1. ძილის დარღვევები (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები)
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ძილის დარღვევები (თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები)

ძილის დარღვევის მქონე ადამიანებს უჭირთ ჩაძინება, უწყვეტი ძილის შენარჩუნება, სიფხიზლე ან აღენიშნებათ უჩვეულო მოვლენები, მაგალითად, ღამის კოშმარები, ძილში სიარული.

  • ძილის დარღვევას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად: სხვადასხვა დროს დაწოლა, დაძინებამდე საქმიანობა, სტრესი, დიეტა, დაავადებები ან მედიკამენტების მიღება;

  • პაციენტს აწუხებს ძილიანობა, დაღლილობა, გაღიზიანებულობა დღის მანძილზე და ხელი ეშლება ჩვეულ საქმიანობაში;

  • უფრო იშვიათად, ძილის დარღვევის დროს ადამიანებს არ შეუძლიათ თავი შეიკავონ დღისით ჩაძინებისგან;

  • პრობლემის დეტალური აღწერა, ინფორმაცია "ძილის დღიურიდან" ეხმარება ექიმს დიაგნოზის დასმაში, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება გამოკვლევა ძილის ლაბორატორიაში.

ძილი აუცილებელია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მაგრამ დღემდე მაინც არაა ბოლომდე გარკვეული, რატომ არის ასე და ზუსტად რა სარგებლობა მოაქვს მას. ძილის მოთხოვნილება ინდივიდუალურია და საკმაოდ დიდ დიაპაზონში მერყეობს, თუმცა, როგორც წესი, საშუალოდ 6-10 საათია დღე-ღამეში. ადამიანთა უმრავლესობას ღამით სძინავს. თუმცა, ღამის ცვლაში მუშაობის გამო ზოგს უწევს დღისით იძინოს, რამაც შეიძლება ამ პროცესის დარღვევა გამოიწვიოს.

ის, თუ რამდენ ხანს გვძინავს და რამდენად დასვენებულები ვიღვიძებთ, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მღელვარებაზე ან ემოცურ სტრესზე, ასაკზე, კვებასა და მედიკამენტებზე. მაგალითად, ზოგი წამალი ძილიანობას იწვევს, ზოგი კი პირიქით, ხელს უშლის ძილს. საკვებში შემავალმა ან დანამატმა ნივთიერებებმაც შეიძლება დაარღვიოს იგი, კოფეინმა, ძლიერმა სანელებლებმა და მონონატრიუმის გლუტამატმა. მოხუცებს უფრო ადრე ეძინებათ, ადრე ეღვიძებათ და უფრო უჭირთ ძილის რეჟიმის შეცვლა (სასაათო სარტყლის ცვლილება და ცვლაში მუშაობა შედარებით ძნელია მათთვის). ახალგაზრდებთან და ბავშვებთან შედარებით ხანში შესულები უფრო ადვილად ფხიზლდებიან და ხშირად ეღვიძებათ ღამით. უცნობია, მოხუცებს უფრო ნაკლები ძილი სჭირდებათ თუ არა. ალბათ, მათთვის ეს იმავე ხანგრძლივობითაა საჭირო, რამდენიც ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ისე კარგად აღარ სძინავთ, როგორც ადრე, ამიტომ დღისითაც ეძინებათ და წათვლემენ ხოლმე. დღის განმავლობაში წაძინება ანაზღაურებს ღამით ცუდ ძილს, მაგრამ შესაძლოა პირიქით, ხელიც შეუწყოს ამ პრობლემას.

ძილი ყოველთვის ერთნაირი არ არის. მისი ორი სახე გამოიყოფა: სწრაფი ძილი (ე.წ. თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა) და ნელი ძილი, რომელიც, თავის მხრივ, ცალკე 4 ფაზისგან შედგება. მძინარე ადამიანში ყოველ 90 წუთში ერთხელ თანმიმდევრობით იცვლება ნელი ძილის ოთხივე ფაზა, რასაც შემდეგ ხანმოკლე სწრაფი ძილი მოჰყვება და ასე მეორდება 4-5-ჯერ ღამეში.

ნელ ძილს უჭირავს მთელი ძილის დროის 75-80% მოზრდილებში. იგი იწყება პირველი ფაზით (ყველაზე ზედაპირული, ამ დროს ადამიანის გაღვიძება ძალიან ადვილია) და სრულდება მე-4 ფაზით (ყველაზე ღრმა, გაღვიძება უფრო რთულია). სწორედ ამ, ბოლო ფაზაშია არტერიული წნევა, გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე ყველაზე დაბალი.

სწრაფი ძილის დროს ტვინის ელექტრული აქტივობა უჩვეულოდ მაღალია, თითქმის ისეთივე, როგორიც სიფხიზლისას. თვალები სწრაფად მოძრაობს, ხოლო კუნთები დადამბლავებულია, რის გამოც ნებითი მოძრაობა შეუძლებელია. თუმცა, ზოგი კუნთი უნებლიეთ, სუსტად იკუმშება. სუნთქვის სიხშირე და სიღრმე იზრდება. ყველაზე შთამბეჭდავ სიზმრებს სწორედ სწრაფი ძილის დროს ხედავენ ადამიანები. ძილში ლაპარაკი, სიარული და ღამის კოშმარები ძირითადად მე-3, მე-4 ფაზებისთვისაა დამახასიათებელი.

სიმპტომები

სიმპტომებიდან ყველაზე ხშირი უძილობა და დღის მანძილზე ძილიანობაა. უძილობის მქონე პაციენტებს უჭირთ ჩაძინება, უწყვეტი ძილის შენარჩუნება და ვერ იღვიძებენ დასვენებულები. დღის ჭარბი ძილიანობის დროს ადამიანებს მაშინ ჩაეძინებათ ხოლმე, როცა წესით ფხიზლად უნდა იყონ. ძილის დარღვევის ზოგიერთი სახე მოიცავს კიდურების უნებლიე მოძრაობას ან სხვა უჩვეულო ქცევებსაც (ასევე, ღამის კოშმარებს).

სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია მეხსიერების, კოორდინაციის გაუარესება, ემოციური პრობლემები, შესაძლოა გაძნელდეს სკოლაში ან სამსახურში საქმიანობა. იზრდება ავარიაში მოყოლის, გულის დაავადების განვითარების რისკი.

დიაგნოზი

ძილის დარღვევის დიაგნოზი, როგორც წესი, სამედიცინო ისტორიის მიხედვით ისმება: პრობლემის აღწერისა და გასინჯვის შედეგების საფუძველზე. ექიმი დეტალურად გამოიკითხავს სიმპტომებს და შესაძლოა ძილის დღიურის წარმოება სთხოვოს პაციენტს. მასში იწერება:

  • როდის იძინებს ადამიანი;

  • როდის ეღვიძება დილას;

  • რამდენჯერ ეღვიძება ღამის განმავლობაში;

  • რამდენი ხანი ღვიძავს ხოლმე ამ დროს, სანამ ისევ ჩაეძინებოდეს;

  • რას აკეთებდა დაძინებამდე, თავს როგორ გრძნობდა მეორე დღეს (მაგ.: მოთენთილი ხომ არ იყო);

  • ღამის გარდა თუ სძინავს ხოლმე სხვა დროს, როდის და რამდენი ხანი.

როცა დიაგნოზი გაურკვეველია ან ექიმს ეჭვი აქვს ძილის დარღვევის რომელიმე სახეზე, შესაძლოა დაინიშნოს კვლევა ძილის ლაბორატორიაში. ამ დროს მთელი ღამის მანძილზე ტარდება პოლისომნოგრაფია და თან ადამიანს აკვირდებიან, ან ვიდეოკამერით ფიქსირდება ძილის განმავლობაში წარმოქმნილი უჩვეულო მოძრაობები. პოლისომნოგრაფია მოიცავს:

  • ელექტროენცეფალოგრაფიას (ეეგ), რომელიც აღრიცხავს ტვინის ელექტრულ აქტივობას;

  • ელექტროკარდიოგრაფიას, რომელიც იწერს გულისცემის რიტმსა და სიხშირეს;

  • სუნთქვის აღრიცხვასა და დაკვირვებას მასზე;

  • ელექტროოკულოგრაფიას, რომელიც აფიქსირებს თვალების მოძრაობას სწრაფი ძილის დროს;

  • ელექტრომიოგრაფიას, რომლის მეშვეობითაც აღირიცხება სახისა და ქვედა კიდურების კუნთების აქტივობა;

  • ოქსიმეტრიას, რომელიც ზომავს ჟანგბადის რაოდენობას სისხლში ყურზე ან თითზე გასაკეთებელი უმტკივნეულო მოწყობილობის მეშვეობით.