პიროვნული აშლილობები | მკურნალი.გე
  1. პიროვნული აშლილობები
  2. ფსიქიკური დაავადებები
პიროვნული აშლილობები

პიროვნული აშლილობები არის სხვა ადამიანებისა და მოვლენების მიმართ დამოკიდებულების, მათი აღქმისა და მათზე საპასუხო რეაქციის სტატიკური, ნაკლებად მოქნილი ქცევის მოდელი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს პიროვნების სოციალურ საქმიანობაზე თუ ყოველდღიურ ყოფაზე.

  • ქცევა შეიძლება იყოს უცნაური ან ექსცენტრული, დრამატული ან მერყევი, მშფოთვარე ან გაუბედავი;

  • დიაგნოზი ეფუძნება არაადეკვატურ აზროვნებას ან ქცევას, რომლებიც, მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა, მეორდება;

  • მედიკამენტები ვერ ცვლის ინდივიდის პიროვნულ თავისებურებებს, მაგრამ ფსიქოთერაპია შეიძლება დაეხმაროს მას პრობლემის გაცნობიერებასა და სოციალურად არასასურველი ქცევის შეცვლაში.

ყველას აქვს სხვა ადამიანებისა და მოვლენების აღქმის, მათთან დამოკიდებულების გამორჩეული ნიშან-თვისებები (პიროვნული მახასიათებლები); ანუ ადამიანები, ჩვეულებრივ, სტრესზე ინდივიდუალურად, თუმცა თანამიმდევრულად რეაგირებენ. მაგალითად, ზოგიერთი პიროვნება მძიმე სიტუაციაში სხვას სთხოვს დახმარებას; სხვებს ურჩევნიათ, პრობლემა თავად მოაგვარონ. ზოგი პრობლემის მინიმუმამდე შემცირებას ცდილობს, სხვა, პირიქით, აზვიადებს პრობლემას. მიუხედავად ჩვეული სტილისა, მოსალოდნელია, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი პირი, უფრო მეტად ეცდება იპოვოს განსხვავებული მიდგომა, თუ თავდაპირველი რეაქცია ეფექტიანი არ აღმოჩნდა.

ამის საპირისპიროდ, ადამიანები პიროვნული აშლილობით უფრო ხისტები არიან და ხშირად არაადეკვატურად პასუხობენ პრობლემას, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ურთიერთობაზე ოჯახთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან. ეს არადეკვატური საადაპტაციო რეაქციები, ჩვეულებრივ, ყალიბდება მოზარდობის ან ადრეული მოწიფულობის ასაკში და დროთა განმავლობაში არ იცვლება. პიროვნული აშლილობა განსხვავდება სიმძიმის მიხედვით; ის, ჩვეულებრივ, საშუალო სიმძიმისაა, იშვიათად, მძიმე ფორმით ვლინდება.

პიროვნული აშლილობა, როგორც წესი, იწვევს დისტრესს და ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემებს სამსახურში ან სოციალურ სიტუაციებში. ხშირად თან ახლავს წამალდამოკიდებულება, გუნება-განწყობილების, შფოთვითი ან კვებითი აშლილობები.

პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები ვერ აცნობიერებენ საკუთარი აზროვნების ან ქცევის შეუსაბამობას, ამიტომ, როგორც წესი, თავად არ ეძებენ დახმარებას. სამაგიეროდ, ამის გაკეთებას ცდილობენ მეგობრები, ოჯახის წევრები ან სოციალური სააგენტოები, რადგან მათი ქცევა სხვებს უქმნის სირთულეს. როცა პაციენტები თვითონ მიმართავენ ვინმეს დახმარების თხოვნით, ეს პიროვნული აშლილობით გამოწვეული ცხოვრებისეული სტრესების ან შემაწუხებელი სიმპტომების გამო (მაგალითად, შფოთვა, დეპრესია, ალკოჰოლის მოხმარება ან წამალდამოკიდებულება) ხდება. როგორც წესი, ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათი პრობლემა სხვა ადამიანების მიერ ან მათგან დამოუკიდებელი გარემოებებით არის გამოწვეული.

ბოლო დრომდე ბევრი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი მიიჩნევდა, რომ პიროვნული აშლილობის მკურნალობა არაეფექტიანია. თუმცა, ფსიქოთერაპიის გარკვეული ფორმა (საუბრით თერაპია), ზოგჯერ მედიკამენტებთან ერთად, ბევრ ადამიანს ეხმარება. ამ დროს მნიშვნელოვანია, გამოცდილი, გულისხმიერი თერაპევტის შერჩევა.

პიროვნული აშლილობა სამ ჯგუფად იყოფა: ჯგუფი A –უცნაური ან ექსცენტრული; ჯგუფი B – დრამატული ან მერყევი; ჯგუფი C –შფოთვითი ან გაუბედავი.

ჯგუფი A – უცნაური ან ექსცენტრული ქცევა

პარანოიდული პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანი ეჭვიანია და უნდობლად არის განწყობილი სხვების მიმართ. სრულიად უმიზეზოდ ან უმნიშვნელო მიზეზით უჩნდება ეჭვი, რომ სხვები მისთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ, ადვილად პოულობს მათ ქმედებებში დაფარულ მტრულ ან ბოროტ განზრახვას. ამის გამო, პარანოიდული პიროვნული აშლილობის ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ, მათი აზრით, სამართლიანი შურისძიება, რაც გარშემო მყოფებისთვის დამაბნეველი და გაუგებარია. პარანოიდული პიროვნება არაადეკვატური ქცევის გამო ხშირად ექცევა სოციალურ იზოლაციაში, რაც მას კიდევ უფრო არწმუნებს საკუთარ ეჭვებში. ზოგადად, ასეთი ინდივიდი ურთიერთობაში ცივი და დისტანცირებულია.

პარანოიდული აშლილობით დაავადებული პირები ხშირად ჩივიან სასამართლოში, განსაკუთრებით, თუ თვლიან, რომ მათი აღშფოთება სამართლიანია. როგორც წესი, კონფლიქტში საკუთარ როლს ვერ ამჩნევენ. ჩვეულებრივ, იზოლაციაში მუშაობენ; ამავე დროს საკმაოდ კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები შეიძლება იყვნენ.

ზოგჯერ ინდივიდს, ვინც თავს უკვე გარიყულად გრძნობს რაიმე ნაკლის და შეზღუდული შესაძლებლობების გამო (მაგალითად, სმენის პრობლემები), შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ სხვებს მის მიმართ უარყოფითი განწყობილება ან დამოკიდებულება აქვთ. ასეთი ეჭვიანობა არ ნიშნავს, რომ პიროვნება პარანოიდულია. ამ უკანასკნელისთვის სხვების დამოკიდებულების დამახინჯება, არასწორი შეფასებაა დამახასიათებელი.

შიზოიდური პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანი ინტროსპექტულია – თავის თავში ჩაღრმავებული, გარიყული და განმარტოებულია. ასეთი ადამიანები ემოციურად ცივი და სოციალურად დისტანცირებულნი არიან. ისინი, უფრო ხშირად, საკუთარ გრძნობებსა და ფიქრებში არიან ჩაფლულნი და გაურბიან ახლო ან ინტიმურ ურთიერთობებს; ცოტას საუბრობენ, მიდრეკილნი არიან ფანტაზიისკენ და თეორიული მსჯელობა ურჩევნიათ პრაქტიკულ ქმედებებს. ფანტაზიორობა შეგუების (დაცვის) ყველაზე ხშირი მექანიზმია.

შიზოტიპური პიროვნება: ამ ტიპის აშლილობის ადამიანი, მსგავსად შიზოიდური პიროვნებისა, სოციალურად და ემოციურად დისტანცირებულია. დამატებით ამ ადამიანებს, შიზოფრენიით დაავადებულთა მსგავსად, აღენიშნებათ უცნაურობა აზროვნებაში, აღქმასა და ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ინდივიდს შიზოფრენიით დაავადებამდე შეიძლება შიზოტიპური თვისებები ჰქონდა, შიზოტიპურ პიროვნებათა უმეტესობას შიზოფრენია არ უვითარდება.

ზოგიერთ შიზოტიპურ პიროვნებას ახასიათებს მაგიური აზროვნება – კერძოდ, სჯერა, რომ მის აზრებს ან ქმედებებს შეუძლია ვიღაც ან რაღაც მართოს. მაგალითად, შეიძლება სწამდეს, რომ განრისხების ამსახველი ფიქრებით შეუძლია სხვას ზიანი მიაყენოს. შიზოტიპურ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს პარანოიდული აზრებიც.

ჯგუფი B – დრამატული ან მერყევი ქცევა

ჰისტრიონული (ისტერიული) პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანი აშკარად ცდილობს ყურადღების მიქცევას, დრამატული და ზედმეტად ემოციურია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკურ მიმზიდველობას. ცოცხალი, ექსპრესიული ხასიათის გამო ადვილად ამყარებს ურთიერთობებს, რომლებიც ხშირად ზედაპირული და წარმავალია. მათი ემოციის გამოხატვის მანერა, სხვების აზრით, ხშირად გადაჭარბებული, ბავშვური ან ხელოვნურია იმ მიზნით, რომ გამოიწვიოს სიმპათია ან ყურადღება (ეროტიკული ან სექსუალური).

ისტერიულ პიროვნებებს ახასიათებთ სექსუალურად პროვოკაციული ქცევა ან არასექსუალური ურთიერთობებისთვის სექსუალური ელფერის მინიჭება. მათ, რეალურად, შეიძლება არც სურდეთ ინტიმური ურთიერთობა და ხშირად მაცდური ქცევით ნიღბავენ მფარველობის, დამცველის პოვნის სურვილს. ზოგიერთ ისტერიულ პიროვნებას ახასიათებს იპოქონდრიულობა და, სხვისი ყურადღების მისაპყრობად, ფიზიკური პრობლემების გაზვიადება.

ნარცისული პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანს ახასიათებს საკუთარი განსაკუთრებულობის განცდა, გარშემო მყოფებისგან აღტაცების მოთხოვნა და ემპათიის ნაკლებობა. ეს ადამიანები გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ მნიშვნელობას და შესაძლებლობებს, რასაც თერაპევტი, ჩვეულებრივ, გრანდიოზულობას უწოდებს. ისინი შეიძლება ძალიან მგრძნობიარენი იყვნენ წარუმატებლობის, მარცხის ან კრიტიკის მიმართ. როდესაც ვერ ამართლებენ საკუთარ თავზე აღმატებულ წარმოდგენას, შეიძლება განრისხდნენ ან დეპრესიაში ჩავარდნენ. მათ სწამთ, რომ განსაკუთრებულნი არიან და ამიტომ გარშემო მყოფებისგან თაყვანისცემას მოითხოვენ, ხშირად ეჭვობენ, რომ სხვებს მათი შურთ. სჯერათ, რომ მათი მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, ამიტომ ექსპლუატაციას უწევენ სხვებს, ვისი საჭიროებები ან შეხედულებები ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. მათი ქცევა, როგორც წესი, შეურაცხმყოფელია გარშემო მყოფებისთვის, რომლებიც მათ ეგოცენტრულ, ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანებად მიიჩნევენ. ეს პიროვნული აშლილობა, ჩვეულებრივ, გვხდება მაღალკვალიფიციურ ან წარჩინებულ ინდივიდებს შორის, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ნაკლებად წარმატებულ პირებშიც.

ანტისოციალური პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს (ადრე უწოდებდნენ ფსიქოპათურ ან სოციოპათურ პიროვნებას), რომელთა უმეტესობა მამაკაცია, ახასიათებთ სხვისი უფლებებისა და გრძნობების სრული უგულებელყოფა. მათი ურთიერთობებისათვის ნიშანადობლივია სიცრუე და უპატიოსნება. ისინი იყენებენ ადამიანებს ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებლობის მიზნით (განსხვავებით ნარცისული პიროვნებისგან, რომელიც სხვების გამოყენებას საკუთარი უპირატესობით ამართლებს).

როგორც წესი, ანტისოციალური პიროვნება კონფლიქტში იმპულსურად და უპასუხისმგებლოდ ჩაერთვება ხოლმე. ის ვერ ეგუება იმედგაცრუებას და ზოგჯერ აგრესიული და სასტიკი ხდება. ხშირად ამ ტიპის ადამიანები არ ფიქრობენ ანტისოციალური ქცევის უარყოფით შედეგებზე და მიუხედავად იმისა, რომ მათი ქცევა პრობლემებს ქმნის და სხვებს აზიანებს, არ განიცდიან სინანულის და დანაშაულის გრძნობას. პირიქით, ისინი საკუთარ საქციელს გონივრულად მიიჩნევენ ან სხვას გადააბრალებენ. იმედგაცრუება და დასჯა არ იწვევს მათი ქცევის ან აზროვნების შეცვლას ან გაუმჯობესებას, პირიქით, არწმუნებს სამყაროს შესახებ მათი ულმობელი, მკაცრი წარმოდგენების სისწორეში.

ადამიანებს ანტისოციალური პიროვნული აშლილობით ახასიათებთ ალკოჰოლიზაცია, წამალდამოკიდებულება, სექსუალური დარღვევები, უწესრიგო ქცევა და კანონდარღვევა. ისინი, როგორც წესი, ვერ ართმევენ თავს სამსახურებრივ მოვალეობებს და ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილს. მათ აქვთ ანტისოციალური ქცევის, წამალდამოკიდებულების, განქორწინებისა და ფიზიკური ძალადობის ოჯახური ისტორია. ბავშვობაში ბევრმა მათგანმა განიცადა ემოციური და ფიზიკური შეურაცხყოფა. ანტისოციალური პიროვნების სიცოცხლის ხანგრძლივობა პოპულაციის იმავე მაჩვენებელზე ნაკლებია. ასაკის მატებასთან ერთად აშლილობის სიმძიმე კლებულობს ან სტაბილური ხდება.

მოსაზღვრე პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანებს, რომელთა უმეტესობა ქალია, ახასიათებთ თვითაღქმის, გუნება-განწყობილების, ქცევისა და ურთიერთობების არასტაბილურობა. მათი აზროვნების პროცესი უფრო დარღვეულია, ვიდრე ანტისოციალური და მათი აგრესია უფრო ხშირად საკუთარი თავისადმია მიმართული. მათ უფრო მეტად ახასიათებთ ბრაზიანობა, იმპულსურობა და იდენტობის დარღვევა, ვიდრე ისტერიულ პირებს. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა თავს იჩენს ადრეული მოწიფულობის ასაკში და უფრო იშვიათია უფროს ასაკობრივ ჯგუფებში.

ადამიანები მოსაზღვრე პიროვნული აშლილობით ხშირად აღნიშნავენ ბავშვობაში უგულებელყოფას და ფიზიკურ ძალადობას. შესაბამისად, ისინი სიცარიელეს, ბრაზს და ზრუნვის მოთხოვნილებას გრძნობენ. მათ ბევრად უფრო დრამატული და ინტენსიური ინტერპერსონული ურთიერთობები აქვთ, ვიდრე A ჯგუფის ადამიანებს პიროვნული აშლილობებით. მოსაზღვრე პიროვნება მიდრეკილია შეუსაბამო და ძლიერი აღშფოთების გამოხატვისაკენ, თუ გაუჩნდა შიში, რომ მზრუნველი მის მიტოვებას აპირებს. ისინი მოვლენებს და ურთიერთობებს აღიქვამენ როგორც შავს ან თეთრს, კეთილს ან ბოროტს, მაგრამ არასოდეს – ნეიტრალურად.

როდესაც მოსაზღვრე პიროვნება თავს მიტოვებულად და მარტოდ გრძნობს, მას შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, ნამდვილად არსებობს თუ არა (ანუ არ გრძნობს თავს რეალურად). ეს ადამიანები შეიძლება გახდნენ უკიდურესად იმპულსური, უგუნურად მოიქცნენ, მიმართონ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას ან თვითდაზიანებას. ზოგჯერ ისინი იმდენად სწყდებიან რეალობას, რომ აქვთ ფსიქოზური აზროვნების, პარანოიისა და ჰალუცინაციების ხანმოკლე ეპიზოდები.

ადამიანები მოსაზღვრე პიროვნული აშლილობით ხშირად აკითხავენ პირველადი ჯანდაცვის ექიმს. მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა ყველაზე გავრცელებული პიროვნული აშლილობაა, რომელსაც თერაპევტი მკურნალობს, რადგან ეს ადამიანები განუწყვეტლივ ეძებენ ვინმეს, ვინც მათზე იზრუნებს. თუმცა, განმეორებითი კრიზისების, ბუნდოვანი, უსაფუძვლო ჩივილების და მკურნალობის რეჟიმის დაცვის უუნარობის შედეგად, მზრუნველს, მათ შორის ექიმსაც, იმედგაცრუების განცდა ეუფლება და იმის შეგრძნება უჩნდება, რომ ინიდივიდს ურჩევნია, დახმარების მიღების ნაცვლად, გააგრძელოს თავის ჩივილებზე ყურადღების გამახვილება.

ჯგუფი C – შფოთვითი ან გაუბედავი ქცევა

გულჩათხრობილი პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანი ზედმეტად განიცდის, რომ შეიძლება სხვების მიერ იყოს უარყოფილი და შიშით ეკიდება ახალი ურთიერთობების დაწყებას ან ნებისმიერ სიახლეს. ამ ადამიანებს მიმღებლობისა და სითბოს დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ ერიდებიან სოციალურ აქტივობას და შებოჭილნი არიან ინტიმურ ურთიერთობებში დამცირებისა და კრიტიკის შიშით. შიზოიდური პიროვნებისგან განსხვავებით, მათ აშკარად აწუხებთ იზოლაციისა და სხვებთან კომფორტული ურთიერთობის უუნარობა; მოსაზღვრე პიროვნებისგან განსხვავებით, უარყოფაზე რისხვით არ რეაგირებენ. ამის ნაცვლად, ისინი ჩაკეტილი, მორცხვი და მორიდებულნი არიან. გულჩათხრობილობა გენერალიზებული სოციალური ფობიის მსგავსია.

სხვაზე დამოკიდებული პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანი ნებას რთავს სხვებს, მის ნაცვლად აიღონ პასუხისმგებლობა და მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ხოლო მათ საჭიროებებს საკუთარ საჭიროებებზე მაღლა აყენებს. ამ ადამიანებს დაბალი თვითშეფასება აქვთ და გრძნობენ, რომ არ შეუძლიათ მოუარონ საკუთარ თავს. ისინი ხშირად აპროტესტებენ, რომ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ იციან, რა გააკეთონ და როგორ. ეს ქცევა ნაწილობრივ განპირობებულია იმისი შიშით, რომ საკუთარი აზრის გამოხატვით არ გაანაწყენონ ადამიანი, რომელიც სჭირდებათ და ნაწილობრივ – რწმენით, რომ სხვა უფრო ნიჭიერია. ადამიანებს სხვა პიროვნული აშლილობით ხშირად აქვთ სხვაზე დამოკიდებული პიროვნების თვისებები, მაგრამ ისინი გადაფარულია სხვა აშლილობის დომინანტური მახასიათებლებით. ზოგჯერ ახალგაზრდა ქრონიკული დაავადებით ან შეზღუდული შესაძლებლობებით შეიძლება დამოკიდებულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

ობსესიურ-კომპულსიური პიროვნება: ამ ტიპის პიროვნული აშლილობის ადამიანი ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს წესრიგს, სრულყოფილების მიღწევას (პერფექციონიზმი) და კონტროლს. ეს ადამიანები სანდო, საიმედო, მოწესრიგებულნი და მეთოდურნი არიან, მაგრამ სიხისტის გამო ვერ ეგუებიან ცვლილებებს. ვინაიდან, ისინი ფრთხილობენ და პრობლემას ყველა მხრიდან აფასებენ, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ისინი ჭარბი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ მოვალეობებს, ვერ ეგუებიან შეცდომას ან არასრულყოფილად შესრულებულ სამუშაოს, რის გამოც, ხშირად, ვერ ახერხებენ დასახული ამოცანის შესრულებას. ობსესიურ-კომპულსიური ფსიქიკური აშლილობისგან განსხვავებით, ობსესიურ-კომპულსიურ პიროვნებას არ ახასიათებს განმეორებითი, არასასურველი აზრები ან რიტუალური ქცევა.

ობსესიურ-კომპულსიური პიროვნება ხშირად აღწევს დიდ წარმატებას, განსაკუთრებით მეცნიერებასა და ინტელექტუალურ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს წესრიგს და დეტალების მიმართ ყურადღებას. თუმცა ჭარბი კეთილსინდისიერება ისეთ შფოთვას იწვევს, რომ იშვიათად ახერხებს სიამოვნების მიღებას მიღწეული წარმატებით. ადამიანები ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით არაკომფორტულად გრძნობენ თავს, როცა მათი გრძნობები, ურთიერთობა ან სიტუაცია კონტროლს არ ექვემდებარება, ან როცა სხვებზე არიან დამოკიდებულნი, ან როცა შეუძლებელია მოვლენების პროგნოზირება.

პიროვნების სხვა ტიპები

პასიურ-აგრესიული (ნეგატივისტური) პიროვნება: პასიურ-აგრესიული პიროვნება ისე იქცევა, თითქოს უუნარო და პასიური იყოს. თუმცა მსგავსი ქცევა სინამდვილეში წარმოადგენს პასუხისმგებლობის არიდების ან სხვების კონტროლის, ან დასჯის საშუალებას. ასეთი ტიპის პიროვნება, ჩვეულებრივ, ცდილობს, გადადოს საქმე ან განზრახ უხარისხოდ შეასრულოს, ან იწყებს არარსებული უუნარობის დემონსტრირებას. ხშირად ის თანხმდება შეასრულოს ისეთი საქმე, რომლის შესრულებაც არ უნდა და შემდეგ ფრთხილად ძირს უთხრის საქმის შესრულებას. ასეთი ქცევა, როგორც წესი, საშუალებას აძლევს, დაფაროს ან უარყოს მტრობა ან უთანხმოება.

ციკლოთიმიური პიროვნება: ამ ტიპის ადამიანი მერყეობს ზეაწეულ განწყობილებასა და პირქუშ პესიმიზმს შორის. თითოეული განწყობილება კვირები ან მეტხანს გრძელდება. გუნება-განწყობილების ცვლილება ვლინდება რეგულარულად და ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე. ბევრი ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანი პიროვნების ამ ტიპს წარმოადგენს.

დეპრესიული პიროვნება: ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს ქრონიკული დაღვრემილობა, შფოთვა და მორიდებულობა. მას აქვს პესიმისტური ხედვა, რომელიც აქვეითებს მის ინიციატივას და გულს სტკენს გარშემო მყოფებს. ამ ტიპის ადამიანებისათვის კმაყოფილების განცდა დაუმსახურებელი და ცოდვიანია. მათ შეიძლება გაუცნობიერებლად სჯეროდეთ, რომ მათი ტანჯვა განმასხვავებელი ნიშანია, რომელიც საჭიროა გარშემო მყოფთა სიყვარულის ან აღტაცების მოსაპოვებლად.

დიაგნოზი

პიროვნული აშლილობის დიაგნოზის დასმისას ექიმი ეყრდნობა პაციენტის ისტორიას, განსაკუთრებით, განმეორებადი არაადეკვატური აზროვნების ან ქცევის მახასიათებლების არსებობას. ეს მახასიათებლები, როგორც წესი, თვალსაჩინოა, რადგან ინდივიდი ჯიუტად ეწინააღმდეგება მათ შეცვლას, მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა. გარდა ამისა, ექიმი, სავარაუდოდ, ყურადღებას მიაქცევს ინდივიდის უმწიფარ, არაადეკვატურ ადაპტაციურ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს, რომლებიც ხელს უშლის ყოველდღიურ საქამიანობას, ყოფას. ექიმი, შეიძლება ასევე, გაესაუბროს ადამიანებს, ვისაც აქვს ურთიერთობა პაციენტთან.

მკურნალობა

მკურნალობის უპირველესი მიზანია შფოთვის, დეპრესიისა და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების (თუ არსებობს) შემცირება. მედიკამენტური თერაპია შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს. მედიკამენტებმა, როგორიცაა სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი-ები), შეიძლება დადებითად იმოქმედოს როგორც დეპრესიის, ისე იმპულსურობის სამკურნალოდ. გუნება-განწყობილების სტაბილიზატორებმა შეიძლება შეამციროს იმპულსურობა და ბრაზის ემოცია. სხვა მედიკამენტები, როგორიცაა რისპერიდონი, შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს მოსაზღვრე პიროვნებებში როგორც დეპრესიის, ასევე დეპერსონალიზაციის სამკურნალოდ. სტრესის შემცირებამ, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების სწრაფი შემსუბუქება.

მედიკამენტური თერაპია, როგორც წესი, არ ახდენს გავლენას პიროვნულ თავისებურებებზე. ეს პიროვნული თავისებურებები წლების განმავლობაში ყალიბდება და მედიკამენტების გამოყენებით მათ შეცვლას ასევე წლები სჭირდება. ვერანაირი მოკლევადიანი თერაპია ვერ განკურნავს პიროვნულ აშლილობას, თუმცა ზოგიერთი თვისების ცვლილებას შეიძლება უფრო სწრაფად მივაღწიოთ. ქცევის ცვლილება შეიძლება გამოვლინდეს ერთ წელიწადში, ურთიერთობების ცვლილებას მეტი დრო სჭირდება. მაგალითად, სხვაზე დამოკიდებული პიროვნების ქცევის ცვლილება შეიძლება იმითი გამოიხატოს, რომ შეწყვიტოს ლაპარაკი იმაზე, რომ არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება. ინტერპერსონული ცვლილება კი იქნება თანამშრომელთან ან ოჯახის წევრთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომ რეალურად შეეცადოს ან, სულ მცირე, იკისროს გარკვეული პასუხისმგებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა განსხვავებულია პიროვნული აშლილობის ტიპის მიხედვით, არსებობს ზოგადი პრინციპები, რომლებიც ეხება ყველა სახის მკურნალობას. იმის გამო, რომ ადამიანები პიროვნული აშლილობით ვერ ხედავენ პრობლემას საკუთარ ქცევაში, ისინი ხშირად აწყდებიან არაადეკვატური ადაპტაციური აზროვნებისა და ქცევის მავნე შედეგებს. ამიტომ, თერაპევტმა გამუდმებით უნდა მიუთითოს მათი აზროვნებისა და ქცევის არასასურველ შედეგებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, თერაპევტმა შეიძლება ჩათვალოს, რომ საჭიროა ქცევის წესების დაწესება (მაგალითად, პიროვნებას შეიძლება უთხრას, რომ არ აუწიოს ხმას გაბრაზების დროს). ოჯახის წევრების ჩართულობა სასარგებლოა და ხშირად აუცილებელი, რადგან მათ შეუძლიათ ისე მოიქცნენ, რომ გააძლიერონ ან შეასუსტონ პრობლემური აზრები და ქცევა. ჯგუფური და ოჯახური თერაპია, ჯგუფური ცხოვრება სპეციალურად გამოყოფილ საცხოვრებელში, მონაწილეობა თერაპიულ სოციალურ კლუბებსა და თვითდახმარების ჯგუფებში შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს და დაეხმაროს პიროვნებას სოციალურად მიუღებელი ქცევის შეცვლაში.

იმის გამო, რომ პიროვნული აშლილობის მკურნალობა რთულია, მნიშვნელოვანია შეირჩეს თერაპევტი, რომელსაც აქვს გამოცდილება, ენთუზიაზმი და პიროვნების ემოციური მგრძნობელობის სფეროებისა და შეგუების ჩვეული გზების ცოდნა. მხოლოდ სიკეთე და მიმართულების მიცემა არ ცვლის პიროვნულ აშლილობას. ფსიქოთერაპია მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, წელიწადზე მეტხანს უნდა გაგრძელდეს, რომ შეიცვალოს პიროვნების არაადეკვატური ადაპტაციური ქცევა და ინეტერპერსონული ურთიერთობის მახასიათებლები.

ექიმსა და პაციენტს შორის მეგობრული, თანამშრომლობითი ურთიერთობა შეიძლება დაეხმაროს ინდივიდს დისტრესის მიზეზების გაცნობიერებაში და აღიარებინოს ქცევის არაადეკვატურობა. ფსიქოთერაპია შეიძლება დაეხმაროს, უფრო ნათლად გაერკვეს დამოკიდებულებებსა და ქცევაში, რომელიც იწვევს ინტერპერსონულ პრობლემებს, მაგალითად, სხვაზე დამოკიდებულებას, უნდობლობას, ქედმაღლობას და მანიპულირებას.

არაადეკვატური ადაპტაციური ქცევისათვის, როგორიცაა უგუნური ქცევა, სოციალური იზოლაცია, თავდაჯერებულობის ნაკლებობა ან ბრაზის შეტევები ეფექტიანია ჯგუფური თერაპია და ქცევის მოდიფიკაცია დღის ცენტრებში ან ჯგუფურ სათემო საცხოვრებელში. ამ ქცევების შეცვლას შეიძლება თვეები დასჭირდეს. თვითდახმარების ჯგუფში ან ოჯახურ თერაპიაში მონაწილეობა ასევე სასარგებლოა.

დიალექტიკური ქცევითი თერაპია ეფექტიანია მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის დროს. თერაპიის ეს სახე მოიცავს ყოველკვირეულ ინდივიდუალურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, ხოლო დაგეგმილ სესიებს შორის თერაპევტთან სატელეფონო კავშირს. თერაპიის მიზანია, დაეხმაროს ინდივიდს თავისი ქცევის გაცნობიერებაში და ასწავლოს პრობლემის გადაჭრა და ადეკვატური ადაპტაციური ქცევა. ფსიქოდინამიკური თერაპია ასევე ეფექტიანია მოსაზღვრე ან გულჩათხრობილობის პიროვნული აშლილობის დროს. მკურნალობის ეს მეთოდები ეხმარება პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებს, იფიქრონ იმ უარყოფით ზეგავლენაზე, რომელსაც მათი ქცევა იწვევს გარშემო მყოფებში. ფსიქოანალიზი განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აქვს არაადეკვატური ადაპტაციური დამოკიდებულებები, მოლოდინები და განწყობები (მაგალითად, ნარცისული ან ობსესიურ-კომპულსიური პიროვნება) და რაც, სულ ცოტა 3 წელი გრძელდება.