ტკივილი (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები) | მკურნალი.გე
  1. ტკივილი (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები)
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ტკივილი (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები)

ტკივილი უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც უკვე არსებულ ან შესაძლო დაზიანებაზე მიგვითითებს.

ყველაზე ხშირი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ექიმთან მიდიან – ტკივილია. ის შეიძლება იყოს მჭრელი ან ყრუ, ხანგამოშვებითი ან მუდმივი, მოპულსირე ან თანაბარი. ხანდახან ტკივილის აღწერა ძალიან ძნელია. შესაძლოა ეს შეგრძნება იყოს ერთ პატარა ან საკმაოდ ფართო ადგილას, სიძლიერე კი მსუბუქიდან გაუსაძლისამდე მერყეობდეს.

ადამიანები ტკივილის გამძლეობის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. არის ხალხი, ვისაც პატარა ჭრილობით ან დაჟეჟილობით გამოწვეული ტკივილის ატანაც არ შეუძლია, მაშინ, როცა, ზოგიერთმა შეიძლება მძიმე ტრავმის ან დანით მიყენებული ჭრილობის გამოც არ დაიწუწუნოს. ტკივილის გამძლეობის უნარი დამოკიდებულია განწყობილებაზე, პიროვნებასა და გარემოებებზე. სპორტული მატჩის დროს აღელვებულმა სპორტსმენმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს, რომ მძიმე დაჟეჟილობა მიიღო, მაგრამ თამაშის შემდეგ საკმაოდ ძლიერად იგრძნობს ტკივილს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გუნდმა წააგო.

მწვავე და ქრონიკული ტკივილი: ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე უეცრად იწყება და, როგორც წესი, მალევე წყდება. ქრონიკული ტკივილი კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. ტკივილი ქრონიკულად ითვლება, თუ მას ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეესაბამება:

  • გრძელდება დაავადების ან ტრავმის შემდგომ მოსალოდნელზე 1 თვით მეტი ხნის განმავლობაში;

  • თავს იჩენს და შემდეგ კვლავ წყდება დროდადრო თვეების, წლების განმავლობაში;

  • დაკავშირებულია რამე ქრონიკულ დაავადებასთან (მაგ. სიმსივნე, ართრიტი, დიაბეტი, ფიბრომიალგია) ან დაზიანებასთან, რომელიც არ ხორცდება.

ძალიან ძლიერი, მწვავე ტკივილი იწვევს შფოთვას, გულისცემის აჩქარებას, სუნთქვის გახშირებას, წნევის აწევას, ადამიანს ასხამს ოფლი და გუგები უფართოვდება. როგორც წესი, ქრონიკულ ტკივილს ეს ყველაფერი არ ახასიათებს, მაგრამ თავს იჩენს სხვა პრობლემები: დეპრესია, უძილობა, გამოფიტვა, უმადობა, წონაში კლება, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება და ჩვეული საქმიანობების მიმართ ინტერესის დაკარგვა.

ქრონიკული ტკივილის მკურნალობის პროცესში ბევრ ადამიანს აღენიშნება ამ სიმპტომების ხანმოკლე გამწვავება და გაძლიერება. ასეთ ტკივილს "გამრღვევი" ეწოდება, რადგან თავს იჩენს წამლების რეგულარულად მიღების მიუხედავად. როგორც წესი, იგი იწყება უეცრად, გრძელდება ერთ საათამდე და ქრონიკულ ტკივილს ჰგავს მის საწყის ეტაპზე, თუმცა უფრო ძლიერია. გამრღვევი ტკივილი სხვადასხვანაირად ვლინდება ადამიანებში და ხშირად მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ქრონიკული ტკივილის დროს ნერვული სისტემა კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება ამ შეგრძნების მიმართ. ასეთ დროს ტკივილის შემგრძნობი, იმპულსის გამგზავნი და მიმღები ნერვული ბოჭკოები და უჯრედები მუდმივად სტიმულირდება. ეს ცვლის მათ სტრუქტურას, რაც ტკივილის სიგნალის გადაცემას კიდევ უფრო აძლიერებს. შედეგად, ტკივილის შეგრძნება შეიძლება არამტკივნეულმა გაღიზიანებამაც გამოიწვიოს ან მტკივნეული კიდევ უფრო ძლიერად, მძაფრად აღიქვას ადამიანმა.

როცა ტკივილი მუდმივად მეორდება, ადამიანები მას შიშით, შფოთვით ელოდებიან. ეს ემოციები კი ორგანიზმში ისეთი ნივთიერებების გამოყოფას იწვევს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეგრძნებას. ამის მაგალითია პროსტაგლანდინები, რომლებიც ნერვულ უჯრედებს ხელს უწყობენ ტკივილის აღქმაში. შიშისა და შფოთვის დროს ისეთი ნივთიერებებიც გამოიყოფა, რომლებიც პირიქით, ტკივილისადმი მგრძნობელობას ამცირებს. ესენია ენდორფინები, ორგანიზმის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლები. გადაღლილობას, გამოფიტვასაც იგივე ეფექტი აქვს ტკივილზე, რაც შიშსა და შფოთვას.

ხანდახან ტკივილი რჩება მიზეზის გაქრობის შემდეგაც ან უფრო მწვავედ შეიგრძნობა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამაზე ნაწილობრივ პასუხისმგებელი, ალბათ, ზემოთ აღწერილი მგრძნობელობის ცვლილების პროცესებია.

ტკივილის გადამცემი ნერვული გზები: ტრავმის დროს აღმოცენებული ტკივილი აღიქმება სპეციალური რეცეპტორების მიერ, რომლებიც მთელ სხეულშია გაბნეული. ისინი სიგნალს ელექტრული იმპულსების სახით აგზავნიან ზურგის ტვინისკენ და შემდეგ ზემოთ – თავის ტვინში. ხანდახან სიგნალი რეფლექსურ პასუხს იწვევს. მაგალითად, როცა უნებურად ვეხებით რამე ძალიან ცხელს, ხელს გაუცნობიერებლად მაშინვე უკან გამოვწევთ. ეს რეფლექსური რეაქციაა და დაზიანებისგან გვიცავს. ამ დროს იმპულსი ზურგის ტვინში მიღწევისთანავე უკან იგზავნება ტკივილის საწყის ადგილამდე (მამოძრავებელი ნერვით) და იქ იწვევს კუნთების შეკუმშვას. უშუალოდ ამ პროცესში თავის ტვინი არ მონაწილეობს, თუმცა ტკივილის სიგნალი იქაც მიემართება. ადამიანები მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ ტკივილს, როცა იმპულსს ტვინი გადაამუშავებს და მტკივნეულის "სტატუსს" მიანიჭებს.

ტკივილის რეცეპტორები და მათი ნერვული გზები განსხვავებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ამის გამოა, რომ ტკივილის შეგრძნება დაზიანების მდებარეობასა და ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, კანზე ტკივილის რეცეპტორი უამრავია და მათ საკმაოდ ზუსტად შეუძლიათ გადასცენ ინფორმაცია, თუ სად არის დაზიანება, ბასრი საგნით იყო მიყენებული თუ ბლაგვით, სიცივით თუ მაღალი ტემპერატურით. ამის საპირისპიროდ, შინაგან ორგანოებში, მაგ. ნაწლავებში, ტკივილის რეცეპტორები ნაკლები და არაზუსტია. ნაწლავი შეიძლება მოიწეწკვოს, გაიჭრას ან დაიწვას და ტკივილი არც კი აღმოცენდეს. მაგრამ მისი გაჭიმვა ან ზეწოლა ძალიან მტკივნეულია, რაც ხანდახან სულ რაღაც უვნებელი აირის ბუშტუკითაა გამოწვეული. ტვინს არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს, რა ადგილიდან მოდის ნაწლავის ტკივილი და, შესაბამისად, იგი დიდ ფართობზე შეიგრძნობა.

ხანდახან ტკივილი სხეულის ერთ ნაწილში აღმოცენდება, პრობლემა კი სულ სხვაგანაა, რადგან ტკივილს გადაცემის უნარიც ახასიათებს. ეს იმის გამოა, რომ სხეულის რამდენიმე ნაწილიდან ნერვული სიგნალები ერთი ნერვით მიდის თავისა და ზურგის ტვინში. მაგალითად, გულის შეტევის დროს ტკივილი შეიძლება იყოს კისერში, ყბაში, მხრებსა და მუცელში. ნაღვლის ბუშტის შეტევის დროს ტკივილი შესაძლოა ბეჭის ქვეშ გადაეცემოდეს.