ავტონომიური ნერვული სისტემის დაავადებები | მკურნალი.გე
  1. ავტონომიური ნერვული სისტემის დაავადებები
  2. თავის ტვინი, ზურგის ტვინი, ნერვული დაავადებები
ავტონომიური ნერვული სისტემის დაავადებები

ავტონომიური ნერვული სისტემა ორგანიზმის ზოგიერთ პროცესს არეგულირებს, მაგ.: არტერიულ წნევასა და სუნთქვის სიხშირეს. ეს სისტემა ავტომატურად (ავტონომიურად) ანუ ადამიანის ცნობიერი ძალისხმევის გარეშე მუშაობს.

ავტონომიური ნერვული სისტემის დაავადება სხეულის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს და ნებისმიერი პროცესი მოშალოს. ავტონომიური დაავადებების მიზეზი ზოგჯერ ავტონომიური ნერვების დამაზიანებელი პათოლოგიებია (მაგ.: შაქრიანი დიაბეტი), ზოგჯერ კი ისინი დამოუკიდებლად ვითარდება. ავტონომიური დაავადებები შეიძლება შექცევადი ან პროგრესირებადი იყოს.

ანატომია:ავტონომიური ეწოდება ნერვული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც შინაგან ორგანოებშია განთავსებული, მათ შორის: სისხლძარღვებში, კუჭში, ნაწლავებში, ღვიძლში, თირკმლებში, შარდის ბუშტში, სასქესო ორგანოებში, ფილტვებში, გუგებში, თვალის კუნთებში, გულში, საოფლე, სანერწყვე და საჭმლის მომნელებელ ჯირკვლებში.

ავტონომიურ ნერვულ სისტემას ორი მთავარი ნაწილი აქვს: სიმპათიკური და პარასიმპათიკური. სხეულისა და გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ავტონომიური ნერვული სისტემა საპასუხოდ ან ორგანიზმის შინაგან პროცესებს ააქტიურებს (რასაც, ჩვეულებრივ, სიმპათიკური ნაწილი უზრუნველყოფს), ან პირიქით, თრგუნავს მათ (პარასიმპათიკური ნაწილის მეშვეობით).

ავტონომიური ნერვული გზა ორი ნეირონისგან შედგება. პირველი ტვინის ღეროში ან ზურგის ტვინშია მოთავსებული. იგი ნერვული ბოჭკოებით მეორეს უკავშირდება, რომელიც ნერვულ უჯრედთა ჯგუფშია (ავტონომიურ კვანძში) მოთავსებული. აქედან ნერვული ბოჭკოები შინაგანი ორგანოებისკენ მიემართება. სიმპათიკური კვანძების უმრავლესობა ზურგის ტვინის მახლობლად, მის ორივე მხარეზეა მოთავსებული, პარასიმპათიკური კვანძები კი – შინაგან ორგანოებთან ახლოს ან მათში.

ფუნქციები:ავტონომიური ნერვული სისტემა არტერიულ წნევას, გულისცემისა და სუნთქვის სიხშირეს, სხეულის ტემპერატურას, საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას (და შესაბამისად, წონასაც), წყლისა და ელექტროლიტების (მაგ.: ნატრიუმისა და კალციუმის) ბალანსს, ორგანიზმის სითხეების წარმოქმნას (ნერწყვის, ოფლის, ცრემლის), შარდვას, დეფეკაციას, სქესობრივ აქტსა და სხვა პროცესებს არეგულირებს. ბევრი ორგანო ძირითადად სიმპათიკური ან პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მიერ კონტროლდება. ზოგჯერ მათ საპირისპირო მოქმედება აქვთ ერთსა და იმავე ორგანოზე. მაგალითად, სიმპათიკური ნერვული სისტემის ეფექტია არტერიული წნევის გაზრდა, პარასიმპათიკურის კი – შემცირება. საბოლოო ჯამში ეს ორი განყოფილება ერთად მუშაობს, რათა უზრუნველყოს ორგანიზმის საჭირო რეაქცია სხვადასხვა მდგომარეობისას.

ზოგადად, სიმპათიკური ნერვული სისტემა სხეულს სტრესული ან გადაუდებელი სიტუაციებისთვის ამზადებს – ბრძოლის ან გაქცევისთვის. შესაბამისად, მისი მოქმედებით გულისცემის სიხშირე, გულის შეკუმშვის ძალა იზრდება, სასუნთქი გზები კი ფართოვდება, რათა სუნთქვა გაადვილდეს. ამ დროს სხეულში დამარაგებული ენერგიის გამოთავისუფლებაც ხდება. კუნთების ძალა იზრდება. ამ სისტემის მოქმედების შედეგია ხელისგულების ოფლიანობა, გუგების გაფართოება, თმის ყალყზე დადგომა. ამ დროს ნელდება ორგანიზმის ისეთი პროცესები, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანია გადაუდებელ, სტრესულ მდგომარეობებში – მაგ.: საჭმლის მონელება და შარდვა.

პარასიმპათიკური ნერვული სისტემა სხეულში მიმდინარე პროცესებს ჩვეულ მდგომარეობაში აკონტროლებს. ზოგადად, მისი ფუნქცია დამარაგება და აღდგენაა. ამ ნაწილის მოქმედებით გულისცემა და არტერიული წნევა მცირდება, სტიმულირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, რათა გადამუშავდეს საკვები და ნარჩენები გამოიყოს. ამ გზით მიღებული ენერგია ქსოვილების აღდგენისა და წარმოქმნისთვის გამოიყენება.

სქესობრივ აქტში ორივე, სიმპათიკური და პარასიმპათიკური განყოფილებაა ჩართული, ნერვული სისტემის იმ ნაწილებთან ერთად, რომლებიც ნებით მოქმედებებს აკონტროლებს და კანიდან შეგრძნებების შესახებ ინფორმაციას გადასცემს (სომატური ნერვული სისტემა).

ავტონომიურ ნერვულ სისტემაში უჯრედების მიერ კავშირის დასამყარებლად ორი ქიმიური გადამცემი (ნეირომედიატორი) – აცეტილქოლინი და ნორეპინეფრინი გამოიყენება.

იმ ნერვულ ბოჭკოებს, რომლებიც აცეტილქოლინს გამოყოფენ, ქოლინერგული ეწოდება, ნორეპინეფრინის გამომყოფებს კი – ადრენერგული. ზოგადად აცეტილქოლინს პარასიმპათიკური (დამთრგუნველი) მოქმედება აქვს, ნორეპინეფრინს კი – სიმპათიკური (მასტიმულირებელი).

თუმცა, აცეტილქოლინსაც შეიძლება ჰქონდეს ზოგჯერ სიმპათიკური ეფექტები. მაგალითად, ზოგჯერ იგი ოფლის გამოყოფას ან თმის ყალყზე დადგომას იწვევს.

სიმპტომები

მამაკაცებში ავტონომიური დაავადების ადრეული სიმპტომი შეიძლება ერექციის განვითარებისა და შენარჩუნების გაძნელება იყოს (ერექციული დისფუნქცია). ეს პათოლოგიები ხშირად იწვევს თავბრუხვევასა და თავში სიმსუბუქის შეგრძნებას ადამიანის წამოდგომის დროს არტერიული წნევის დაცემის გამო (ორთოსტატული ჰიპოტენზიის).

ზოგჯერ ოფლის გამოყოფა მცირდება ან საერთოდ აღარ ხდება, შესაბამისად, ორგანიზმი სიცხეს ვეღარ უძლებს. შესაძლოა თვალების ან პირის სიმშრალეც განვითარდეს.

ჭამის შემდეგ ავტონომიური დარღვევის მქონე ადამიანს შეიძლება სისავსის შეგრძნება ჰქონდეს ნაადრევად ან აღებინოს კიდეც, რადგან კუჭი ძალიან ნელა იცლება (გასტროპარეზი). ზოგჯერ შარდის უნებლიე გამოყოფა ანუ შეუკავებლობაც ვითარდება. ხშირად ამის მიზეზი შარდის ბუშტის ჭარბი აქტიურობაა. ასევე შეიძლება შარდის ბუშტის დაცლა გაძნელდეს ანუ შარდის შეკავება გამოვლინდეს. ზოგჯერ პაციენტებს შეკრულობა ან პირიქით, კუჭის მოქმედების შეუკავებლობა აწუხებთ.

სინათლის ცვლილებასთან ერთად გუგები ფართოვდება და ვიწროვდება.

დიაგნოზი

ექიმი ავტონომიური დარღვევების ნიშნების არსებობას გასინჯვის დროს შეამოწმებს. იგი გაზომავს არტერიულ წნევასა და გულისცემის სიხშირეს წოლის ან ჯდომის დროს, მეორედ კი – ადგომის შემდეგ. ექიმი ასევე გამოიკვლევს გუგების პათოლოგიურ რეაქციას ან ურეაქციობას სინათლის მინათებისას.

დამატებითი ინფორმაცია სხვა კვლევების მეშვეობით მიიღება. არტერიული წნევისა და გულისცემის სიხშირის პოზასთან დაკავშირებული ცვლილებების აღსარიცხად მოძრავი დაფა გამოიყენება. არტერიულ წნევას ზომავენ ადამიანის დაფაზე წოლისას და დაფის ვერტიკალურად წამოყენების შემდეგ. წნევა ასევე მუდმივად იზომება ვალსალვას მანევრის შესრულების დროს (ძლიერი ამოსუნთქვა ჰაერის ცხვირიდან ან პირიდან გამოსვლის გარეშე – იგივე გაჭინთვა). ელექტროკარდიოგრაფია გულისცემის სიხშირის ცვლილებების დასაფიქსირებლად გამოიყენება, რაც ნორმაში ვალსალვას მანევრის შესრულებისას და ღრმა სუნთქვის დროს ხდება.

გამოიკვლევენ ოფლის გამოყოფასაც. ამ დროს აცეტილქოლინის შემცველი ელექტროდები ფეხებსა და მაჯაზე თავსდება. მათი მეშვეობით საოფლე ჯირკვლები სტიმულირდება და ბოლოს გამოყოფილი ოფლის რაოდენობა იზომება, რათა განისაზღვროს, ნორმაშია თუ არა ეს ფუნქცია. გამოკვლევის დროს შესაძლოა მსუბუქი წვის შეგრძნება იგრძნოს ადამიანმა. არსებობს მეორე მეთოდიც – ოფლის გამოყოფის თერმორეგულაციური კვლევა, რომლის დროსაც კანზე სპეციალური საღებავი დაიტანება და ადამიანი დახურულ სივრცეში, სიცხეში იმყოფება რაღაც დროით, რათა ოფლი გამოიყოს. იგი კანზე წასმულ საღებავს ფერს უცვლის. შესაბამისად, ექიმს შეუძლია, განსაზღვროს, სხეულის რომელ ნაწილშია ჭარბი ან შემცირებული ოფლიანობა.

ავტონომიური ნერვული სისტემის დაავადების გამომწვევი პათოლოგიების დასადგენად სხვა კვლევებიც შეიძლება ჩატარდეს.

მკურნალობა

საჭიროა იმ დაავადებების მკურნალობა, რომლებიც შესაძლოა ხელს უწყობდეს ამ დარღვევების განვითარებას. თუ მიზეზი სხვა პათოლოგია არ არის ან მისი განკურნება შეუძლებელია, სამედიცინო ჩარევის მიზანი სიმპტომების შემცირება ხდება.

ზოგი გამოვლინების შემსუბუქება მარტივი ხერხებით შეიძლება:

  • ორთოსტატული ჰიპოტენზია: პაციენტებს ურჩევენ, საწოლში სასთუმალი 10 სანტიმეტრით მაინც წამოსწიონ და ნელა წამოდგნენ ხოლმე. ასევე შეიძლება ეფექტიანი იყოს მუცლის მჭიდრო კორსეტის ან დამწოლი წინდების ტარება. სისხლის მოცულობისა და შესაბამისად, არტერიული წნევის შესანარჩუნებლად მეტი მარილისა და წყლის მიღებაა რეკომენდებული. ზოგჯერ მედიკამენტებიც გამოიყენება, მაგ.: მიდოდრინი, პირიდოსტიგმინი ან ფლუდროკორტიზონი, დასალევად.

  • ოფლიანობის გამოყოფის შემცირება ან შეწყვეტა: თუკი ოფლი მცირე რაოდენობით ან საერთოდ აღარ გამოიყოფა, საჭიროა ადამიანი თბილ გარემოს მოერიდოს.

  • შარდის შეკავება:თუ ამას შარდის ბუშტის შეკუმშვის უნარის მოშლა იწვევს, ადამიანმა შეიძლება თავად ისწავლოს, როგორ ჩაიდგას კათეტერი. ეს პროცედურა დღეში რამდენჯერმე სრულდება და შარდის ბუშტის დაცლის შემდეგ მილს უკან იღებენ. შარდის ბუშტის ტონუსის გასაზრდელად და დაცლის გასაადვილებლად ზოგჯერ ბეთანექოლი ინიშნება.

  • შეკრულობა:რეკომენდებულია ბოჭკოებით მდიდარი საკვებისა და განავლის გამათხელებლების მიღება. თუ პრობლემა არ მოიხსნა, ზოგჯერ ოყნაც ხდება საჭირო.

  • ერექციული დისფუნქცია:მკურნალობა ხშირად მოიცავს მედიკამენტებს: სილდენაფილს, ტადალაფილსა და ვარდენაფილს, დასალევად.