თავის ტვინის ფუნქციების მოშლა | მკურნალი.გე
  1. თავის ტვინის ფუნქციების მოშლა
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
თავის ტვინის ფუნქციების მოშლა

თავის ტვინის დაზიანებამ შეიძლება მისი მრავალი ფუნქციის მოშლა გამოიწვიოს. გამოვლინება სხვადასხვაგვარია: ცნობიერების სრული დაკარგვა (მაგ. კომა), ორიენტაციისა და ყურადღების მოშლა (დელირიუმის დროს), ცნობიერების შექმნაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე სპეციფიკური ფუნქციის დარღვევა და სხვა. ეს დამოკიდებულია დაზიანების სახესა და სიმძიმეზე, ადგილსა და დაავადების გაღრმავების სიჩქარეზე.

ტვინის ფუნქციის მოშლა შეიძლება იყოს გავრცელებული (დიფუზური) ან ადგილობრივი (ლოკალური). დიფუზურ დისფუნქციას ისეთი პათოლოგიები იწვევს, რომლებიც ტვინის დიდ ნაწილს აზიანებს:

  • მეტაბოლური დარღვევები და დაავადებები, მაგ. სისხლში შაქრის დონის დაცემა (ჰიპოგლიკემია) ან ჟანგბადის ნაკლებობა (ხშირად ფილტვების ან გულის დაავადებების გამო);

  • ინფექციები, მენინგიტი და ენცეფალიტი;

  • ძალიან მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა.

ტვინის ფუნქციების გავრცელებულ მოშლას ასევე იწვევს დაავადებები, რომელთა გამოც ამ ორგანოს დიდი ნაწილი შუპდება ან მასზე ზეწოლა ხდება:

  • ტვინის აბსცესი (ჩირქგროვა)

  • დიდი ზომის სიმსივნე

  • თავის მჭრელი ან ბლაგვი ტრავმით მიყენებული დაზიანებები

ტვინის დიფუზიური დისფუნქცია შესაძლოა ზოგმა მედიკამენტმაც გამოიწვიოს: ოპიოიდებმა (ნარკოტიკებმა), სედაციურმა საშუალებებმა (ბენზოდიაზეპინებმა, ბარბიტურატებმა) და ანტიდეპრესანტებმა, თუკი ადამიანი მგრძნობიარეა მათ მიმართ (ხშირია მოხუცებში) ან მედიკამენტი დიდი რაოდენობითაა სისხლში.

ტვინის ადგილობრივი დისფუნქცია ისეთი დაავადებებითაა გამოწვეული, რომლებიც ამ ორგანოს ერთ სპეციფიკურ უბანს აზიანებს, მათ შორის:

  • მცირე ზომის სიმსივნეები

  • ტვინის რომელიმე უბნისთვის სისხლის (და შესაბამისად, ჟანგბადის) მიწოდების მოშლა, მაგ. ინსულტისას

  • შემღწევი ჭრილობები, რომლებიც ტვინის მხოლოდ მცირე ნაწილს აზიანებს

  • გულყრებით მიმდინარე ზოგი დაავადება

გავრცელებული დაზიანება ცნობიერების მოშლას იწვევს: პაციენტს უჭირს გამოფხიზლება (გაშტერება, სტუპორი) ან ეს საერთოდ შეუძლებელია (კომა). ადგილობრივი დაზიანებით სპეციფიკური ფუნქციები ირღვევა. თუმცა, დისფუნქციის სიმძიმე არა მარტო დაზიანების სიდიდეზეა დამოკიდებული, არამედ ადგილზეც. იგი შეესაბამება ტვინის ქერქის (გარეთა შრე, ამ ორგანოს ყველაზე დიდი ნაწილი) დაზიანების ხარისხს: რაც უფრო დიდია ეს, მით უფრო სავარაუდოა გამოხატული დარღვევების განვითარება. თუმცა, როცა ტვინის ღეროს (ნაწილი, რომელიც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებსა და ცნობიერების დონეს არეგულირებს) მცირე დაზიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ცნობიერების დაკარგვა და სიკვდილიც კი.

სწრაფად მოპროგრესირე დაავადებები უფრო იწვევენ ტვინის ფუნქციის მოშლის შესამჩნევ სიმპტომებს, ვიდრე ნელა გაღრმავებადი – მაგ. ასე ხდება ამ ორგანოს სწრაფად მზარდი და ნელა მზარდი სიმსივნეების შემთხვევაში. თანდათანობით ცვლილებებს ტვინი უფრო ადვილად აკომპენსირებს, ვიდრე სწრაფად მომხდარს.

კომპენსაციისა და დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელების უნარს სამი თავისებურება უზრუნველყოფს:

  • სათადარიგოობა – ერთზე მეტ უბანს შეუძლია ერთი და იმავე ფუნქციის შესრულება

  • პლასტიკურობა – ზოგი უბნის ნერვულ უჯრედებს შეუძლიათ ისე გარდაიქმნან, რომ სხვა ფუნქცია შეასრულონ

  • ადაპტაცია – მეტ-ნაკლებად ურთიერთგადამფარავი ფუნქციების მქონე უბნებს შეუძლიათ დაზიანებულს ჩაენაცვლონ

აქედან გამომდინარე, ზოგჯერ ტვინის სხვა უბნები იღებენ თავის თავზე დაზიანებული ნაწილის ფუნქციას, რაც გამოჯანმრთელებაში ეხმარება ადამიანს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ამის შესაძლებლობა უფრო და უფრო მცირდება. ზოგი ფუნქციის, მაგალითად, მხედველობის, თავის თავზე აღება სხვა უბნებს საერთოდ არ შეუძლიათ. შესაბამისად, ტვინის ასეთ უნარებზე პასუხისმგებელი ნაწილის დაზიანების ეფექტი ხშირად სამუდამოა.