დისოციაციური აშლილობები | მკურნალი.გე
  1. დისოციაციური აშლილობები
  2. ფსიქიკური დაავადებები
დისოციაციური აშლილობები

ხანგამოშვებით ყველას აქვს მეხსიერების, აღქმის, იდენტობისა და ცნობიერების ერთიანობასთან დაკავშირებული უმნიშვნელო სირთულეები. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება მანქანით იმგზავროს, მოგვიანებით კი გააცნობიეროს, რომ არ ახსოვს, როგორ მართავდა მანქანას. დავიწყების მიზეზი ის გარემოებაა, რომ მანქანის მართვისას მძღოლი ფიქრებში იყო ჩაფლული, რადიოს უსმენდა, თანამგზავრს ესაუბრებოდა ან, უბრალოდ, ოცნებობდა. მოხსენიებულს ნორმალური დისოციაცია ეწოდება, ის როგორც წესი, არ უშლის ხელს ყოველდღიურ ყოფას და საქმიანობას.

ზემოთქმულის საპირისპიროდ, ადამიანს დისოციაციური აშლილობით, შეიძლება სავსებით დაავიწყდეს ის, რასაც წუთების, საათების ან, ზოგჯერ, უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში აკეთებდა. მას შეიძლება გაუჩნდეს წარსულის გარკვეული მონაკვეთის გამოვარდნის განცდა. ასეთ შემთხვევაში დისოციაცია შეუძლებელს ხდის ადამიანის "მე"-ს და ცხოვრებისეული მოვლენების მოგონებების უწყვეტობას.

დისოციაციური აშლილობის რამდენიმე ტიპი არსებობს:

  • მეხსიერების ინტეგრაციის დარღვევა (დისოციაციური ამნეზია)

  • იდენტობისა და მეხსიერების ფრაგმენტაცია (დისოციაციური ფუგა ან იდენტობის დისოციაციური აშლილობა)

  • გამოცდილებისა და საკუთარი "მე"-ს აღქმის დარღვევა (დეპერსონალიზაციური აშლილობა)

დისოციაციური აშლილობა, როგორც წესი, ძლიერი სტრესით ან ტრავმით არის გამოწვეული. მაგალითად, ადამიანმა შეიძლება ბავშვობაში ძალადობა ან სასტიკი მოპყრობა გადაიტანა, თავად გახდა მსხვერპლი ან შეესწრო ავტოსაგზაო შემთხვევას ან კატასტროფას; ან პირს შეიძლება ჰქონდეს აუტანელი შინაგანი კონფლიქტი, რის გამოც გონება იძულებული ხდება, განაცალკეოს შეუთავსებელი და მისთვის მიუღებელი ინფორმაცია და გრძნობები ცნობიერი აზროვნებისგან.