მრავლობითი სკლეროზი და მსგავსი დაავადებები | მკურნალი.გე
  1. მრავლობითი სკლეროზი და მსგავსი დაავადებები
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
მრავლობითი სკლეროზი და მსგავსი დაავადებები

თავის ტვინში და მის გარეთ არსებულ ნერვულ ბოჭკოთა უმრავლესობას გარედან ცხიმისგან (ლიპოპროტეინისგან) აგებული ქსოვილის მრავალი შრე აკრავს, რასაც მიელინის გარსი ეწოდება. სადენის მავთულის გარშემო არსებული იზოლაციის მსგავსად, ეს შრეებიც უზრუნველყოფს ელექტრული იმპულსების საჭირო სიჩქარითა და სიზუსტით გატარებას ნერვულ ბოჭკოებში. როცა მიელინის გარსი ზიანდება, ნერვებში სიგნალების გავრცელება ირღვევა და ზოგჯერ თავად ნერვული ბოჭკოების დაზიანებაც მოჰყვება ამას თან.

დაბადებისას ბავშვის ორგანიზმში ბევრ ნერვს ჩამოყალიბებული მიელინის გარსი არ აქვს. ამის გამოა, რომ ჩვილების მოძრაობები მკვეთრი, არაკოორდინირებული და მოუქნელია. მიელინის გარსების განვითარებასთან ერთად, პატარების მოძრაობა უფრო გლუვი, მიზანმიმართული და კოორდინირებული ხდება. ზოგჯერ ეს პროცესი ნორმალურად არ წარიმართება ბავშვებში ისეთი იშვიათი გენეტიკური დაავადებების დროს, როგორიცაა თეი-საქსის დაავადება, ნიმან-პიკის დაავადება, გოშეს დაავადება და ჰარლერის სინდრომი. შედეგად პაციენტს სამუდამო, ხშირად საკმაოდ მძიმე ნევროლოგიური დარღვევები უვითარდება.

ზრდასრულებში მიელინის გარსების დაზიანება შესაძლოა ინსულტის, ანთების, იმუნური დაავადებების, მეტაბოლური დარღვევებისა და ნივთიერებების (მაგ.: B12 ვიტამინის) ნაკლებობის გამო განვითარდეს. ამას დემიელინიზაცია ეწოდება. მიელინის გარსის დაზიანება ან განადგურება შეუძლია შხამებს, მედიკამენტებს (მაგ.: ანტიბიოტიკ ეტამბუტოლს) და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებას. თუ იგი თავისით აღდგა, შესაძლოა ნერვების ფუნქციონირებაც ნორმას დაუბრუნდეს. თუმცა, მძიმე დაზიანების შემთხვევაში ზოგჯერ გარსის ქვეშ მდებარე ნერვული ბოჭკო კვდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (თავისა და ზურგის ტვინში) ნერვული ბოჭკოები იშვიათად აღდგება, შესაბამისად, ეს დაზიანება ვეღარ გამოსწორდება.

ზოგი დაავადება ძირითადად ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იწვევს დემიელინიზაციას, ზოგი კი – სხეულის სხვა ნაწილებში. პირველადი დემიელინიზაცია მაშინ ვითარდება, როცა ეს პროცესი ცენტრალურ ნერვულ სისტემაშია ძირითადად გამოხატული და მისი მიზეზი უცნობია. ასეთი დარღვევებიდან ყველაზე ხშირად მრავლობითი სკლეროზი გვხვდება.