ფილტვის ემბოლია | მკურნალი.გე
  1. ფილტვის ემბოლია
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ფილტვის ემბოლია

ფილტვის ემბოლია არის ფილტვის არტერიის უეცარი დახშობა მყარი მასებით, რომელიც სისხლის მიმოქცევის საშუალებით ხვდება (ემბოლიზმი) ფილტვის არტერიაში, ის, როგორც წესი, არის სისხლის კოლტი (თრომბი) ან, უფრო იშვიათად, უცხო მასა.

  • ფილტვის ემბოლია ჩვეულებრივ გამოწვეულია სისხლის კოლტებით, თუმცა იგი შეიძლება გამოიწვიოს სხვა ნივთიერებებმაც (მასებმა);

  • სიმპტომები ვარირებს, მაგრამ, როგორც წესი, მოიცავს სუნთქვის უკმარისობას;

  • ფილტვის ემბოლიის დიაგნოსტირება ხდება ფილტვების სკანირებით ან CT ანგოგრაფიით;

  • მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს ენიშნებათ სისხლის გამათხელებლები (ანტიკოაგულანტები);

  • ანტიკოაგულანტები ხელს უშლიან კოლტების ზომაში გაზრდას. სხვა საშუალებები (როგორიცაა სისხლის კოლტის დამშლელი მედიკამენტები ან ქირურგიული ოპერაცია) შეიძლება საჭირო გახდეს მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში.

ფილტვის არტერიის მეშვეობით ხდება სისხლის გადატუმბვა გულიდან ფილტვებში. ფილტვებიდან ჟანგბადით მდიდარი სისხლი უკან ბრუნდება გულისკენ. გულიდან სისხლი გადაიტუმბება მთელ დანარჩენ სხეულში, რათა მოამარაგოს ქსოვილები ჟანგბადით. როდესაც ფილტვის არტერია დახშულია, ვერ ხერხდება სისხლში ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით მიწოდება. დიდი ზომის ემბოლიისას შეიძლება განვითარდეს ბლოკადა, რომლის დროსაც გულს უწევს გადაძაბვა, რათა ფილტვის არტერიის დარჩენილი ღია (დაუთრომბავი) ნაწილით მოახდინოს სისხლის გადატუმბვა. თუ ხერხდება მხოლოდ მცირე რაოდენობით სისხლის გადატუმბვა ან გულს უწევს ძლიერად გადაძაბვა სისხლის გადასატყორცნად, შეიძლება განვითარდეს შოკი და გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი. ხანდახან ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილის ნეკროზიც (ამ მდგომარეობას ეწოდება ფილტვის ინფარქტი).

მცირე ზომის კოლტები, როგორც წესი, ორგანიზმის მიერ სწრაფად იშლება, რის გამოც დაზიანების ხარისხი მინიმუმამდეა დაყვანილი, მაშინ როდესაც დიდი ზომის კოლტებს სჭირდება გაცილებით დიდი დრო დანაწევრებისთვის და მეტ დაზიანებებს იწვევნ.

სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების დაახლოებით 1%-ში სვამენ ფილტვის ემბოლიის დიაგნოზს. ხოლო გარდაცვლილი პაციენტების 5%-ში, რომელთაც უტარდებათ აუტოფსია, სიკვდილის მიზეზის დასადგენად მოულოდნელ მიზეზად ვლინდება ფილტვის ემბოლია.

მიზეზები

ფილტვის ემბოლიის ყველაზე მეტად გავრცელებული მიზეზი არის სისხლის კოლტების ფორმირება, რომელიც ჩვეულებრივ ყალიბდება ქვემო კიდურებში ან მენჯის ვენებში, როდესაც სისხლის მიმოქცევა შენელებულია, ან ჩერდება, როგორც ეს შესაძლებელია, მოხდეს ერთ პოზიციაში ხანგრძლივად დგომის დროს, რისკი იზრდება პაციენტებში ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის ან სერიოზული ქირურგიული ოპერაციების შემდეგაც; ასევე პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არიან მჯდომარე პოზიციაში და არ მოძრაობენ (მაგალითად თვითმფრინავით მგზავრობისას). ბევრად უფრო იშვიათად სისხლის კოლტები ყალიბდება ზედა კიდურებში ან გულის მარჯვენა ნახევარში. როდესაც კოლტი დაიშლება სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით, იგი აღწევს ფილტვებში.

ემბოლიის იშვიათი სახეები: ფილტვის არტერიის უეცარი დახშობა არ არის გამოწვეული მხოლოდ სისხლში კოლტების ჩამოყალიბებით. ემბოლია შეიძლება გამოიწვიოს სხვა მიზეზებმაც:

  • ლულოვანი ძვლების მოტეხილობის შედეგად ან ძვლებზე ქირურგიული ოპერაციისას ძვლის ტვინიდან წამოსული ცხიმოვანი ნივთიერება შეიძლება მოხვდეს სისხლში და განვითარდეს ემბოლია;

  • გართულებული მშობიარობის შემდეგ ამნიონურმა სითხემ, რომელიც ხვდება მენჯის ღრუს ვენებში, შეიძლება გამოიწვიოს ემბოლია;

  • სიმსივნის უჯრედები ჯგუფებად შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევის ცირკულაციაში და გამოიწვიოს სიმსივნური ემბოლია;

  • ჰაერის ბუშტუკებმა შეიძლება გამოიწვიოს ემბოლია თუ კათეტერი მოთავსებულია რომელიმე დიდ ვენაში (ცენტრალურ ვენებში) და უყურადღებოდაა. იგი ასევე შეიძლება ჩამოყალიბდეს ვენებზე ოპერაციის დროს (როდესაც ხდება სისხლის კოლტის მოცილება) ან როდესაც პაციენტი არის რეანიმირებული (გულმკერდზე კომპრესიის გამო). დამატებითი რისკებია დაივინგის დროს;

  • დაბინძურებულმა მასალამ შეიძლება გამოიწვიოს ემბოლიის განვითარება, რომელიც აღწევს ფილტვებამდე, მაგალითად, მედიკამენტების ინტრავენურად შეყვანისას; ემბოლიის მიზეზი შეიძლება იყოს გულის სარქვლების ინფექციური დაავადება და ვენების ანთებითი პროცესი, რომლის დროსაც ყალიბდება თრომბები და ვითარდება ინფექციური პროცესი (სეპტიკური თრომბოფლებიტი);

  • ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებლებში ინექციების დროს შეიძლება სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვდეს არაორგანული უცხო სუბსტანციაც, მაგალითად ტალკი. რომელმაც შეიძლება მიაღწიოს ფილტვებამდე და ჩამოყალიბდეს ემბოლია.

სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია ფილტვის არტერიის დახშობის ხარისხსა და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ან კორონარული არტერიების პათოლოგია, მათში დაინვალიდების რისკი ბევრად მაღალია.

მცირე ზომის ემბოლიამ შეიძლება არ გამოიწვიოს სიმპტომები, მაგრამ თუ სიმპტომები ვლინდება, ისინი ძალიან სწრაფად ვითარდება. ქოშინი შეიძლება იყოს ერთადერთი ნიშანი, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელთაც არ განუვითრდათ ფილტვის ინფარქტი. ხშირად ვლინდება სუნთქვის გახშირება, შფოთვა, დაძაბულობა ან პანიკური შეტევები. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ტკივილი გულმკერდის მიდამოშიც. ზოგჯერ პირველი ნიშნები ბოდვა, გონების დაკარგვა ან კრუნჩხვაც შეიძლება იყოს. ხანდაზმულ პაციენტებში პირველი ნიშნები შეიძლება იყოს დაბნეულობა ან მენტალური ფუნქციის გაუარესება. ამ სიმპტომების მიზეზი ხშირად ისაა, რომ გული ჟანგბადით ღარიბ სისხლს აწვდის თავის ტვინსა და სხვადასხვა ორგანოს.

ფილტვის არტერიის ემბოლიისას გულისცემა შეიძლება გახშირდეს ან გახდეს არარეგულარული, ან ორივე ერთდროულად. დიდი ზომის ემბოლიის დროს შეიძლება მკვეთრად დაქვეითდეს სისხლის წნევა და განვითარდეს შოკი, კანი გახდეს მოლურჯო ელფერის (ციანოზური) ან პაციენტი მოულოდნელად დაიღუპოს. ფილტვის ინფარქტისას სიმპტომები ვითარდება უფრო ნელა, საათების განმავლობაში. პაციენტს აქვს ხველა სისხლიანი ნახველით, გულმკერდის მიდამოში – მწვავე ტკივილი ჩასუნთქვისას და გარკვეულ შემთხვევებში – ცხელებაც. ინფარქტის სიმპტომები ხშირად გრძელდება რამდენიმე დღის მანძილზეც, მაგრამ მისი ინტენსივობა ყოველდღიურად უფრო სუსტდება.

პაციენტებში, ვისაც აქვს ფილტვის მცირე არტერიების განმეორებადი ემბოლიები, თანდათანობით – კვირების, თვეების ან წლების მანძილზე ვითარდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ქრონიკული ქოშინი, კოჭებისა და წვივების შეშუპება, სისუსტე.

დიაგნოზი

ფილტვის არტერიის ემბოლიის დიაგნოსტირება ხდება პაციენტის სიმპტომებზე და რისკფაქტორებზე დაყრდნობით, მაგალითად: ცოტა ხნის წინ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, წოლითი რეჟიმი ხანგრძლივი დროის მანძილზე ან მემკვიდრული წინასწარგანწყობა თრომბების ჩამოყალიბების მიმართ. დიდი ზომის ფილტვის ემბოლია უფრო ადვილი სადიაგნოსტიკოა, განსაკუთრებით თუ არის აშკარა წინასწარგანწყობა, მაგალითად ქვემო კიდურებში თრომბების არსებობის ნიშნები. მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში სიმპტომები არ ვლინდება, ან არ არის დამახასიათებელი, რაც მნიშვნელოვანად ართულებს ფილტვის ემბოლიის დიაგნოსტირებას. ის წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ და სერიოზულ პათოლოგიას, რომლის დიაგნოსტიკა და სხვა დაავადებებისგან დიფერენცირება გაძნელებულია.

გულმკერდის რენტგენოგრაფიამ შეიძლება აჩვენოს სუსტად გამოხატული ცვლილებები სისხლძარღვებში ემბოლიის და ფილტვის ინფარქტის ნიშნების შემდეგ. თუმცაღა რენტგენის შედეგები ხშირ შემთხვევაში ნორმალურია, ხოლო, როცა მასზე გამოვლინდება ცვლილებები, რენტგენოგრაფია ერთადერთ სადიაგნოსტიკო კვლევად მაინც არ გამოიყენება. ელექტროკარდიოგრამამ შეიძლება გამოავლინოს პათოლოგია, მაგრამ ხშირად ისინი დროებითია და მხოლოდ ადასტურებს ფილტვის ემბოლიის შესაძლო დიაგნოზს.

პაციენტის სიმპტომების, რისკფაქტორების, ჩატარებული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული ანალიზების მიხედვით შესაძლებელია ფილტვის ემბოლიის დიაგნოსტირება. ძირითადად გამოიყენება ისეთი სადიაგნოსტიკო ტესტები, რომელთაც არ სჭირდებათ ნაკვეთი ჭრილობის გაკეთება ან პაციენტის სხეულში შეჭრა (არაინვაზიური ტესტები). თუ ამ მეთოდებით ვერ ხერხდება დიაგნოსტირება, შემდეგ შესაძლებელია ინვაზიური ტესტების ჩატარებაც. არაინვაზიური ტესტები არის მარტივი და აქვს მცირე გვერდითი ეფექტები. მაგალითად თუ ნაკლებად საეჭვოა ფილტვის ემბოლია, მაშინ ტარდება მხოლოდ სისხლის ანალიზი, რომელიც განსაზღვრავს სუბსტანციას, სახელად D-დიმერი. ხოლო თუ ფილტვის ემბოლია სავარაუდოა ან D-დიმერის ანალიზში აღინიშნება ცვლილება, ტარდება შემდგომი კვლევები, რომელიც მოიცავს CT-ანგიოგრაფიას, ქვემო კიდურების სისხლძარღვების დოპლეროგრაფიას, ან ფილტვის პერფუზიულ სცინტიგრაფიას. ყველა აღნიშნული კვლევა არაინვაზიურია. ხოლო მათი ჩატარების შემდეგ, თუ დიაგნოზი კვლავ გაურკვეველი რჩება, მიმართავენ ინვაზიურ მეთოდებს (მაგალითად ფილტვის ანგიოგრაფიას).

CT-ანგიოგრაფია წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფიის ტიპის კვლევას. ის სწრაფია, არაინვაზიური და ზუსტი – დიდი ზომის თრომბების აღმოსაჩენად. აღნიშნული კვლევისას საკონტრასტო ნივთიერება შეჰყავთ ინტრავენურად. კონტრასტი აღწევს ფილტვებში და კომპიუტერული ტომოგრაფი გამოსახავს სისხლძარღვებში სისხლის სურათს, რათა განისაზღვროს ხდება თუ არა თრომბით სისხლძარღვის დახშობა. CT-ანგიოგრაფია ყველაზე ხშირად გამოიყენება ფილტვის ემბოლიის სადიაგნოსტიკოდ.

არაინვაზიურ მეთოდებს მიეკუთვნება ქვემო კიდურის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. მისი მეშვეობით ხდება თრომბების გამოვლენა ქვემო კიდურებში, რაც ფილტვის ემბოლიის განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. თუ კვლევისას თრომბები არ დაფიქსირდა ქვემო კიდურებში, ეს მაინც არ გამორიცხავს ფილტვის ემბოლიას. თუმცაღა ულტრასონოგრაფიული კვლევით თრომბების არსებობისას მკურნალობის ტაქტიკა არის ფილტვის ემბოლიის მკურნალობა შემდგომი გამოკვლევების გარეშეც.

ფილტვის პერფუზიული სცინტიგრაფია არის არაინვაზიური და ზუსტი კვლევის მეთოდი, თუმცა არ არის სწრაფი. ამ გამოკვლევისას მცირე ზომის რადიოაქტიური სუბსტანცია შეჰყავთ ვენაში. ის აღწევს ფილტვებამდე და ხდება ფილტვების სისხლით მომარაგების ვიზუალიზება. ნორმალური შედეგები მიუთითებს, რომ პაციენტს არ აქვს სისხლძარღვების ობსტრუქციული ცვლილებები. ხოლო პათოლოგიური სკანირების შედეგები საეჭვოს ხდის ფილტვის ემბოლიას, მაგრამ ასევე შესაძლებელია ასახავდეს ისეთ პათოლოგიას, როგორიცაა ემფიზემა, რომელიც იწვევს სისხლის მოცულობის შემცირებას იმ მიდამოებში, სადაც ფილტვის ქსოვილია დაზიანებული.

პერფუზიული სცინტიგრაფია ტარდება ფილტვის ვენტილაციის ვიზუალიზებით. პაციენტი ჩაისუნთქავს უსაფრთხო აირს, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებას. ის ვრცელდება ფილტვებში არსებულ უწვრილეს ბუშტებში (ალვეოლებში) – ეს არის მიდამო, სადაც სისხლიდან ხდება ნახშირორჟანგის გამოდევნა და ჟანგბადით გამდიდრება. შემდგომ ამ მონაცემებს ადარებენ სისხლის მიმოქცევის ნორმალურ სურათს, რაც საშუალებას იძლევა, შეფასდეს მდგომარეობა და დადგინდეს, აქვს თუ არა პაციენტს ფილტვის ემბოლია.

ფილტვის კორონაროგრაფია ყველაზე ზუსტი კვლევაა ფილტვის ემბოლიის სადიაგნოსტიკოდ, მაგრამ ინვაზიურია, გარკვეული რისკის მატარებელი და მეტად არაკომფორტული სხვა კვლევებთან შედარებით. იგი გამოიყენება დამატებით, როცა სხვა ჩატარებული კვლევების მიუხედავად დიაგნოზი კვლავ საკამათოა.

პროგნოზი

მცირე ზომის ფილტვის ემბოლიისას სიკვდილიანობის რისკიდაბალია. თუმცა მასიურმა ემბოლიამ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი გარდაცვალება. სიკვდილის შემთხვევათა უმეტესობა დგება ემბოლიის ჩამოყალიბებიდან 1-2 საათში, დიაგნოსტირებამდე. ცოცხალ პაციენტებში დროულად გამოვლენისას გადარჩენის შანსი 95%-ია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორებია ემბოლიის ზომა, რაოდენობა, ბლოკირებული ფილტვის არტერიების მოცულობა და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან პაციენტები გულის ან ფილტვის დაავადებებით. ნორმალური ფილტვის ან გულის ფუნქციის მქონეებში გადარჩენის შანსი მაღალია, თუ ემბოლია არ ახდენს ფილტვის არტერიის ნახევრის ბლოკირებას.

პრევენცია

მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში,იმის გათვალისწინებით, რომ ფილტვის არტერიის მკურნალობა ძალიან შეზღუდულია, ინიშნება საპრევენციოდ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები. პაციენტები, რომლებიც მიდრეკილნი არიან შედედებისკენ, უნდა იყვნენ აქტიურები და მოძრავნი. მაგალითად, თუ უწევთ თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობა, სავალდებულოა ყოველ 2 საათში სიარული.

ანტიკოგულაცია: ყველაზე ხშირად პაციენტების გარკვეულ ნაწილში ინიშნება ჰეპარინი. ჰეპარინი გამოდის ორი ფორმით: სტანდარტული და დაბალი მოლეკულური წონით. ორივე ერთნაირად ეფექტურია. ჰეპარინი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მედიკამენტია, რომელიც აქვეითებს სისხლის შედედების რისკს წვრილ ვენებში ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, განსაკუთრებით ქვემო კიდურებზე ჩატარებული ოპერაციისას. ოპერაციამდე ხდება მედიკამენტის მცირე დოზით კანქვეშ ინექცია, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში დამატებით დოზას უკეთებენ პაციენტს მოძრაობის დაწყებამდე. ჰოსპიტალიზებული პაციენტები არიან ფილტვის ემბოლიის ჩამოყალიბების მაღალი რისკის ჯგუფში (განსაკუთრებით პაციენტები გულის უკმარისობით, სიმსუქნით, უმოძრაობით და ანამნეზში თრომბების არსებობით). ასეთ შემთხვევაში ეფექტურია მცირე დოზებით ჰეპარინის დანიშვნა მიუხედავად იმისა, უტარდება თუ არა პაციენტს ქირურგიული ოპერაცია. ჰეპარინის მცირე დოზა არ ზრდის სისხლდენის გართულების სიხშირეს, მაგრამ შეუძლია გაახანგრძლივოს ჭრილობიდან სისხლდენისას შედედების დრო.

ვარფარინი ანტიკოაგულანტია, რომელიც ინიშნება პერორალურად. იგი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პაციენტებში ერთი ან რამდენიმე რისკფაქტორით. მას ასევე ნიშნავენ ოპერაციის შემდგომ პერიოდში, როდესაც მაღალია თრომბების ჩამოყალიბების რისკი ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ან სახსრის პროთეზირების შემდგომ. ვარფარით მკურნალობის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე შეიძლება გაგრძელდეს. ასეთ პაციენტებში მცირე დოზით ჰეპარინიც ეფექტურია.

უფრო ახალი თაობის ანტიკოაგულანტებს მიეკუთვნება ჰირუდინი, რომელიც აფერხებს თრომბინის გამომუშავებას (სუბსტანცია, რომელიც იწვევს სისხლის შედედებას). დანაპაროიდი და ფონდაპარინუქსი აქვეითებენ იმ ნივთიერების წარმოქმნას, რომლებიც ზრდიან კოლტების რიცხვს. ეს პრეპარატები ინიშნება საპრევენციოდ, მაგრამ მათი შესწავლა კვლავ გრძელდება, რათა დადგინდეს, აქვთ თუ არა უპირატესობა ჰეპარინთან შედარებით.

ფიზიკური მახასიათებლები: პაციენტებში ქირურგიული ოპერაციის შემდგომ, განსაკუთრებით ასაკოვნებში, თრომბების ჩამოყალიბების რისკი მცირდება, თუ ისინი ატარებენ კომპრესიულ ელასტიკურ წინდებს, აკეთებენ კიდურების ვარჯიშებს, არიან მაქსიმალურად აქტიურები და დიდ დროს არ ატარებენ მწოლიარე მდგომარეობაში. ისინი, ვისაც არ შეუძლიათ კიდურების მოძრაობა, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სპეციალური აპარატით, რომელიც ახდენს აირის კომპრესიას და ხელს უწყობს ქვემო კიდურებში სისხლის რიტმულ მოძრაობას. თუმცაღა პაციენტებში, ვისაც აქვს ჩატარებული ბარძაყის ან მუხლის სახსრის ოპერაციული მკურნალობა, მხოლოდ ეს აპარატი არ არის საკმარისი საპრევენციოდ.

მკურნალობა

პულმონალური ემბოლიის მკურნალობა იწყება სიმპტომების მკურნალობით. თუ ჟანგბადის კონცენტრაცია ორგანიზმში დაქვეითებულია, მიეწოდება ჟანგბადი. ტკივილის კუპირებისთვის გამოიყენება ანალგეტიკები. ხოლო არტერიული წნევის დაქვეითებისას ხდება ინტრავენური ინფუზია ან ინიშნება არტერიული წნევის ამწევი მედიკამენტები. სუნთქვის უკმარისობისას მიმართავენ მექანიკურ ვენტილაციას.

ანტიკოაგულაცია: ანტიკოაგულანტები, როგორიცაა ჰეპარინი, ინიშნება პაციენტებში საპრევენციოდ, ის ხელს უშლის უკვე არსებული თრომბის ზომაში გაზრდას ან ახლის ჩამოყალიბებას. ჰეპარინს ნიშნავენ ინტრავენურადაც, რათა განვითარდეს სწრაფი ეფექტი. დოზის კორექცია ხდება ძალიან ფრთხილად, უპირატესად მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა პირველი 24 საათის განმავლობაში. დაბალმოლეკულური ჰეპარინი ისეთივე ეფექტურია, როგორიც სტანდარტული. ის არ საჭიროებს ანალიზით კონტროლს, რომელსაც ჩვეულებრივ მიმართავენ სტანდარტული ჰეპარინით მკურნალობისას. შემდგომ ხდება ვარფარინზე გადასვლა, რომელიც ასევე ხელს უშლის შედედებას, მაგრამ უფრო დიდი დრო სჭირდება ეფექტის მისაღწევად, ვინაიდან გამოიყენება აბების სახით. ის შეიძლება დაინიშნოს ხანგრძლივი დროის მანძილზეც. ჰეპარინი და ვარფარინი ერთდროულად ინიშნება 5-7 დღის განმავლობაში, სანამ ანალიზით არ დადასტურდება ვარფარინის შედეგი, რის შემდგომაც იხსნება ჰეპარინი.

ანტიკოაგულანტის დანიშვნის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. თუ ემბოლიის ჩამოყალიბების რისკი დაკავშირებულია დროებით რისკფაქტორებთან, როგორიცაა ქირურგიული ოპერაციების შემდგომი მდგომარეობა, მედიკამენტი ინიშნება 2-3 თვის მანძილზე. თუ მიზეზი დაკავშირებულია უფრო ხანგრძლივ პრობლემასთან, მაგალითად – დიდი ხნის განმავლობაში წოლითი რეჟიმი, მაშინ – 3-6 თვის მანძილზეც. თუ პაციენტს გენეტიკური წინასწარგანწყობის გამო აქვს განმეორებადი ფილტვის ემბოლიები, ანტიკოაგულანტები ინიშნება მუდმივად. ვარფარინის კონტროლი ხდება პერიოდულად სისხლის ანალიზით, რათა მოხდეს დოზის კორექცია.

დიეტის დარღვევამ და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ვარფარინის ეფექტზე. ჭარბი დოზით ან ხანგრძლივად ანტიკოაგულანტების დანიშვნისას არსებობს სხვადასხვა ორგანოდან სისხლდენის განვითარების რისკი. ბევრი სხვადასხვა ტიპის მედიკამენტი მოქმედებს ვარფარინის ეფექტურობაზე, რის გამოც აუცილებელია, რომ პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს, მკურნალ ექიმთან შეათანხმონ სხვა მედიკამენტის მიღება, მათ შორის ისეთების როგორიცაა აცეტამინოფენი, ასპირინი, მცენარეული მედიკამენტები თუ საკვები დანამატები. ასევე უნდა შეიზღუდოს საკვები პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ K ვიტამინს (იგი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე), მაგალითად: ბროკოლი, ისპანახი, კომბოსტო და სხვა მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული; არ არის სასურველი ღვიძლის, გრეიპფრუტის, გრეიპფრუტის წვენის და მწვანე ჩაის მიღებაც.

თრომბოლიზური თერაპია: თრომბოლიზური მედიკამენტები, მაგალითად სტრეპტოკინაზა ან ქსოვილოვანი პლაზმოგენის აქტივატორები, შლიან სისხლში თრომბებს. ისინი შეიძლება დაენიშნოთ ფილტვის ემბოლიით სიკვდილიანობის მაღალი რისკის ჯგუფის მქონე პაციენტებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტიპის მედიკამენტები არ ინიშნება პაციენტებში ქირურგიული ოპერაციის შემდგომ 2 კვირის მანძილზე, ასევე ორსულებში, ინსულტგადატანილებში ან სისხლდენისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

ფიზიკური მახასიათებლები: ქირურგიული ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო მწვავე ემბოლიის სამკურნალოდ – პაციენტებს, რომელთაც აქვთ სიკვდილიანობის მაღალი რისკი, სპეციალიზებულ კლინიკებში კათეტერის გამოყენებით უტარდებათ დიდი ზომის თრომბის დაშლის ოპერაცია ფილტვის არტერიაში. ქირურგიული მკურნალობა ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ძველი თრომბების მოსაშორებლად, რომლებიც იწვევენ სუნთქვის უკმარისობას და ზრდიან წნევას ფილტვის არტერიაში.

ფილტრი ქირურგიული გზით თავსდება მუცლის ღრუ ვენაში, რომელიც სისხლს მენჯიდან და ქვემო კიდურებიდან გადაქაჩავს გულის მარჯვენა ნახევარში. ასეთი ფილტრები მაშინ გამოიყენება, თუ ანტიკოაგულაციური თერაპიის მიუხედავად არის მორეციდივე ემბოლიები, ანტიკოაგულანტების გამოყენება შეზღუდულია ან იწვევენ სისხლდენას. ვინაიდან თრომბები, როგორც წესი, ყალიბდება ქვემო კიდურებში ან მენჯის ღრუში, ფილტრები ხელს უშლის თრომბების გადატანას ფილტვის არტერიაში. თანამედროვე ფილტრების მოცილება შესაძლებელია, რაც გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ გარკვეული გართულებები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვში ფილტრის მუდმივად დატოვებამ.