გუნება-განწყობილების აშლილობა | მკურნალი.გე
  1. გუნება-განწყობილების აშლილობა
  2. ფსიქიკური დაავადებები
გუნება-განწყობილების აშლილობა

გუნება-განწყობილების აშლილობები ფსიქიკური დაავადებებია, რომელთა ძირითადი მახასიათებელია ემოციური დარღვევები ძლიერი სევდის (დეპრესია) ან მოჭარბებული მხიარულების, ან ზეაწეული განწყობის (მანია) ხანგრძლივი პერიოდებით. დეპრესია და მანია გუნება-განწყობილების აშლილობის ორი უკიდურესი გამოხატულება, პოლუსია.

გუნება-განწყობილების აშლილობებს ზოგჯერ აფექტურ აშლილობებსაც უწოდებენ. აფექტი გულისხმობს ემოციურ მდგომარეობას, რომელიც ვლინდება სახის გამომეტყველებისა და ჟესტების საშუალებით.

სევდა და სიხარული ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და განსხვავდება დეპრესიისა და მანიისაგან, რომლებიც გუნება-განწყობილების აშლილობებს ახასიათებს. სევდა არის ბუნებრივი რეაქცია დანაკარგზე, მარცხზე, იმედგაცრუებაზე, ტრავმასა და კატასტროფაზე. სევდა შეიძლება ფსიქოლოგიურად მომგებიანიც იყოს, რადგან ინდივიდს საშუალებას აძლევს, გამოვიდეს დამამცირებელი ან არასასიამოვნო სიტუაციიდან, რაც ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას.

მწუხარება და გლოვა ყველაზე ხშირი ნორმალური რეაქციაა, რომელიც ახლავს დანაკარგს ან განშორებას, როგორიცაა საყვარელი ადამიანის სიკვდილი, განქორწინება ან სიყვარულში იმედგაცრუება. ჩვეულებრივ, გლოვა და დანაკარგი არ იწვევს ადამიანებში ხანგრძლივ, ღრმა დეპრესიას, გარდა იმ პირებისა, ვინც მიდრეკილია გუნება-განწყობილების აშლილობებისკენ.

სიხარულის და აღფრთოვანების განცდა, ჩვეულებრივ, წარმატებას ან მიღწევებს უკავშირდება, ზოგჯერ შეიძლება დეპრესიისგან დაცვა ან დანაკარგით გამოწვეული ტკივილის უარყოფა იყოს. მომაკვდავ ადამიანებს ზოგჯერ აქვთ ზეაწეული განწყობისა და ფუსფუსის ხანმოკლე პერიოდი. ისიც შესაძლებელია, გლოვის პერიოდში ინდივიდი უფრო ზეაწეულ განწყობილებას განიცდიდეს, ვიდრე მწუხარებას. ადამიანებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან გუნება-განწყობილების აშლილობებისკენ, მსგავსი რეაქციები შეიძლება მანიის პრელუდია იყოს.

გუნება-განწყობილების აშლილობის დიაგნოზი მართლზომიერია, როცა სევდა ან ზეაწეული განწყობილება ძლიერია და უფრო მეტხანს გრძელდება, ვიდრე ეს მოსალოდნელია ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. ნორმალური ემოციური რეაქციებისგანგანსხვავებით, დეპრესია და მანია მნიშვნელოვნად აუარესებს ფიზიკური და სოციალური ყოფის, შრომითი საქმიანობის უნარს.

ზოგჯერ გუნება-განწყობილების აშლილობა უნიპოლარულია – მხოლოდ დეპრესიით არის წარმოდგენილი. სხვა, ბიპოლარულ აშლილობებად წოდებული მდგომარეობების დროს, დეპრესიის და მანიის ეპიზოდების მონაცვლეობა აღინიშნება. მანია დეპრესიის გარეშე (უნიპოლარული მანია) ძალიან იშვიათია.

შეერთებული შტატების მოსახლეობის დაახლოებით 17%-ს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება საკმარისად მძიმე დეპრესიის გამო. ამ ადამიანთა დაახლოებით მესამედს ხანგრძლივი (ქრონიკული) დეპრესია აღენიშნება, ხოლო დანარჩენს დეპრესიის ეპიზოდებს შორის ხშირად ნორმალური გუნება-განწყობილების პერიოდები აქვს (რეკურენსული დეპრესია). ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 4%-ს ბიპოლარული აშლილობა აქვს.