კვება წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც ორგანიზმს ეძლევა შესაძლებლობა, შეითვისოს და მოიხმაროს ის საკვები ნივთიერებები, რაც აუცილებელია მისი ზრდის, განვითარებისა და პრაქტიკულად სიცოცხლისათვის.
იმისათვის, რომ ადამიანები ადეკვატურად და სწორად იკვებონ, საჭიროებენ ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვას. ჯანსაღი კვება კი, თავის მხრივ, გულისხმობს საკვების მრავალფეროვნებას, რადგან ორგანიზმისათვის აუცილებელი სუბსტანცია სწორედ საკვები პროდუქტების შემადგენელი ნივთიერებებია. ჯანსაღი კვება აძლევს ადამიანს საშუალებას, შეინარჩუნოს სასურველი წონა (პროცენტული მაჩვენებელი ცხიმოვანი და კუნთოვანი მასის თანაფარდობისა), ყოველდღიური ფიზიკური და მენტალური აქტივობა.
თუ პაციენტი იღებს საჭიროზე მეტ საკვებ პროდუქტს, დგება სიმსუქნის განვითარების რისკის ქვეშ, ასევე მიირთმევს დიდ მოცულობას გარკვეული საკვები პროდუქტებისა (ხშირად, ვიტამინების შემცველი პროდუქტები), შესაძლოა დამაზიანებელი, ტოქსიკური ეფექტი გამოვლინდეს. აღსანიშნავია შემთხვევები, როდესაც პაციენტი ვერ იღებს მისი ორგანიზმისთვის საკმარის აუცილებელ ნივთიერებებს საკვების სახით,
ასეთ შემთხვევებში მოსალოდნელია კვების დეფიციტით განპირობებული დარღვევების განვითარება.
იმისათვის, რომ ექიმმა განსაზღვროს რამდენად შესაბამის კვების რეჟიმს იცავს პაციენტი, აუცილებელია გამოკითხვა კვებით უნარ-ჩვევებზე, დიეტაზე (საკვების რაციონი). შემდგომი ეტაპია ფიზიკური გასინჯვა, რის მიზანსაც წარმოადგენს სხეულის აგებულების და ფუნქციონირების შეფასება. განისაზღვრება სხეულის წონა და სიმაღლე, შემდგომ გამოითვლება სმი (სხეულის მასის ინდექსი). სმი-ს გამოთვლისთვის საჭიროა სხეულის წონა (კგ) შევაფარდოთ სხეულის სიმაღლის (მეტრი) კვადრატთან. სმი 19-დან 24-ის ჩათვლით ითვლება ნორმალურ მაჩვენებლად როგორც ქალების, ასევე მამაკაცებისთვის. სხეულის აგებულების შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია სხეულის ცხიმოვანი მასის პროცენტული მაჩვენებელი. ზოგჯერ მისი განსაზღვრა ხდება კანის ნაკეცის სისქის გაზომვით ან უნდა ჩატარდეს ბიოელექტრული წინაღობის ანალიზი (ბიოიმპედანსომეტრია). უფრო ზუსტ მეთოდს სხეულის ცხიმოვანი მასის პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლისთვის წარმოადგენს პაციენტის აწონა წყალქვეშ (ჰიდროსტატიკური აწონა) და ორმაგენერგეტიკული რენტგენოაბსორბციომეტრია, იგივე DEXA-სკანირება, თუმცა ეს მეთოდები იშვიათად გამოიყენება.
საკვები ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრა შესაძლებელია სისხლში და ზოგჯერ ქსოვილებში. მაგ: სისხლში მთავარი ცილის, ალბუმინის დონის განსაზღვრა გვეხმარება გამოვავლინოთ პაციენტები ცილის დეფიციტით. კვებითი ნივთიერებების დონე იკლებს, როდესაც სახეზეა კვების დეფიციტი.
დიეტის კომპონენტები: ზოგადად საკვები ნივთიერებები იყოფა ორ ჯგუფად:
დღის განმავლობაში ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რაოდენობა დახარჯული ენერგიის ყოველ 1 კალორიაზე 1მლ-ით განისაზღვრება. ეს იგივეა, რაც 2500 მილილიტრი დღის განმავლობაში. წყლის მოთხოვნილების შევსება შესაძლებელია არაერთი საკვების საშუალებით, ნატურალური ხილის ან ბოსტნეულის წვენებით, უკოფეინო ყავით, ჩაით ან თავად წყლის მიღებით. ალკოჰოლი, კოფეინის შემცველი ყავა და ჩაი, გაზიანი სასმელები – აძლიერებენ შარდის გამოყოფას, რაც ნაკლებად სასარგებლოა ორგანიზმისთვის.
ჩვენ მიერ ყოველდღიურად მიღებული საკვები პროდუქტები შეიცავენ 100000-ზე მეტ განსხვავებულ ნივთიერებებს, რომელთაგან მხოლოდ 300-ია კლასიფიცირებული, როგორც საკვები ნივთიერება და მხოლოდ 45 მათგანია ცნობილი, როგორც ორგანიზმისთვის აუცილებელი საკვები ნაერთი. ესენია: ვიტამინები, მინერალები, გარკვეული სახეობის ამინმჟავები (ცილის კომპონენტები) და ცხიმოვანი მჟავები (ცხიმის შემადგენელი ნაწილები). ორგანიზმს არ შეუძლია თავად წარმოქმნას ძირითადი საკვები ნივთიერებები, ამიტომ ეს ნაერთები მიღებულ უნდა იქნეს საკვების სახით.
გარდა აუცილებელი ნივთიერებებისა, საკვები შეიცავს მრავალ სასარგებლო კომპონენტს, მათ შორის ბოჭოებს (როგორიცაა: უჯრედისი, პექტინი და ხის ფისი). საკვები აგრეთვე შეიცავს დანამატებს, როგორიცაა დამცავი კონსერვანტები, ემულგატორები, ანტიოქსიდანტები და სტაბილიზატორები. ეს ნაერთები აუმჯობესებენ პროდუქტების წარმოების და დამუშავების, შეფუთვა-შენახვის პროცესს.