ჯანსაღი კვების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაწილს ვიტამინები წარმოადგენენ. რეკომენდებული სრულყოფილი კვებითი რაციონი (RDA),რომელიც გათვლილია ჯანმრთელ პოპულაციაზე, რათა იგი დარჩეს ჯანმრთელი, მოიცავს ვიტამინების დიდ ნაწილს, გარკვეული მოცულობით. ზოგიერთი სახეობის ვიტამინის მიღებისთვის დაწესებულია უსაფრთხოების ზედა ზღვარი (ორგანიზმისთვის ასატანი მოცულობის მაქსიმუმი), რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, ორგანიზმისთვის იზრდება ვიტამინით გამოწვეული ზიანის რისკი (ტოქსიკურობა).
ვიტამინების არასაკმარისი მოხმარება შესაძლოა კვებითი დარღვევების მიზეზი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებში, რომლებიც იკვებებიან მრავალფეროვანი პროდუქტებით, ვიტამინების დეფიციტის განვითარება საკმაოდ იშვიათია. განსაკუთრებით ეს ეხება ვიტამინ D-ს დეფიციტს, რომელიც თითქმის არ გვხვდება ახალგაზრდებში მრავალფეროვანი კვებისას. D ვიტამინის დეფიციტი მოსალოდნელია ხანში შესულ პირებში, მიუხედავად რაციონალური კვებისა.
სხვა სახეობის ვიტამინების დეფიციტი ვლინდება, როდესაც პაციენტი მკაცრად იცავს გარკვეული სახის დიეტას, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის კონკრეტული ვიტამინი. მაგ.: ვეგეტარიანული დიეტა, რომელიც არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტებს, წარმოადგენს ვიტამინ B12-ის დეფიციტის მიზეზს, რადგან ის მოიპოვება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში. გარკვეული ვიტამინების ჭარბი გამოყენება (ჩვეულებრივ დანამატების სახით) ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, შესაძლოა საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის. ვიტამინებს, ჩვეულებრივ, უწოდებენ აუცილებელ მიკროელემენტებს, რადგან საჭიროა ორგანიზმისთვის მხოლოდ მცირე დოზებით. გარკვეული სახეობის ვიტამინები: A, D, E და K – არიან ცხიმში ხსნადი, ხოლო B ჯგუფის ვიტამინები და C ვიტამინი წარმოადგენენ წყალში ხსნად ვიტამინებს. B ჯგუფში მოიაზრება: ბიოტინი, ფოლატი (ფოლიუმის მჟავა), ნიაცინი, პანთოთენის მჟავა, რიბოფლავინი (B2 ვიტამინი),თიამინი (B1 ვიტამინი), B6 ვიტამინი (პირიდოქსინი)და B12ვიტამინი(კობალამინი).ბიოტინისა და პანთოთენის მჟავის დეფიციტი ფაქტობრივად არ გვხვდება.
ორგანიზმს არ შეუძლია ვიტამინების უმრავლესობის შენახვა დეპოს სახით, ამიტომ პაციენტმა რეგულარულად უნდა მიიღოს ვიტამინებით მდიდარი საკვები. არის ვიტამინები A, B12 და D, რომელთა მნიშვნელოვანი მარაგი გვხვდება ღვიძლში.
ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგია, რომლის დროსაც დარღვეულია ნაწლავის მიერ საკვების შეწოვის პროცესი (მალაბსორბციული დაავადებების სახელითაა ცნობილი), შესაძლოა გახდეს ვიტამინების დეფიციტის მიზეზი. გარკვეული სახეობის დაავადებებისას დარღვეულია ცხიმების შეწოვა. ამ პათოლოგიების დროს გაძნელებულია ცხიმში ხსნადი ვიტამინების A, D, E და K შეთვისება და ვლინდება მათი დეფიციტი. აღნიშნულ დაავადებებს განეკუთვნება: ქრონიკული დიარეა, კრონის დაავადება, ცისტური ფიბროზი, პანკრეატიტი და სანაღვლე გზების გამავლობის დახშობა.
ღვიძლის დაავადებებმა და ალკოჰოლიზმმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ვიტამინების ცვლის (მეტაბოლიზმის) ან დაგროვების პროცესს. პაციენტების მცირე ნაწილში თანდაყოლილმა პათოლოგიებმა, რომლებიც ხელს უშლიან ვიტამინების შეწოვას, შესაძლოა გამოიწვიონ დეფიციტი. აგრეთვე მედიკამენტების გარკვეული სახეობები, რომლებიც მოქმედებენ ვიტამინების შეწოვის, მეტაბოლიზმის ან დაგროვების პროცესზე, ხდებიან ვიტამინთა ნაკლებობის მიზეზი.