1. თავის ტკივილი
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
თავის ტკივილი

თავის ტკივილი ძალიან გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა და ბევრ შემთხვევაში ხდება შეზღუდული შესაძლებლობების მიზეზი მამაკაცებსა და ქალებში. იგი ხელს უშლის ადამიანს მუშაობაში, ყოველდღიურ საქმიანობაში. ზოგს ხშირად სტკივა თავი, ზოგს კი – თითქმის არასდროს.

მიზეზები

მიუხედავად იმისა, რომ თავის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი შეიძლება იყოს, მას იშვიათად იწვევს რაიმე სერიოზული დაავადება.

პირველადი თავის ტკივილი: შემთხვევათა უმრავლესობაში ტკივილის მიზეზი რომელიმე სხვა დაავადება არ არის. ამას პირველადი თავის ტკივილი ეწოდება, მისი სახეებია:

  • დაძაბულობის თავის ტკივილი

  • შაკიკი

  • ჯგუფური (კლასტერული) თავის ტკივილი

ყველაზე გავრცელებული სახეა დაძაბულობის თავის ტკივილი.

მეორეული თავის ტკივილი: უფრო იშვიათად, ტკივილის მიზეზი სხვა დაავადებაა. ამ შემთხვევაში თავის ტკივილი მეორეულია. როგორც წესი, გამომწვევი დარღვევა სერიოზული არ არის, აზიანებს თვალებს, ცხვირს, ყელს, წიაღებს, კბილებს, ყბებს, ყურებს, კისერს, მსუბუქია ან დროებითი. მაგალითად, თავის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს კბილის ან წიაღის ინფექციამ (სინუსიტმა), ქვედა ყბის სახსრის პრობლემამ (საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებამ).

იშვიათად, ტკივილს რაიმე სერიოზული დაავადება იწვევს, მათ შორის:

  • ტვინის ინფექციები, მაგ. ჩირქგროვა (აბსცესი), მენინგიტი და ენცეფალიტი

  • სხვა ინფექციები, მაგ.: ტუბერკულოზი, თუ იგი თავის ტვინსაც აზიანებს

  • სისხლჩაქცევა ტვინის მფარავ ქსოვილებში (სუბდურული ჰემატომა), ხშირად თავის ტრავმის გამო

  • ტვინის სიმსივნეები

  • სისხლდენა ტვინში (ინტრაცერებრული ჰემორაგია)

  • სისხლდენა ტვინის მფარავ ქსოვილებში (სუბარაქნოიდული ჰემორაგია). ამას ხშირად იწვევს არტერიის კედლის გამობერილობის (თავის ტვინის ანევრიზმის) ან არტერიებსა და ვენებს შორის პათოლოგიური კავშირის (არტერიოვენური მალფორმაცია) გასკდომა

  • ქალასშიდა წნევის მომატება

  • ძალიან მაღალი არტერიული წნევა (იშვიათად)

  • სუნთქვის დარღვევები, მაგ. ემფიზემის ან ძილის აპნოეს გამო

  • გიგანტურუჯრედოვანი (საფეთქლის) არტერიიტი

ზოგი ეს დაავადება, მაგ. ტვინის სიმსივნეები, სისხლჩაქცევა, სისხლდენა ან ქალასშიდა ვენური ჰიპერტენზია, ქალაში წნევის გაზრდას იწვევს. ბევრი ინფექცია ადრეულ სტადიაზევე ვლინდება თავის ტკივილით, მაგ. ლაიმის დაავადება, კლდოვანი მთების ლაქოვანი ცხელება, მძიმე გრიპიც კი. მათი მიმდინარეობა საკმაოდ სერიოზული შეიძლება იყოს.

თავის ტკივილის მიზეზი ხშირად კოფეინის მიღების შეწყვეტა, ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ ტკივილგამაყუჩებლების (ანალგეტიკების) მოხსნა ან სისხლძარღვების გამაფართოებელი მედიკამენტის (მაგ.: ნიტროგლიცერინის) მიღებაა.

დიაგნოზი

ექიმები თავის ტკივილის სახესა და მიზეზს, როგორც წესი, პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის, შეგრძნების თავისებურებების მიხედვითა და გასინჯვით ადგენენ. ექიმი დაინტერესდება, რა სიხშირით სტკივა ადამიანს თავი, რა ხანგრძლივობით, ზუსტად სად, რამდენად ძლიერად და ასევე, ახლავს თუ არა ამას სხვა სიმპტომებიც. ასევე მნიშვნელოვანია, რა იწვევს ტკივილს, რა აუარესებს ან აყუჩებს მას. ქვემოთ ჩამოთვლილი თავისებურებები მიუთითებს, რომ მიზეზი რაიმე სერიოზული დაავადებაა და ნებისმიერი მათგანის შემთხვევაში ადამიანმა დროულად უნდა მიმართოს ექიმს:

  • ტკივილის სიხშირე ან სიძლიერე იზრდება

  • ტკივილი ყოველდღიურია

  • უძლიერესი თავის ტკივილი უეცრად იწყება (ე.წ. მეხის დაცემის მსგავსი ტკივილი)

  • ტკივილის თავისებურება ან ბუნება შეიცვალა

  • თავის ტკივილი 50 წლის ასაკის შემდეგ გამოვლინდა

  • ტკივილთან ერთად აღინიშნება სხვა სიმპტომებიც: ცხელება, კისრის დაჭიმულობა, მგრძნობელობის ან მხედველობის დარღვევა, სისუსტე, კოორდინაციის მოშლა, გონების კარგვა ან ძალიან მაღალი არტერიული წნევა

  • თავის ტკივილი გულყრას ან ცნობიერების მოშლას, დეზორიენტაციას იწვევს

მაგალითად, თუკი ტკივილს ცხელება და კისრის დაჭიმულობაც ახლავს თან, სავარაუდოა მენინგიტის არსებობა. ეს სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექციაა, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის მფარავ გარსებს აზიანებს. უეცრად დაწყებული უძლიერესი ტკივილი, რომლის მსგავსიც მანამდე ადამიანს არ განუცდია, მიანიშნებს სუბარაქნოიდულ სისხლდენაზე, რაც ტვინის გარსებში ვითარდება, ხშირად ანევრიზმის გასკდომის გამო.

გამოკვლევები: როცა ექიმს ეჭვი რაიმე სერიოზულ დაავადებაზე მიაქვს, ზუსტი დიაგნოსტიკისთვის კვლევები ინიშნება. თუკი სავარაუდოა სიმსივნე, სისხლდენა ან გაზრდილი ქალასშიდა წნევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კეთდება მაშინვე.

თუ ეჭვი მენინგიტზეა, ლუმბალური პუნქცია ტარდება დაუყოვნებლივ (იხ. ილუსტრაცია გვ. 699). ეს კვლევა ასევე საჭიროა სუბარაქნოიდული სისხლდენის ან ენცეფალიტზე ეჭვის შემთხვევაში. თუკი ექიმი ვარაუდობს, რომ ტვინში მოცულობითი წარმონაქმნია (სიმსივნე, აბსცესი), ლუმბალურ პუნქციამდე კტ ან მრტ კეთდება, რათა დადასტურდეს მისი უსაფრთხოება ამ შემთხვევაში. პუნქციის დროს ტვინის ქვემოთ წნევა მცირდება. მოცულობითი წარმონაქმნის არსებობისას, ორგანომ შესაძლოა ქვევით გადაინაცვლოს და რომელიმე ხვრელში ჩაიჭედოს (ხვრელები დატანებულია ტიხრებში, რომლებიც ტვინს ნაწილებად ყოფს). ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა და თავის ტვინის თიაქარი ეწოდება.

ზოგჯერ, სისხლის ანალიზები კეთდება, რათა ლაიმის დაავადება გამოირიცხოს. სისხლის წითელი უჯრედების დალექვის სიჩქარე (ედს – სიჩქარე, რომლითაც ერითროციტები სინჯარის ფსკერზე ილექება) იზომება გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტის სადიაგნოსტიკოდ. ეს დაავადება ანთებას იწვევს და ამ დროს ედს მომატებულია.