გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებები

გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ფილტვის დაავადებების მიზეზებია გამონაბოლქვის, მავნე ფაქტორების, აირების შესუნთქვა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებიც სპეციფიკურ დაწესებულებებში მუშაობენ. ფილტვის დაავადებები, რომლებიც უკავშირდება მავნე ფაქტორების შესუნთქვას, ძირითადად გამოწვეულია პნევმოკონიოზით. შესუნთქული ნაწილაკის ზომასა და მახასიათებელზეა დამოკიდებული, სასუნთქი სისტემის რა ხასიათის დაავადება განვითარდება. დიდი ზომის ნაწილაკი შეიძლება გაიჭედოს ცხვირში ან ფართო სასუნთქ გზებში, მაშინ როცა მცირე ზომისამ შესაძლოა მიაღწიოს ფილტვის ქსოვილს. გარკვეული ნაწილაკები შეიძლება დაიშალოს და შეიწოვოს სისხლძარღვებში, უფრო მყარი ნაწილაკები მოცილებულ იქნეს ორგანიზმის დაცვითი მექანიზმების მეშვეობით.

ორგანიზმს გააჩნია უცხო სხეულის მოშორების რამდენიმე მექანიზმი. სასუნთქ გზებში სეკრეტის (ლორწოს) აკუმულაცია ხდება ნაწილაკის გარშემო და მის ამოხველებას აადვილებს. ამის გარდა მცირე ზომის უჯრედებს, რომელიც სასუნთქ გზებს ამოფენს (წამწამებს) აქვთ უნარი, უცხო სხეული მიმართონ აღმავალი გზით სასუნთქ სისტემაში და გააადვილონ მისი მოცილება. მცირე ზომის ბუშტუკებში (ალვეოლებში) არის სპეციალური უჯრედები (მაკროფაგები), რომლებიც მოინელებენ უცხო ნაწილაკების უმეტესობას და ხდიან უსაფრთხოს ორგანიზმისთვის.

ბევრ სხვადასხვა სახის ნაწილაკებს შეუძლიათ ფილტვების დაზიანება. ნაწილი არის ორგანული წარმოშობის, რაც ნიშნავს, რომ ისინი შეიცავს ნახშირბადს და არიან ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი (მაგალითად, მარცვლეულის მტვერი, ბამბის მტვერი ან ცხოველების ქერტლი). ნაწილი არის არაორგანული ბუნების და წარმოშობილია არაორგანული წყაროებიდან, როგორიცაა ლითონები ან მინერალები (მაგ.: აზბესტოზი).

სხვადასხვა ტიპის ნაწილაკები ორგანიზმზე სხვადასხვაგვარად მოქმედებენ. მაგალითად, ცხოველთა ქერტლმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ასთმის ან პოლინოზის მსგავსი სიმპტომებით. სხვა ტიპის ნაწილაკები არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, მაგრამ აქვთ ტოქსიკური გავლენა სასუნთქი გზების უჯრედებზე. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, კვარცის მტვერმა ან აზბესტმა, შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ქრონიკული გაღიზიანება და ნაწიბურების წარმოქმნა ფილტვის ქსოვილში (ფილტვის ფიბროზი).

აზბესტოზი ასევე ფილტვის სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია, განსაკუთრებით მწეველებში ანდა შეიძლება ხელი შეუწყოს გულმკერდის ან ფილტვის ამომფენი ლორწოვანის სიმსივნის (მეზოთელიომა) განვითარებას, მიუხედავად იმისა, პაციენტი მწეველია თუ არა.

ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებები

განვითარებულ ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზია აზოტის დიოქსიდი (წიაღისეული საწვავის წვის შედეგად), ოზონი (მზის სხივების გავლენის შედეგად აზოტის დიოქსიდსა და ნახშირწყალბადზე) და სხვა შეწონილი თხევადიან მყარი ნაწილაკები. განვითარებად ქვეყნებში საწვავის წვა წარმოადგენს მყარი ნაწილაკების გარემოში გამოყოფის მნიშვნელოვან წყაროს. პასიური მწეველობა ასევე მნიშვნელოვანია ოთახში ჰაერის დასაბინძურებლად.

ჰაერის მაღალი ხარისხის დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები ასთმით ან ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გადატვირთული მოძრაობის არეალში, არიან მაღალი რისკის ქვეშ. ჰაერის უმეტესი დამაბინძურებელები იწვევენ სასუნთქი გზების შევიწროებას (სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობას). მათმა გახანგრძლივებულმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ინფექციები და სიმპტომები მთლიან პოპულაციაში, განსაკუთრებით ბავშვებში.

ოზონი არის სმოგის (ტოქსიკური ნისლის) ძირითადი კომპონენტი და წარმოადგენს ფილტვების ძლიერ გამღიზიანებელს. მისი კონცენტრაციის დონე განსაკუთრებით მაღალია ზაფხულში სხვა სეზონებთან შედარებით, გვიან დილით და ადრე შუადღისას დღის სხვა მონაკვეთთან შედარებით. ხანმოკლე ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდში და სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობა. ბავშვები, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები და თამაშობენ ეზოში ისეთ დღეებში, როცა ოზონის კონცენტრაცია მაღალია გარემოში, უფრო მიდრეკილნი არიან ასთმის ჩამოყალიბებისკენ. ოზონის ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს ფილტვის ფუნქციის ნელ, პერმანენტულ დაქვეითებას.

დიდი რაოდენობით გოგირდის შემცველი საწვავის წვისას შეიძლება გამოიყოს მჟავის ნაწილაკები, რომლებიც ადვილად გროვდება ზედა სასუნთქ გზებში. ამ ნაწილაკებს გოგირდის ოქსიდი ეწოდება. მათ შეიძლება გამოიწვიონ სასუნთქი გზების ანთება და შევიწროება, გაზარდონ ქრონიკული ბრონქიტის განვითარების რისკი. ნაწილაკები გავლენას ახდენენ სხეულის სხვა ორგანოებზეც, მათ შორის გულზე. გარკვეული კვლევების შედეგები გვიჩვენებს, რომ ჰაერის დაბინძურება ზრდის სხვადასხვა მიზეზით, განსაკუთრებით გულის ან ფილტვების დაზიანების შედეგად განვითარებულ სიკვდილიანობას.