1. ვასკულიტები
  2. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ვასკულიტები

ვასკულიტი სისხლძარღვების კედლის ანთებითი პროცესია.

  • ხშირად ვასკულიტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ზოგჯერ სხვადასხვა ვირუსი ან მედიკამენტი იწვევს მას;

  • ზოგადი სიმპტომებია ცხელება, დაღლილობა და ნიშნები, რომელთა გამოვლენა სხვა ორგანოების დაზიანებაზეა დამოკიდებული;

  • დიაგნოზის დასადატურებლად, საჭიროა, დაზიანებული სისხლძარღვების ბიოფსია;

  • ანთებითი პროცესის და სიმპტომების შესამსუბუქებლად კორტიკოსტეროიდები და სხვა ჯგუფის სამკურნალო საშუალებები გამოიყენება.

ვასკულიტი ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა დაავადების ცალკეული სახეობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვისაა სპეციფიკური.

ვასკულიტების მაპროვოცირებელი ფაქტორები ცნობილი არაა. თუმცა ზოგიერთმა ვირუსმა, განსაკუთრებით ჰეპატიტის ვირუსებმა და მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს პათოლოგია. სავარაუდოდ, ანთებითი პროცესი ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა სისხლძარღვებს ან სისხლძარღვების ნაწილს უცხოდ აღიქვამს და იწყებს ბრძოლას მის წინააღმდეგ. ანთების გამომწვევი იმუნური სისტემის უჯრედები ახდენს სისხლძარღვების ინფილტრაციას და აზიანებს მათ. დაზიანებული სისხლძარღვები ვიწროვდება, ჟონავს ან იხშობა. შედეგად, ქსოვილს, რომელსაც აღნიშნული სისხლძარღვი კვებავს, უწყდება სისხლის მიწოდება და იწყებს კვდომას ან დაზიანებას.

ვასკულიტი აზიანებს არტერიებს (დიდი, საშუალო ან მცირე კალიბრის), კაპილარებს, ვენებს ან კომბინირებულად სხვადასხვა სახის სისხლძარღვებს. ზიანდება სისხლძარღვი მთლიანად ან მხოლოდ მისი მონაკვეთი, სხეულის გარკვეული ნაწილი, მაგალითად, თავი, ან კანი, ან სისხლძარღვები, რომლებიც სხვადასხვა ორგანოს ამარაგებენ (ეწოდება სისტემური ვასკულიტი). შესაძლებელია ნებისმიერ ორგანოთა სისტემის დაზიანება.

სიმპტომები

სიმპტომების განვითარება დამოკიდებულია სისხლძარღვების პირდაპირ ან იმ ქსოვილების (ნერვები ან ორგანოები) არაპირდაპირ დაზიანებაზე, რომელთა სისხლის მიწოდებაც შემცირდა ან შეწყდა.

სიმპტომები იცვლება იმისდა მიხედვით, თუ რომელი სისხლძარღვია დაზიანებული, ან რომელი ორგანოს სისხლის მიმოქცევა შემცირდა, ან შეწყდა. მაგალითად, შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი:

  • კანი: მოლურჯო-წითელი გამონაყარი (ჰემორაგია) ან ლაქები (პურპურა), მცირე ზომის კვანძები ან წყლულები ქვედა კიდურებზე;

  • პერიფერიული ნერვები: დაბუჟება, ჩხვლეტა ან დაზიანებული კიდურის სისუსტე;

  • თავის ტვინი: ხასიათის ცვლილება, დაბნეულობა, კრუნჩხვები ან ინსულტი;

  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტი: მუცლის ტკივილი, დიარეა, გულისრევა, ღებინება;

  • გული: ანგინა ან გულის შეტევა;

  • თირკმლები: ზოგჯერ სიმპტომები არ ვლინდება ან აღინიშნება არტერიული წნევის მომატება, სითხის შეკავება (შეშუპება), თირკმლების ფუნქციის დარღვევა;

  • სახსრები: სახსრების ტკივილი ან შეშუპება.

ანთებითმა პროცესმა ზოგადი სიმპტომებიც შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა: ცხელება, ღამით ოფლიანობა, დაღლილობა, კუნთების ან სახსრების ტკივილი, მადის დაქვეითება, და წონის კლება.

ვასკულიტმა ისეთი გართულებებიც შეიძლება გამოიწვიოს, რომლებიც დაუყოვნებელ მკურნალობას საჭიროებენ. მაგალითად, ფილტვების, თავის ტვინის ან სხვა ორგანოების დაზიანებული სისხლძარღვებიდან სისხლდენა. თირკმლის დაზიანება ზოგჯერ სწრაფად პროგრესირებს და თირკმლების უკმარისობა ყალიბდება. თვალის დაზიანების შედეგად მოსალოდნელია სიბრმავის განვითარება.

დიაგნოზი

სიმპტომების აღმოცენებისას, დასაწყისში, ხშირად ვასკულიტის არსებობა არც კი განიხილება, ვინაიდან იგი ხშირი არაა და გამოვლინებები სხვა მრავალი დაავადების დროს განვითარებული სიმპტომების მსგავსია. მიუხედავად ამისა, სიმპტომთა გარკვეული კომბინაცია ან სიმპტომების მუდმივობა ეჭვს ბადებს ვასკულიტის არსებობაზე. ტარდება სისხლის და შარდის შემდეგი კვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი. თუ სისხლში წითელი უჯრედების შემცირება (ანემია), თრომბოციტების ან ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ან სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული სახეობების მომატება აღინიშნება – ამის მიზეზი შეიძლება ვასკულიტი იყოს. ვასკულიტის დროს ანემია სისხლის წარმოქმნის შემცირების ან შინაგანი სისხლდენის გამო ვითარდება.

  • სისხლში ასევე იკვლევენ იმ ნივთიერებების არსებობას, რომლებიც ანთების დროს წარმოიქმნება. ასეთია სხვადასხვა ანტისხეულები (როგორიცაა ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები) და კომპლემენტის ცილები. ანტინეიტროფილური ციტოპლაზმური ანტისხეულები ებრძვიან სისხლის თეთრ უჯრედებს და ვასკულიტების გარკვეული სახეობის დროს გვხვდება.

  • ტარდება იმ ინფექციების გამოსავლენი კვლევები, რომელთაც შეიძლება ვასკულიტის პროვოცირება მოახდინონ (მაგალითად, ჰეპატიტები).

  • ანალიზებით ისაზღვრება ვასკულიტით გამოწვეული ანთებითი პროცესის ხარისხი. მაგალითად, იზომება, თუ რამდენად სწრაფად ილექება სისხლის წითელი უჯრედები (ერითროციტები) სინჯარის ფსკერზე (ერითროციტების დალექვის სიჩქარე). მაღალი ედს ანთებაზე მიუთითებს. მის ნაცვლად ან დამატებით იკვლევენ C რეაქტიულ ცილას (რომელიც ღვიძლის მიერ გამომუშავდება ანთებითი პროცესის საპასუხოდ). თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ანთებითი პროცესი, ვასკულიტის გარდა, სხვა მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.

  • შარდში იკვლევენ ცილის ან წითელი უჯრედების არსებობას. მიღებული ინფორმაცია ექიმს ეხმარება თირკმლების დაზიანების დადგენაში.

  • სისხლის ანალიზით იზომება ცილის რაოდენობა სისხლში, რომელიც ვასკულიტის დროს იცვლება (საერთო ცილა და ალბუმინი).

დიაგნოზი ისმება სისხლის და შარდის ანალიზების დახმარებით, თუმცა მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭებათ. დასადასტურებლად იღებენ დაზიანებული სისხლძარღვის მონაკვეთს და სწავლობენ მიკროსკოპულად (ბიოფსია). პროცედურა ადგილობრივი გაუტკივარებით სრულდება და მისი ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულად.

ზოგჯერ დამატებითი კვლევები ხდება საჭირო. მაგალითად, თუ საეჭვოა ფილტვების დაზიანება, ტარდება გულმკერდის რენტგენოგრაფია. გამოსახულებითი კვლევებით, როგორიცაა მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია – დაზიანებული სისხლძარღვები დგინდება. თუ თირკმლების დაზიანებაა სავარაუდო, სისხლში იმ სუბსტანციების განსაზღვრა ხდება, რომლებიც ასეთ დროს იმატებს (შარდოვანას აზოტი და კრეატინინი). სხვა კვლევები იმ დაავადებების გამოსარიცხად ტარდება, რომელთაც მსგავსი სიმპტომები გააჩნიათ.

პროგნოზი

დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია ვასკულიტის სახეობაზე, სიმძიმესა და დაზიანებულ ორგანოებზე. პროგნოზი ცუდია გულის ან თირკმლების დაზიანებისას.

მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია ვასკულიტის სახეობაზე, სიმძიმესა და დაზიანებულ ორგანოებზე. ზოგადად, მისი მიზანია, შეაჩეროს იმუნური სისტემის მიერ სისხლძარღვების მუდმივი დაზიანება.

თუ დაზიანებულია სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები, როგორიცაა ფილტვები, გული, თავის ტვინი ან თირკმლები, ხშირად საჭირო ხდება გადაუდებელი მკურნალობის ჩატარება სტაციონარში. დახმარების გაწევას სხვადასხვა სპეციალისტისაგან შემდგარი გუნდი (ისეთი სფეროს, როგორიცაა ანთებითი პროცესის, ფილტვების დაავადებების ან თირკმლის პრობლემების ექსპერტები) ახორციელებს.

ვასკულიტის მსუბუქი სახეობა, მაგალითად, როდესაც მხოლოდ კანია დაზიანებული – მსუბუქ მკურნალობას, დაკვირვებას ან ანტიჰისტამინურ საშუალებებს შეიძლება საჭიროებდეს.

შემთხვევათა უმრავლესობაში, ანთებითი პროცესის დასათრგუნად, პირველ რიგში, კორტიკოსტეროიდები (ჩვეულებრივ, პრედნიზონი) გამოიყენება. ზოგჯერ მასთან ერთად ინიშნება იმუნური სისტემის დამთრგუნავი საშუალებები (იმუნოსუპრესანტები), როგორიცაა აზათიოპრინი, ციკლოფოსფამიდი ან მეტოტრექსატი. ვასკულიტის სამკურნალო საშუალებებს შეიძლება ბევრი გვერდითი ეფექტი ჰქონდეთ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ანთებითი პროცესი კონტროლს დაექვემდებარება, წამლის დოზა თანდათან მცირდება, კორტიკოსტეროიდი წყდება და ნაკლები სიძლიერის იმუნოსუპრესანტი ინიშნება. გამოიყენება წამლების ის მინიმალური დოზა, რომლითაც სიმპტომები კონტროლს ექვემდებარება. ანთებითი პროცესის შეჩერების შემდეგ (ეწოდება რემისია), შესაძლებელია ყველა მედიკამენტის შეწყვეტა. პაციენტების ერთ ნაწილს რემისია ხანგრძლივად უგრძელდება, სხვა შემთხვევაში სიმპტომები კვლავ იჩენს თავს (ეწოდება რეციდივი). თუ რეციდივები ხშირია, იმუნოდეპრესანტების მიღება განუსაზღვრელი დროით ხდება საჭირო. პაციენტების ნაწილი ხანგრძლივად იღებს კორტიკოსტეროიდებს.

კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გამოვლინება, როგორიცაა, ძვლოვანი სიმკვრივის შემცირება, ინფექციების რისკის ზრდა, კატარაქტა, არტერიული წნევის, წონის მატება, დიაბეტი. ძვლოვანი სიმკვრივის შემცირების თავიდან ასაცილებლად, პაციენტებს ურჩევენ კალციუმის და D ვიტამინის შემცველი დანამატების, ბისფოსფონატების მიღებას, როგორიცაა ალენდრონატი ან რიზედრონატი (აღნიშნული საშუალებები ზრდიან ძვლოვან სიმკვრივეს). პერიოდულად მოწმდება ძვლოვანი სიმკვრივე.

იმუნოსუპრესანტები ასუსტებენ იმუნურ სისტემას, შედეგად იზრდება სერიოზული ინფექციების განვითარების რისკი. ციკლოფოსფამიდი, ერთ-ერთი ძლიერი იმუნოსუპრესანტია, რომელიც შარდის ბუშტის გაღიზიანებას და ცალკეულ შემთხვევებში შარდის ბუშტის სიმსივნესაც კი იწვევს. ხშირად ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, ზოგჯერ ყოველ კვირაში ერთხელ. ეს განსაკუთრებით იმ პაციენტებს ესაჭიროებათ, რომლებიც მძლავრ იმუნოსუპრესანტებს იღებენ. აღნიშნული საშუალებები სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირებას იწვევენ.

სასურველია, პაციენტები, რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას იღებდნენ დაავადების შესახებ, რათა ნებისმიერი საყურადღებო სიმპტომის გამოვლენისთანავე შეატყობინონ ექიმს. ასევე მნიშვნელოვანია დანიშნული სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების ცოდნა. პაციენტები მუდმივ კონტაქტში უნდა იყვნენ მკურნალ ექიმთან, თუნდაც რემისიის პერიოდში, ვინაიდან ძნელი გამოსაცნობია, რამდენ ხანს გასტანს რემისია.