ინსულტი | მკურნალი.გე
  1. ინსულტი
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ინსულტი

ინსულტი ვითარდება ტვინის მომმარაგებელი არტერიის დახშობის ან გასკდომის შედეგად, რაც შესაბამისი უბნის ქსოვილის კვდომას (თავის ტვინის ინფარქტი) და უეცარ სიმპტომებს იწვევს.

  • ინსულტთა უმრავლესობა იშემიურია (როგორც წესი, არტერიის დახშობით გამოწვეული), მაგრამ ზოგი ჰემორაგიულია (ვითარდება არტერიის გასკდომის შედეგად);

  • გარდამავალი იშემიური შეტევა იშემიურ ინსულტს ჰგავს, მაგრამ სიმპტომები ამ შემთხვევაში 1 საათში გაივლის;

  • ინსულტისას სიმპტომები უეცრად ვლინდება. მათ შორისაა: კუნთების სისუსტე, დამბლა, სხეულის ცალ მხარეზე უცნაური შეგრძნებები ან მგრძნობელობის მოშლა, მეტყველების გაძნელება, ცნობიერების აბნევა, მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, წონასწორობისა და კოორდინაციის მოშლა;

  • დიაგნოზი სიმპტომებს ეფუძნება, მაგრამ ასევე აუცილებელია გამოსახულებითი კვლევები და სისხლის ანალიზები;

  • ინსულტის შემდეგ გამოჯანმრთელება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგ.: დაზიანების მდებარეობასა და ხარისხზე, პაციენტის ასაკზე, სხვა თანმხლებ დაავადებებზე;

  • ინსულტის პრევენციისთვის საჭიროა მაღალი არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტეროლისა და შაქრის მაღალი დონის კონტროლი, მოწევისთვის თავის დანებება;

  • მკურნალობა მოიცავს სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს, თრომბების დამშლელ თერაპიას და ზოგჯერ ოპერაციასაც.

ინსულტი თავის ტვინის სისხლძარღვოვანი (ცერებრო-ვასკულური) დაავადებაა, რადგან მის

განვითარებაში ჩართულია ტვინი (ცერებრო-) და სისხლძარღვები (ვასკულური).

დასავლეთის ქვეყნებში ინსულტი სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს შორის მესამე ადგილზეა და ნევროლოგიური დაავადებებიდან ყველაზე ხშირად იწვევს შეზღუდულ შესაძლებლობებს. აშშ-ში ყოველწლიურად 600000 ადამიანს ემართება ინსულტი და მათგან 160000 იღუპება. ეს დაავადება ბევრად უფრო ხშირია მოხუცებში, ვიდრე ახალგაზრდებში, რადგან მისი გამომწვევი დარღვევები, როგორც წესი, ასაკთან ერთად პროგრესირებს. ინსულტის შემთხვევათა ორი მესამედი 65 წლის შემდეგ ვითარდება. პაციენტთა ნახევარზე ოდნავ მეტი მამაკაცები არიან, მაგრამ ინსულტის გამო დაღუპულთა 60%-ზე მეტს ქალები შეადგენენ. ეს ალბათ იმიტომ, რომ მათ საშუალოდ უფრო ხანდაზმულ ასაკში უვითარდებათ დაავადება. ინსულტისა და მის შედეგად დაღუპვის რისკი შავკანიანებში უფრო მეტია, ვიდრე თეთრკანიანებში.

სახეები: ინსულტის ორი სახე არსებობს: იშემიური და ჰემორაგიული. 80%-ის შემთხვევაში ინსულტი იშემიურია, ანუ ვითარდება არტერიის დახშობის შედეგად (ხშირად სისხლის თრომბით). ამ დროს, შესაბამისად, ტვინის უჯრედები სისხლით აღარ მარაგდება, ვერ იღებს ჟანგბადისა და გლუკოზის (შაქარი) საჭირო რაოდენობას. დაზიანება სისხლის მიმოქცევის დარღვევის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. თუ ეს ცოტა ხნით გაგრძელდება, ტვინის უჯრედები "შიმშილობს", მაგრამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია. თუ სისხლით მომარაგება უფრო ხანგრძლივად შეწყდა (შესაძლოა სულ რამდენიმე წუთით), უჯრედები კვდება და ტვინის ზოგიერთი ფუნქცია იკარგება. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ორგანოს სხვადასხვა უბანს შეუძლია დაზიანებული ნაწილის ფუნქციების "სწავლა" და თავის თავზე აღება.

გარდამავალ იშემიურ შეტევას ზოგჯერ მიკროინსულტს ეძახიან და ეს ხშირად მოსალოდნელი იშემიური ინსულტის ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანია. ასეთ შეტევებს ტვინის ნაწილისთვის სისხლის მიწოდების ხანმოკლე დარღვევა იწვევს. იმის გამო, რომ მიმოქცევა სწრაფადვე აღდგება, ტვინის ქსოვილი არ კვდება, განსხვავებით ინსულტისგან.

შემთხვევათა 20%-ში ინსულტი ჰემორაგიულია – ტვინში ან მის გარშემო სისხლდენით გამოწვეული. ამ დროს სისხლძარღვი სკდება, მიმოქცევა ირღვევა და სისხლი ტვინის ქსოვილში იჟონება. სისხლთან პირდაპირ კონტაქტის გამო ტვინის ქსოვილი შეიძლება გაღიზიანდეს, რაც შემდგომ გამოიწვევს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნასა და გულყრებს.

რისკფაქტორები: ორივე ტიპის ინსულტის მთავარი რისკფაქტორებია:

  • ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ან დახშობა მათ კედლებზე ცხიმოვანი ნივთიერების ფოლაქებად დაგროვების გამო)

  • ქოლესტერინის მაღალი დონე

  • მაღალი არტერიული წნევა

  • შაქრიანი დიაბეტი

  • მოწევა

ათეროსკლეროზი იშემიური ინსულტისთვის უფრო მნიშვნელოვანი რისკფაქტორია, მაღალი არტერიული წნევა კი – ჰემორაგიულისთვის. ჩამოთვლილი მდგომარეობების გამოსწორება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია. სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია:

  • ინსულტგადატანილი ახლო ნათესავების ყოლა

  • ალკოჰოლის ჭარბად მიღება

  • კოკაინის ან ამფეტამინების მოხმარება

  • გულის რიტმის დარღვევა – მოციმციმე არითმია

  • სისხლძარღვების ანთება – ვასკულიტი

ჰემორაგიული ინსულტისთვის რისკფაქტორებს ასევე წარმოადგენს შედედების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება, ანევრიზმა (არტერიის კედლის გამობერილობა) თავის ქალაში და პათოლოგიური კავშირის არსებობა არტერიებსა და ვენებს შორის (არტერიოვენური მალფორმაცია).

ინსულტის სიხშირე უკანასკნელ ათწლეულებში დაქვეითდა, ძირითადად იმიტომ, რომ ადამიანები უფრო აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია მაღალი არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის მკურნალობა, მოწევისთვის თავის დანებება. ამ ფაქტორების გამოსწორება ათეროსკლეროზის რისკს ამცირებს.

სიმპტომები

ინსულტის ან გარდამავალი იშემიური შეტევის სიმპტომები უეცრად ვლინდება. ისინი განსხვავდება სისხლძარღვის დახშობის ან სისხლდენის ზუსტი ადგილმდებარეობის მიხედვით ტვინში (იხ. გვ. 744 და ილუსტრაცია გვ. 745). ამ ორგანოს თითოეულ ნაწილს თავისი შესაბამისი არტერია ამარაგებს. მაგალითად, თუ ის სისხლძარღვი დაიხშო, რომელიც ტვინში მარცხენა ფეხის კუნთების მაკონტროლებელ უბანს კვებავს, ქვედა კიდურში სისუსტე ან დამბლა განვითარდება. როცა ტვინში მარჯვენა ხელის შეგრძნებების მარეგულირებელი ნაწილი ზიანდება, ამ კიდურში მგრძნობელობა იშლება.

დროული მკურნალობით შესაძლებელია ფუნქციებისა და მგრძნობელობის მოშლის გაღრმავება ავიცილოთ თავიდან, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რა არის ინსულტის ადრეული სიმპტომები. თუკი ადამიანს რომელიმე მათგანი გამოუვლინდა, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს, თუნდაც მალევე გაუაროს ყველაფერმა.

უმრავლეს შემთხვევაში ინსულტი, იშემიური იქნება იგი თუ ჰემორაგიული, ჩამოთვლილთაგან ერთ ან მეტ სიმპტომს იწვევს:

  • სხეულის ცალ მხარეზე უეცარი სისუსტე ან დამბლა (მაგ.: სახის ნახევრის, ცალი ხელის, ფეხის ან სხეულის იმ ნახევრის, მთლიანად);

  • სხეულის ცალ მხარეზე მგრძნობელობის უეცარი მოშლა ან უჩვეულო შეგრძნებები;

  • მეტყველების უეცარი გაძნელება, ზოგჯერ გაურკვეველი სიტყვებით;

  • ცნობიერების უეცარი აბნევა, სხვისი ლაპარაკის გაგების გაძნელებასთან ერთად;

  • მხედველობის უეცარი დაბურვა, დაბინდვა, დაკარგვა, განსაკუთრებით კი ცალ თვალში;

  • უეცრად განვითარებული თავბრუხვევა ან წონასწორობისა და კოორდინაციის მოშლა, რის გამოც ადამიანი ეცემა.

გარდამავალი იშემიური შეტევის სიმპტომებიც იგივეა, მაგრამ ისინი რამდენიმე წუთში ქრება და იშვიათად გრძელდება 1 საათზე მეტხანს.

ჰემორაგიული ინსულტის დროს სხვა სიმპტომებიც შეიძლება განვითარდეს:

  • უეცარი, ძლიერი თავის ტკივილი

  • გულისრევა და ღებინება

  • ცნობიერების დროებით ან ხანგრძლივად დაკარგვა

  • ძალიან მაღალი არტერიული წნევა

სხვა ადრეული სიმპტომებიდან აღსანიშნავია მეხსიერების, აზროვნების, ყურადღების ან დასწავლის პრობლემები. პაციენტი შესაძლოა ვერ ცნობდეს საკუთარი სხეულის ნაწილებს და ვერ აღიქვამდეს ინსულტის შედეგებს. ზოგჯერ პერიფერიული მხედველობის ველი მცირდება და ზოგჯერ სმენაც ნაწილობრივ იკარგება. შესაძლოა თავბრუხვევა და ვერტიგო განვითარდეს და ხანგრძლივადაც დარჩეს. ზოგ შემთხვევაში შარდის ან განავლის შეუკავებლობაც ვლინდება.

მოგვიანებით სიმპტომებს მიეკუთვნება კუნთების დაჭიმულობა და სპაზმები (სპასტიკურობა), ემოციების გაკონტროლების უუნარობა. ინსულტი ზოგჯერ ნამდვილ დეპრესიას იწვევს ან პაციენტი თავს დეპრესიულად გრძნობს თავისი მდგომარეობის გამო.

იშემიური ინსულტის ეფექტები ყველაზე მკვეთრად მაშინვე ვლინდება. თუმცა, 15-20%-ში ინსულტი პროგრესირებს, შესაბამისად ფუნქციები ყველაზე მძიმედ 1-2 დღეში მოიშლება. ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევაში, ეს თანდათან ვლინდება, წუთების, საათების განმავლობაში.

რამდენიმე დღის ან თვის მანძილზე ზოგი მოშლილი ფუნქცია აღდგება, რადგან, მიუხედავად ტვინის ზოგი უჯრედის სიკვდილისა, სხვები გამოუსწორებლად არ ზიანდება და შეუძლიათ "გამოჯანმრთელდნენ". ასევე, ტვინის ზოგი უბანი დაზიანებულის ფუნქციებს თავის თავზე იღებს ხოლმე – ამას პლასტიკურობა ეწოდება. თუმცაღა, ინსულტის ადრეული ეფექტები, მათ შორის დამბლა, შესაძლოა სამუდამო იყოს. კუნთები, რომლებიც აღარ მუშაობს მუდმივად, სპასტიკური და ხისტი ხდება, ხშირად მტკივნეული სპაზმებით. სიარული, ყლაპვა, სიტყვების გამოთქმა და ჩვეული საქმიანობის შესრულება შესაძლოა მაინც უძნელდებოდეს ადამიანს. ზოგჯერ მეხსიერების, აზროვნების, ყურადღების, დასწავლისა და ემოციების კონტროლის მოშლაც ხანგრძლივად რჩება. დეპრესია, სმენის ან მხედველობის დაქვეითება, ვერტიგო მუდმივად აწუხებს პაციენტს. ზოგჯერ შარდის ან განავლის შეკავების უნარიც სამუდამოდ ირღვევა.

გართულებები: დიდი ზომის ინსულტის შემთხვევაში ტვინი შუპდება და ქალასშიდა წნევა იზრდება. ამან შესაძლოა პირდაპირ დააზიანოს ტვინი ან ირიბად – ზემოდან ზეწოლით. შედეგად ეს ორგანო შეიძლება მის ნაწილებად გამყოფ მყარ ტიხრებში ჩაიწნეხოს და ჩაიჭედოს, რის გამოც ვითარდება მძიმე მდგომარეობა – თავის ტვინის თიაქარი (იხ. ილუსტრაცია გვ. 805). ამ დროს ზეწოლა ტვინის ღეროს ქვედა ნაწილში განთავსებულ სუნთქვის ცენტრს აზიანებს, რისი შედეგიცაა სუნთქვის დარღვევა, გონების დაკარგვა, კომა და სიკვდილი.

ინსულტის სიმპტომებს სხვა გართულებებიც შეიძლება მოჰყვეს. თუკი ყლაპვა გაძნელებულია, ადამიანს შესაძლოა გადასცდეს საკვები, სასმელი ან სხვა რამ პირიდან. ამას ასპირაცია ეწოდება და ზოგჯერ ასპირაციულ პნევმონიას იწვევს ანუ ფილტვების საკმაოდ მძიმე ანთებას. ყლაპვის გაძნელება ჭამაშიც უშლის ხელს პაციენტს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანი კვება და გაუწყლოება. მოძრაობის უნარის დაკარგვის შედეგად ნაწოლები ჩნდება, კუნთები განილევა, ქვედა კიდურისა და საზარდულის ღრმა ვენებში თრომბები წარმოიქმნება (ღრმა ვენების თრომბოზი). თრომბის პატარა ნაწილი შეიძლება მოწყდეს, სისხლით ფილტვის არტერიაში მოხვდეს და დაახშოს იგი (ფილტვის ემბოლია). თუ შარდის ბუშტის კონტროლი მოშლილია, დიდი რისკია, საშარდე გზების ინფექცია განვითარდეს.

დიაგნოზი

სიმპტომები მიანიშნებს დიაგნოზზე, მაგრამ დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა დადგინდეს:

  • მართლა განვითარდა თუ არა ინსულტი

  • იშემიური იყო იგი თუ ჰემორაგიული

  • გადაუდებელი მკურნალობა საჭიროა თუ არა

კეთდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მათი მეშვეობით ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევათა უმეტესობის დადგენაა შესაძლებელი, გარდა ზოგი სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისა. ამ კვლევებით მრავალი სახის იშემიური ინსულტის აღმოჩენაც შეიძლება, მაგრამ, როგორც წესი, სიმპტომების გაჩენიდან რამდენიმე საათში. სისხლში შაქრის დონე მაშინვე იზომება, რადგან მისი ნაკლებობის დროს (ჰიპოგლიკემია) ინსულტის მსგავსი სიმპტომები ვითარდება.

ექიმმა უნდა გასინჯოს ინსულტგადატანილი პაციენტი, რათა დადგინდეს, სხვა დარღვევებმა ხომ არ გამოიწვია დაავადება ან ხელი შეუწყო მას, მაგ.: ინფექციამ, სისხლში შაქრის დაბალმა დონემ, გაუწყლოებამ. კვლევები საჭიროების მიხედვით ინიშნება. ექიმი გამოიკითხავს, ადამიანს დეპრესია ხომ არ აქვს, გამოიკვლევს ყლაპვის უნარს; ზოგჯერ რენტგენოგრაფია კეთდება კონტრასტული ნივთიერების – ბარიუმის გამოყენებით. ინსულტის ტიპის მიხედვით, მიზეზის დასადგენად სხვა კვლევებიც ინიშნება.

პროგნოზი

ზოგი ნიშანი მიუთითებს, რომ ინსულტის გამოსავალი არც ისე კარგი იქნება. თუკი ცნობიერება დაიკარგა ან ტვინის მარცხენა ნახევრის დიდი ნაწილი დაზიანდა (რომელიც მეტყველებას განაგებს), მდგომარეობა როგორც წესი, მძიმეა.

მოზრდილებში იშემიური ინსულტის გადატანიდან 6 თვის შემდეგ დარჩენილი დარღვევები, სავარაუდოდ აღარც გამოსწორდება, მაგრამ ბავშვები გამოჯანმრთელებას ნელ-ნელა მაინც აგრძელებენ მრავალი თვის მანძილზე. მოხუცებში ამისი ალბათობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ახალგაზრდებში. თუკი პაციენტს მანამდეც ჰქონდა სხვა მძიმე დაავადება (მაგ.: დემენცია), მდგომარეობა კიდევ უფრო ნაკლებად გამოსწორდება.

როცა ჰემორაგიული ინსულტი არც ისე დიდი ზომისაა და ქალასშიდა წნევაც ძალიან არ გაზრდილა, გამოსავალი სავარაუდოდ უფრო კარგი იქნება, ვიდრე იშემიური ინსულტის გადატანის შემდეგ. სისხლი (ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევაში) ისე არ აზიანებს ტვინის ქსოვილს, როგორც ჟანგბადის ნაკლებობა (რაც იშემიურის დროს ვითარდება).

პრევენცია

ინსულტის მკურნალობას მისი პრევენცია სჯობს. პირველი ინსულტის თავიდან ასაცილებლად ძირითადი მეთოდია მთავარი რისკ-ფაქტორების გამოსწორება. აუცილებელია მაღალი არტერიული წნევისა და შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა. ქოლესტერინის დონე უნდა გაიზომოს და თუ მაღალია – შემცირდეს, რათა ათეროსკლეროზის რისკიც ნაკლები იყოს. მოწევა, ამფეტამინების ან კოკაინის მოხმარება უნდა შეწყდეს, ალკოჰოლი კი უნდა შეიზღუდოს – არა უმეტეს 2 ულუფისა დღეში. მაღალი არტერიული წნევის, დიაბეტისა და ქოლესტერინის მომატებული დონის სამკურნალოდ ეფექტიანია რეგულარული ვარჯიში, ჭარბი წონის შემთხვევაში კი – დაკლება. პროფილაქტიკური გასინჯვები ექიმს ეხმარება, გამოავლინოს ინსულტის რისკფაქტორები და მალევე დანიშნოს მკურნალობა.

თუ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, ანტიაგრეგანტების მიღება შეამცირებს მორიგი დაზიანების განვითარების რისკს. ეს მედიკამენტები ხელს უშლის თრომბოციტებს, შეეწებონ და წარმოქმნან თრომბი, რაც ყველაზე ხშირი მიზეზია იშემიური ინსულტისა (თრომბოციტები პატარა, უჯრედისმაგვარი ფირფიტებია სისხლში, რომლებიც სისხლძარღვის დაზიანების საპასუხოდ თრომბს წარმოქმნის). როგორც წესი, ინიშნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ანტიაგრეგანტი – ასპირინი, დღეში ერთი მოზრდილის ან ბავშვის აბი (ბავშვის აბის დოზა მოზრდილისაზე 4-ჯერ ნაკლებია). ორივე დოზა დაახლოებით თანაბრად და საკმაოდ ეფექტიანია ინსულტის პრევენციისთვის. ასპირინის ცალკე მიღებაზე ცოტა უფრო კარგი შედეგი აქვს მისი და დიპირიდამოლის (ანტიაგრეგანტი) კომბინაციის შემცველი აბის მიღებას. კლოპიდოგრელიც ანტიაგრეგანტია და ასევე ოდნავ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ცალკე ასპირინი. იგი შესაძლოა იმ პაციენტებს დაენიშნოთ, ვინც ასპირინს ვერ იღებს გვერდითი ეფექტების გამო. ზოგი ადამიანი ალერგიულია ანტიაგრეგანტებისა და მსგავსი მედიკამენტების მიმართ, შესაბამისად, არ შეუძლია მათი მიღება. ამასთანავე, არ შეიძლება ამ საშუალებების გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის შემთხვევაში.

თუ იშემიური ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა გულიდან წამოსულმა თრომბმა გამოიწვია, სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ ანტიკოაგულანტი ვარფარინი ინიშნება. ამ მედიკამენტის, ანტიაგრეგანტის ან ასპირინისა და კლოპიდოგრელის ერთად მიღება მნიშვნელოვნად ზრდის სისხლდენის რისკს, ამიტომ ისინი ერთად იშვიათად ინიშნება ინსულტის პრევენციისთვის.

მკურნალობა

ინსულტის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში სასწრაფოდ ექიმისთვის მიმართვაა საჭირო.

საავადმყოფოში გასინჯავენ პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციებს, როგორიცაა გულისცემის სიხშირე, სუნთქვა, ტემპერატურა და არტერიული წნევა, რათა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ნორმაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მაშინვე დაიწყოს დარღვევის გამოსწორება. თუ ადამიანი კომაშია ან ცნობიერება დაკარგულია (მაგ.: თავის ტვინის თიაქრის დროს), ადეკვატური სუნთქვის უზრუნველსაყოფად სასუნთქი აპარატის გამოყენება შეიძლება გახდეს საჭირო (სასუნთქი მილის ჩადგმა პირიდან ან ცხვირიდან). თუ სიმპტომები ქალასშიდა წნევის მომატებაზე მიანიშნებს, ტვინის შეშუპების საწინააღმდეგო მედიკამენტები ინიშნება და სპეციალური მოწყობილობა იდგმება ამ ორგანოში, რათა ქალაში წნევა მუდმივად გაკონტროლდეს.

პირველ საათებში გამოყენებული მკურნალობის სხვა მეთოდები ინსულტის ტიპზეა დამოკიდებული. მათ შორისაა: მედიკამენტები (ანტიაგრეგანტები, ანტიკოაგულანტები, თრომბის დამშლელი საშუალებები, მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტები) და ქირურგიული ჩარევა დაგროვილი სისხლის მოსაშორებლად.

მოგვიანებით, ხანგრძლივი მკურნალობა უკვე შემდგომი ინსულტების პრევენციის მიზნით, გართულებების მკურნალობისა და თავიდან აცილების მიზნით ინიშნება. ასევე, მნიშვნელოვანია პაციენტის დახმარება მოშლილი ფუნქციების მაქსიმალურად აღდგენაში (რეაბილიტაცია).

რეაბილიტაცია: ინტენსიური რეაბილიტაცია ბევრ ადამიანს ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოსწორებაში ინსულტის შემდეგ. სპეციალური სავარჯიშოების მეშვეობით ტვინის დაუზიანებელი ნაწილები "სწავლობენ" სხვა უბნების მკვდარი უჯრედების ფუნქციების თავის თავზე აღებას. ასევე, ადამიანებს ასწავლიან დაუზიანებელი კუნთების ახლებურად გამოყენებას, რათა დაკარგული უნარების კომპენსაცია შეძლონ.

რეაბილიტაციის მიზნებია:

  • ნორმალური ფუნქციების მაქსიმალურად აღდგენა

  • ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება

  • პაციენტის დახმარება, თავიდან ისწავლოს ძველი უნარ-ჩვევები და ახლებიც, საჭიროებისდა მიხედვით

მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია დაზიანების მდებარეობაზე ტვინში, ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე, ინსულტამდე არსებულ ფუნქციურ და შემეცნებით შესაძლებლობებზე, სოციალურ ფაქტორებზე, დასწავლის უნარსა და განწყობილებაზე. მოთმინება და მონდომება ძალიან მნიშვნელოვანია. რეაბილიტაციის პროგრამაში აქტიური ჩართულობა ეხმარება ადამიანებს, თავიდან აიცილონ ან შეიმსუბუქონ დეპრესია.

რეაბილიტაცია საავადმყოფოშივე იწყება, მაშინვე, როგორც კი პაციენტს ფიზიკურად შეეძლება ეს – ხშირად შემოსვლიდან 1-2 დღეში. გაწერის შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი ამბულატორიულად, მოხუცებულთა სახლში, რეაბილიტაციის ცენტრში ან თავად პაციენტის სახლში. ოკუპაციური და ფიზიკური თერაპიის სპეციალისტებს მრავალი ხერხის შეთავაზება შეუძლიათ, რაც ცხოვრებას აადვილებს და სახლში ყოფნას უფრო უსაფრთხოს ხდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთათვის.

ოჯახის წევრებსა და მეგობრებსაც შეუძლიათ რეაბილიტაციაში წვლილის შეტანა, იმის გათვალისწინება, რა ეფექტები ახლავს ინსულტს, რაც გაუადვილებს მათ პაციენტის გაგებასა და მხარდაჭერას. არსებობს სპეციალური მხარდამჭერი ჯგუფებიც, რომლებსაც შეუძლიათ ემოციურად წაახალისონ ადამიანი, მიაწოდონ პრაქტიკული რჩევები ინსულტგადატანილი პაციენტებისგან და მათი მომვლელებისგან.

სიცოცხლის დასასრულის საკითხები

ზოგ შემთხვევაში ინსულტის შემდეგ სიცოცხლის ხარისხი მაინც ძალიან დაბალი რჩება, მკურნალობის მიუხედავად. ასეთი პაციენტების მოვლის მიზანია ტკივილის გაყუჩება, მაქსიმალური კომფორტის შექმნა, სითხეებისა და საკვების მიწოდება. ინსულტის გადატანის შემდეგ საჭიროა წინასწარი მითითებების დროულად შემუშავება, რადგან შეუძლებელია იმის გათვლა, განმეორდება თუ არა ინსულტი და გაღრმავდება თუ არა იგი. ამ მითითებების მეშვეობით ექიმები შეძლებენ განსაზღვრონ, რა სახის სამედიცინო დახმარება ჩაუტარონ ადამიანს, თუკი მას ამის გადაწყვეტა აღარ შეეძლება დაავადების გამო.