ფილტვის ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ფილტვის ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ფილტვის ალერგიული და აუტოიმუნური დაავადებები

ფილტვები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ალერგიული რეაქციების მიმართ, რადგან განიცდიან ისეთი გამღიზიანებელი ნივთიერებების უშუალო გავლენას, რომლებიც ხშირად იწვევენ ალერგიას (ანტიგენები) მათ შორის არის: ოთახის მტვერი, მცენარის მტვერი, სოკოები და ქიმიური ნივთიერებები. ასეთი გარემო ზრდის რესპირაციული ალერგიული რეაქციების განვითარების ალბათობას. ალერგიული რეაქცია, რომელიც ფილტვებსაც მოიცავს, ასევე შესაძლოა განვითარდეს გარკვეული საკვების ან მედიკამენტების მიღებისას.

ორგანიზმში ანტიგენის მოხვედრის საპასუხოდ ხდება ცილოვანი ნივთიერებების (ანტისხეულების) გამომუშავება. ნორმალური იმუნური პასუხის შემთხვევაში, როგორც წესი, ანტისხეული უკავშირდება ანტიგენს და ანადგურებს მას, თუმცა ზოგჯერ ანტისხეულის და ანტიგენის დაკავშირების შედეგად ვითარდება ანთება და ქსოვილის დაზიანება, რასაც ალერგიული რეაქცია ეწოდება. ქსოვილების დაზიანების მექანიზმებიდან გამომდინარე ახდენენ ალერგიული რეაქციების კლასიფიკაციას, ხშირად ადგილი აქვს მათი რამდენიმე ტიპის კომბინაციას. გარდა ამისა, ზოგჯერ ალერგიის განვითარება დამოკიდებულია არა ანტისხეულების, არამედ ანტიგენ-სპეციფიკური ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) არსებობაზე. მიიჩნევენ, რომ ზოგიერთი ალერგიული რეაქციის გამოვლენის სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად მცირდება.