მოძრაობის დარღვევები | მკურნალი.გე
  1. მოძრაობის დარღვევები
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
მოძრაობის დარღვევები

სხეულის ყველა მოძრაობა, ხელის აწევიდან დაწყებული, ღიმილით დამთავრებული, ცენტრალური ნერვული სისტემის (თავისა და ზურგის ტვინი), ნერვებისა და კუნთების რთულ ურთიერთქმედებას მოითხოვს. მათგან რომელიმეს დაზიანება ან ფუნქციის მოშლა მოძრაობის დარღვევას იწვევს. იმის მიხედვით, თუ სადაა დაზიანება და რა სახისაა იგი, არსებობს მოძრაობის დარღვევის სხვადასხვა სახე, მაგალითად:

  • ტვინში ნებითი მოძრაობის მაკონტროლებელი უბნების ან თავისა და ზურგის ტვინს შორის კავშირის დაზიანება: ნებითი მოძრაობების შემსრულებელი კუნთების სისუსტე და დამბლა, რეფლექსების გაძლიერება

  • ქერქქვეშა ბირთვების (ნერვული უჯრედების ჯგუფები, რომლებიც ტვინში ღრმად, დიდი ტვინის ფუძეზეა მოთავსებული) დაზიანება: უნებლიე მოძრაობები და მოძრაობის დაქვეითება, მაგრამ არა სისუსტე ან რეფლექსების ცვლილება

  • ნათხემის დაზიანება: კოორდინაციის მოშლა

ზოგი მოძრაობის დარღვევა, მაგალითად, სლოკინი, დროებითია და მხოლოდ მსუბუქ დისკომფორტს იწვევს. სხვები, როგორიცაა პარკინსონის დაავადება, საკმაოდ მძიმეა და პროგრესირებს, არღვევს მეტყველების, ხელების გამოყენების, სიარულისა და დგომის დროს წონასწორობის დაცვის უნარს.