ფეხის (ტერფის) დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ფეხის (ტერფის) დაავადებები
  2. ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაავადებები
ფეხის (ტერფის) დაავადებები

ტერფის დაავადებების ნაწილი საკუთრივ ტერფიდან იღებს სათავეს, მაგალითად, ტერფის ტრავმა. პათოლოგიების ნაწილი კი სხეულის სხვა ნაწილებიდან მომდინარე დაავადებების შედეგია, მაგალითად, დიაბეტი, პოდაგრა ან ართრიტის სხვა სახეები. პრობლემების განვითარება შესაძლებელია ნებისმიერ ძვალში, სახსარში, კუნთში, მყესსა ან იოგში. საკმაოდ ხშირია ტერფის მოტეხილობა. შეფასებას საჭიროებს ფეხის თითზე ფრჩხილის ფერის ცვლილება, ვინაიდან იგი შეიძლება მრავალი დაავადებით, მათ შორის, სოკოვანი ინფექციით იყოს გამოწვეული.

დიაბეტის ან პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების (იმ არტერიების შევიწროება, რომლებიც სისხლს აწვდიან ფეხს, ხელს და შინაგან ორგანოებს) მქონე პირები, ინფექციის ან წყლულის გამოსავლენად, ყოველდღიურად საჭიროებენ ტერფის დათვალიერებას, ხოლო ექიმმა ან ტერფის სპეციალისტმა (პოდიატრმა) წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეაფასოს იგი.

ტერფის მრავალი დაავადება იკურნება მხოლოდ ისეთი ღონისძიებებით, როგორიცაა ფეხსაცმლის შეცვლა ან დამხმარე საშუალებების გამოყენება (ორთოპედიული ხელსაწყო ან ორთოზები), რომლებიც ცვლიან ტერფის პოზიციას ან მოძრაობის დიაპაზონს და ამ გზით ამცირებენ დაავადებული სახსრის დატვირთვას. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ინექცია იწვევს ტკივილისა და კუნთების სპაზმის შემცირებას, შედეგად სახსარში მოძრაობა ადვილდება. ასევე, ანთებითი პროცესის შესამსუბუქებლად, შესაძლებელია სახსარში კორტიკოსტეროიდის ინექცია. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მკურნალობა არაეფექტური აღმოჩნდება, სახსრების ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ტკივილის შესამცირებლად, საჭირო ხდება ქიურგიული ჩარევა.