კვების დეფიციტი | მკურნალი.გე
  1. კვების დეფიციტი
  2. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
კვების დეფიციტი

კვების დეფიციტზე საუბრობენ, როდესაც ვლინდება კალორიების ნაკლებობა ან რომელიმე ერთი ან რამდენიმე აუცილებელი კვებითი ელემენტის დეფიციტი.

კვების დეფიციტად პირველ რიგში განიხილება ორგანიზმისთვის საჭირო კალორიების (დღიური კალორაჟის) ან ცილების ნაკლებობა. რაც შეეხება ვიტამინებისა და აუცილებელი მინერალების დეფიციტს, ჩვეულებრივ მოიაზრება, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, რადგან საერთო კალორიების ნაკლებობისას ორგანიზმში თავისთავად ვითარდება ვიტამინების და მინერალების დეფიციტიც.

კვების დეფიციტი, რომლის ნაცვლად ხშირად იყენებენ ტერმინ მალნუტრიციას, რეალურად ასახავს არასრულფასოვან კვებით პროცესს, სადაც არსებობს დისბალანსი ორგანიზმის მიერ მოთხოვნილ და მიწოდებულ კვებით ელემენტებს შორის. ამ განმარტების მიხედვით მალნუტრიცია ასევე მოიაზრებს არაბალანსირებულ ჭარბ კვებას (ჭარბი კალორიები ან კვებითი ელემენტების: ცილების, ცხიმების, ვიტამინების და მინერალების, ან სხვა კვებითი დანამატების – ჭარბად მიღება).

განვითარებულ ქვეყნებში კვების დეფიციტი, როგორც წესი, მეტად იშვიათია, ვიდრე არაბალანსირებული ჭარბი კვება. საყურადღებოა, რომ კვების დეფიციტი უფრო ხშირია ღარიბ პოპულაციაში, როგორიცაა უსახლკაროები ან პირები ფსიქიატრიული პრობლემებით.

მძიმე ავადობის პერიოდში შესაძლოა პაციენტი ვერ იღებდეს საკმარის საკვებს უმადობის გამო ან ორგანიზმი საჭიროებდეს კვებითი ნივთიერებების მკვეთრად გაზრდილ მოცულობას.

ჩვილები, ბავშვები და მოზარდები წარმოადგენენ კვების დეფიციტის რისკ-ჯგუფს, რამეთუ ეს ასაკობრივი კატეგორიები საჭიროებენ ჭარბი რაოდენობით კალორიებს და კვებით ელემენტებს ზრდის პროცესის უზრუნველსაყოფად.

არასაკმარისი კვება ხშირია ასაკოვან პაციენტებშიც. სოციუმში მცხოვრები 7 მოხუციდან 1 დღეში იღებს 1000 კალორიაზე ნაკლებს, რაც არასაკმარისია რაციონალური კვებისთვის. მოხუცებულთა სახლებში და ჰოსპიტალიზირებულ მოხუცთა შორის ნახევარი არაადეკვატურად ნაკლები კალორაჟით იკვებება.

კვების დეფიციტის პირველ ეტაპზე ორგანიზმი იწყებს საკუთარი, მარაგის სახით დაგროვილი, ცხიმის დაწვას ენერგიის მისაღებად. ეს პროცესი მსგავსია სახლში არსებული ავეჯის დაწვისა, რათა გათბეს სახლი. არსებული ცხიმის მარაგის ამოწურვის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სხვა უჯრედების დაშლას კალორიების მისაღებად, იწყება კუნთოვანი და შინაგანი ორგანოების ქსოვილთა დესტრუქცია, რაც არაერთი დაავადების ან სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

ცილების და კალორიების მძიმე დეფიციტი (რომელსაც ცილოვან-ენერგეტიკულ მალნუტრიციას ან ცილოვან-ენერგეტიკულ კვების დეფიციტს ეძახიან) დგება, როდესაც პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ იღებს საკმარისი რაოდენობით ცილებს და კალორიებს. განვითარებად ქვეყნებში ცილოვან-ენერგეტიკული მალნუტრიცია ხშირია ბავშვთა ასაკში. ასეთი ბავშვების ნახევარი იღუპება, რადგან გაზრდილი აქვთ სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მძიმედ მიმდინარეობის რისკი. აღნიშნული პათოლოგია შესაძლოა დაემართოს ნებისმიერს, ასაკის მიუხედავად, თუ საკვების მარაგი არაადეკვატურია. ცილოვან-ენერგეტიკული მალნუტრიციის ორი ფორმა არსებობს.

მარაზმი: მარაზმი წამოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ვლინდება ცილების და საკვები ელემენტების მძიმე დეფიციტი. ის ხშირია განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში და ჩვეულებრივ წონის კლების და დეჰიდრატაციის შედეგია. ძუძუთი კვება წარმოადგენს ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებას მარაზმის წინააღმდეგ.

შიმშილი მარაზმის (ან კვების დეფიციტის) ყველაზე უკიდურესი ფორმაა. შიმშილზე საუბრობენ, როდესაც ადგილი აქვს აუცილებელი საკვები ელემენტების ნაწილობრივ ან სრულ უკმარისობას.

კვაშიორკორი /საბავშვო პელაგრა: კვაშიორკორი წამოადგენს კვების მძიმე დეფიციტის ფორმას, რომლის დროსაც უფრო მეტად გამოხატულია ცილების ნაკლებობა, ვიდრე კალორიებისა. კვაშიორკორი უფრო იშვიათია, ვიდრე მარაზმი. სახელწოდება კვაშიორკორი მოდის აფრიკიდან, რაც "პირველ ბავშვს – მეორე ბავშვს" ნიშნავს. საქმე ისაა, რომ აფრიკაში კვაშიორკორი ხშირად ემართებოდათ პირველ შვილებს, რადგან მეორე ახალშობილის დაბადებისას პირველს დედა იცილებდა ძუძუდან და ბავშვს ეწყებოდა კვების მძიმე დეფიციტი. კვაშიორკორი ვითარდებოდა უფრო მოზრდილ ჩვილებში, ვიდრე კახექსია. მისი გავრცელების არეალი განსხვავებულია და გვხვდება იმ რეგიონებში, სადაც ძუძუთი კვებიდან ხელოვნურ კვებაზე გადაყვანილი ჩვილის რაციონში არასაკმარისად არის ცილის შემცველი ნივთიერებები, მაშინ, როცა ნახშირწყლებით და კალორიებით საკვები შესაძლოა საკმაოდ გაჯერებული იყოს. მაგ.: იამსები (ტკბილი კარტოფილი), მანიოკი (ტროპიკული მცენარე), ბრინჯი, მწვანე ბანანი – მხოლოდ ნახშირწყლებით მდიდარი საკვებია. თუ ადამიანის რაციონი მხოლოდ ნახშირწყლოვანი ნივთიერებებისგან შედგება და ცილოვან პროდუქტებს არ შეიცავს, კვაშიორკორი შეიძლება მოზრდილებშიც განვითარდეს. პირებს, რომელთაც აქვთ კვაშიორკორი, სითხის შეკავების გამო, უჭირთ შეშუპების და სიმსუქნის განსხვავება და აგრძელებენ დიეტას, თუ კვაშიორკორი მძიმეა, ვლინდება მუცლის შეშუპება და ზომაში ზრდა.

მიზეზები

კვების ნაკლებობა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული:

  • საკვები პროდუქტების ხელმისაწვდომობის პრობლემა (უკმარისობა)

  • დაავადებები ან ისეთი მედიკამენტების მოხმარება, რომლებიც ხელს უშლის კუჭ-ნაწლავში საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმს და შეწოვას

  • კალორიების მოხმარების მკვეთრად გაზრდილი შემთხვევები

როგორც ცნობილია, საკმაოდ მნიშვნელოვანია მედიკამენტების გავლენა კვების დეფიციტზე. წამლების საკმაოდ დიდი ნაწილი ამცირებს მადას, ესენია მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება: მაღალი არტერიული წნევის მკურნალობისთვის (როგორიცაა, შარდმდენები), გულის უკმარისობის დროს (როგორიცაა დიგოქსინი), კიბოს მკურნალობისას (ცისპლატინი). გარკვეული წამლები ხშირად ხდება ღებინების და გულისრევის მიზეზი, რის გამოც პაციენტს უქვეითდება მადა. თიროქსინი და თეოფილინი ზრდის მეტაბოლურ პროცესს და მათი მიღებისას ორგანიზმი მოიხმარს გაცილებით მეტ კალორიას. არის წამლების სახეობები, რომლებიც გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის მიერ საკვების შეწოვის პროცესზე. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი მედიკამენტის (როგორიცაა დამამშვიდებელი და ანტიფსიქიატრიული წამლები) ან ალკოჰოლის შეწყვეტისას პაციენტი იწყებს წონაში კლებას.

მაღალკალორიული და დაბალი კვებითი ღირებულების მქონე ალკოჰოლის ჭარბი მიღება აქვეითებს მადას. ალკოჰოლი იწვევს ღვიძლის დაზიანებას, შესაბამისად, გავლენას ახდენს საკვები პროდუქტების მეტაბოლიზმსა და აბსორბციის პროცესზე.

თამბაქოს მოხმარებისას ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაქვეითება, საკვებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის. თამბაქო ასევე გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე, რაც წონაში კლებას უწყობს ხელს. ასე მაგალითად, მოწევა ასტიმულირებს სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაციას, რაც ზრდის ორგანიზმის მიერ ენერგიის მოხმარებას.

მოხუცებში მიმდინარე დაბერების პროცესი და სხვა დამატებითი ფაქტორები ხელს უწყობენ კვების დეფიციტის განვითარებას.

სიმპტომები

კალორიების დეფიციტის ყველაზე ხშირი, თვალსაჩინო ნიშანი არის ორგანიზმის ცხიმოვანი მასის შემცირება (ადიპოზური ქსოვილი). თუ კვების დეფიციტი მძიმეა, მოზრდილმა პაციენტმა შესაძლოა დაკარგოს სხეულის მასის ნახევარი, ბავშვმა კი უფრო მეტიც. სხეულზე ხდება ძვლების გამოკვეთა, კანი შრება, ხდება ნაკლებად ელასტიკური, თხელი, ფერმკრთალი და ცივი. საბოლოოდ სახეზე ცხიმოვანი ქსოვილის გაქრობას თან ახლავს ლოყების ჩაღრმავება და თვალების ჩავარდნა. თმა ხდება მშრალი და თხელი, ადვილად მტვრევადი და ცვივა. ცხიმოვანი და კუნთოვანი ქსოვილის მძიმე განლევას კახექსია ეწოდება. კახექსია შედეგია ორგანიზმში ნივთიერება ციტოკინინის ჭარბი სინთეზისა, რომელიც პროდუცირდება იმუნური სისტემის მიერ ისეთი დაავადებების საპასუხოდ, როგორიცაა კიბო და აივ-ინფექცია.

კვების დეფიციტის სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია სისუსტე, სიცივის აუტანლობა, მადის დაქვეითება, დიარეა, გაღიზიანებადობა და აპათია, ზოგჯერ ვლინდება გაღიზიანებაზე რეაგირების უნარის დათრგუნვა (სუპორი). პაციენტი თავს გრძნობს იმდენად სუსტად, რომ არ შეუძლია შეასრულოს მისი ჩვეული ყოველდღიური აქტივობა. სისხლში ქვეითდება თეთრი უჯრედების გარკვეული სახეობების რაოდენობა, რაც ასევე დამახასიათებელია აივ-ინფიცირების შემთხვევებშიც. შედეგად სუსტდება იმუნური სისტემა და იზრდება ინფექციის განვითარების რისკი. თუ კვების (კალორიების) დეფიციტი გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მოსალოდნელია ღვიძლის, გულის და სასუნთქი სისტემის უკმარისობის განვითარება. სრული შიმშილის შემთხვევაში (როდესაც არანაირი საკვების მიღება არ ხდება) ადამიანი იღუპება 8-12 კვირაში.

ბავშვებში, სადაც აღინიშნება კვების მძიმე დეფიციტი, შესაძლოა გამოვლინდეს განვითარების შეფერხება და მენტალური რეტარდაციის შემთხვევები. კვების დეფიციტი ბავშვებში, მიუხედავად მკურნალობისა, მაინც ტოვებს ხანგრძლივ შედეგებს. გონებრივი განვითარების და კუჭ-ნაწლავის პრობლემები შენარჩუნდება ხანგრძლივად, ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზეც.

მოზრდილი პოპულაციის უმრავლესობა მკურნალობის შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდება.

დიაგნოზი

პაციენტის გარეგნული მონაცემებით ექიმს შეუძლია დასვას კვების დეფიციტის დიაგნოზი, თუ პათოლოგია ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობს და სიმძიმეც სერიოზულია. გამოკითხვისას ყურადღება მახვილდება კვების რეჟიმზე, წონაში კლების დინამიკაზე და მაჩვენებელზე, საკვების მომზადების და ყიდვის შესაძლებლობაზე, სხვა თანმხლები დაავადებების არსებობაზე და მიღებული მედიკამენტების ჩამონათვალზე. ეს კითხვები ეხმარება ექიმს დიაგნოზის დაზუსტებაში, განსაკუთრებით, როცა კვების დეფიციტი არათვალსაჩინოა და საჭიროა მიზეზის გამოვლენა.

კვების დეფიციტის მიზეზის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში.

შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ლაბორატორიული შესწავლა, რათა განისაზღვროს ალბუმინი (მცირდება, როდესაც პაციენტი არ მოიხმარს საკმარისი რაოდენობით ცილას) და თეთრი უჯრედების გარკვეული სახეობები.

ფიზიკური გასინჯვა, რენტგენოგრაფიული კვლევა, კანის სინჯები მოწოდებულია კვების დეფიციტის სიმძიმის და შედეგების შესაფასებლად. თუ ექიმი ივარაუდებს თანმხლები დაავადების არსებობას, მიზეზის გამოსავლენად, შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კვლევების ჩატარება.

მკურნალობა

პაციენტების უმრავლესობასთან მკურნალობის მთავარი მიზანია, კვებისას მისაღები კალორიების თანდათანობითი მატება. საუკეთესო გზას წარმოადგენს ყოველდღიურად მცირე ულუფებით ხშირი კვება. იმ პირებთან, რომლებიც შიმშილობდნენ, ხელმეორედ კვება უნდა დაიწყოს სიფრთხილით. თუ პაციენტებთან გაძნელებულია მკვრივი საკვების მონელება, შესაძლოა საჭირო გახდეს სითხეებით ჩანაცვლება. მძიმე კვების დეფიციტის შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია. აგრეთვე მოწოდებულია მულტივიტამინების დამატება. პაციენტს საკვები მიეწოდება ორალურად, თუ არის შესაძლებლობა, გარდა ამისა, შესაძლოა კვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჩადგმული ზონდის საშუალებით ან ინტრავენურად.

ზონდით კვება: კვების ეს მეთოდი გამოიყენება, როცა პაციენტის კუჭ-ნაწლავის სისტემა ფუნქციონირებს ნორმალურად, თუმცა პაციენტს არ შეუძლია მიიღოს საკმარისი საკვები ნივთიერებები (მაგ.: მძიმე დამწვრობის დროს) ან აქვს ყლაპვასთან დაკავშირებული დარღვევები (მაგ.: პაციენტების ნაწილი, ინსულტის შემდგომ). ზონდით კვებისთვის გამოიყენება, წვრილი პლასტიკური მილი (ნაზოგასტრალური ზონდი), რომელიც თავსდება ცხვირის ღრუში და ხახის გავლით ჩადის კუჭში ან წვრილ ნაწლავში. პაციენტებში, სადაც სავარაუდოდ ხანგრძლივად უნდა გაგრძელდეს ზონდით კვება, მილი შეჰყავთ პირდაპირ კუჭში ან წვრილ ნაწლავში, მუცელზე მცირე ზომის განაკვეთის მეშვეობით. საკვები მიეწოდება ზონდის საშუალებით (ენტერალური კვება) და შეიცავს ყველა ნივთიერებას, რაც აუცილებელია ორგანიზმისთვის. ენტერალური კვებისთვის არსებობს სპეციალური ხსნარები პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე (მაგ.: მაღალკონცენტრირებული საკვები სითხის შეზღუდული მიწოდებისთვის), ასევე შესაძლებელია მკვრივი პროდუქტების დამუშავება და ნაზოგასტრალური ზონდით მიწოდება. პაციენტის ზონდით კვების დროს შესაძლებელია საკვების ნელა, უწყვეტად ან დიდი ულუფის (ბოლუსით შეყვანა) ყოველ რამდენიმე საათში მიწოდება.

ენტერალურ კვებას ხშირად თან ახლავს სხვადასხვა პრობლემა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშიც შესაძლოა გახდეს:

  • საკვების ინჰალაცია (ასპირაცია) სასუნთქ გზებში, ფილტვებში: ხანში შესულ პირებში ასპირაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა ნაზოგასტრალური კვებისას. საკვების ასპირაცია შესაძლოა პნევმონიის მიზეზი გახდეს. ასპირაცია ნაკლებ მოსალოდნელია, თუ პაციენტს კვების შემდეგ 1-2 საათის განმავლობაში თავს მაღალ სასთუმალზე მოუთავსებთ. ამ პოზიციაში მცირდება საკვების უკან ამოსვლის/ ამოხველების (რეგურგიტაციით) ალბათობა და ამასთანავე საკვები უნდა მიეცეს ნელ-ნელა.

  • დიარეა და დისკომფორტი მუცლის არეში: საკვები ნაზავის შეცვლა ან მისი ნელ-ნელა შეყვანა ამცირებს მსგავს პრობლემებს.

  • ქსოვილების გაღიზიანება: ზონდმა შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანის, ხახის ან საყლაპავის ქსოვილების გაღიზიანება. თუ გამოვლინდა მსგავსი შემთხვევები, რეკომენდებულია ზონდის ამოღება კუჭ-ნაწლავის სისტემიდან და ალტერნატიული კვების მეთოდზე გადასვლა.

ინტრავენური კვება: კვების ეს მეთოდი გამოიყენება, როცა კუჭ-ნაწლავის სისტემას არ შეუძლია ნორმალურად მოინელოს საკვები (მაგ.: პაციენტები მალაბსორბციული დაავადებებით). ინტრავენურ კვებას მიმართავენ, როცა აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემა გათავისუფლდეს საკვებისგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში (მაგ.: წყლულოვანი კოლიტის ან მძიმე ფორმის პანკრეატიტის დროს). საკვები, რომელიც პაციენტს ეძლევა ინტრავენურად (პარენტერალურად), შესაძლოა ნაწილობრივ აკმაყოფილებდეს კვების მოთხოვნილებებს (ნაწილობრივი პარენტერალური კვება) ან სრულად (სრული პარენტერალური კვება). სრული პარენტერალური კვებისთვის საჭიროა დიდი ზომის ინტრავენური მილი (კათეტერი). ის თავსდება მსხვილი კალიბრის ვენაში, როგორიცაა ლავიწქვეშა ვენა. ინტრავენურმა კვებამაც თავის მხრივ შესაძლოა შეუქმნას პრობლემები პაციენტებს.

  • ინფექცია: ინფექციის განვითარების რისკი მუდმივად არსებობს პარენტერალური კვებისას. კათეტერი, რომელიც ხანგრძლივი დროით თავსდება მსხვილი კალიბრის სისხლძარღვებში, მუდმივად ატარებს საკვები ნივთიერებების შემცველ ხსნარს, მის შემადგენლობაში ჭარბადაა გლუკოზა, რაც ბაქტერიებისთვის საუკეთესო გამრავლების გარემოა. პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სრულ პარენტერალურ კვებაზე, საჭიროებენ ინფექციის მკაცრ მონიტორინგს.

  • დიდი რაოდენობით წყალი (მოცულობითი გადატვირთვა): ჭარბი რაოდენობით სითხის მიწოდება, ორგანიზმისთვის შესაძლოა გახდეს ფილტვებში მისი დაგროვების მიზეზი, შედეგად პაციენტს ეწყება სუნთქვის გაძნელება. ასე რომ, პარენტერალური კვებისას ექიმი მუდმივად აკონტროლებს პაციენტის წონას და გამოყოფილი შარდის მოცულობას. ამ მონიტორინგის საშუალებით შესაძლებელია თავიდან აიცილონ მოცულობითი გადატვირთვა და ყოველი კვების წინ განისაზღვრება გადასასხმელი სითხის მოცულობა;

  • არაბალანსირებული კვება და კვების დეფიციტი: პარენტერალური კვებისას, იშვიათად ვლინდება რომელიმე მინერალის ან ვიტამინის დეფიციტი. ექიმი პერიოდულად ამოწმებს სისხლში მინერალების (ელექტროლიტების), შაქრის და შარდოვანას (თირკმლის ფუნქციის შეფასება) შემცველობას, რათა გამოავლინოს რომელიმე საკვები ნივთიერების ნაკლებობა. შემდგომში შესაძლებელია საკვები ხსნარის შევსება დეფიციტური ელემენტებით.

  • ძვლის სიმკვრივის შემცირება: სრული პარენტერალური კვების შემთხვევებში პაციენტების გარკვეულ ნაწილში, ვლინდება ძვლის სიმკვრივის დაქვეითება. მიზეზი უცნობია და საუკეთესო სამკურნალო ღონისძიება – დროებით ან ხანგრძლივი დროით კვების ამ მეთოდის შეცვლაა.

  • ღვიძლის პრობლემები: ტოტალური პარენტერალური კვება, შესაძლოა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით დღენაკლულ ახალშობილებში. ღვიძლის ფუნქციის მონიტორირებისთვის მოწოდებულია სისხლის ლაბორატორიული შესწავლა;

  • ნაღვლის ბუშტის პრობლემები: ხანგრძლივი პარენტერალური კვებისას შესაძლოა წარმოიქმნას ნაღვლის ბუშტში კენჭები. მკურნალობა მოიცავს საკვები ხსნარის შემცველობის რეგულირებას, გადასხმის შეწყვეტას დღეში რამდენიმე საათით და, თუ შესაძლებელია, ორალურ ან ნაზოგასტრალურ კვებაზე გადასვლა.

მედიკამენტები: პაციენტებში, სადაც ვლინდება კვების მძიმე დეფიციტი, მოწოდებულია მედიკამენტების მიღება მადის გასაძლიერებლად. ეს წამლებია დრონაბინოლი ან მეგესტროლი. ასევე შესაძლებელია ზრდის ჰორმონის ან ანაბოლური სტეროიდების (მაგ.: ნანდროლოლი ან ტესტოსტერონი) დამატებითი მიცემა კუნთოვანი მასის ზრდის მიზნით.