ფილტვის კიბო | მკურნალი.გე
  1. ფილტვის კიბო
  2. ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები
ფილტვის კიბო

  • ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი არის მუდმივი ტიპის ხველა;

  • გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით შესაძლებელია გამოვლინდეს ფილტვის კიბოს შემთხვევების უმეტესობა, ასევე საჭიროა სხვა გამოსახულებითი კვლევები და ბიოფსია;

  • ფილტვის კიბოს მკურნალობა მოიცავს – ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, მიზნობრივ თერაპიას.

ფილტვის კიბო არის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. იგი ძირითადად გვხვდება 45-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში სიგარეტის მოხმარების ზრდის პარალელურად მოიმატა ქალების ავადობამ.

კიბოს, რომელიც ვითარდება ფილტვის უჯრედებიდან, ფილტვის პირველადი კიბო ეწოდება. იგი შეიძლება განვითარდეს ბრონქებიდან ან ალვეოლებიდან. კიბო ასევე ფილტვებში ვრცელდება (მეტასტაზები) სხეულის სხვა ნაწილებიდანაც (უფრო ხშირად გვხვდება – ძუძუს, კოლინჯის, წინამდებარე ჯირკვლის, თირკმლის, ფარისებრი ჯირკვლის, კუჭის, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავის, სათესლე ჯირკვლების, ძვლის ან კანის კიბოს დროს).

არსებობს ფილტვის კიბოს ორი ძირითადი კატეგორია:

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კარცინომა, რომელიც შეადგენს ფილტვის კიბოს შემთხვევების 85-87%-ს. მას ახასიათებს უფრო ნელი ზრდა, ვიდრე ფილტვის წვრილუჯრედოვან კიბოს. მიუხედავად ამისა, პაციენტების 40%-ში დიაგნოსტირების მომენტში მეტასტაზები სცდება გულმკერდის ღრუს. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კარცინომიდან ყველაზე ხშირია სქვამოზურუჯრედოვანი კარცინომა, ადენოკარცინომა და გიგანტურუჯრედოვანი კარცინომა.

ფილტვის წვრილუჯრედოვანი კარცინომა: მას ასევე უწოდებენ მარცვლოვან კარცინომას. იგი შეადგენს კიბოს შემთხვევების 13-15%-ს, არის ძალიან აგრესიული და ახასიათებს სწრაფი გავრცელება. დიაგნოსტირების მომენტში პაციენტების უმრავლესობაში მეტასტაზები გვხვდება სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

მიზეზები

სიგარეტის მოწევა არის ფილტვის კიბოს განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი. იგი წარმოდგენილია დაახლოებით დაავადების საერთო შემთხვევათა 85%-ში. მწეველების (ყოფილი და ამჟამინდელი მწეველები) თითქმის 10%-ს საბოლოოდ უვითარდებათ ფილტვის კიბო. მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა და მწეველობის წლები კორელაციაშია კიბოს განვითარების გაზრდილ რისკთან. სიგარეტის მოხმარების მიტოვება ამცირებს დაავადების განვითარების ალბათობას, მაგრამ ყოფილ მწეველებში, არამწეველებთან შედარებით უფრო ხშირია მისი შემთხვევები.

ფილტვის კიბოთი დაავადებულთა დაახლოებით 15%-ს არასოდეს მოუწევია სიგარეტი. ასეთ შემთხვევებში დაავადების განვითარების მიზეზი უცნობია. ბოლოდროინდელი კვლევები გვიჩვენებს, რომ არამწეველებს, რომელთაც განუვითარდათ ფილტვის კიბო, აღენიშნებათ ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) გენის მუტაცია. ასევე მიზეზებიდან მოიაზრება საცხოვრებელ გარემოში რადონის დაგროვება. სხვა შესაძლო რისკფაქტორებია: პასიური მწეველობა, ისეთი კარცენოგენული ნივთიერების ზემოქმედება, როგორიც არის აზბესტი, რადიაცია, ნიკელი, არსენიუმი, ქლორომეთილეთერი, კოქსი. თუ ჩამოთვლილ რისკფაქტორებს ემატება სიგარეტის მოხმარება, კიბოს განვითარების ალბათობა კიდევ უფრო მატულობს. იშვიათ შემთხვევებში ფილტვის კიბო – უპირატესად ადენოკარცინომა ან ბრონქოალვეოლური კარცინომა (ადენოკარცინომის ერთ-ერთი სახე) – უვითარდებათ პაციენტებს ფილტვის სხვა რომელიმე დაავადების ფონზე, მაგალითად როგორიც არის ტუბერკულოზი.

სიმპტომები

ფილტვის კიბოს სიმპტომები დამოკიდებულია მის ტიპზე, ლოკალიზაციასა და გავრცელების გზებზე. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია მუდმივი ხველა ანდა ქრონიკული ხველის შემთხვევაში მისი ხასიათის ცვლილება. ზოგიერთს უვითარდება სისხლიანი ხველა (ჰემოპტიზი), იშვიათად კიბოს ახასიათებს ჩაზრდა ახლომდებარე სისხლძარღვებში, რაც მძიმე სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს. დამატებითი, არასპეციფიკური სიმპტომები მოიცავს: უმადობას, წონის კლებას, დაღლილობას, ტკივილს გულმკერდის არეში, სისუსტეს.

გართულებები: ფილტვის კიბომ სასუნთქი გზების შევიწროების ხარჯზე შესაძლოა გამოიწვიოს მსტვინავი სუნთქვა, ხოლო მათი სრულად დახშობის შემთხვევაში ვითარდება ფილტვის ქსოვილის შესაბამისი ნაწილის კოლაფსი. განვითარებულ მდგომარეობას ეწოდება ატელექტაზი. სასუნთქი გზების ბლოკირების შედეგად ასევე შესაძლოა განვითარდეს ქოშინი და პნევმონია, რა დროსაც ვითარდება ხველა, ცხელება და ტკივილი გულმკერდის არეში. ზოგჯერ სიმსივნური უჯრედები აპროდუცირებენ სითხეს, რომელიც გროვდება პლევრის ღრუში (პლევრული გამონაჟონი), სითხის დიდი რაოდენობით წარმოქმნა ვლინდება ქოშინით. სიმსივნით ფილტვის ქსოვილის მნიშვნელოვანი ნაწილის დაზიანებისას ირღვევა ოქსიგენაციის პროცესი, სისხლში ქვეითდება ჟანგბადის შემცველობა, შედეგად ვითარდება ქოშინი. საბოლოოდ, მდგომარეობა შესაძლოა გულის უკმარისობის განვითარებით გართულდეს (ფილტვისმიერი გული). სიმსივნის გულმკერდის კედელში ჩაზრდას მუდმივი, ინტენსიური ტკივილი ახლავს თან.

ფილტვის კიბო ასევე შესაძლოა ჩაიზარდოს მასთან ახლოს მდებარე კისრის ნერვებში, რაც იწვევს ზედა ქუთუთოს დაშვებას, გუგის შევიწროებას, ენდოფთალმს და სახის ერთ-ერთ ნახევარზე ოფლის გამოყოფის შემცირებას. ჩამოთვლილ სიმპტომებს ერთიანობაში ეწოდება ჰორნერის სინდრომი. ფილტვის აპიკალური ნაწილის სიმსივნის მხრის მაინერვებელ ნერვზე ზეწოლა გამოვლინდება აღნიშნულ არეში ტკივილით, დაბუჟებით და კიდურში ძალის დაქვეითებით. მსგავსი ლოკალიზაციის სიმსივნეებს ხშირად პანკოსტას სიმსივნის სახელით მოიხსენიებენ. პროცესის სახმო იოგების მაინერვებელ ნერვებზე გავრცელებისას პაციენტს ეცვლება ხმა.

ფილტვის კიბო ასევე საყლაპავის დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს და გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვის დროს.

ფილტვის კიბოს ჩაზრდა გულში ან შუასაყარში იწვევს გულის მუშაობის რიტმის დარღვევას, გულიდან სისხლის გადინების შეფერხებას და სითხის დაგროვებას პერიკარდიუმში.

სიმსივნე შესაძლოა ჩაიზარდოს ან ზეწოლა მოახდინოს გულმკერდის ერთ-ერთ მთავარ ვენაზე (ზემო ღრუ ვენა). აღნიშნულ მდგომარეობას ეწოდება ზემო ღრუ ვენის სინდრომი. ზემო ღრუ ვენის ობსტრუქციის დროს სხეულის ზედა ნაწილიდან ვენური სისხლის გულისკენ მიდინება ფერხდება, გულმკერდის კედლის ვენები ფართოვდება, სახე, კისერი და სხეულის ზედა ნაწილი სარძევე ჯირკვლების ჩათვლით შუპდება, რასაც თან ახლავს ტკივილი. აღნიშნულ გართულებას ზოგჯერ ემატება ქოშინი, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა და ძილიანობა. სიმპტომები უარესდება დახრის ან დაწოლის შემთხვევაში.

ფილტვის კიბო ასევე შესაძლოა გავრცელდეს სისხლძარღვების მეშვეობით სხეულის სხვა ნაწილებში, უფრო ხშირად ღვიძლში, თავის ტვინში, თირკმელზედა ჯირკვალში, ზურგის ტვინში ან ძვლებში. კიბოს გავრცელება დაავადების დაწყებიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში შეიძლება მოხდეს, რაც უპირატესად წვრილუჯრედოვან კიბოს ახასიათებს. სიმპტომები, როგორიც არის ცნობიერების დარღვევა, თავის ტკივილი, ძვლების ტკივილი – ზოგჯერ ვითარდება უფრო ადრე, ვიდრე ფილტვის რაიმე სახის პრობლემა იჩენდეს თავს, რაც კიდევ უფრო ართულებს დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის შესაძლებლობას.

პარანეოპლაზიური სინდრომი მოიცავს მდგომარეობებს, რომელიც კიბოს გავლენით არის გამოწვეული, მაგრამ ვლინდება პირველადი კერისგან მოშორებით. სინდრომი არ არის დამოკიდებული ფილტვის კიბოს ზომაზე ან ლოკალიზაციაზე, ასევე არაა აუცილებელი, სიმსივნური პროცესი გულმკერდის ღრუს სცილდებოდეს. მას საფუძვლად უდევს კიბოს უჯრედების მიერ პროდუცირებული ნივთიერებების (როგორიც არის ჰორმონები, ციტოკინები და სხვა პროტეინები) ორგანიზმზე ზემოქმედება.

დიაგნოზი

როდესაც პაციენტს აქვს მუდმივი ტიპის ხველა ან აღნიშნავს ხველის გაუარესებას და ფილტვებთან დაკავშირებულ სხვა სიმპტომებს (როგორიც არის ქოშინი, სისხლიანი ხველა) და ამავე დროს იგი არის მწეველი, ექიმი განიხილავს ფილტვის კიბოს არსებობის შესაძლებლობას. როგორც წესი, პირველ ეტაპზე ტარდება გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა. იგი იძლევა სიმსივნური პროცესების უმეტესობის გამოვლენის შესაძლებლობას. გამონაკლისი მცირე ზომის წარმონაქმნებია. არის შემთხვევები, როდესაც ექიმი გულმკერდის სხვა მიზეზით (მაგ.: ქირურგიული ჩარევის წინ) ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევით პირველად აღმოაჩენს დაავადებას (თუმცა არსებული დაჩრდილვა ყოველთვის არ გულისხმობს კიბოს).

შემდეგ ეტაპზე იგეგმება კომპიუტერული ტომოგრაფია (CT),მისი მეშვეობით გამოვლენილი დამახასიათებელი ცვლილებები ექიმს ეხმარება დიაგნოზის დასმაში. იგი ასევე ავლენს – მცირე ზომის სიმსივნეებს, რომლებიც არ ჩანს რენტენოგრამაზე და გულმკერდის გაფართოებულ ლიმფურ კვანძებს. ახალი ტექნოლოგიური მიღწევები: პოსიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET) და სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია – იძლევა მცირე ზომის სიმსივნეების დიაგნოსტირების გაუმჯობესების საშუალებას. ონკოლოგები ხშირად იყენებენ PET-CT-ს რაც აერთიანებს ორ კვლევას – PET-ს და CT-ს ერთ აპარატში. იმ შემთხვევაში, თუ დასახელებული მეთოდებით მიღებული მონაცემები არასაკმარისია, მიმართავენ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (MRT).

დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება ფილტვის დაზიანებული ქსოვილის მიკროსკოპული კვლევა. იშვიათად დიაგნოსტირებისთვის საკმარის სურათს ნახველის შესწავლა იძლევა (ნახველის ციტოლოგია). სიმსივნური წარმონაქმნიდან მასალის აღება ძირითადად ბრონქოსკოპით ხდება, რაც ასევე სასუნთქი გზების დათვალიერების საშუალებას იძლევა. სიმსივნის პერიფერიული მდებარეობის შემთხვევაში მიმართავენ კანის გავლით ნემსით ბიოფსიას. პროცედურა ტარდება CTკონტროლით. ზოგჯერ შესასწავლი მასალის აღების ერთადერთი გზა ქირურგიული ჩარევაა (თორაკოტომია). საჭიროების შემთხვევაში ასევე ტარდება მედიასტინოსკოპია და პარალელურად გაფართოებული ლიმფური კვანძების ბიოფსია.

მას შემდეგ, რაც ციტოლოგიური კვლევით დადასტურდება კიბოს დიაგნოზი, ექიმი გეგმავს კვლევებს –PET-CTსკანირებას და თავის ტვინისCT-ს ან MRT-ს პროცესის გავრცელების შესწავლის მიზნით. იმ შემთხვევაში თუ PET-CTარ არის ხელმისაწვდომი, მაშინ ტარდება გულმკერდის, მუცლის ღრუს, მენჯის და ძვლების CTსკანირება. ძვლის სკანირებით შესაძლოა გამოვლინდეს მისი მეტასტაზებით დაზიანება. რადგან ფილტვის წვრილუჯრედოვან კიბოს ახასიათებს ძვლის ტვინის დაზიანება, ზოგჯერ მიმართავენ მის ბიოფსიასაც.

სიმსივნის კლასიფიკაციის დროს ხელმძღვანელობენ შემდეგი კრიტერიუმებით: რა ზომის არის წარმონაქმნი, ვრცელდება თუ არა ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში და ვრცელდება თუ არა შორეულ ორგანოებში. არსებობს სიმსივნის სტადიის განმსაზღვრელი სხვადასხვა კატეგორიები. სიმსივნის სტადიიდან გამომდინარე ხდება მკურნალობის დაგეგმვა და სავარაუდო პროგნოზის განსაზღვრა.

სკრინინგი: ამჟამად მიმდინარეობს კლინიკური კვლევები, რათა განისაზღვროს ფილტვის კიბოს სკრინინგული ტესტების ღირებულება. სკრინინგის მიზანია, პაციენტებში სიმპტომების განვითარებამდე აღმოაჩინოს დაავადება. ამ მიზნით გამოიყენება გულმკერდის X-სხივები, CT სკანირება, ნახველის გამოკვლევა, ან აღნიშნული მეთოდები გაერთიანებულად. თუმცა ჯერჯერობით სკრინინგით არ გამოვლენილა მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები, ამიტომ დაბალი რისკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება. გარდა იმისა, რომ კვლევები ძვირად ღირებულია, ცრუ დადებითი შედეგის შემთხვევაში პიროვნების უსაფუძვლო ნერვიულობის მიზეზიც ხდება. ასევე, ნათქვამის საპირისპიროდ, სკრინინგული კვლევით ყოველთვის ვერ ხერხდება უკვე არსებული პათოლოგიური პროცესის აღმოჩენა – ცრუ უარყოფითი შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ექიმმა სწორად განსაზღვროს პაციენტის რისკი სკრინინგული კვლევის ჩატარებამდე.

პრევენცია და მკურნალობა

ფილტვის კიბოს პრევენცია გულისხმობს სიგარეტის მოწევაზე უარის თქმას და კიბოს გამომწვევი სხვა, პოტენციურად საშიში ფაქტორების გავლენისგან თავის არიდებას.

ფილტვის წვრილუჯრედოვანი და არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს მიმართავენ მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს. ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია – შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დამოუკიდებლად ან კომბინირებულად. მკურნალობის სქემა დამოკიდებულია სიმსივნის ტიპზე, ლოკალიზაციაზე, სიმსივნის გავრცელების დონეზე და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. მაგალითად ზოგიერთ პაციენტში გავრცელებული არაწვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობა მოიცავს ქიმიოთერაპიას და სხივურ თერაპიას ქირურგიულ ჩარევამდე, ოპერაციის შემდგომ ანდა ოპერაციისგან დამოუკიდებლად. პაციენტების ნაწილი არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს დიაგნოზით ცოცხლობს გაცილებით დიდხანს, როდესაც მკურნალობა აერთიანებს ქიმიურ, სხივურ თერაპიას ან შედარებით ახალ მეთოდს – მიზნობრივ (ტარგეტულ) თერაპიას. ტარგეტული თერაპია მოიცავს სპეციალურ მედიკამენტებს – ბიოლოგიურ აგენტებს, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებს ფილტვის ქსოვილზე. ბოლო კვლევებით აღმოჩენილია პროტეინები, რომლებიც კვებავს კიბოს უჯრედებს და შესაძლოა მონაწილეობდეს კიბოს ზრდის რეგულაციასა და მეტასტაზების განვითარებაში. არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მიზანმიმართულად მოქმედებენ პათოლოგიური პროტეინების ექსპრესიაზე და შედეგად ანადგურებენ კიბოს უჯრედებს ან აინჰიბირებენ მის ზრდას. მაგალითად, ექიმმა ტრადიციული მეთოდებით მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში შესაძლოა გამოიყენოს ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორის (EGFR) თიროზინკინაზას ინჰიბიტორები, ან ზოგიერთ პაციენტში სისხლძარღვის ენდოთელური ზრდის ფაქტორის (VEGF)რეცეპტორების ინჰიბიტორებით მონოთერაპია ან ქიმიოთერაპიის სტანდარტულ რეჟიმთან კომბინაცია.

ზოგჯერ ასევე ტარდება ლაზერული თერაპია – ფილტვის ქსოვილიდან სიმსივნის ამოსაღებად ან ზომაში შესამცირებლად გამოიყენება ლაზერი და ფოტოდინამიკური თერაპია – სინათლის მეშვეობით ხდება კვანძის დაპატარავება. რადიოსიხშირულ აბლაციას მიმართავენ სიმსივნური უჯრედების განადგურების მიზნით, მაგალითად მცირე ზომის სიმსივნეების ან ოპერაციული ჩარევის უკუჩვენების დროს.

ქირურგია: ოპერაციული ჩარევა არის მკურნალობის არჩევითი მეთოდი ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც პროცესი მხოლოდ ფილტვებს მოიცავს. როგორც წესი, ქირურგიული ჩარევა არ გამოიყენება ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს საწყისი სტადიის დროსაც კი, რადგან მისი აგრესიული მიმდინარეობა ქიმიურ და სხივურ თერაპიას საჭიროებს. ოპერაციის უკუჩვენებებია: კიბოს მეტასტაზირება, სიმსივნური პროცესის ტრაქეასთან ძალიან ახლო ლოკალიზაცია, პაციენტებში ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები (მაგალითად, გულის ან ფილტვის მძიმე დაავადებები).

ოპერაციამდე ტარდება ფილტვის ფუნქციური ტესტები, რათა განისაზღვროს ფილტვის მოცულობა, რომელიც უნდა შენარჩუნდეს ქირურგიული ჩარევის შემდეგ და რომელიც საკმარისი იქნება ორგანიზმის ჟანგბადით საჭირო რაოდენობით უზრუნველსაყოფად. დაზიანებული ფილტვის მოსაცილებელი ქსოვილის ზომას განსაზღვრავს ქირურგი და იგი შესაძლოა, შეადგენდეს ფილტვის მცირე ნაწილს, სეგმენტს ან მთლიანად ფილტვს. თუ შეუსაბამობა ვლინდება, ქირურგიული ჩარევა არ ტარდება.

არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა ყოველთვის არ ნიშნავს გამოჯანმრთელებას. დამატებითი (ადიუვანტული) ქიმიოთერაპია ოპერაციის შემდეგ გამოსავალს აუმჯობესებს.

ზოგჯერ კიბო ფილტვებში ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილიდან (მაგალითად, მსხვილი ნაწლავიდან) და პირველადი კერის მოცილების შემდეგ მასაც ასევე იღებენ ქირურგიულად, მაგრამ პროცედურა იშვიათადაა რეკომენდებული. მის ჩატარებამდე უნდა დაიგეგმოს კვლევები, რომლითაც გამოირიცხება მეტასტაზების, ფილტვის გარდა, სხეულის სხვა ნაწილებში არსებობა.

სხივური თერაპია გამოიყენება ფილტვის კიბოს ორივე ფორმის დროს. მათ შორის არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტს არ აქვს ოპერაციის ჩატარების სურვილი, ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა ამის საშუალებას (მაგალითად, გვირგვინოვანი არტერიების მძიმე დაავადება) ანდა პროცესი ვრცელდება მეზობელ სტრუქტურებზე, როგორიც არის ლიმფური კვანძი. სხივური თერაპია არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, თუმცა ზოგიერთ პაციენტში მისი ეფექტი მხოლოდ კვანძის ზომაში უმნიშვნელო შემცირებით ან მისი ზრდის შენელებით ვლინდება. აღნიშნულ ჯგუფებში მისი ქიმიოთერაპიასთან კომბინირებული გამოყენება აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. წვრილუჯრედოვანი კიბოს სხვადასხვა სტადიის დროს, როდესაც პაციენტები კარგად ექვემდებარებიან ქიმიოპრეპარატებით მკურნალობას, რადიაციული თერაპია შესაძლოა სასარგებლო იყოს თავის ტვინში მეტასტაზების გავრცელების პრევენციის თვალსაზრისით. თავის ტვინში უკვე არსებული მეტასტაზებით გამოწვეული სიმპტომების (თავის ტკივილი, ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვები) შესამცირებლად, სხივური თერაპია ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიდგომაა. იგი ასევე გამოიყენება ფილტვის კიბოს ისეთი გართულებების სამართავად, როგორიც არის: სისხლიანი ხველა, ძვლების ტკივილი, ზემო ღრუ ვენის სინდრომი, ზურგის ტვინის კომპრესია.

ქიმიოთერაპია გამოიყენება ფილტვის კიბოს როგორც წვრილუჯრედოვანი, ასევე არაწვრილუჯრედოვანი ფორმის დროს. წვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში ზოგჯერ მას სხივურ თერაპიასთან კომბინაციაში ატარებენ. აღნიშნულ მეთოდს ენიჭება უპირატესობა, რადგან კიბოს ეს ფორმა ხასიათდება აგრესიულობით და ხშირად მეტასტაზები სხეულის სხვადასხვა ნაწილში დიაგნოზის დასმისთანავე ვლინდება. ქიმიოთერაპიას შეუძლია სიცოცხლის გახანგრძლივება პაციენტებში კიბოს შორსწასული ფორმებით, რომლებიც მკურნალობის გარეშე მხოლოდ 6-12 კვირას ცოცხლობენ.

ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს დროს ქიმიოთერაპია ასევე განაპირობებს სიცოცხლის გახანგრძლივებას და ამცირებს დაავადების სიმპტომებს. არაწვრილუჯრედოვანი კიბოს სხეულის სხვადასხვა ნაწილში მეტასტაზირებული ფორმისას, მკურნალობის შედეგად სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 9 თვემდე იზრდება. მიზნობრივი თერაპია ასევე აუმჯობესებს კიბოს გამოსავალს.

სხვა მკურნალობა: ხშირად ფილტვის კიბოთი დაავადებულებში საჭიროა მკურნალობის სხვა საშუალებების გამოყენება. ბევრ პაციენტს უვითარდება ფილტვის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება, რა დროსაც მიმართავენ ოქსიგენოთერაპიას და ბრონქოდილატატორების (მედიკამენტები, რომლებიც იწვევენ სასუნთქი გზების გაფართოებას) ჩართვას კიბოს ძირითად მკურნალობაში. დაავადების შორსწასული ფორმების დროს გამოხატული ძლიერი ტკივილის და სუნთქვის გაძნელების შესამსუბუქებლად ინიშნება ოპიოიდები მაღალი დოზებით სიცოცხლის ბოლომდე. საბედნიეროდ, ოპიოიდების ადეკვატური დოზირებით გამოყენება ტკივილის სრულად გაქრობის საშუალებას იძლევა.

პროგნოზი

ფილტვის კიბოს პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. მკურნალობის გარეშე შორსწასული ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 6 თვეა. როგორც წვრილუჯრედოვანი, ისე არაწვრილუჯრედოვანი მეტასტაზირებული კიბოს დროს მკურნალობის მიუხედავად გამოსავალი განსაკუთრებით ცუდია და 5 წელი პაციენტების 1%-ზე ნაკლები ცოცხლობს. ადრეული დიაგნოსტიკა აუმჯობესებს აღნიშნულ მონაცემებს – დაწყებითი არაწვრილუჯრედოვანი ფორმის შემთხვევაში 5 წლიანი სიცოცხლის ალბათობა 60-70% ს შეადგენს, მაგრამ თუ პაციენტი კვლავ აგრძელებს სიგარეტის მოწევას, კიბოს განვითარების რისკი მატულობს.

მკურნალობის შემდეგ პიროვნება მუდმივად უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას, რომელიც მოიცავს პერიოდულად გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევას და CT სკანირებას, კიბოს რეციდივის გამორიცხვის მიზნით. რეციდივი, როგორც წესი, პირველი 2 წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. მიუხედავად ამისა, ხშირი მონიტორინგი რეკომენდებულია გაგრძელდეს ფილტვის კიბოს მკურნალობის დასრულებიდან 5 წელი და შემდეგ, წელიწადში ერთხელ, სიცოცხლის ბოლომდე.

რადგან ფილტვის კიბოთი უამრავი ადამიანი იღუპება, აუცილებელია დაიგეგმოს ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე ზრუნვა. ინოკურაბელური ფილტვის კიბოს შემთხვევაში გამოხატულია შფოთვა და ძლიერი ტკივილი. სიმპტომების სამართავად გამოიყენება გარკვეული ჯგუფის მედიკამენტები, რაც პაციენტს მდგომარეობას უმსუბუქებს დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში და უზრუნველყოფს ტანჯვის გარეშე სიკვდილს.