ელექტროლიტები და მინერალები | მკურნალი.გე
  1. ელექტროლიტები და მინერალები
  2. კვებისა და მეტაბოლიზმის დარღვევები
ელექტროლიტები და მინერალები

მინერალები წარმოადგენენ აუცილებელ ნივთიერებებს სხეულის უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ორგანიზმს ესაჭიროება საკმაოდ დიდი რაოდენობით კალციუმი, ქლორი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი და ნატრიუმი. ეს მინერალები ცნობილია მაკრომინერალების სახელწოდებით. ძვლების, კუნთების, გულისა და თავის ტვინის ფუნქციონირება დიდად არის დამოკიდებული ამ მინერალებზე. სხეული შედარებით მცირე რაოდენობით იყენებს ისეთ მინერალებს, როგორიც არის ქრომი, სპილენძი, ფთორი, იოდი, რკინა, მანგანუმი, მოლიბდენი, სელენიუმი და თუთია. ამ მინერალებს მიკროელემენტებს უწოდებენ. გამონაკლისს წარმოადგენს ქრომი. მიკროელემენტები კომბინირებულია ფერმენტებთან ან ჰორმონებთან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის მეტაბოლიზმის პროცესში. ქრომი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მუდმივ შენარჩუნებას. ყველა მიკროელემენტს გააჩნია საზიანო ეფექტი მათი ჭარბად მიღების შემთხვევაში.

მინერალები წარმოადგენენ აუცილებელ ნაწილს ჯანსაღი კვების რაციონში. ყოველდღიურად სხვადასხვა სახეობის მინერალების რეკომენდებული რაოდენობით მიღება საკვების სახით, წარმოადგენს ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს. ავადობის შემთხვევებში აღნიშნული რეკომენდებული რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს, შემცირდეს ან გაიზარდოს. გარკვეული სახეობის მინერალების ძალიან მცირე ან ჭარბი რაოდენობით გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს კვებითი დარღვევები.

პაციენტებს, რომელთა ყოველდღიური საკვები რაციონი ბალანსირებულია მრავალფეროვანი პროდუქტებით, თითქმის არ უვითარდებათ კვებითი დარღვევები ან მინერალების მნიშვნელოვანი დეფიციტი. გამონაკლისს წარმოადგენს კალციუმის, იოდის ან რკინის დეფიციტი.

აღსანიშნავია, რომ პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან მკაცრ დიეტებზე, არიან მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტის რისკის ქვეშ. მაგ.: ვეგეტარიანელები, იმ პირების ჩათვლით, რომლებიც იღებენ კვერცხს და რძის პროდუქტებს, მუდმივად არიან რკინის დეფიციტის რისკ-ჯგუფებში. დეფიციტის თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებო კონტინგენტია ახალშობილები, მიზეზი მათი სწრაფი ზრდაა, რაც საჭიროებს მინერალების საკმაოდ დიდ მოცულობას. მინერალების დიდი დოზებით მიღების შემთხვევაში (მეგადოზები) ექიმის დანიშნულების გარეშე შესაძლოა განვითარდეს დამაზიანებელი ცვლილებები, ტოქსიკური ეფექტების ჩათვლით.

ელექტროლიტები: მინერალების გარკვეული სახეობები, განსაკუთრებით მაკრომინერალები მნიშვნელოვანია, როგორც ელექტროლიტები. ორგანიზმი ელექტროლიტებს იყენებს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებით მჟავატუტოვანი წონასწორობის, სითხის ბალანსირებისთვის.

ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება სითხის მუდმივი შემცველობა, რომელიც განსხვავებულია სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ცნობილია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამი ძირითადი ზონა, სადაც ნორმაში სითხის შემცველობა შედარებით მაღალი და მუდმივი უნდა იყოს. ესენია:

  • უჯრედშიდა სითხის მოცულობა

  • უჯრედის ირგვლივ, გარშემო არსებული სითხე

  • სისხლი

ელექტროლიტების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ნატრიუმი, უზრუნველყოფს ორგანიზმში, კერძოდ კი ამ ზონებში სითხის ნორმალური მოცულობის მუდმივობას (სითხის ბალანსს). სითხეში არსებული ელექტროლიტების კონცენტრაცია განაპირობებს მის რაოდენობას აღნიშნულ ნაწილებში. თუ ორგანიზმში არსებული სითხე გაჯერებულია ელექტროლიტებით, სითხე გროვდება ამ სამ მნიშვნელოვან ზონაში და პირიქით, თუ ელექტროლიტების კონცენტრაცია სხეულის სითხეებში დაბალია, იწყება მისი გამოდევნა უჯრედიდან, უჯრედშორისი არეებიდან და სისხლიდან.

იმისათვის, რომ დაბალანსდეს სითხის შემცველობა, ორგანიზმს აქვს უნარი, გამოდევნოს ან შეაკავოს ელექტროლიტები უჯრედებში. შესაბამისად, ელექტროლიტების ნორმალური კონცენტრაცია (ელექტროლიტური ბალანსი) მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში ნორმალური სითხის ბალანსი. თირკმელები უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც მონაწილეობს ელექტროლიტების კონცენტრაციის რეგულირებაში. მისი საშუალებით ხდება სისხლის ფილტრაცია და ელექტროლიტების საჭირო ნაწილი ბრუნდება სისხლის ნაკადში, ხოლო არასაჭირო ნაწილი შარდის საშუალებით გამოიდევნება ორგანიზმიდან. ასე რომ, თირკმელი უზრუნველყოფს დღის განმავლობაში მიღებული და მოხმარებული ელექტროლიტების ბალანსს. აღნიშნული წონასწორობის დარღვევისას იწყება პათოლოგიური პროცესების განვითარება. ელექტროლიტური დისბალანსი ხშირად გვხვდება:

  • დეჰიდრატაციული მდგომარეობების დროს

  • გარკვეული სახეობის მედიკამენტების მიღებისას

  • თირკმლის, ღვიძლისა და გულის დაავადებების არსებობისას

  • ინტრავენურად ან ორალურად სითხის შეუსაბამო მოცულობით მიღებისას

დიაგნოზი

ექიმის მიერ ხშირად ხდება სხვადასხვა სახის კვებითი დარღვევების და ელექტროლიტური დისბალანსის გამოვლენა სისხლის ან შარდის ანალიზში მინერალების დონის განსაზღვრით.