თავის ტრავმები | მკურნალი.გე
  1. თავის ტრავმები
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
თავის ტრავმები

  • თავის ტრავმების ნახევარი სატრანსპორტო ავარიების შედეგია. ასევე ხშირი მიზეზებია სიმაღლიდან ვარდნა, თავდასხმა, უბედური შემთხვევები სპორტული შეჯიბრებისა და სხვადასხვა აქტივობის დროს;

  • თავის მსუბუქმა ტრავმამ შეიძლება თავის ტკივილი ან თავბრუხვევა გამოიწვიოს;

  • უფრო მძიმე ტრავმის დროს ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს ან ტვინის ფუნქციის მოშლის სიმპტომები გამოუვლინდეს;

  • თავის მძიმე ტრავმების დიაგნოზის დასასმელად კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება;

  • მძიმე ტრავმის დროს მკურნალობის მიზანია ტვინისთვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდება და ქალასშიდა წნევის ნორმალური მაჩვენებლის უზრუნველყოფა.

ტვინს დაზიანებისგან თავის ქალას სქელი, მყარი ძვლები იცავს. ეს ორგანო გარსების რამდენიმე ფენითაა დაფარული, რომელთა შორისაც თავ-ზურგტვინის სითხეა, რაც არბილებს მასზე მიყენებული ძალის მოქმედებას. შესაბამისად, თავის რამეზე მირტყმა და მიჯახება, როგორც წესი, არ აზიანებს ტვინს. ამ შემთხვევაში ტრავმა მსუბუქად ითვლება.

ტვინის დაზიანების გამომწვევი თავის ტრავმები მძიმედ კლასიფიცირდება (ტვინის ტრავმული დაზიანება – ტტდ). აშშ-ში ყოველწლიურად 10000-დან 13 ადამიანი იღებს თავის მსუბუქ ტრავმას და 3 – მძიმეს. ამ ქვეყანაში თავის ტრავმები წელიწადში 50000 ადამიანის სიკვდილს იწვევს, რაც ნებისმიერი სახის ტრავმით გამოწვეული ლეტალობის 40%-ს შეადგენს. ამავე დაზიანებების შედეგია ჰისპოტალიზაციის 230000 შემთხვევა ყოველწლიურად. 5.3 მილიონ ადამიანს სამუდამო უნარშეზღუდულობა აქვს თავის ტრავმის შედეგად, მძიმე ტრავმის შემთხვევათა 50% კი სიკვდილით სრულდება.

თავის ტრავმათა დახლოებით ნახევარს სატრანსპორტო ავარიები იწვევს. სხვა, ასევე ხშირი მიზეზებია: დაცემა სახლში, ფიზიკური თავდასხმა, უბედური შემთხვევა სპორტული შეჯიბრების ან სხვადასხვა აქტივობის დროს, სამუშაო ადგილზე (მაგ. ტექნიკის მართვისას) და ცეცხლნასროლი ჭრილობები.

თავის ტრავმებში შედის: სკალპის დაზიანება; ქალას ძვლების მოტეხილობა; ტვინის შერყევა; ტვინის დაჟეჟილობა (კონტუზია); ჭრილობა (ლაცერაცია); სისხლის დაგროვება ტვინსა და ქალას შორის ან ტვინში (ქალასშიდა სისხლჩაქცევა) და ნეირონების დაზიანება მთელ ტვინში (დიფუზიური აქსონური დაზიანება). ტვინი მაშინაც შეიძლება დაზიანდეს, თუ ქალა გატეხილი არ არის. ხშირად ამ ორგანოს ტრავმა უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა, გარეგანი დაზიანებები, ზოგჯერ კი პირიქით – გარეგანი დაზიანებები მძიმეა, ტვინი კი უვნებელი.

სიმპტომები

თავის მსუბუქი ტრავმა: ზოგჯერ თავზე კოპი ჩნდება. თუ სკალპი დაზიანდა, სისხლდენა საკმაოდ ძლიერი შეიძლება იყოს, რადგან თავზე სისხლძარღვები უხვადაა კანთან საკმაოდ ახლოს. შესაბამისად, სკალპის დაზიანება ხშირად უფრო მძიმედ გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეშია.

მსუბუქი ტრავმის შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი და თავბრუხვევა ან თავში სიმსუბუქის შეგრძნება. ზოგ ადამიანს ასევე აქვს მსუბუქი ხარისხის დეზორიენტაცია, გულისრევა, ბავშვებში კი უფრო ხშირია ღებინება. პატარები შესაძლოა უბრალოდ გაღიზიანებულები იყვნენ ტრავმის შედეგად.

ტვინის შერყევა გონებრივი ფუნქციების დროებითი, ხანმოკლე დარღვევაა ტვინის დაზიანების გარეშე. ზოგჯერ ადამიანები ცოტა ხნით (რამდენიმე წუთით ან უფრო ხანმოკლედ) გონებას კარგავენ, მაგრამ შეიძლება უბრალოდ დეზორიენტაცია განვითარდეს და ვერ შეძლონ გაიხსენონ, რა მოხდა ტრავმამდე ცოტა ხნით ადრე ან შემდეგ (ამნეზია).

შერყევიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეიძლება აწუხებდეს თავის ტკივილი, თავბრუხვევა, დაღლილობა, მეხსიერების დარღვევა, კონცენტრაციის, ძილის, აზროვნების გაძნელება, გაღიზიანებულობა, დეპრესია და შფოთვა. ამ ყველაფერს შერყევის შემდგომი სინდრომი ეწოდება.

თავის მძიმე ტრავმა: შესაძლოა გამოვლინდეს მსუბუქი ტრავმის ზოგი სიმპტომიც, მაგ.: თავის ტკივილი, ოღონდ უფრო ძლიერი. ასევე, თავდაპირველად ცნობიერება იკარგება ტრავმის მომენტში. უგონო მდგომარეობის ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ზოგი ადამიანი რამდენიმე წამში ფხიზლდება, ზოგი კი საათების ან დღეების შემდეგ. გონზე მოსვლისას პაციენტი მოთენთილია, გაბრუებული, დეზორიენტირებული, მოუსვენრობა ან აგზნება აქვს. შესაძლოა განვითარდეს ღებინება, გულყრები ან ორივე. წონასწორობა და კოორდინაცია ზოგჯერ მოშლილია. იმის მიხედვით, თუ ტვინის რომელი უბანი დაზიანდა, აზროვნების, ემოციების გაკონტროლების უნარი, მოძრაობა, მგრძნობელობა, მეტყველება, მხედველობა, სმენა და მეხსიერება შეიძლება დაირღვეს, ზოგჯერ სამუდამოდაც.

თუ ქალას ფუძე მოტეხილია, ცხვირიდან, ყურებიდან ან ორივედან შესაძლოა გამჭვირვალე სითხე ან სისხლი მოდიოდეს.

დაზიანების შედეგად ტვინში ზოგჯერ სისხლდენა ან შეშუპება ვითარდება. ეს ნელ-ნელა ზრდის ქალასშიდა წნევას, რადგან თავის ქალას შიგთავსის მოცულობის მომატების შემთხვევაში გაფართოება არ შეუძლია. წნევის ზრდასთან ერთად პაციენტის არსებული სიმპტომები მძიმდება და ახლები ვითარდება. ამ გართულების პირველი გამოვლინებებია: თავის ტკივილის გაძლიერება, აზროვნების დარღვევა, ცნობიერების მოშლა და ღებინება. ამის შემდეგ შეიძლება ადამიანმა გონება დაკარგოს, გუგა გაფართოვდეს. თანდათან (ხშირად ტრავმიდან 1-2 დღეში) გაზრდილი წნევა ტვინის ქვევით გადაადგილებას და თიაქარს იწვევს – ორგანოს ქსოვილი მის ნაწილებად დამყოფი ტიხრების ერთ-ერთ ხვრელში ჩაიჭედება. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს კომა ან სიკვდილიც კი, თუ ზეწოლა მოხდა ტვინის ღეროზე, ამ ორგანოს ქვედა ნაწილზე, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებს, მაგ.: გულისცემის სიხშირესა და სუნთქვას აკონტროლებს.

პროგნოზი

თავის მსუბუქი ტრავმა: ადამიანთა უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდება, განსაკუთრებით თუ შერყევის შემდგომი სიმპტომები არ ჰქონიათ. ისინი ხშირად ვლინდება ტრავმიდან 1 კვირის განმავლობაში და ქრება მეორე კვირაში. თუმცა, ზოგჯერ 1 თვის ან იშვიათად, წლების მანძილზეც კი შეიძლება დარჩეს. ტვინის შერყევის გადატანის შემდეგ ეს მდგომარეობა განმეორებით უფრო ადვილად ვითარდება, განსაკუთრებით კი თუ ახალი ტრავმა წინას სიმპტომების გაქრობამდე მიიღო ადამიანმა (მაგალითად, თუ სპორტსმენი ზედმეტად ადრე აგრძელებს თამაშს).

თავის მძიმე ტრავმა: მოზრდილებში თავის მძიმე ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელება დიდწილად პირველ 6 თვეში ხდება, თუმცა ზოგჯერ ეს პროცესი 2 წლამდეც გრძელდება. ბავშვები უფრო ადვილად გამოჯანმრთელდებიან, მიუხედავად ტრავმის სიმძიმისა, და გაჯანსაღების პროცესი ბევრად ხანგრძლივადაც მიმდინარეობს.

თავის მძიმე ტრავმის შედეგები შეიძლება სხვადასხვა იყოს, დაწყებული სრული გამოჯანმრთელებიდან, დამთავრებული განსხვავებული ხარისხის სამუდამო დარღვევებით ან უნარშეზღუდულობით და სიკვდილითაც კი. გრძელვადიანი გართულებებიდან აღსანიშნავია: ამნეზია, ქცევითი აშლილობები (შფოთვა, მოუსვენრობა, იმპულსურობა, თავის შეკავების გაძნელება, მოტივაციის ნაკლებობა), განწყობის უეცარი ცვლილებები, ძილის დარღვევები და ინტელექტუალური ფუნქციების დაქვეითება. თავის მძიმე ტრავმის შედეგად ცნობიერების დაკარგვის შემდეგ მეხსიერების აღდგენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დროში მოვიდა ადამიანი გონს. ამისი შანსი ყველაზე დიდია, თუ პაციენტს პირველ კვირაშივე დაუბრუნდა ცნობიერება. თავის მძიმე ტრავმიდან 4 წლის განმავლობაში შეიძლება გულყრებით მიმდინარე დაავადება ჩამოყალიბდეს. შეზღუდული უნარების სახე და სიმძიმე დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ადგილსა და ხარისხზე. ზოგ ფუნქციას, მაგ.: მხედველობას, ხელის ან ფეხის მოძრაობას, ერთი სპეციფიკური უბანი აკონტროლებს ტვინის ერთ ნახევარში. ამ ნაწილის დაზიანება ხშირად იწვევს შესაბამისი უნარის სამუდამოდ მოშლას. ტვინის უვნებელი ნაწილები ზოგჯერ თავის თავზე იღებენ დაზიანებული უბნის ფუნქციებს, რაც ნაწილობრივ გამოჯანმრთელებას იწვევს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, უნარების გადანაწილების შესაძლებლობა მცირდება. მაგალითად, მეტყველებას ტვინში რამდენიმე უბანი ერთად აკონტროლებს ბავშვებში, მოზრდილებში კი მისი ცენტრი ტვინის ერთ ნახევარშია (მარცხენა ნახევარსფეროში). 8 წლამდე ამ უბნის მძიმე დაზიანებისას მისი ფუნქციის თავის თავზე აღება მარჯვენა ნახევარს შეუძლია, ამიტომ მეტყველება ფაქტობრივად ნორმალურად ჩამოყალიბდება. მოზრდილებში კი ამ უნარის მაკონტროლებელი უბნების დაზიანება მის სამუდამო დარღვევას იწვევს.

პაციენტს შეიძლება რეაბილიტაციის პროგრამები დაეხმაროს, რათა შეზღუდული შესაძლებლობების უმრავლესობის კომპენსაცია ისწავლოს.

დიაგნოზი და მკურნალობა

თავის მსუბუქი ტრავმა: დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის სიმპტომებსა და გასინჯვის შედეგებს. თუ ტრავმა მსუბუქია და დაზიანების ადგილის ტკივილის გარდა სხვა სიმპტომები არ ვლინდება, შესაძლოა ტკივილგამაყუჩებლები, მაგ.: აცეტამინოფენი მიიღოს ადამიანმა. ასპირინისა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება არ შეიძლება, რადგან ეს მედიკამენტები დაამძიმებს სისხლდენას მისი არსებობის შემთხვევაში ტვინში ან თავის ქალაში. ექიმი ჭრილობას გაკერავს და შეახვევს. ტრავმიდან 24 საათის შემდეგ ვინმემ რამდენიმე საათში ერთხელ უნდა შეამოწმოს პაციენტი, რათა რაიმე სერიოზული სიმპტომის განვითარება არ გამოგვეპაროს. თავის მსუბუქი ტრავმის მქონე ბავშვებს შეიძლება ძილის ნება მივცეთ, მაგრამ საჭიროა მათი რამდენიმე საათში ერთხელ გაღვიძება და სიმპტომების შემოწმება.

ტრავმირებული ადამიანის შემოწმებისას ისეთი სიმპტომები ისინჯება, რომლებიც ტვინის ფუნქციონირების გაუარესების ნიშანია, მათ შორის: მუდმივი ან მზარდი ძილიანობა, დეზორიენტაცია, გულყრები, განმეორებითი ღებინება, ძლიერი თავის ტკივილი, ხელში ან ფეხში მგრძნობელობის, მოძრაობის უნარის დაკარგვა, ადამიანების ან გარემოს ცნობის უნარის დაკარგვა, წონასწორობის, მეტყველების ან მხედველობის მოშლა, კოორდინაციის დარღვევა, ხმაურიანი სუნთქვა, ცხვირიდან ან ყურიდან გამჭვირვალე სითხის (თავ-ზურგტვინის სითხის) დენა. ეს სიმპტომები ტრავმიდან რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ შეიძლება განვითარდეს და საჭიროებს დროულ სამედიცინო დახმარებას. თუ ტრავმის შედეგად ადამიანმა გონება დაკარგა, ცოტა ხნითაც კი, აუცილებელია, იგი ექიმმა გასინჯოს. ტვინის დაზიანებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, შესაბამისი სიმპტომების ან ნიშნების არსებობისას, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) კეთდება და ტარდება ქალას ან ტვინის ქსოვილის მძიმე დაზიანების შესაბამისი მკურნალობა. თავის ქალას მოტეხილობის დიაგნოსტიკისთვის კტ უფრო გამოდგება, ტვინის ზოგი დაზიანების აღმოსაჩენად კი – მრტ. თავის ქალას რენტგენოგრაფია იშვიათადაა ინფორმაციული.

თუ ექიმმა სიმპტომების ან კტ-ის კვლევის შედეგების მიხედვით ეჭვი მიიტანა ტვინის დაზიანებაზე, უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ბავშვების შემთხვევაში ეს საჭიროა მაშინაც კი, თუ პატარამ ცოტა ხნით მაინც დაკარგა გონება ან გულყრა ჰქონდა; ასევე, თუ საეჭვოა მასზე ძალადობის ფაქტი.

თავის მძიმე დაზიანება: თუკი ტრავმის შედეგად სხეულის სხვა ნაწილებიც შეიძლება დაზიანებულიყო (მაგ.: საავტომობილო ავარიის დროს) ან ადამიანი უგონოდაა, დარეკეთ სასწრაფოში. თავის მძიმე ტრავმის მქონე პაციენტის გადაადგილებისას ექიმები ძალიან ფრთხილად მოქმედებენ, რადგან კიდევ უფრო არ დაამძიმონ დაზიანებები. კისერი მოტეხილად ითვლება, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება. ამ შემთხვევაში, პაციენტის თავი, კისერი და ხერხემალი უნდა დაფიქსირდეს. როგორც წესი, ადამიანს კისერზე მყარ საყელოს უკეთებენ, აწვენენ და ამაგრებენ მაგარ დაფაზე, რათა მაქსიმალურად ნაკლებად იმოძრაოს.

სავარაუდოდ თავის მძიმე ტრავმის მქონე პაციენტის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ექიმები და ექთანები გასინჯავენ მას, რათა დადგინდეს, მართლა სერიოზულია თუ არა დაზიანება. პირველ რიგში მოწმდება სასიცოცხლო ფუნქციები, მათ შორის გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა და სუნთქვა. თუ ეს უკანასკნელი დარღვეულია, შეიძლება ხელოვნური სუნთქვის აპარატი გახდეს საჭირო. მაშინვე მოწმდება, პაციენტი გონზეა თუ არა და რამდენად შეუძლია დავალებების შესრულება. განისაზღვრება, რამდენად ძლიერი გამღიზიანებელია საჭირო, რომ ადამიანმა თვალები გაახილოს. ამის შემდეგ ისინჯება ტვინის ძირითადი ფუნქციები: გუგების ზომა და რეაქცია სინათლეზე, კიდურების მოძრაობის უნარი, მეტყველება, კოორდინაცია და რეფლექსები. ტვინის დაზიანების აღმოსაჩენად კომპიუტერული ტომოგრაფია კეთდება, ზოგჯერ მასთან ერთად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც. თავის ქალას რენტგენოგრაფია, როგორც წესი, საჭირო არ არის. მისი მეშვეობით ქალას ძვლების მოტეხილობის აღმოჩენა შეიძლება, მაგრამ ეს კვლევა ტვინის დაზიანების მხრივ ინფორმაციას არ გვაძლევს. კისრის რენტგენოგრაფია ან კტ მისი მოტეხილობის გამოსარიცხად გამოიყენება.

თავის მძიმე ტრავმის მქონე პაციენტები საავადმყოფოში, როგორც წესი, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხვდებიან. არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შემცველობა მუდმივად სასურველ დონეზე უნდა შენარჩუნდეს. არტერიული წნევის გაკონტროლება ვენაში გადასხმული სითხეების რაოდენობითა და საჭიროების შემთხვევაში შარდმდენების (მაგ.: მანიტოლი და ფუროსემიდი) დანიშვნით შეიძლება. სისხლში ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის შემცველობა კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე სუნთქვის სიხშირისა და სიღრმის, მიწოდებული ჟანგბადის რაოდენობის შერჩევით რეგულირდება. ზოგჯერ პაციენტის საწოლის თავს წამოწევენ, რათა ქალასა და ტვინში წნევა ზედმეტად არ გაიზარდოს. აუცილებელია ტკივილის გაყუჩებაც. ზოგჯერ პაციენტებს სედაციური საშუალებები უკეთდებათ, რადგან კუნთების ჭარბი აქტივობა მავნეა ამ დროს. ცხელების შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი მკურნალობა, გულყრების დროს კი – ანტიკონვულსანტები.

ზოგჯერ ქალაში სპეციალური სენსორი იდგმება, რათა მასში წნევის გაზომვა მუდმივად შეიძლებოდეს და განისაზღვროს, რამდენად ეფექტიანია მკურნალობა ქალასშიდა წნევის მომატების პრევენციისთვის ან მის შესამცირებლად. არსებობს მეორე გზაც, კათეტერის შეყვანა ტვინში არსებულ ერთ-ერთ პარკუჭში. მათში თავ-ზურგტვინის სითხეა მოთავსებული, რომელიც ტვინის ზედაპირზეც მოძრაობს გარსებს შორის. კათეტერის მეშვეობით წნევის გაზომვაც შეიძლება და სითხის რაოდენობის შემცირებაც, რათა ქალასშიდა წნევამაც დაიკლოს. ზოგჯერ ამ მიზნით ექიმები ქირურგიული გზით ხსნიან თავის ქალას.