრავალ პაციენტს აქვს ორივე დარღვევა. ქრონიკული ბრონქიტი განისაზღვრება როგორც ხველა, რომლის დროსაც ხდება ნახველის წარმოქმნა რამდენჯერმე თანამიმდევრულად 2 წლის მანძილზე. როდესაც ქრონიკული ბრონქიტი მოიცავს სუნთქვის დარღვევას (ობსტრუქციას), დაავადება კვალიფიცირდება როგორც ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი. ემფიზემა, ეს არის ალვეოლების კედლების გავრცელებული და შეუქცევადი დაზიანება და მრავალი ალვეოლის გაფართოება.

ფილტვების წვრილი ჰაერგამტარი გზები (ბრონქიოლები) შეიცავენ გლუვ კუნთებს და ნორმაში ინარჩუნებენ ღია მდგომარეობას ალვეოლის კედლებზე მიმაგრების გზით. ემფიზემის შემთხვევაში ალვეოლის კედელთან მიმაგრების დარღვევა იწვევს ბრონქიოლის კედლის კოლაფსს, შედეგად – ჰაერის ნაკადის პერმანენტულ ობსტრუქციას. ქრონიკული ბრონქიტის დროს, შედარებით მსხვილი ჰაერგამტარი გზების (ბრონქები) ამომფენი ჯირკვლები ზომაში იზრდება და მატულობს მათ მიერ ლორწოს გამომუშავება. ვითარდება ბრონქიოლების ანთება, რაც იწვევს გლუვი კუნთის შეკუმშვას (სპაზმს), შემდგომ კი – ჰაერის ნაკადის დახშობას. ანთების შედეგად ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია გამოწვეულია სეკრეტის დაგროვებითაც. ასთმა ასევე ხასიათდება ჰაერის ნაკადის დახშობით, თუმცა ფქოდ-ის დროს განვითარებული ობსტრუქციისგან განსხვავებით, ასთმის დროს პაციენტთა უმრავლესობაში ჰაერის ნაკადის დახშობა სრულად შექცევადია, მკურნალობით ან თავისთავად – სპონტანურად.

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ჰაერის ნაკადის ობსტრუქციის შედეგად ფილტვებში სრული ამოსუნთქვის შემდეგ რჩება ჰაერი და ორგანიზმს მეტი ძალისხმევა სჭირდება სუნთქვისთვის. ალვეოლების კედლებში კაპილარების რაოდენობა იკლებს. ეს ცვლილებები იწვევს ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ცვლის დარღვევას ალვეოლასა და სისხლს შორის. ფქოდ-ის ადრეულ სტადიაზე ჟანგბადის დონე სისხლში შესაძლოა დაქვეითდეს, მაგრამ ნახშირორჟანგის მაჩვენებელი ნორმაშია. მოგვიანებით სტადიაზე, ნახშირორჟანგის დონე იზრდება და ჟანგბადის დონე იკლებს.

ჟანგბადის მაჩვენებლის დაქვეითება სისხლში იწვევს ძვლის ტვინის სტიმულირებას, გადაისროლოს სისხლის წითელი უჯრედის მეტი რაოდენობა სისხლის მიმოქცევაში, ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც მეორეული პოლიციტემია. სისხლში ჟანგბადის დაქვეითება ასევე იწვევს იმ არტერიაში წნევის მატებას, რომელსაც სისხლი მიაქვს გულიდან ფილტვებში (ფილტვის არტერია). გაზრდილი წნევის შედეგად შესაძლოა განვითარდეს პულმონური ჰიპერტენზია და ფილტვისმიერი გული. ფქოდ-ით დაავადებულ პირებს აქვთ გულის რიტმის დარღვევის მომატებული რისკი (არითმიები). ფქოდ-ის მქონე მწეველებში ფილტვის კიბოს განვითარების რისკი მეტად მაღალია, ვიდრე მხოლოდ მწეველებში.

მიზეზები

თამბაქოს მოხმარება ფქოდ-ის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მწეველთა მხოლოდ 15%-ს უვითარდება დაავადება. ჩიბუხისა და სიგარის მწეველებს არამწეველებზე ხშირად უვითარდებათ ფქოდ, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც სიგარეტის მწეველებს. ასაკის მატებათან ერთად, მიდრეკილების მქონე მწეველებს ფილტვის ფუნქცია უქვეითდებათ უფრო სწრაფად, ვიდრე არამწეველებს. თამბაქოს მოწევის მიტოვების შემთხვევაში ფილტვების ფუნქცია მხოლოდ მცირედ უმჯობესდება. ფილტვების ფუნქციის გაუარესების სიხშირე თამბაქოს მიტოვების შემთხვევაში უთანაბრდება არამწველების ვარიანტს, ასე რომ, სიმპტომების განვითარება და პროგრესირება ფერხდება.

ფქოდ ზოგჯერ უფრო ხშირად გვხვდება გარკვეულ ოჯახებში, ამიტომ შესაძლოა არსებობდეს მემკვიდრეობითი მიდრეკილება დაავადებისადმი. მუშაობა ქიმიური ნივთიერებითა და მტვრით დაბინძურებულ გარემოში ზრდის ფქოდ-ის განვითარების რისკს. ჰაერის დამაბინძურებლებთან და მწეველების გამონაბოლქვთან (პასიური მწეველობა) ახლოს ყოფნა შესაძლოა იწვევდეს ფქოდ-ს (და ასევე აუარესებს დაავადების მიმდინარეობას).

ფქოდ-ის იშვიათი მიზეზია მემკვიდრეობითი დაავადება, როდესაც ორგანიზმი გამოიმუშავებს პროტეინ ალფა-1-ანტიტრიფსინს მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობით. ამ ცილის ძირითადი ფუნქციაა მოახდინოს ნეიტროფილის ელასტაზას (სისხლის თეთრ უჯრედებში არსებული ენზიმი) მიერ ალვეოლის დაზიანების პრევენცია. შედეგად ემფიზემა ვითარდება ადრეულ შუახნის ასაკის პაციენტებში ალფა-1-ანტრიფსინის მძიმე დეფიციტით (ასევე ეწოდება ალფა-1-ანტიპროტეაზას ინჰიბიტორის დეფიციტი), განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც ეწევიან.

სიმპტომები

პირებში ფქოდ-ით მსუბუქი ხველა გამჭვირვალე ნახველით ჩნდება დაახლოებით 45 წლის ასაკისთვის. ხველა იწყება დილას პაციენტის საწოლიდან ადგომის შემდეგ. ხველა და ნახველის გამოყოფა შეუპოვარი და ქრონიკულია. სუნთქვის უკმარისობა აღინიშნება ფიზიკური დატვირთვისას. ზოგჯერ, სუნთქვის უკმარისობა პირველად ჩნდება ფილტვების ინფექციის შემდეგ, როდესაც პაციენტი ბევრს ახველებს და ნახველის რაოდენობა გაზრდილია. ნახველის ფერი იცვლება და გამჭვირვალე ან თეთრის ნაცვლად ხდება მოყვითალო ან მომწვანო. 60 წლისა და ცოტა მეტი ასაკისთვის ამ პაციენტებს თამბაქოს მოხმარების გაგრძელების შემთხვევაში სუნთქვის უკმარისობა ფიზიკურ დატვირთვაზე უფრო შემაწუხებელი უხდებათ. შედარებით ხშირია პნევმონიისა და სხვა ინფექციური დაავადებების განვითარება, რომლის დროსაც სუნთქვის უკმარისობა ვითარდება მოსვენებულ მდგომარეობაში და შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაციაც. სუნთქვის უკმარისობა ყოველდღიური აქტივობების დროს, როგორიცაა: პირადი ჰიგიენა, დაბანა, ჩაცმა, სქესობრივი ურთიერთობა, შესაძლოა გაგრძელდეს ფილტვების ინფექციური დაავადებებიდან გამოჯანმრთელების შემდეგაც.

ფქოდ-ის მძიმე ფორმით დაავადებულ პაციენტთა დაახლოებით ერთ მესამედს აღენიშნება წონის ძლიერი კარგვა, რაც გამოწვეულია ერთი მხრივ სუნთქვის უკმარისობის გამო ჭამის პროცესის გაძნელებით და მეორე მხრივ, ისეთი ნივთიერების დაგროვებით სისხლში, როგორიცაა სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი. ხშირად ვითარდება ქვედა კიდურების შეშუპება, რაც გამოწვეულია ფილტვისმიერი გულით. პირებს ფქოდ-ით პერიოდულად აღენიშნებათ სისხლიანი ხველა, რაც გამოწვეულია ბრონქის ანთებით და ყოველთვის იწვევს ფილტვის კიბოს არსებობის შიშს. შესაძლოა პაციენტს ჰქონდეს დილას თავის ტკივილი, რაც ღამე სუნთქვის დაქვეითების გამო დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის დაგროვებით არის განპირობებული.

ფქოდ პროგრესირებს, ავადმყოფთა ნაწილს, განსაკუთრებით ემფიზემის მქონეებს, ეწყებათ უჩვეულო სუნთქვა. ზოგიერთი პაციენტი ამოისუნთქავს მომუწული ტუჩებით, ნაწილი კი მაგიდაზე წინ გადახრილი, მტევნებზე დაყრდნობილი, უკეთ ახერხებს სუნთქვას, ვინაიდან ამ მანევრის დროს უმჯობესდება სუნთქვაში მონაწილე კუნთების მუშაობა. დროთა განმავლობაში პაციენტებს უყალიბდებათ კასრისებრი გულმკერდი ნარჩენი ჰაერისგან ფილტვების ზომაში მატების გამო. სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებელი კანს აძლევს მოლურჯო იისფერ შეფერილობას (ციანოზი). ფრჩხილების ჩაღრმავება იშვიათია და სავარაუდოს ხდის ფილტვის კიბოს არსებობას.

ადვილად დაზიანებადი უბნების მთლიანობა ფილტვებში შესაძლოა დაირღვეს, ჰაერი გადავიდეს ფილტვიდან პლევრულ სივრცეში და გამოიწვიოს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პნევმოთორაქსი. ამ პათოლოგიის დროს ვითარდება უეცარი ტკივილი და სუნთქვის უკმარისობა, საჭირო ხდება გადაუდებელი ჩარევა ექიმის მიერ, რათა მოხდეს თავისუფალი ჰაერის მოცილება პლევრის ღრუდან.

ფქოდ-ის გამწვავება სიმპტომების გაუარესებაა: ხველის, სუნთქვის უკმარისობის, ნახველის გამოყოფის გაზრდა. ნახველის ფერი ხშირად იცვლება და ხდება მოყვითალო ან მომწვანო, ზოგჯერ თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება და ზოგადი ტკივილი. სუნთქვის უკმარისობა მოსვენების დროსაც ჩნდება და შესაძლოა იმდენად მძიმე იყოს, რომ საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. ჰაერის ძლიერი დაბინძურება, ხშირი ალერგენები, ვირუსული და ბაქტეული ინფექციები – გამწვავების გამომწვევები არიან. მძიმე გამწვავების შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამ დროს ვითარდება ჰაერის ძლიერი უკმარისობა, ძლიერი შფოთვა, ოფლიანობა, ციანოზი და ცნობიერების დაბინდვა.

დიაგნოზი

ქრონიკული ბრონქიტი დიაგნოსტირდება ანამნეზში გახანგრძლივებული, ნახველიანი ხველის არსებობით. პირებს ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტით აქვთ ქრონიკული ბრონქიტი და ფუნქციური ტესტებით დადასტურებული ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია. ემფიზემა დიაგნოსტირდება ფიზიკური გასინჯვისა და ფილტვების ფუნქციური კვლევებით მიღებული შედეგების საფუძველზე. თუმცა, როდესაც ექიმი გამოავლენს ამ პათოლოგიებს, ემფიზემა ზომიერად მძიმეა უკვე. ექიმებისთვის არ არის მნიშვნელოვანი მოახდინონ ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ემფიზემის დიფერენცირება. ყველაზე მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორია, თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავს და რა სიმძიმით ვლინდება ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია.

მსუბუქი მიმდინარეობის ფქოდ-ის დროს ექიმმა პათოლოგია შეიძლება ვერ აღმოაჩინოს ფიზიკური გასინჯვის საფუძველზე. დაავადების პროგრესირებასთან ერთად შესაძლებელია ფონენდოსკოპით მსტვინავი სუნთქვის მოსმენა, გამოხატულია გახანგრძლივებული ამოსუნთქვა და დაქვეითებული სუნთქვითი ხმიანობა. სუნთქვის დროს გულმკერდის მოძრაობა შეზღუდულია და პაციენტი სუნთქვაში დამხმარედ იყენებს კისრისა და მხრის კუნთებს.

მსუბუქი მიმდინარეობის ფქოდ-ის დროს გულ-მკერდის რენტგენოგრაფიით პათოლოგია არ ჩანს. ფქოდ-ის გაუარესებასთან ერთად რენტგენოლოგიურად ჩნდება ჰაერით გადავსებული ფილტვები. სისხლძარღვების დავიწროება მიანიშნებს ემფიზემის არსებობაზე.

ექიმები საზღვრავენ ჰაერის ნაკადის ობსტრუქციას ფორსირებული ექსპირატორული სპირომეტრიით. დაქვეითებული ექსპირატორული მოცულობა 1 წამში (FEV1) და FEV1-ის ფარდობა სასიცოცხლო მოცულობასთან (FVC) უნდა ადასტურებდეს ჰაერის ნაკადის ობსტრუქციას დიაგნოზის დასადგენად.

სისხლის ანალიზით შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის წითელი უჯრედების უჩვეულოდ მაღალი დონე (პოლიციტემია). პულს-ოქსიმეტრიით ან არტერიიდან აღებული სისხლის ანალიზით ხშირად ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია ვლინდება. დაავადების გვიან სტადიაზე არტერიებში ვლინდება ნახშირორჟანგის მაღალი დონე.

პირებს, რომლებსაც ფქოდ ახალგაზრდა ასაკში უვითარდებათ, განსაკუთრებით, როცა ფქოდ-ის ოჯახური ისტორიაა, ალფა-1-ანტიტრიფსინის დონის განსაზღრა უნდა მოხდეს სისხლში ამ ფერმენტის დეფიციტის არსებობის დასადგენად. ამ გენეტიკური პათოლოგიის არსებობა ასევე საეჭვოა, როდესაც ფქოდ ვითარდება ადამიანებში, რომელნიც არასდროს ყოფილან მწეველები.

მკურნალობა

ფქოდ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი სამკურნალო მეთოდია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა. მოწევის შეწყვეტა, როდესაც ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია მსუბუქი ან საშუალო ხარისხისაა, ამცირებს ხველას, ნახველის რაოდენობასა და სუნთქვის უკმარისობის განვითარებას. მოწევის შეწყვეტა დაავადების ნებისმიერ სტადიაზე გარკვეული სარგებლობის მომტანია. ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიის მცდელობა უფრო ეფექტურია. ამ სტრატეგიაშია თამბაქოს მიტოვების თარიღის განსაზღვრა, ქცევის შეცვლის ტექნიკის შემუშავება (მაგ.: სიგარეტის მოპოვების გაძნელება ან ხანგრძლივი დროით აბსტინენციის წახალისება), ჯგუფური თერაპია და მხარდამჭერი სესიები, ნიკოტინჩანაცვლებითი თერაპია (მაგ.: ნიკოტინის შემცველი საღეჭი რეზინები, კანის პლასტირები, ინჰალატორი ან ნაზალური სპრეი).

მედიკამენტები – ვარენიკლინი და ბუპროპიონი ასევე ეფექტურია თამბაქოზე ძლიერი მოთხოვნილების შესამცირებლად. მიუხედავად ყველაზე ეფექტური მეთოდებისა, მწეველთა ნახევარზე ნაკლები ახერხებს თამბაქოსთვის თავის დანებებას 1 წლის შემდეგ.

ავადმყოფები უნდა მოერიდონ ჰაერში არსებულ სხვა გამღიზიანებლებსაც, მათ შორის პასიურ მწეველობას და დაბინძურებულ ჰაერს.

გრიპს ან პნევმონიით დაავადებას შეუძლია ფქოდ-ის მიმდინარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება. ყველა ადამიანს ფქოდ-ის დიაგნოზით უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ და პნევმოკოკზე იმუნიზაცია 5-6 წელიწადში ერთხელ.

სიმპტომების მკურნალობა: მსტვინავი სუნთქვა და სუნთქვის უკმარისობა მცირდება ობსტრუქციის ხარისხის შემცირებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ნაკადის ობსტრუქცია არ არის შექცევადი ემფიზემის შემთხვევაში, ბრონქების გლუვი კუნთების სპაზმი, ანთება და გაზრდილი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა პოტენციურად ყველა შექცევადია.

საინჰალაციო ბრონქოდილატატორები მიეწოდება პაციენტს მოწყობილობით, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს სპეციფიკური და მუდმივი დოზით მედიკამენტის შეღწევა პირის ღრუსა და ყელის გავლით ჰაერგამტარ გზებში (დოზირებული ინჰალატორი). საინჰალაციო ბრონქოდილატატორები მოიცავს ანტიქოლინერგული და ბეტა-ადრენერგული აგონისტების ჯგუფს. ორივე ჯგუფის მედიკამენტები ახდენენ ბრონქიოლების გარშემო არსებული კუნთების მოდუნებას. ანტიქოლინერგული მედიკამენტებია იპრატროპიუმი და თიოტროპიუმი. იპრატროპიუმი ინიშნება დღეში დაახლოებით 4-ჯერ, ხოლო თიოტროპიუმი დღეში 1-ჯერ. საინჰალაციო ხანმოკლე მოქმედების ბეტა-ადრენერგული აგონისტები, როგორიცაა ალბუტეროლი, უფრო სწრაფად ახდენს სუნთქვის უკმარისობის გაუმჯობესებას, ვიდრე ანტიქოლინერგულები და ამიტომ მათი გამოყენება საუკეთესოა გამწვავების დროს. სალმეტეროლი, ხანგრძლივმოქმედი ბეტა-ადრენერგული აგონისტი, მოქმედების შენელებული დასაწყისით, შეიძლება მიეცეს პაციენტს ყოველ 12 საათში. ეს მედიკამენტი სასარგებლოა სიმპტომების ხანგრძლივად მოსახსნელად გარკვეულ პაციენტებში, განსაკუთრებით ღამე.

დოზირებული ინჰალატორის გამოყენება უფრო ეფექტურია, როდესაც პაციენტები იყენებენ მას სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც სპეისერი ეწოდება. საინჰალაციო ბრონქოდილატატორები ასევე შეიძლება მიეწოდოს ნებულაიზერით. მკურნალობის ეს ფორმა იმ პირებისთვისაა სარეზერვოდ მოწოდებული, რომლებსაც დაავადების მძიმე ფორმა აქვთ ან ვისაც დოზირებული ინჰალატორის სწორად გამოყენება არ შეუძლია. ნებულაიზერი გარდაქმნის მედიკამენტს აეროზოლად და მისი შესხურება არ მოითხოვს სუნთქვასთან კოორდინაციას. ამჟამად ხელმისაწვდომია მარტივი პორტატული ნებულაიზერები, ზოგიერთი მათგანი უერთდება თამბაქოს სანთებელას ჩასართავს მანქანაში.

კორტიკოსტეროიდები მოწოდებულია პაციენტებისთვის საშუალო და მძიმე ფქოდ-ით, რომელთა სიმპტომები არ კონტროლდება სხვა მედიკამენტით ან მათთვის, ვისაც ხშირად აქვს გამწვავებები მიუხედავად მედიკამენტების გამოყენებისა. საინჰალაციო კორტიკოსტეროიდები არ ახდენენ ფილტვების ფუნქციის დაქვეითების პრევენციას. თუმცა მათი გამოყენება აუმჯობესებს სიმპტომებს და ამცირებს ფქოდ-ის გამწვავებების სიხშირეს. ვინაიდან პრეპარატი ხვდება პირდაპირ ფილტვებში, საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვთ, ვიდრე მის პერორალურ ფორმას. თუმცა, მაღალი დოზებით საინჰალაციო კორიკოსტეროიდებმა შესაძლოა მოახდინონ ზოგადი გავლენა ორგანიზმზე, მაგალითად გააუარესონ ოსტეოპოროზი. კორტიკოსტეროიდების პერორალური ფორმა ნაკლებად გამოიყენება ფქოდ-ის გამწვავების მკურნალობის მიზნით ან ეძლევათ პაციენტებს, რომელთაც კვლავ აქვთ ჰაერგამტარი გზების ობსტრუქციის სიმპტომები და მკურნალობა მათში არაეფექტურია.

თეოფილინი ინიშნება მხოლოდ იმ პირებში, რომლებშიც მკურნალობის სხვა საშუალებები არაეფექტურია. დოზა ზუსტად უნდა გაკონტროლდეს ექიმის მიერ, ხოლო პაციენტთა ნაწილში მისი დონის განსაზღვრა სისხლში უნდა ხდებოდეს პერიოდულად. პრეპარატის ხანგრძლივი მოქმედება საშუალებას აძლევს პაციენტს, მიიღოს ის დღეში ერთჯერ ან ორჯერ და ეხმარება სუნთქვის უკმარისობის კონტროლში ღამით.

არ არსებობს სარწმუნო მკურნალობა, რომელიც გაათხელებდა სეკრეტს და გაამარტივებდა მის ამოხველებას. თუმცა დეჰიდრატაციის თავიდან არიდება ხელს უშლის სეკრეტის გასქელებას. პრაქტიკული წესია – მოხდეს იმ რაოდენობით სითხის მიღება, რომ შარდის ფერი იყოს გამჭვირვალე, გარდა დილის შარდისა. ფქოდ-ის მძიმე ფორმისას სუნთქვითი მკურნალობა ხელს უწყობს სეკრეტის დაშლას გულმკერდში.

სპირომეტრია და პულსოქსიმეტრია ხშირად გამოიყენება სიმპტომების მონიტორინგისთვის. არტერიულ სისხლში გაზების განსაზღვრა გვაწვდის დამატებით საჭირო ინფორმაციას დაავადების მძიმე ფორმისას.

გამწვავებების მკურნალობა: გამწვავებების მკურნალობა უნდა მოხდეს, რაც შეიძლება, სწრაფად. როდესაც საეჭვოა ბაქტერიული ინფექციის არსებობა, როგორც წესი, ინიშნება 7-10-დღიანი ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი. ბევრი ექიმი პაციენტებს ფქოდ-ით აწვდის ანტიბიოტიკების მარაგს, რათა მოხდეს გამწვავების დროს ადრეულ ეტაპზე სწრაფი მიღება. ანტიბიოტიკების უმრავლესობა ინიშნება პერორალურად, მათ შორის ტრიმეტროპრიმ-სულფამეტოქსაზოლი, დოქსიციკლინი, ამოქსიცილინი-კლავულანატი და ამპიცილინი. ექიმების დიდი ნაწილი უფრო ძვირად ღირებულ მედიკამენტებს, როგორიცაა: აზითრომიცინი, კლარითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი – ინახავს რეზერვად ფილტვების მძიმე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ, იმ შემთხვევებისათვის, როცა შედარებით ძველი თაობისა და ნაკლებად ძვირი მედიკამენტები არ მუშაობენ, პაციენტებისთვის მძიმე სიმპტომებით და მათთვის, ვისთანაც სავარაუდოა, რომ ინფექცია გამოწვეულია იმ მიკროორგანიზმით, რომლის ელიმინაცია ძველი თაობის ანტიბიოტიკით არ მოხდება (რეზისტენტული ბაქტერია). პაციენტები, რომელთა იმუნური სისტემა დათრგუნვილია ან რომლებიც ცხოვრობენ მოვლის ტიპის დაწესებულებებში, იმყოფებიან რეზისტენტული ბაქტერიებით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ.

პირები მძიმე გამწვავებებით საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას და მკურნალობას ხანმოკლე მოქმედების ბეტა-ადრენერგული აგონისტებითა და იპრატროპიუმით, ორალური ან ინტრავენური კორტიკოსტეოიდებით, ჟანგბადით. მათ შეიძლება დასჭირდეთ მექანიკური ვენტილაცია სუნთქვაში დასახმარებლად და ზოგჯერ ენდოტრაქეული მილის (სასუნთქი) მოთავსება. მიუხედავად იმისა, რომ ფქოდ-ით დაავადებულ ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ანტიბიოტიკები უნდა მიიღონ გამწვავებების პრევენციისთვის, არ არსებობს მტკიცებულება ეფექტურობის შესახებ.

ჟანგბადით მკურნალობა: ჟანგბადით ხანგრძლივი მკურნალობა ახანგრძლივებს იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომლებსაც აქვთ პროგრესირებადი, შორს წასული ფქოდ და სისხლში ჟანგბადის მაჩვენებლის სერიოზული დაქვეითება. მიუხედავად იმისა, რომ 24-საათიანი მკურნალობა საუკეთესოა, ასევე სასარგებლოა დღეში 12 საათი ჟანგბადის გამოყენება. მკურნალობის ეს მეთოდი ამცირებს სისხლში წითელი უჯრედების ჭარბად წარმოქმნას, რომელიც ვითარდება სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებლის გამო და ამსუბუქებს ფქოდ-ით გამოწვეულ ფილტვისმიერ გულს. ჟანგბადით მკურნალობა აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვისას წარმოქმნილ სუნთქვის უკმარისობას.

მოწოდებულია სხვადასხვა მოწყობილობა ჟანგბადით თერაპიისთვის. ჟანგბადის ელექტრონულად მოძრავი კონცენტრატორები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმისაწვდომია ელექტროენერგიის წყაროები. კომპრესირებული ჟანგბადი გამოიყენება მცირე ზომის ავზებში, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, გამოვიდეს სახლიდან 2-6 საათის მანძილზე. თხევადი ჟანგბადის სისტემები უფრო ძვირია, მაგრამ უმჯობესია აქტიური ადამიანებისთვის, ვინაიდან რეზერვუარიდან რამდენიმე საათის მოცილებაა შესაძლებელი. ადამიანებმა არასდროს უნდა გამოიყენონ ჟანგბადი მოწევისას და ღია ალთან.

პულმონური რეაბილიტაცია: პულმონური რეაბილიტაცია დახმარებას უწევს პაციენტებს ფქოდ-ით, მაგრამ ის არ აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას. პროგრამა მოიცავს პაციენტის განათლებას დაავადების შესახებ, ვარჯიშს, კონსულტაციებს კვების შესახებ, ფსიქოლოგიურ დახმარებას. ეს პროგრამები აუმჯობესებენ პაციენტის დამოუკიდებლობას და სიცოცხლის ხარისხს, ამცირებენ ჰოსპიტალში მოხვედრის სიხშირეს და გატარებული დღეების რაოდენობას, აუმჯობესებენ ფიზიკური ვარჯიშის უნარს. ფიზიკური ვარჯიში ტარდება ამბულატორიულად ან ბინაზე. სიარული (ზოგჯერ ტრედმილზე) მოწოდებულია ქვედა კიდურების გასავარჯიშებლად. სტაციონარული ველოსიპედი და კიბეზე ცოცვაც გამოიყენება ზოგჯერ. ზედა კიდურებისთვის მოწოდებულია სიმძიმის აწევა. ხშირად ვარჯიშის დროს საჭიროა ჟანგბადის გამოყენება. ისევე როგორც ნებისმიერი ფიზიკური პროგრამის დროს, ვარჯიშის შეწყვეტის შემდეგ სწრაფად იკარგება მიღწეული ფიზიკური მდგომარეობა. პაციენტებს ასწავლიან სპეციალურ ტექნიკას, როგორ შეამცირონ სუნთქვის უკმარისობა ისეთი აქტივობების დროს, როგორიცაა საკვების მომზადება, სქესობრივი ურთიერთობა, საყვარელი საქმიანობა.

მკურნალობის სხვა მეთოდები: ხველის დამთრგუნველები მცირედ ეფექტურია და არ არის რეკომენდებული მათი გამოყენება. პაციენტებში ალფა-1-ანტიტრიფსინის მძიმე დეფიციტით შესაძლოა დეფიციტური პროტეინის ჩანაცვლება. მკურნალობა მოიცავს კვირაში ერთხელ პროტეინის ინტრავენურ ინფუზიას და ძვირად ღირებულია.

პაციენტთა გარკვეულ ნაწილში ერთი ფილტვის გადანერგვა შესაძლებელია მოხდეს, თუ პაციენტის ასაკი 60 წელზე ნაკლებია და აქვს ჰაერის ნაკადის მძიმე ხარისხის ობსტრუქცია. ფილტვის გადანერგვის მიზანია ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ვინაიდან სიცოცხლის ხანგრძლივობა იშვიათად იზრდება. გადანერგვის შემდეგ მოწოდებულია მთელი სიცოცხლის მანძილზე იმუნოსუპრესია, რაც ზრდის ინფექციის განვითარების რისკს.

ფილტვის მოცულობის შემამცირებელი ქირურგიული ჩარევა მოწოდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე ემფიზემა ფილტვების ზედა ველებში. ამ ოპერაციის დროს ხდება ფილტვის მეტისმეტად დაზიანებული ნაწილების ამოკვეთა, შედეგად ფილტვების დანარჩენი ნაწილის და დიაფრაგმის ფუნქციონირება უმჯობესდება. არ არის ცნობილი, რამდენ ხანს გრძელდება გაუმჯობესება. პაციენტებს მოეთხოვებათ თამბაქოს მოწევის მიტოვება სულ მცირე 6 თვით ადრე ოპერაციულ ჩარევამდე. მათ უნდა გაიარონ ინტენსიური რეაბილიტაციური პროგრამა ოპერაციის დაგეგმვამდე, რათა განისაზღვროს, არის თუ არა შესაძლებელი საერთო ფუნქციის მკვეთრი გაუმჯობესება ქირურგიული ჩარევის გარეშე, ვინაიდან ამ სახის ოპერაციული ჩარევისას სიკვდილიანობის რისკი 5%-ს შეადგენს.

პროგნოზი და ტერმინალური სტადიის საკითხები

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება თავისთავად არ იწვევს სიკვდილიანობასა და მძიმე სიმპტომებს, თუ პაციენტი მიატოვებს თამბაქოს მოხმარებას დაავადების მსუბუქ სტადიაზე.

მოწევის გაგრძელება ფაქტობრივად სარწმუნოს ხდის სიმპტომების გაუარესებას. საშუალო და მძიმე ხარისხის ობსტრუქციის დროს პროგნოზი პროგრესულად გაუარესებაა. პირებს ფქოდ-ის შორსწასული სტადიით ესაჭიროებათ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება და ყოველდღიურ საქმიანობაში თანადგომა. სასურველია, რომ მათ ერთ სართულზე მოიწყონ საცხოვრებელი სივრცე, ერთი დიდი ულუფა საკვების ნაცვლად მცირე რაოდენობით რამდენიმე სახის სადილი მიიღონ, თავიდან უნდა იქნას არიდებული ზონრიანი ფეხსაცმლის ტარება. სიკვდილიანობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სუნთქვის უკმარისობით, ფილტვის კიბოთი, გულის დაავადებებით (გულის უკმარისობა ან გულის რიტმის დარღვევები), პნევმონიით, პნევმოთორაქსით, ფილტვებისკენ მიმავალი არტერიების დახშობით (პულმონური ემბოლიზმი).

პაციენტებს დაავადების ტერმინალური სტადიით, რომლებსაც აღენიშნებათ გამწვავებები, შესაძლოა დასჭირდეთ სუნთქვის აპარატის მილის ჩადგმა და მექანიკური ვენტილაცია. სასუნთქი აპარატის მოხმარება შესაძლოა გახანგრძლივდეს, ხოლო ზოგიერთი პაციენტი სასუნთქ აპარატზე დამოკიდებული ხდება გარდაცვალებამდე. მნიშვნელოვანია, პაციენტებმა ექიმთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად წინასწარ, გამწვავებამდე განიხილონ, სურთ თუ არა მსგავსი დამხმარე მკურნალობის ჩატარება. საუკეთესო გზა პაციენტის სურვილის შესასრულებლად არის წინასწარ გაცხადებული ნების შექმნა და დადასტურება სამედიცინო პერსონალთან მინდობილობით.