1. პულმონური ჰიპერტენზია
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
პულმონური ჰიპერტენზია

პულმონური ჰიპერტენზია არის მდგომარეობა, როდესაც წნევა ფილტვის არტერიებში ნორმაზე მაღალია.

  • არსებობს პულმონური ჰიპერტენზიის განვითარების მრავალი მიზეზი;

  • როგორც წესი, პაციენტი უჩივის ქოშინს, განსაკუთრებით – ფიზიკური დატვირთვისას, აგრეთვე სისუსტეს, ზოგიერთს ასევე უვითარდება თავბრუსხვევა და დაღლილობა;

  • პირველი რიგის კვლევებია: გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია. საბოლოოდ დიაგნოზის დადასტურების მიზნით ტარდება წნევის განსაზღვრა ფილტვის არტერიასა და მარჯვენა პარკუჭში;

  • მკურნალობა დამოკიდებულია ჰიპერტენზიის გამომწვევ მიზეზზე და მიმართულია ფილტვის არტერიებში სისხლის მიწოდების გაუმჯობესებისაკენ.

გულის მარჯვენა პარკუჭიდან ვენური სისხლი ფილტვის არტერიის გავლით აღწევს ფილტვებამდე, სადაც თავისუფლდება ნახშირორჟანგისაგან და მდიდრდება ჟანგბადით. ნორმაში ფილტვის არტერიაში წნევა უფრო დაბალია, ვიდრე გულის მარჯვენა ნახევარში, რის ხარჯზეც მარჯვენა პარკუჭის კუნთი მარცხენასთან შედარებით ნაკლებად განვითარებულია (რადგან შედარებით ნაკლები ძალისხმევაა საჭირო სისხლის ფილტვებამდე გადასატუმბად). აღნიშნულის საპირისპიროდ მარცხენა პარკუჭი, რომელიც მთელ ორგანიზმს ამარაგებს სისხლით და რომელსაც უხდება მეტი წინააღმდეგობის გადალახვა, უფრო ძლიერადაა განვითარებული.

მდგომარეობას, როდესაც წნევა ფილტვის არტერიაში მიაღწევს მნიშვნელოვნად მაღალ დონეს, ეწოდება პულმონური ჰიპერტენზია. ასეთ შემთხვევაში მარჯვენა პარკუჭი იკუმშება უფრო ძლიერად, რათა გადალახოს გაზრდილი წინააღმდეგობა. ყოველივე ეს დროთა განმავლობაში განაპირობებს მის ჰიპერტროფიასა და დილატაციას და გულის უკმარისობის განვითარებას

მიზეზები

არსებობს პულმონური ჰიპერტენზიის განვითარების მრავალი მიზეზი. მათ შორისაა: აივ-ინფექცია, მედიკამენტების გარკვეული ჯგუფები და ტოქსინები, ფილტვის დაავადებები, სისხლში ჟანგბადის დაბალი კონცენტრაცია (ჰიპოქსია). მიზეზთაგან ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გულის მარცხენა ნახევრის უკმარისობაა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს:

  • გულის სარქვლოვანი პათოლოგიების დროს

  • მარცხენა პარკუჭში წნევის მატების დროს

  • მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის ისეთი დაავადებების დროს, როდესაც დაქვეითებულია მისი შეკუმშვის ძალა.

ფილტვის დაავადებებს ასევე შეუძლია გამოიწვიოს პულმონური ჰიპერტენზია, მათგან ყველაზე ხშირი მიზეზი ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებაა (ფქოდ), რომლის დროს ფილტვების სისხლით მომარაგება მეტ ძალისხმევას მოითხოვს. დროთა განმავლობაში იგი აზიანებს ალვეოლებს, ხდება ფილტვის არტერიების შევიწროება (რაც ფილტვის არტერიაში წნევის მატების მნიშვნელოვანი ფაქტორია) და ირღვევა სისხლის ოქსიგენაცია. ძილის აპნოემ და ცხოვრებამ ან ხანგრძლივად ყოფნამ ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე ასევე შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის არტერიაში წნევის მომატება ჰიპოქსიის ხარჯზე. პულმონური ჰიპერტენზიის ფილტვისმიერი სხვა შესაძლო მიზეზებია: პულმონური ფიბროზი, მუკოვისციდოზი, სარკოიდოზი, ლანგერჰანსის უჯრედული გრანულომატოზი (ჰისტიოციტოზი).

პულმონური ჰიპერტენზიის განვითარების შედარებით იშვიათი მიზეზი ფილტვის ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილის მოცილებაა (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა). სხვა შესაძლო მიზეზებია: გულის უკმარისობა, სკლეროდერმია, სიმსუქნე (პიკვიკის სინდრომი), ნევროლოგიური დარღვევები, რომელიც მოიცავს სასუნთქ კუნთებს, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები და აივ-ინფექცია. ასევე 1990-იან წლებში დაფიქსირდა პულმონური ჰიპერტენზიის განვითარების რამდენიმე შემთხვევა დექსფენფურამინის და ფენტერმინის (ფენფენი) მომხმარებელთა შორის (პრეპარატები გამოიყენება წონის კორექციის მიზნით). მოულოდნელად განვითარებული პულმონური ჰიპერტენზიის მიზეზი ფილტვის არტერიის ემბოლიზმია. ტროპიკულ ქვეყნებში დაავადებას ხშირად პარაზიტული ინფექცია შისტოსომოზი იწვევს.

დაავადებულთა მცირე ჯგუფებში ვერ ხერხდება პულმონური ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზის დადგენა (იდიოპათიური პულმონური ჰიპერტენზია). იგი ქალებში გვხვდება ორჯერ ხშირად, ვიდრე მამაკაცებში, საშუალო ასაკი – 35 წელია.

სიმპტომები

ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას პულმონური ჰიპერტენზიის მთავარი სიმპტომია და გვხვდება თითქმის ყველა პაციენტში. ასევე ხშირად ვითარდება თავბრუსხვევა, სისუსტე და დაღლილობა, რაც ქსოვილების ჟანგბადით არასაკმარისი მომარაგებით აიხსნება. ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, მსტვინავი სუნთქვა ფილტვისმიერი მიზეზით გამოწვეული ჰიპერტენზიის დროს ვითარდება. შეშუპების (ედემა) განვითარება, უპირატესად ქვედა კიდურებზე გულის მარჯვენა ნახევრის უკმარისობის განვითარების მანიშნებელია.

ზოგჯერ პაციენტებს პულმონური ჰიპერტენზიით აქვთ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, განსაკუთრებით ხშირია სისტემური სკლეროზი (სკლეროდერმია).

დიაგნოსტიკა

სიმპტომებზე დაყრდნობით ექიმს შეუძლია ივარაუდოს პულმონური ჰიპერტენზიის არსებობა პაციენტებში, რომელთაც აქვთ ფილტვის რომელიმე ფონური დაავადება. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით შესაძლოა გამოვლინდეს ფილტვის არტერიების გაფართოება. ელექტროკარდიოგრაფია და ექოკარდიოგრაფია ეხმარება ექიმს, გამოავლინოს გულის მარჯვენა ნახევარში არსებული დეფექტები ფილტვისმიერი გულის განვითარებამდე, მაგალითად – გასქელებული მარჯვენა პარკუჭი ან სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება. დაავადების სიმძიმის შესაფასებლად ტარდება ფილტვის ფუნქციური ტესტები. არტერიულ სისხლში იკვლევენ ჟანგბადის კონცენტრაციას.

პულმონური ჰიპერტენზიის დიაგნოზის დადასტურების მიზნით, როგორც წესი, მიმართავენ მარჯვენა პარკუჭსა და ფილტვის არტერიაში წნევის განსაზღვრას.

მკურნალობა

მკურნალობა ბევრად ეფექტურია, როდესაც იდენტიფიცირებულია პულმონური ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზი. ვაზოდილატატორები (მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების გაფართოებას), როგორიცაა კალციუმის არხის ბლოკატორები და პროსტაციკლინის ანალოგები, ეფექტურია პაციენტებში, რომელთაც ჰიპერტენზია განუვითარდათ სკლეროდერმიის, აივ-ინფექციის ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებების ფონზე. მაგრამ ეს პრეპარატები უეფექტოა ფილტვისმიერი მიზეზით განვითარებული ჰიპერტენზიის შემთხვევებში. იდიოპათიური პულმონური ჰიპერტენზიით დაავადებულთა უმრავლესობაში პროსტაციკლინის გამოყენება ასევე მკვეთრად ამცირებს ფილტვის არტერიაში წნევას. ინტრავენურად პროსტაციკლინის გამოყენება კანში იმპლანტირებული კათეტერით აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და დროს – ფილტვის ტრანსპლანტაციის საჭიროებამდე. ვაზოდილატატორები შესაძლოა სახიფათო იყოს ზოგიერთი პაციენტისთვის, მათი გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს. ამჟამად პროსტაციკლინის კანქვეშა ფორმის გარდა ხელმისაწვდომია მისი საინჰალაციო ფორმაც.

ენდოთელინის (სისხლში არსებული ნივთიერება, რომელიც იწვევს ვაზოკონსტრიქციას) რეცეპტორების ბლოკერები, პერორალურად მისაღები პრეპარატები – ბოსენტანი და ამბრისენტანი დაავადების საშუალო სიმძიმის ფორმის დროს ავლენენ ეფექტურობას. პროსტაციკლინის მსგავსი პრეპარატი სახელწოდებით ილოპროსტი გამოიყენება ინჰალაციის გზით და პროსტაციკლინთან შედარებით გააჩნია გართულებების განვითარების მნიშვნელოვნად დაბალი რისკი. პაციენტთა გარკვეულ ნაწილში ძალზე კარგ შედეგს იძლევა ასევე პერორალურად სინდენაფილის გამოყენება.

პაციენტებს, რომელთაც აქვთ სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა, უწყვეტად უნდა მიეწოდებოდეთ ჟანგბადი ცხვირის კანულის ან ნიღბის მეშვეობით. აღნიშნული ჩარევა ამცირებს ქოშინის ინტენსივობას და წნევას ფილტვის არტერიაში. შარდმდენი საშუალებები გამოიყენება შეშუპების და მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვის შემცირების მიზნით. ანტიკოაგულანტები ამცირებენ პულმონური ემბოლიზმის და თრომბოზის რისკებს.

ფილტვის ტრანსპლანტაციას მიმართავენ მხოლოდ დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში. ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოსალოდნელი გართულებები.