1. გულყრებით მიმდინარე დაავადებები
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
გულყრებით მიმდინარე დაავადებები

გულყრებით მიმდინარე დაავადებების დროს ტვინის ელექტრული აქტივობა პერიოდულად ირღვევა, რაც მისი ფუნქციის სხვადასხვა ხარისხით დროებით მოშლას იწვევს.

  • ბევრ ადამიანს უცნაური შეგრძნებები უჩნდება ზუსტად გულყრის დაწყებამდე;
  • ზოგი სახის გულყრის დროს ცნობიერება იკარგება და კიდურები უკონტროლოდ მოძრაობს, მაგრამ უფრო ხშირად პაციენტი უბრალოდ შეშდება ან ვერ აცნობიერებს, რა ხდება;
  • დიაგნოზი სიმპტომებს ეფუძნება, მაგრამ ხშირად გამოსახულებითი კვლევები, სისხლის ანალიზი და ელექტროენცეფალოგრაფიაც (თავის ტვინის ელექტრული აქტივობის ჩაწერა) აუცილებელია მიზეზის დასადგენად;
  • საჭიროების შემთხვევაში გულყრების პრევენცია მედიკამენტებითაა შესაძლებელი.

ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ნერვული იმპულსებით კავშირი მყარდება ტვინის სხვადასხვა ნაწილს შორის. ელექტრული იმპულსები თავის ტვინს აკავშირებს ზურგის ტვინთან, ნერვებთან და კუნთებთან. გულყრა მაშინ ვითარდება, როცა ეს ელექტრული აქტივობა ირღვევა.

გულყრის ორი ძირითადი სახე გამოიყოფა:

  • ეპილეფსიური – რაიმე თვალნათელი მიზეზი ან გამომწვევი არ არსებობს, შეტევები პერიოდულად მეორდება. ამ დაავადებას ეპილეფსია ეწოდება.

  • არაეპილეფსიური: გულყრას სხვა რაიმე დაავადება ან მდგომარეობა იწვევს, რომელიც აღიზიანებს ტვინს. ბავშვებში ამის მიზეზი შესაძლოა ცხელება იყოს.

ზოგმა ფსიქიკურმა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი სიმპტომები, რასაც ფსიქოგენური არაეპილეფსიური გულყრა ეწოდება.

მოზრდილთა 2%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უვითარდება ეს მდგომარეობა. მათგან ორ მესამედს იგი აღარასდროს უმეორდება. ყველაზე ხშირად გულყრით მიმდინარე დაავადებები ადრეულ ბავშვობაში ან ზრდასრულობის გვიან პერიოდში ვლინდება.

მიზეზები

გულყრის ყველაზე ხშირი მიზეზი დამოკიდებულია მისი გამოვლენის ასაკზე:

  • ორ წლამდე: მაღალმა ცხელებამ ან ნივთიერებათა ცვლის დროებით მოშლამ, მაგ.: სისხლში შაქრის (გლუკოზის), კალციუმის, მაგნიუმის, B6 ვიტამინის ან ნატრიუმის დონის ცვლილებამ შესაძლოა ერთი ან რამდენიმე გულყრა გამოიწვიოს. მიზეზის გამოსწორების შემდეგ გულყრა აღარ მეორდება. თუ იგი კვლავ განვითარდა უმიზეზოდ, პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს სამშობიარო ტრავმა, თანდაყოლილი დეფექტი, მემკვიდრული მეტაბოლური დარღვევა ან ტვინის რაიმე დაავადება.

  • 2-14 წელი: მიზეზი ხშირად უცნობია.

  • 25 წლის შემდეგ: ტვინი შეიძლება თავის ტრავმამ, ინსულტმა ან სიმსივემ დააზიანოს და გულყრა განვითარდეს. ამის ხშირი მიზეზი ალკოჰოლის აღკვეთის სინდრომია (სმის უეცრად შეწყვეტისას). თუმცა, ამ ასაკობრივ ჯგუფში შემთხვევათა ნახევარში გამომწვევი ვერ დგინდება.

თუ გულყრების მიზეზი უცნობია, მათ იდიოპათიური ეწოდება.

შეიძლება ადამიანს რაიმე დაავადება სულაც არ ჰქონდეს, მაგრამ გულყრა ერთჯერადად ისეთი მდგომარეობების გამო განუვითარდეს, რომლებიც აღიზიანებს ტვინს (მაგ.: ტრავმები, ზოგი მედიკამენტი, უძილობა, ინფექციები, ცხელება) ან ამცირებს მის ჟანგბადითა და საკვებით მომარაგებას (გულის რიტმის დარღვევა, ჟანგბადის ნაკლებობა ან შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში). ერთჯერად გულყრას, რომელიც რაიმე ასეთი მიზეზითაა გამოწვეული, პროვოცირებული ეწოდება (და შესაბამისად, არაეპილეფსიურია). გულყრებით მიმდინარე დაავადების მქონე პაციენტს უფრო დიდი რისკი აქვს, ჭარბი ფიზიკური ან ემოციური სტრესის, უძილობის გამო შეტევა განუვითარდეს. ამ მდგომარეობების თავიდან აცილება გულყრის პრევენციასაც უწყობს ხელს.

იშვიათად გულყრა შესაძლოა განმეორებითმა ბგერებმა, მოციმციმე სინათლემ, ვიდეოთამაშებმა ან სხეულის რომელიმე ნაწილზე შეხებამაც კი გამოიწვიოს. ამ დაავადებას რეფლექსური ეპილეფსია ეწოდება.

სიმპტომები

პაციენტთა 20%-ში გულყრას უცნაური შეგრძნებები უძღვის წინ (ე.წ. აურა), მაგალითად:

  • უჩვეულო გემო ან სუნი

  • მუცელში პეპლების ფრენის შეგრძნება

  • დეჟა ვუ

  • მძაფრი შეგრძნება, რომ გულყრა საცაა დაიწყება

თითქმის ყველა გულყრა შედარებით ხანმოკლეა, რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე გრძელდება, უმრავლესობა – 1-2 წუთი. შეტევის ჩამთავრების შემდეგ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, კუნთებში ტეხის გრძნობა, უცნაური შეგრძნებები, ცნობიერების აბნევა ან ძლიერი სისუსტის შეგრძნება. ამ ყველაფერს პოსტიქტალური მდგომარეობა ეწოდება. ზოგჯერ სხეულის ცალ მხარეზე სისუსტე ვითარდება და რჩება გულყრის შემდეგაც (ტოდის დამბლა). გულყრებით მიმდინარე დაავადების მქონე ადამიანთა უმრავლესობა ჩვეულებრივად გამოიყურება და წაიქცევა შეტევებს შორის პერიოდში. სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ტვინის რომელ ნაწილში ხდება პათოლოგიური ელექტრული განმუხტვა, მაგალითად:

  • ძალიან სასიამოვნო ან ცუდი გემოს შეგრძნება მაშინ აქვს ადამიანს, თუ ტვინის ერთ-ერთი ნაწილი – კუნძულია ჩართული;

  • მხედველობითი ჰალუცინაციები (უფორმო გამოსახულებები) საფეთქლის წილის ჩართვის დროს აქვს პაციენტს;

  • მეტყველების უუნარობა ამ ფუნქციის მაკონტროლებელ უბანში (მოთავსებულია შუბლის წილში) განმუხტვის დროს ვითარდება;

  • კრუნჩხვა (კიდურების მოძრაობა, მთელი სხეულის კუნთების დაჭიმვა) მაშინაა, თუ ტვინის ორივე ნახევრის დიდ ნაწილში ხდება განმუხტვა.

სხვა სიმპტომებიდან შეიძლება განვითარდეს: სხეულის რომელიმე ნაწილის დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება, ცნობიერების ხანმოკლე გათიშვა, დაკარგვა, დეზორიენტაცია ან კუნთების, შარდის ბუშტის კონტროლის უნარის დაკარგვა.

სიმპტომები განსხვავდება იმის მიხედვითაც, გულყრა პარციალურია (ნაწილობრივი) თუ გენერალიზებული (გავრცელებული). პაციენტთა 70%-ს მხოლოდ ერთი სახის გულყრები აქვს, სხვებს – ორი ან მეტი.

პარციალური გულყრების დროს განმუხტვა ტვინის მხოლოდ ერთ ნახევარში ვითარდება. ისინი შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მარტივი პარციალური გულყრის დროს პათოლოგიური ელექტრული განმუხტვა ტვინის ერთ პატარა უბანში იწყება და მას არ სცდება. შესაბამისად, სიმპტომებიც ამ უბნის ფუნქციების მიხედვით ვითარდება. მაგალითად, თუ ტვინის ეს ნაწილი მარჯვენა ხელის მოძრაობას აკონტროლებს (მოთავსებულია მარცხენა შუბლის წილში), მისი ფუნქციონირების დარღვევის შედეგად შესაძლოა ეს კიდური დაიკრუნჩხოს, უნებლიე მოძრაობები დაიწყოს. ამ დროს ადამიანი გონზეა და სრულიად აცნობიერებს, რა ხდება. მარტივი პარციალური გულყრა შეიძლება რთულში გადაიზარდოს.

ჯექსონის ტიპის გულყრები მარტივი პარციალური გულყრის ერთ-ერთი სახეა. სიმპტომები სხეულის რომელიმე ნაწილში იწყება და სხვაგანაც გადადის. თავიდან შესაძლოა მტევანი ან ტერფი დაიკრუნჩხოს და შემდეგ, ელექტრული აქტივობის ტვინში გავრცელებასთან ერთად, ამ მოძრაობამ მთელი კიდური მოიცვას. ადამიანი სრულად აცნობიერებს გულყრის მთელ პროცესს.

რთული პარციალური გულყრების დროს ტვინში პათოლოგიური ელექტრული აქტივობა ერთ პატარა უბანში იწყება, საფეთქლის ან შუბლის წილში და სწრაფად ვრცელდება მეზობელ არეებზე. შეტევას, როგორც წესი, 1-2-წუთიანი აურა უძღვის წინ. ამ დროს პაციენტი თითქოს ნელ-ნელა ეთიშება გარემოს. გულყრის განმავლობაში ცნობიერება ქვეითდება, მაგრამ სრულად არ იკარგება. ამას თან შეიძლება ახლდეს:

  • მზერის გაშტერება

  • უნებლიე ღეჭვა ან პირის წკლაპუნი

  • მტევნების, ხელებისა და ფეხების უცნაური, უმიზნო მოძრაობები

  • გაუგებარი ბგერების ბუტბუტი

  • პაციენტს არ ესმის, რას ეუბნებიან

  • არ აძლევს სხვებს საშუალებას, დაეხმარონ

ზოგ ადამიანს ამ დროს საუბარიც კი შეუძლია, მაგრამ მეტყველება თითქოს ნაძალადევია და შინაარსიც – მწირი. პაციენტი შესაძლოა დაბნეული, დეზორიენტირებული იყოს. ეს მდგომარეობა რამდენიმე წუთს გრძელდება. ადამიანთა უმრავლესობას გულყრის ჩათავების შემდეგ არ ახსოვს მომხდარი (ე.წ. პოსტიქტალური ამნეზია). ზოგ შემთხვევაში მდგომარეობა მაშინვე უბრუნდება ჩვეულს, ზოგჯერ კი ელექტრული განმუხტვა მეზობელ უბნებსა და ტვინის მეორე ნახევარშიც ვრცელდება და გენერალიზებულ ტონურ-კლონურ გულყრას იწვევს. პარციალური გულყრის შედეგად განვითარებული შეტევის ამ ტიპს მეორადად გენერალიზებული გულყრა ეწოდება.

გახანგრძლივებული პარციალური ეპილეფსია იშვიათია. გულყრა ყოველ რამდენიმე წამში ან წუთში ერთხელ ვითარდება დღეების, წლების განმავლობაში. ამ დროს, როგორც წესი, ჩართულია ხელი, მტევანი ან სახის რომელიმე ნახევარი. ზრდასრულებში გულყრები ხშირად ტვინის ადგილობრივი დაზიანების (ინსულტის შემდეგ დარჩენილი ნაწიბუროვანი ქსოვილის) შედეგია, ბავშვებში კი – ტვინის ანთების დროს ვითარდება (ენცეფალიტი ან წითელა).

გენერალიზებული გულყრის დროს განმუხტვა ტვინის ორივე ნახევრის დიდ ნაწილს მოიცავს, რასაც ხშირად თან ახლავს მაშინვე ცნობიერების დაკარგვა და კრუნჩხვითი მოძრაობები. უგონო მდგომარეობა ზოგჯერ ხანმოკლეა, ზოგჯერ კი დიდხანს გრძელდება.

გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა შესაძლოა პირველადი ან მეორადი იყოს. პირველადის დროს პათოლოგიური განმუხტვა ტვინის ღრმა, ცენტრალურ ნაწილში იწყება და ერთდროულად ვრცელდება მის ორივე ნახევარში. მეორადად გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრის (დიდი გულყრის) დროს განმუხტვა თავიდან ტვინის ერთ ნახევარში, პატარა უბანშია, რაც რთული პარციალური გულყრით ვლინდება. შემდეგ იგი სწრაფად ვრცელდება ტვინის ორივე ნახევარზე და მთელი ორგანოს ფუნქციის მოშლას იწვევს. ორივე შემთხვევაში ცნობიერება დროებით იკარგება და განმუხტვის სრულად გავრცელებასთან ერთად კრუნჩხვაც ვითარდება. პირველად გენერალიზებულ გულყრას წინ აურა არ უძღვის. შეტევის დროს ვლინდება:

  • კუნთების ძლიერი სპაზმი და მთელი სხეულის კრუნჩხვითი მოძრაობები

  • დაცემა

  • თავის ერთ მხარეს მიბრუნება და დაჭიმვა

  • კბილების ძლიერად დაჭერა ერთმანეთზე

  • ენაზე კბენა (ხშირია)

  • პირიდან ნერწყვის დენა ან ქაფიანი გამონადენი

  • უნებლიე შარდვა

გულყრა, როგორც წესი, 1-2 წუთი გრძელდება. მის შემდეგ ზოგ ადამიანს თავის ტკივილი, დროებითი გაბრუება, დაბნეულობა ან ძლიერი დაღლილობის შეგრძნება რჩება. ეს სიმპტომები რამდენიმე წუთი ან საათი გრძელდება. უმრავლესობას არ ახსოვს გულყრის დროს მომხდარი მოვლენები.

აბსანსის ტიპის გულყრები შეიძლება იყოს ტიპური (მცირე გულყრა) ან ატიპური. ტიპური, როგორც წესი, ბავშვობაში იწყება, ხშირად 5-15 წლის ასაკში და აღარ გრძელდება ზრდასრულ ასაკში. თუმცა, ზოგჯერ მოზრდილებსაც აქვთ ხოლმე ტიპური აბსანსები. ტონურ-კლონური გულყრისგან განსხვავებით, აბსანსის დროს კრუნჩხვა ან სხვა დრამატული სიმპტომატიკა არ ვითარდება. პაციენტი არ ეცემა, გონებას არ კარგავს და კრუნჩხვითი მოძრაობებიც არ ვლინდება. ამის ნაცვლად, შეტევის დროს მათ მზერა უშტერდებათ, თვალებს ახამხამებენ და ზოგჯერ სახის კუნთები მსუბუქად კრთება. ადამიანი ვერ აცნობიერებს, რა ხდება, სრულიად გამოთიშულია გარემოდან. შეტევა 10-30 წამი გრძელდება. პაციენტი მისი დაწყებისას უეცრად წყვეტს საქმიანობას და შემდეგ უცებვე აგრძელებს. გულყრის მერე რაიმე ნარჩენი სიმპტომები არ ვლინდება და ადამიანი ვერც ხვდება, რომ შეტევა ჰქონდა. მკურნალობის გარეშე დღეში შეიძლება რამდენიმეჯერ განვითარდეს გულყრა, ხშირად მაშინ, როცა პაციენტი წყნარად ზის, იშვიათად – ვარჯიშის დროს. შეტევა შეიძლება ღრმა და ხშირმა სუნთქვამ გამოიწვიოს.

ატიპური აბსანსები უფრო იშვიათია. ისინი უფრო დიდხანს გრძელდება, კრუნჩხვითი მოძრაობები უფრო გამოხატულია და ადამიანი უფრო აღიქვამს გარემოს. ამ სახის გულყრის მქონეთა უმრავლესობას რაიმე ნევროლოგიური დარღვევა ან განვითარებაში ჩამორჩენა აღენიშნება. შეტევები, როგორც წესი, მოზრდილ ასაკშიც გრძელდება.

ატონიური გულყრები ძირითადად პატარებში გვხვდება. კუნთების ტონუსი, ძალა და ცნობიერება ხანმოკლედ, მაგრამ სრულიად იკარგება. ამის გამო ბავშვი მოწყვეტით ეცემა ძირს და ზოგჯერ ტრავმასაც იღებს.

ტონური გულყრები ხშირია ძილის დროს. კუნთთა ტონუსი იზრდება უეცრად ან ნელ-ნელა, რის გამოც ისინი იჭიმება. გულყრა, როგორც წესი, მხოლოდ 10-15 წამი გრძელდება, მაგრამ ფეხზე მდგომი ადამიანი ამ დროს შეიძლება დაეცეს. უმრავლესობა ცნობიერებას არ კარგავს. თუ შეტევა უფრო დიდხანს გრძელდება, მის ბოლოს ზოგჯერ რამდენიმე კრუნჩხვითი მოძრაობა ვითარდება.

მიოკლონური გულყრა ხასიათდება ერთი ან მეტი კიდურის ან ტანის სწრაფი მოძრაობით. შეტევა ხანმოკლეა და ცნობიერება შენარჩუნებულია. თუმცა ეს შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს და გამოიწვიოს ტონურ-კლონური გულყრა გონების კარგვით.

ახალშობილთა სპაზმები და ფებრილური გულყრები (ცხელების დროს) ბავშვებში ვითარდება.

იუვენილური მიოკლონური ეპილეფსია, როგორც წესი, მოზარდობის ასაკში ვლინდება. შეტევა იწყება ორივე ხელის სწრაფი მოძრაობებით და შემთხვევათა 90%-ში მას ტონურ-კლონური გულყრა მოსდევს. ზოგ პაციენტს აბსანსებიც აღენიშნება. ამ ტიპის ეპილეფსიის დროს გულყრა ხშირად ვითარდება დილას, გაღვიძებისას, განსაკუთრებით თუ ადამიანს ძილი აკლია. ალკოჰოლის მიღებაც ზრდის შეტევის განვითარების რისკს.

ეპილეფსიური სტატუსი გულყრით მიმდინარე დაავადებების ყველაზე მძიმე მდგომარეობაა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, რადგან გულყრა არ სრულდება. მთელ ტვინში ელექტრული განმუხტვები ვითარდება, რაც გენერალიზებულ ტონურ-კლონურ გულყრას იწვევს. ეპილეფსიური სტატუსის დიაგნოსტირება ხდება მაშინ, როცა შეტევა 5 წუთზე მეტი გრძელდება ან გულყრებს შორის პაციენტის ცნობიერება სრულად არ აღდგება. კრუნჩხვისას კუნთები საკმაოდ ძლიერად იკუმშება და სუნთქვის პროცესი ირღვევა. სხეულის ტემპერატურა მატულობს. დროული მკურნალობის გარეშე გული და ტვინი შეიძლება გადაიტვირთოს და სამუდამოდ დაზიანდეს, რაც ზოგჯერ სიკვდილსაც იწვევს.

გართულებები: გულყრებს შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს. კუნთების სწრაფი, ძლიერი შეკუმშვა ზოგჯერ იწვევს დაზიანებებს, ძვლის მოტეხილობასაც კი. ცნობიერების უეცარი დაკარგვისას დაცემის ან უბედური შემთხვევის გამო პაციენტმა სერიოზული ტრავმა შეიძლება მიიღოს. პაციენტს შესაძლოა მრავალჯერ ჰქონდეს გულყრა ტვინის სერიოზული დაზიანების გარეშე, თუმცა ზოგჯერ განმეორებითი შეტევებისა და კრუნჩხვის გამო დროთა განმავლობაში ინტელექტი ქვეითდება.

თუკი გულყრების გაკონტროლება ვერ ხდება, ადამიანმა შესაძლოა მართვის მოწმობა ვერ აიღოს, გაუჭირდეს სამსახურის შენარჩუნება ან დაზღვევის მიღება. ზოგჯერ პაციენტების სტიგმატიზაციაც ხდება საზოგადოებაში. შედეგად, მათი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება.

არასაკმარისად გაკონტროლებული გულყრების შემთხვევაში სიკვდილის რისკი ორჯერ მეტია იმათთან შედარებით, ვისაც შეტევები არ აქვს. ზოგჯერ პაციენტი უეცრად, გაურკვეველი მიზეზით იღუპება. ამ გართულებას ეწოდება უეცარი, აუხსნელი სიკვდილი ეპილეფსიის დროს.

დიაგნოზი

გულყრებით მიმდინარე დაავადების დიაგნოსტიკა იმ შემთხვევაში ხდება, თუ პაციენტს სულ მცირე, ორი არაპროვოცირებული გულყრა ჰქონდა სხვადასხვა დროს. დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და შეტევის მოწმისგან მიღებულ ინფორმაციას. ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მიუთითებს, რომ ადამიანს გულყრა ჰქონდა: ცნობიერების დაკარგვა, კუნთების სპაზმები, რომლის გამოც მთელი სხეული მოძრაობს, უნებლიე შარდვა, უეცარი დაბნევა და უყურადღებობა. თუმცა ასეთ სიმპტომებს გულყრები ბევრად უფრო იშვიათად იწვევს, ვიდრე ხალხს ჰგონია. ცნობიერების უეცარი დაკარგვა უფრო სავარაუდოა, რომ გულის წასვლის (სინკოპე) ბრალი იყოს, ვიდრე გულყრის.

იმ ადამიანის მონაყოლი, ვინც შეტევას შეესწრო, საკმაოდ მნიშვნელოვანია ექიმებისთვის. მას შეეძლება აღწეროს, ზუსტად რა მოხდა, რადგან ეს თავად პაციენტებს ხშირად არც ახსოვთ. ექიმს სჭირდება ზუსტი ინფორმაცია, თუ:

  • რამდენად სწრაფად დაიწყო შეტევა

  • თან ახლდა თუ არა მას პათოლოგიური მოძრაობები (თავის, კისრის ან სახის კუნთების სპაზმი), ენის მოკვნეტა, ნერწყვის დენა, უნებლიე შარდვა ან კუნთების დაჭიმვა

  • რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი

  • რამდენ ხანში მოვიდა პაციენტი გონს

ზოგჯერ შეტევის შემსწრეები იმდენად შეშინებულნი არიან, რომ ყველა დეტალს ვერ იხსენებენ, მაგრამ ისიც გამოსადეგია, რაც ახსოვთ. თუ შესაძლებელია, გულყრის ზუსტი ხანგრძლივობა საათით ან სხვა საშუალებით უნდა განისაზღვროს. შეტევა შეიძლება სულ 1-2-წუთიანი იყოს, მაგრამ მის შემსწრეს ეგონოს, რომ დაუსრულებლად გაგრძელდა.

ექიმი იმასაც გამოიკითხავს, რამეს ხომ არ გრძნობდა პაციენტი გულყრამდე: ხომ არ ჰქონია წინათგრძნობა, რომ საცაა რაღაც უჩვეულო მოხდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია, შეტევა რამემ ხომ არ გამოიწვია, მაგ.: ხმებმა ან მოციმციმე სინათლემ. ექიმი დაინტერესდება, ადამიანს ისეთი დაავადება ხომ არ გადაუტანია, რომლის შედეგადაც გულყრა შეიძლება განვითარდეს, მაგ.: ტვინის ინფექცია ან თავის ტრავმა. მნიშვნელოვანია, რამე მედიკამენტს (ან ალკოჰოლს) ხომ არ იღებს პაციენტი ან ახლახან ხომ არ შეუწყვეტია ეს. საჭიროა გულდასმით გასინჯვაც, რადგან ამით შესაძლოა სიმპტომების მიზეზზე რაიმე მინიშნების აღმოჩენა მოხერხდეს.

პაციენტს, როგორც წესი, გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იღებენ. თუ გულყრებით მიმდინარე დაავადება უკვე დიაგნოსტირებულია და მდგომარეობაც სრულიად გამოსწორებულია, ადამიანი შესაძლოა კაბინეტში მიიღოს ექიმმა.

გულყრის დიაგნოზის დასმის შემდეგ ხშირად დამატებითი კვლევებია საჭირო მიზეზის აღმოსაჩენად. თუკი პაციენტს უკვე დადგენილი აქვს დაავადება, შესაძლოა ეს აღარც გახდეს აუცილებელი. სხვა შემთხვევაში, კეთდება სისხლის ანალიზი, რათა მასში სხვადასხვა ნივთიერების შემცველობა გაიზომოს, მაგ.: შაქრის, კალციუმის, ნატრიუმისა და მაგნიუმის, ასევე კეთდება თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციონირების შესაფასებელი ანალიზები. ზოგჯერ შარდის ანალიზიც ტარდება, რათა შემოწმდეს, პაციენტი რაიმე არალეგალურ ნივთიერებას ხომ არ მოიხმარს, რის შესახებაც ექიმისთვის არ უთქვამს. გულყრის გამოწვევა ხომ აკრძალულ ნივთიერებებსაც შეუძლიათ. გულის რიტმის დარღვევის გამოსარიცხად ელექტროკარდიოგრაფია კეთდება. ამ დაავადების დროს შეიძლება ტვინისთვის სისხლის (და შესაბამისად, ჟანგბადის) მიწოდება მკვეთრად შემცირდეს, რაც ცნობიერების დაკარგვას, გულყრას ან მის მსგავს სიმპტომებს იწვევს.

ხშირად კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება, რათა დროულად გამოირიცხოს სისხლდენა, სიმსივნეები და ტვინის ქსოვილის სხვა ორგანული დაზიანებები (მაგ. ინსულტი). თუ კვლევის შედეგები გამორიცხავს ამ დაავადებებს, ზოგჯერ მოგვიანებით მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც კეთდება. მისი მეშვეობით პათოლოგიური ცვლილებების დეტალური გამოსახულება მიიღება და ნევროლოგიურ დაავადებათა უმრავლესობის დიაგნოსტიკაა შესაძლებელი.

თუ ექიმს ეჭვი ტვინის ინფექციაზე აქვს, მაგ.: მენინგიტზე ან ენცეფალიტზე, როგორც წესი, ლუმბალური პუნქცია ტარდება.

ელექტოენცეფალოგრაფიას (ეეგ) დიაგნოზის დასადასტურებლად იყენებენ. ეს უმტკივნეულო, უსაფრთხო პროცედურაა, რომლის დროსაც ტვინის ელექტრული აქტივობა იწერება. ექიმი განიხილავს ჩანაწერს ანუ ელექტროენცეფალოგრამას, რათა დაადგინოს, პათოლოგიური ელექტრული განმუხტვები დაფიქსირდა თუ არა. პროცედურა დროში შეზღუდულია, შესაბამისად, ზოგჯერ დარღვევა შესაძლოა არ აღირიცხოს ეეგ-ზე და შედეგები ნორმაში იყოს იმ ადამიანებშიც კი, რომელთაც ნამდვილად აქვთ გულყრებით მიმდინარე დაავადება. ხანდახან პაციენტს ეს კვლევა 18-24-საათიანი უძილობის მერე უტარდება, რადგან ძილის ნაკლებობა ზრდის პათოლოგიური განმუხტვების განვითარების ალბათობას.

თუ ამ ყველაფრის შემდეგაც ვერ მოხერხდა მიზეზის დადგენა, სხვა გამოკვლევები ინიშნება. ზოგჯერ ეეგ-ს იმეორებენ, რადგან მეორედ, მესამედ გადაღების დროს, შესაძლოა პირველ ჯერზე გამორჩენილი დარღვევა დაფიქსირდეს. როცა დიაგნოზი მაინც გაურკვეველია, სპეციფიკური კვლევები, მაგ.: ვიდეო-ეეგ ტარდება ეპილეფსიის ცენტრში. ამ პროცედურისთვის ადამიანი საავადმყოფოში 2-7 დღით წვება და მას მუდმივად უღებენ ეეგ-ს ვიდეო-მონიტორინგთან ერთად. თუ პაციენტი ანტიკონვულსანტს – გულყრების საწინააღმდეგო საშუალებას – იღებს, წამალი დროებით უნდა მოიხსნას, რათა შეტევის განვითარების ალბათობა გაიზარდოს. გულყრის შემთხვევაში ექიმები ელექტროენცეფალოგრამას განიხილავენ და შესაბამისი მომენტის ვიდეოჩანაწერს ნახულობენ. შედეგად ზოგჯერ შესაძლებელი ხდება გულყრის ტიპისა და ტვინში მისი აღმოცენების ადგილის ზუსტი დადგენა.

მკურნალობა

მიზეზის გარკვევისა და გამოსწორების შემთხვევაში დამატებითი მკურნალობა საჭირო არ არის. მაგალითად, თუ გულყრა სისხლში შაქრის (გლუკოზის) დაბალმა დონემ (ჰიპოგლიკემია) გამოიწვია, პაციენტს გლუკოზა გადაესხმება და თან ამის გამომწვევი დარღვევის მკურნალობაც ხდება. სხვა განკურნებადი მიზეზებიდან აღსანიშნავია: ინფექცია, ზოგი სიმსივნე და ნატრიუმის დონის ცვლილებები.

თუ პაციენტს გულყრებით მიმდინარე დაავადება აქვს, ზოგადი მეთოდებისა და მედიკამენტების ერთდროულად გამოყენება, როგორც წესი, ეფექტიანია. წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგჯერ ქირურგიული ჩარევაა რეკომენდებული.

ზოგადი მეთოდები: ექიმები ურჩევენ პაციენტებს, ივარჯიშონ და სოციალურად აქტიურნი იყვნენ. თუმცა, გულყრებით მიმდინარე დაავადების დროს ზოგჯერ ცხოვრების წესის სპეციალური ცვლილებებიცაა საჭირო: ადამიანმა არ უნდა მიიღოს ან შეზღუდოს ალკოჰოლიანი სასმელები, არ მოიხმაროს არალეგალური ნივთიერებები, თავი შეიკავოს ისეთი საქმიანობებისგან, რომლის დროსაც ცნობიერების უეცარმა დაკარგვამ შეიძლება მძიმე ტრავმა გამოიწვიოს. მაგალითად, არ უნდა ისარგებლონ ჯაკუზით, მოერიდონ ცოცვას, ცურვას ან ელექტრული ხელსაწყოების გამოყენებას. თუკი გულყრები მკურნალობას დაექვემდებარა (უკანასკნელიდან სულ მცირე, 6 თვის გასვლის შემდეგ), ამ საქმიანობების შესრულება შეიძლება, მაგრამ – სიფრთხილის საჭირო ზომების გათვალისწინებით. მაგალითად, ცურვა შეუძლიათ მაშინ, როცა მაშველებიც არიან. ამერიკის შტატების უმრავლესობაში, კანონით აკრძალულია გულყრებით მიმდინარე დაავადების დროს საჭესთან ჯდომა, სანამ სულ მცირე, 6 თვე ან 1 წელი არ გავა უკანასკნელი შეტევიდან.

ოჯახის წევრი ან მეგობარი ინფორმირებული და მზად უნდა იყოს გულყრის შემთხვევაში პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. არ შეიძლება "ენის გადაყლაპვის" თავიდან ასაცილებლად რაიმე ნივთის (მაგ.: კოვზის) პირში ჩადება პაციენტისთვის. ეს დახმარების ნაცვლად უფრო დააზიანებს ადამიანს. ამ დროს შეიძლება კბილები ჩაიმტვრეს ან პაციენტმა უნებურად გიკბინოთ თითზე ყბის კუნთების ძლიერი შეკუმშვისას. თუმცა, რეკომენდებულია შემდეგი მოქმედებები:

  • დაიცავით გულყრის მქონე ადამიანი დაცემისგან;

  • შეუხსენით საყელო;

  • დაუდეთ თავქვეშ ბალიში.

თუ ბალიში არ არის, შეგიძლიათ თქვენი ფეხი ან ტანსაცმელი მოათავსოთ თავქვეშ. თუკი პაციენტმა გონება დაკარგა, სუნთქვის გასაადვილებლად საჭიროა მისი გვერდზე დაწვენა. გულყრის შემდეგ არ შეიძლება ადამიანის მარტო დატოვება, სანამ სრულად არ გამოფხიზლდება, გაბრუება არ გაუვლის და ჩვეულებრივად მოძრაობა არ შეეძლება. ამ დროს, როგორც წესი, საჭიროა შეტევის შესახებ მისი ექიმის ინფორმირებაც.

ანტიკონვულსანტები ანუ გულყრის საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებს მორიგი შეტევის განვითარების რისკს. მათ, როგორც წესი, უნიშნავენ იმ პაციენტებს, რომელთაც ერთზე მეტი გულყრა ჰქონდათ, მიზეზის დადგენა და სრული გამოსწორება კი ვერ მოხერხდა. ანტიკონვულსანტები მხოლოდ ერთი გენერალიზებული გულყრის შემდეგ, როგორც წესი, არ გამოიყენება. მათი უმრავლესობა დასალევად ინიშნება. გენერალიზებული გულყრების მქონე პაციენტთა ერთ მესამედში ეს მედიკამენტები სრულიად ეფექტიანია და შეტევა აღარ მეორდება, ერთ მესამედში კი მნიშვნელოვნად მცირდება გულყრების სიხშირე. კარგი შედეგის მიღწევის შემთხვევაში, ადამიანთა ორ მესამედს დროთა განმავლობაში შეიძლება მოეხსნას ანტიკონვულსანტები და შეტევა აღარც გაუმეორდეს. თუმცა, ეს მედიკამენტები არაეფეტურია შემთხვევათა 10-20%-ში. ასეთი პაციენტების გადამისამართება ეპილეფსიის ცენტრში ხდება და განიხილება ქირურგიული ჩარევის ალტერნატივა.

ანტიკონვულსანტების მრავალი სახეობა არსებობს და ისინი გულყრის ტიპის, მასზე ეფექტის მიხედვით ინიშნება. ადამიანთა უმრავლესობაში შეტევები ექვემდებარება მკურნალობას ერთი ანტიკონვულსანტით (პირველივეთი, რაც დაინიშნა ან მეორით). თუ გულყრა მაინც განვითარდა, სხვა მედიკამენტი ინიშნება. იმის განსაზღვრას, თუ რომელი მათგანია ეფექტიანი, რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირდეს. ზოგ პაციენტს რამდენიმე საშუალების ერთდროულად მიღება უწევს, რაც გვერდითი მოვლენების რისკს ზრდის. ზოგი ანტიკონვულსანტი ცალკე არც ინიშნება, მხოლოდ – სხვებთან ერთად.

ექიმმა თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური დოზა უნდა შეურჩიოს. საუკეთესო დოზაა წამლის ის ყველაზე მცირე რაოდენობა, რომლის ფონზეც გულყრები აღარ ვითარდება და გვერდითი მოვლენებიც ყველაზე ნაკლებია. ექიმი გამოიკითხავს, ხომ არ გამოვლენილა არასასურველი ეფექტები და საჭიროების შემთხვევაში დოზასაც შეცვლის. ზოგჯერ სისხლის ანალიზიც კეთდება მასში ანტიკონვულსანტის შემცველობის დასადგენად. ეს მედიკამენტები ზუსტად დანიშნულების მიხედვით უნდა მიიღოს ადამიანმა, რეგულარულად იაროს კონსულტაციაზე ექიმთან და ყოველთვის ეკეთოს სამედიცინო სამაჯური, სადაც წერია მისი გულყრებით მიმდინარე დაავადების ტიპი და დანიშნული მედიკამენტი.

ანტიკონვულსანტები ზოგჯერ სხვა წამლებთან ურთიერთქმედებენ, ხელს უშლიან მათ ეფექტურობას ან პირიქით – აძლიერებენ. შესაბამისად, ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რა მედიკამენტებს იღებს პაციენტი, სანამ ანტიკონვულსანტს დანიშნავდეს. ასევე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, სანამ ადამიანი რაიმე ახალ წამალს მიიღებდეს, თუნდაც ურეცეპტოდ გაცემულს.

მას შემდეგ, რაც გულყრები მკურნალობას დაექვემდებარება, ანტიკონვულსანტის მიღება უკანასკნელი შეტევიდან კიდევ სულ მცირე, 2 წელია საჭირო. ამის შემდეგ მედიკამენტის დოზა შესაძლოა თანდათან შემცირდეს და ბოლოს სულაც მოიხსნას. თუ გულყრა კიდევ განმეორდა, პაციენტს შეიძლება მთელი ცხოვრება მოუწიოს ანტიკონვულსანტის მიღებამ. შეტევები, თუ განმეორდა, როგორც წესი, პრეპარატის მოხსნიდან 2 წლის განმავლობაში იწყება. გულყრების ხელახლა განვითარების ალბათობა უფრო დიდია, თუ:

  • დაავადება ბავშვობიდან აქვს ადამიანს;

  • გულყრების სამკურნალოდ ერთზე მეტ ანტიკონვულსანტს იღებდა;

  • გულყრები ვლინდებოდა ანტიკონვულსანტის მიღების პერიოდშიც;

  • გულყრები იყო პარციალური ან მიოკლონური ტიპის;

  • წინა წლის განმავლობაში გადაღებულ ეეგ-ზე დამახასიათებელი ცვლილებები დაფიქსირდა.

ანტიკონვულსანტები საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ გვერდითი მოვლენებიც აქვს. მრავალი მათგანი იწვევს მოთენთილობას, მაგრამ ზოგის მიღებისას ბავშვები ჰიპერაქტიურები ხდებიან. დროგამოშვებით სისხლის ანალიზები კეთდება, რათა დადგინდეს, ანტიკონვულსანტი ღვიძლს ან თირკმელს ხომ არ აზიანებს, სისხლის უჯრედების რაოდენობა ხომ არ მცირდება. ამ მედიკამენტების მიღებისას პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი და მათი პირველივე გამოვლინებისას მიმართონ ექიმს.

ორსულობისას ანტიკონვულსანტების გამოყენება ზრდის თვითნებური აბორტის ან თანდაყოლილი დეფექტების რისკს. თუმცა, ამ მედიკამენტების შეწყვეტა კიდევ უფრო სახიფათო შეიძლება იყოს დედისა და ბავშვისთვის. გენერალიზებული გულყრის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა ნაყოფი დაზიანდეს ან დაიღუპოს. შვილოსნობის ასაკში მყოფმა ყველა ქალმა, რომელსაც ანტიკონვულსანტი აქვს დანიშნული, დამატებით უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავაც, რათა შემცირდეს ნაყოფის დეფექტების განვითარების რისკი.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საჭიროა ეპილეფსიური სტატუსისა და 5 წუთზე მეტხანს გაგრძელებული გულყრის დროს. ერთი ან მეტი ანტიკონვულსანტის მაღალი დოზები რაც შეიძლება მალე შეიყვანება ვენაში. გართულებების თავიდან ასაცილებლად სპეციალური დახმარებაა საჭირო ხანგრძლივი გულყრის დროს. პაციენტის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ კარგად სუნთქავს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასუნთქი მილი იდგმება – ამ პროცედურას ინტუბაცია ეწოდება. თუკი გულყრა მაინც გრძელდება, პაციენტს ზოგადი საანესთეზიო საშუალებები ეძლევა მის შესაჩერებლად.

ქირურგიული ჩარევა ტვინზე მაშინ განიხილება, როცა ორი ან მეტი ანტიკონვულსანტის მიღების მიუხედავად გულყრები მაინც გრძელდება ან ადამიანი ვერ იტანს მათ გვერდით ეფექტებს. პაციენტს ეპილეფსიის სპეციალურ ცენტრში გამოიკვლევენ, რათა დადგინდეს, ოპერაცია ეფექტიანი იქნება თუ არა. გამოკვლევებიდან აღსანიშნავია:

  • ფუნქციური მრტ – იმის გასარკვევად, ტვინის რომელ ნაწილში აღმოცენდება გულყრა;

  • ერთჯერადი ფოტონური ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია (SPECT) – ამით დგინდება, ტვინის რომელ ნაწილში ქვეითდება სისხლის მიწოდება გულყრის დროს, რაც შეიძლება მიანიშნებდეს პათოლოგიურ კერაზე;

  • ეეგ-ის კომბინაცია მაგნიტებთან, რომლებიც ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება (მაგნიტურ ველში მიღებული გამოსახულება) – ასევე ეხმარება ექიმებს, განსაზღვრონ, ტვინის რომელ ნაწილში აღმოცენდება გულყრა.

თუ კვლევებით დადგინდა, რომ რაიმე პატარა დეფექტი (მაგ.: ნაწიბუროვანი ქსოვილი) იწვევს გულყრებს და იგი ტვინის მხოლოდ მცირე უბანშია, მისი ქირურგიულად ამოკვეთა პაციენტთა 80%-ში შეტევებს სრულიად კურნავს ან მათ სიმძიმესა და სიხშირეს მაინც ამცირებს. როცა გულყრა ტვინის სხვადასხვა ნაწილში აღმოცენდება ან მთლიანად და სწრაფად ვრცელდება, ზოგჯერ ამ ორგანოს ორი ნახევრის დამაკავშირებელ ნერვულ ბოჭკოებს (კორძიან სხეულს) კვეთენ. ამ პროცედურას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ აქვს. შედეგად, გულყრების სიხშირისა და სიმძიმის შემცირების მიუხედავად, ბევრ ადამიანს მაინც უწევს ანტიკონვულსანტების მიღება, თუმცა, როგორც წესი, იღებენ უფრო დაბალი დოზით ან უფრო ცოტა მედიკამენტს.

ოპერაციამდე და მის მერეც საჭიროა პაციენტის ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური გამოკვლევა, რათა დადგინდეს, რამდენად კარგად ფუნქციონირებს ტვინი.

ცთომილი ნერვის სტიმულაცია: პაციენტთა ნახევარზე მეტში თავის ტვინის მეათე (ცთომილი) ნერვის ელექტრული სტიმულაცია ამცირებს პარციალური გულყრების სიხშირეს. მკურნალობის ეს მეთოდი მაშინ გამოიყენება, როცა შეტევები ანტიკონვულსანტების მიღების მუხედავად მაინც გრძელდება და ოპერაცია შეუძლებელია.

ფიქრობენ, რომ ცთომილი ნერვი არაპირდაპირ უკავშირდება ტვინის იმ უბნებს, რომლებშიც ხშირად აღმოცენდება გულყრა. ცთომილი ნერვის სტიმულატორი პატარა მოწყობილობაა, რომელიც გულის პეისმეიკერს ჰგავს. იგი მარცხენა ლავიწის ქვეშ ინერგება და კისერში ცთომილ ნერვს უკავშირდება პატარა კანქვეშა სადენით. მოწყობილობა კანს ოდნავ ამობურცავს. ოპერაციას 1-2 საათი სჭირდება და ამბულატორიულად კეთდება.

სტიმულატორის მაგნიტით ჩართვა მაშინ შეუძლია ადამიანს, როცა გრძნობს, რომ საცაა გულყრა დაიწყება. არის მეორე გზაც, როცა მოწყობილობა ყოველთვის მუშაობს და დროგამოშვებით ასტიმულირებს ცთომილ ნერვს. ამ დროს ანტიკონვულსანტების მიღება მაინც საჭიროა. გვერდითი მოვლენებიდან აღსანიშნავია ხველა, ხმის ჩახლეჩა და ტემბრის დადაბლება ნერვის სტიმულაციის დროს.