1. ატელექტაზი
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ატელექტაზი

ატელექტაზი არის მდგომარეობა რომლის დროსაც მთელი ფილტვი ან მისი ნაწილი დახშობილია და კოლაფსი ვითარდება.

  • ატელექტაზის ყველაზე ხშირი მიზეზია ბრონქული გზების ბლოკადა;

  • სუნთქვის უკმარისობა ატელექტაზის ერთადერთი სიმპტომია;

  • დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გულმკერდის რენტგენოგრაფია;

  • მკურნალობა მოიცავს ღრმად სუნთქვის გაადვილებას, სასუნთქი გზების გათავისუფლებას ბლოკადისგან ან ორივეს.

ფილტვების მთავარი ფუნქციაა სისხლში ჟანგბადის მიწოდება ატმოსფეროდან და ნახშირორჟანგის გამოდევნა ამოსუნთქვისას (აირთა ცვლა). აირთა ცვლის დროს ფილტვის მცირე ზომის ბუშტუკები (ალვეოლები) ივსება ჟანგბადით. აირთა ცვლა რომ ნორმალურად წარიმართოს, ალვეოლები მუდმივად უნდა იყოს ღია, რაც ფილტვის ელასტიკური სტრუქტურის და თხევადი აპკის – ე.წ. სურფაქტანტის მეშვეობით ხორციელდება. სურფაქტანტი ეწინააღმდეგება ალვეოლების დახურვის ბუნებრივ ტენდენციას (კოლაფსს). ადამიანების მიერ გაუცნობიერებლად განხორციელებული პერიოდული ღრმა ჩასუნთქვები და ხველა ასევე ეხმარება ალვეოლებს, იყვნენ მუდმივად გახსნილ მდგომარეობაში. ხველა გამოდევნის ლორწოს ან ნებისმიერ სხვა სეკრეტს, რომელმაც შეიძლება დაახშოს ალვეოლებისაკენ მიმავალი სასუნთქი გზები. თუ ალვეოლები რაიმე მიზეზით დაიხშობა, ისინი ვეღარ ახერხებენ აირთა ცვლაში მონაწილეობას. რაც მეტი ალვეოლაა შეჭმუხნილი, მით ნაკლებად ხდება აირთა ცვლა. შესაბამისად ატელექტაზი აქვეითებს ჟანგბადის კონცენტრაციას სისხლში. მცირე ზომის ატელექტაზის დროს სხეული ახდენს აირთა ცვლის კომპენსაციას დაზიანებულ უბანში სისხლძარღვის კედლის შეკუმშვის გზით. ამ შეკუმშვის შედეგად სისხლი მიემართება ღია მდგომარეობაში მყოფი ალვეოლებისაკენ, რათა იქ მოხდეს აირთა ცვლა.

მიზეზები

ატელექტაზის ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ტრაქეიდან გამომავალი და ფილტვის ქსოვილში შემავალი რომელიმე ბრონქის ბლოკირება. ბრონქების დახშობა შეიძლება მოახდინოს ნებისმიერმა მიზეზმა, მაგალითად ლორწოს საცობმა, სიმსივნემ, ან უცხო სხეულის ასპირაციამ (მონეტა, საკვების ნაწილაკი ან სათამაშო). ალტერნატიულ შემთხვევაში მათი ბლოკირების მიზეზი შეიძლება გახდეს სიმსივნე ან ლიმფური ჯირკვლების გადიდებით გამოწვეული გარეგანი ზეწოლა. გარედან ზეწოლის მიზეზი შეიძლება იყოს პლევრულ სივრცეში (სივრცე ფილტვებსა და გულმკერდს შორის) დაგროვილი სითხის დიდი მოცულობა (ექსუდაციური პლევრიტი), ან აირი (პნევმოთორაქსი). როდესაც ბრონქები ან ბრონქიოლები ბლოკირებულია, ალვეოლებში ჰაერი ვერ აღწევვს, იჭმუხნება და კოლაფსირდება. სისხლში აირთა ცვლა ხდება ღიად დარჩენილი ნაწილის მეშვეობით. ფილტვის კოლაფსირებული მიდამო შეიძლება დაინფიცირდეს, ვინაიდან ბაქტერიებისა და ლეიკოციტების გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემო იქმნება. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ ატელექტაზი გრძელდება რამდენიმე დღე ან მეტი. თუ ატელექტაზი თვეების მანძილზე შენარჩუნდება, ფილტვი ადვილად ვეღარ მოახერხებს გაშლას.

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც თრგუნავს ღრმად სუნთქვის ან ხველის შესაძლებლობას, შეიძლება გახდეს ატელექტაზის განვითარების მიზეზი. დიდი დოზებით ოპოიდების ან სედატიური საშუალებების მიღება აქვეითებს ღრმა სუნთქვის უნარს. ატელექტაზი ხშირია ზოგადი ანესთეზიის შემდეგაც, რომლის დროსაც დროებით დათრგუნვილია პაციენტის ხველის და სუნთქვის შესაძლებლობა. ატელექტაზი ხშირად ვლინდება ხოლმე გულმკერდის ან მუცლის ღრუს ოპერაციის შემდეგაც, ვინაიდან ზოგადი ანესთეზიის ეფექტის გარდა, პაციენტებს ღრმად სუნთქვისას აღენიშნებათ ტკივილი, რის გამოც სუნთქავენ ზედაპირულად. სხვა მიზეზებით გამოწვეული გულმკერდის ან მუცლის ტკივილი (მაგალითად ტრავმა ან პნევმონია) ასევე ხდის ღრმად სუნთქვას მტკივნეულს. გარკვეული ტიპის ნევროლოგიურმა მდგომარეობებმა და გულმკერდის დეფორმაციამ შეიძლება შეზღუდოს გულმკერდის ყაფაზის მოძრაობა და შესაბამისად დააქვეითოს ღრმად სუნთქვის შესაძლებლობა, ისევე როგორც ეს შესაძლებელია მუცლის ღრუს სიმსივნის, სხეულის უმოძრაობის და მჭიდრო ბანდაჟის ხმარებისას. პაციენტებში, რომლებიც ეწევიან ან აქვთ ფილტვის პრობლემები (მაგ. ფილტვის ქრ. ობსტრუქციული დაავადება, ცისტური ფიბროზი), ატელექტაზის განვითარების მაღალი რისკია.

სიმპტომები

ერთადერთი სიმპტომი, რაც ატელექტაზიან პაციენტს ახასიათებს, არის ქოშინი. იგი მით უფრო ინტენსიურია, ფილტვის რაც მეტი ნაწილია დაზიანებული. სიმპტომები ვითარდება ნელა ან შეიძლება არც გამოვლინდეს, თუ დაზიანებულია ალვეოლების მცირე რაოდენობა ან დაავადება პროგრესირებს ძალიან ნელა. ხოლო ალვეოლების დიდი რაოდენობით დაზიანებისას ატელექტაზი ყალიბდება ძალიან სწრაფად, მწვავედ გამოხატული ქოშინით. შეიძლება გაიზარდოს გულისცემა და სუნთქვის სიხშირე და სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის დაქვეითების გამო პაციენტს აღენიშნებოდეს მოლურჯო ელფერი (მდგომარეობას ეწოდება ციანოზი).

სიმპტომები შეიძლება ასახავდეს დარღვევას, რამაც გამოიწვია ატელექტაზი (მაგალითად, გულმკერდის ტკივილი ტრავმიდან გამომდინარე), ან ცვლილებებს, რაც ვითარდება ატელექტაზის განვითარების შემდეგ (მაგალითად, გულმკერდის ტკივილი ღრმად სუნთქვისას პნევმონიის გამო).

დიაგნოზი

ეჭვი ატელექტაზზე ჩნდება პაციენტის სიმპტომებიდან, ობიექტური მონაცემებიდან და იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია სიმპტომების განვითარება. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ჩანს უჰაერო მიდამო, რაც ადასტურებს დიაგნოზს. თუ საეჭვოა ბრონქული ბლოკადა, ტარდება დამატებით კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ან ბრონქოსკოპია (ბრონქების მილით დათვალიერება) ან ორივე კვლევა შეიძლება იქნეს გამოყენებული. განსაკუთრებით პაციენტებში, სადაც კოლაფსი პერსისტირებს მკურნალობის მიუხედავად.

პრევენცია

მწეველებში ატელექტაზის რისკი მცირდება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, თუ თამბაქოს თავს ანებებენ, იდეალურ შემთხვევაში, ოპერაციამდე 6-8 კვირით ადრე. ოპერაციის შემდეგ პაციენტებმა რაც შეიძლება მალე უნდა ისუნთქონ ღრმად, რეგულარულად ახველონ და იმოძრაონ. დამატებით ხელშემწყობი ფაქტორებია ხელსაწყოების გამოყენება ნებაყოფლობით ღრმა სუნთქვისთვის (წამახალისებელი სპირომეტრია) და სპეციალური ტიპის ვარჯიშები, მათ შორის პოზიციის შეცვლა, რათა მოხდეს ნახველის ან სხვა სეკრეტის ამოღების გაადვილება. აღნიშნული მეთოდები ატელექტაზის ჩამოყალიბების საპრევენციო საშუალებებია.

პაციენტს თუ ღრმად სუნთქვის შესაძლებლობა აქვს, ატელექტაზის ჩამოყალიბება შეიძლება თავიდან იქნეს არიდებული. მდგომარეობას, რომელიც ზედაპირულ სუნთქვას იწვევს ხანგრძლივი დროის მანძილზე, დროულად უნდა დავაღწიოთ თავი, რამდენადაც შესაძლებელია. პაციენტების გარკვეულ ნაწილში ეფექტურია დამხმარე საშუალებების გამოყენებაც. ერთ-ერთი მეთოდია ჰაერის ან ჰაერისა და ჟანგბადის ნარევის მიწოდება აირწინაღის მეშვეობით, მუდმივი დადებითი წნევით – მათ შორის ამოსუნთქვისასაც, რათა სასუნთქი გზები არ კოლაფსირდეს და ფილტვები დარჩეს გაფართოებული.

მკურნალობა

ატელექტაზის მკურნალობა მოიცავს ღრმა სუნთქვას, სასუნთქი გზების გათავისუფლებას ბლოკირებისგან ან ორივეს.

დახშული სასუნთქი გზების გამოთავისუფლება შესაძლებელია ამოტუმბვით. თუ ამ გზით ვერ ხერხდება ეფექტის მიღწევა, მაშინ მიმართავენ ბრონქოსკოპიას. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება სხვა მეთოდებიც, მაგალითად, სიმსივნით სასუნთქი გზების ბლოკირებისას ობსტრუქცია უნდა გათავისუფლდეს ქირურგიული მკურნალობის მეთოდით, რადიაციული თერაპიით, ქიმიოთერაპიით ან ლაზერული თერაპიით.

ატელექტაზის სიმპტომებისა და გართულებების მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ჟანგბადით თერაპიას, გახანგრძლივებული დადებითი წნევით აირის მიწოდებას, იშვიათ შემთხვევებში – სასუნთქი მილის ჩადგმას (ენდოტრაქეული ინტუბაცია) და მექანიკურ ვენტილაციას. ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპია.